დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 13.07.2026
საქმის ნომერი
ას-690-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-690-2026 13 ივლისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ო.რ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 29 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, თანხის დაკისრება (ძირითადი სარჩელით) და თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ო.რ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 29 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობის, ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისა და თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ო.რ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2044 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ო.რ–ის“ დაზუსტებული სარჩელი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 29 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობის, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების და თანხის 41595,61 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს ,,ო.რ–ს“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 57073,92 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ო.რ–მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ო.რ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2044 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ო.რ–ს“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 33 305,28 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ო.რ–მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 ივნისის განჩინებით კასატორს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 4045 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად რ.ხ–ვას სახელზე გაცემული რწმუნებულების ან შპს „ო.რ–ის“ დირექტორის მიერ ხელმოწერილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.

2026 წლის 29 ივნისს შპს „ო.რ–ის“ წარმომადგენელმა რ.ხ–ვამ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 1 თვით.

საკასაციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივნისის განჩინებით შპს „ო.რ–ის“ წარმომადგენელ რ.ხ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდეს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით.

2026 წლის 10 ივლისს შპს „ო.რ–ის“ წარმომადგენელმა რ.ხ–ვამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 2 კვირით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ო.რ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია – საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, ამასთან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში ასევე იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 ივნისის განჩინებით შპს „ო.რ–ის“ წარმომადგენელ რ.ხ–ვას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 4045 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად რ.ხ–ვას სახელზე გაცემული რწმუნებულების ან შპს „ო.რ–ის“ დირექტორის მიერ ხელმოწერილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა. კასატორმა წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და მისი შუამდგომლობის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივნისის განჩინებით, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით, ხოლო 2026 წლის 10 ივლისს შპს „ო.რ–ის“ წარმომადგენელმა რ.ხ–ვამ კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 2 კვირით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ხოლო კასატორის მიერ 2026 წლის 10 ივლისს წარმოდგენილი შუამდგომლობაში საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, კასატორი არა თუ ვერ ასაბუთებს, არამედ საერთოდ არ უთითებს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების არცერთი საპატიო გარემოების შესახებ.

სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ მუხლი 5), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც მათ სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ო.რ–ის“ წარმომადგენელ რ.ხ–ვას შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „ო.რ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი