დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.06.2026
საქმის ნომერი
ას-262-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-262-2026 30 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კასატორი – ა.ა–ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ს–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამკვიდროდან წილის გამოყოფა, თანამესაკუთრედ ცნობა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზ.ს–ნმა (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ა.ა–ვის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ......... (ს/კ ..........) 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ ცნობა

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ.ს–ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ზ.ს–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა; ზ.ს–ნი ცნობილ იქნა N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონებიდან ა.ა–ვის კუთვნილი ნაწილის 1/2 წილის მესაკუთრედ.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. დადგენილია, რომ ამჟამად, N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლის ნაწილი (შემდგომში - „სადავო სახლი“) ეკუთვნოდა მ.(.) ა–ას (შემდგომში - „მამკვიდრებელი“).

6.2. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1959 წლის 14 იანვარს და მას დარჩა ორი შვილი - ლ.ა–ვა (ქორწინების შემდეგ - ს–ნი) და რ. (რ.) ა–ვი.

6.3. 1982 წლის 24 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობით, დედის სამკვიდრო რ. (რ.) ა–ვმა მიიღო.

6.4. რ. ა–ვი გარდაიცვალა 1994 წლის 30 ივნისს და მისი სამკვიდრო მიიღო მეუღლემ, ტ. ა–ვამ.

6.5. ტ. ა–ვა გარდაიცვალა 2020 წლის 19 დეკემბერს და მისი სამკვიდრო მიიღო შვილმა, ა.ა–ვმა (შემდგომში - „მოპასუხე“).

6.6. ამჟამად, N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლიდან 196 კვ.მ. ფართი საჯარო რესტრში მოპასუხის, ხოლო დანარჩენი ნაწილი სახელმწიფოს სახელზეა რეგისტრირებული.

6.7. მამკვიდრებლის შვილი და აპელანტის დედა, ლ.ა–ვა (ს–ნი) გარდაიცვალა 2003 წლის 11 ნოემბერს. მისი სამკვიდრო აპელანტმა მიიღო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

6.8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვით: „საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის დებულება, რომლითაც კანონმდებელი ძველი სამოქალაქო კოდექსის მოქმედების ფარგლებში წარმოშობილი ურთიერთობების ახალი კოდექსით რეგულირების შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მოდავე სუბიექტებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. ო. დ-ას სარჩელის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი დასაბუთების შესწავლით უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელე მოთხოვნას მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე ამყარებდა. საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით ნ. დ-ამ არა თუ სადავო გახადა ურთიერთობის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციით დარეგულირება, არამედ, თავადაც ამ კოდექსის ნორმაზე დაყრდნობით უარყო სასარჩელო მოთხოვნები და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც იძლევა უალტერნატივო დასკვნის საფუძველს, რომ ო. დ-ას მოთხოვნები სწორედ მოქმედი სამოქალაქო კოდექსით უნდა მოწესრიგებულიყო“ -№ას-571-542-2014 10 სექტემბერი, 2015 წელი. აღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, პალატამ აღნიშნა, რომ მხარეებმა სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად კოდექსის მოქმედი რედაქციის ნორმებზე მიუთითეს და დავა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციის საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო.

6.9. პალატამ მიუთითა, სარჩელში მოცემულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე: „მ.ა–ვი გარდაიცვალა 1959 წლის 14 იანვარს. ორივე შვილი მისი გარდაცვალებისთანავე დაეუფლნენ დედის სამკვიდრო ქონებას, მდებარე თბილისი, .......... ზ.ს–ნი ოჯახთან ერთად ცხოვრობს სამკვიდრო სახლში. აღსანიშნავია რომ სამკვიდრო სახლი გაყოფილია, აქვს ცალ-ცალკე შესასვლელი, ზ.ს–ნს თავისი ოთახები აქვს, მოპასუხე ა.ა–ვს თავისი... ზ.ს–ნი დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს იმ სახლში, რომელიც ბებიას, მ.ა–ვს ეკუთვნოდა. ის და მისი დედა ლ.ა–ვი მ.ა–ვის გარდაცვალებისთანავე დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას“ და მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებულ აღნიშნულ გარემოებებს მოპასუხე შესაგებლით არ შედავებია, პირიქით, ფაქტობრივად, ისინი დაადასტურა, თუმცა განმარტა: „ვეთანხმებით იმ გარემოებას, რომ ზ.ს–ნი დღეის მდგომარეობით ცხოვრობს ქ. თბილისში, ............ რაც შეეხება დღემდე ლ.ა–ვის მემკვიდრეების ცხოვრებას სადავო უძრავ ქონებაში, წარმოადგენს/წარმოადგენდა მხოლოდ კეთილ ნებას, თუმცა აღნიშნული კეთილი ნება არასწორად და არაკეთილსინდისიერად იქნა გამოყენებული ლ.ა–ვისა და მისი მემკვიდრის, ზ.ს–ნის მიერ, რომლებმაც ისარგებლეს იმ გარემოებით, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეები არ იმყოფებოდნენ წლების განმავლობაში საქართველოში და დაესაკუთრნენ უძრავ ქონებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ზ.ს–ნი თავის ოჯახთან ერთად სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობს მხოლოდ და მხოლოდ მესაკუთრის კეთილი ნების საფუძველზე. სამწუხაროდ აღნიშნული კეთილი ნება ზ.ს–ნმა და მისმა ოჯახმა არასწორად გამოიყენეს, მათ ისარგებლეს იმ გარემოებით, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეები ძირითადად იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ და სრულად ეცადნენ უძრავ ქონებაზე ფაქტობრივ დასაკუთრებას. მოპასუხე მხარეს არ შეუქმნია ამ წლების განმავლობაში პრობლემა, რომ მოსარჩელე მხარეს ესარგებლა პირველი სართულის ორი ოთახით, ვინაიდან ა.ა–ვის მიზანი ნამდვილად არ იყო მათი სახლიდან გაგდება და მათი უსახლკაროდ დატოვება“.

6.10. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე არ შედავებია აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ იგი დაბადებიდან, ე.ი. 1957 წლის 19 სექტემბრიდან სადავო სახლში ცხოვრობდა; მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, დედასთან ერთად სახლის ფლობა განაგრძო და მხარეებმა იგი გამიჯნეს კიდეც. ამის შესაბამისად, ეს გარემოებები დამტკიცებულად და მათზე შედავების უფლება დაკარგულად იქნა მიჩნეული.

6.11. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწმე გ.ზ–ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ სადავო სახლთან დაკავშირებით მხარეთა შორის დავა არასდროს ყოფილა: „არაფერი, დავა არ იყო, ტ., როგორც მე ვიცი, ყოველთვის ეუბნებოდა, ჩამოვალ და თქვენი რაც არის გაგიფორმებთო. ჩემი და ტელეფონზე ელაპარაკებოდა, ხოლმე და გამიგია, მე არ მისაუბრია მათ წილსაც ჩემი და უვლიდა ხოლმე და წლები ისე გადიოდა, არ ჩამოდიოდნენ“. მოპასუხემ ამ მოწმეს კითხვებიც კი არ დაუსვა და მისი ჩვენება უკრიტიკოდ მიიღო.

6.12. ამდენად, მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით აპელანტის დედისა და თავად აპელანტის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი დადასტურებულად იქნა მიჩნეული, ხოლო მოპასუხის მითითება, სადავო სახლის ფლობის თხოვების საფუძვლის არსებობის შესახებ, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარდგენილი არ ყოფილა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა.ა–ვმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები, ხოლო სამართლებრივი დასაბუთება არ იყო სრულყოფილი. საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები ვერ ადასტურებს ზ.ს–ნის მოთხოვნას. ასევე, არც მოსარჩელეს და არც მის მამკვიდრებელს სამკვიდროს მიღების სურვილი სარჩელის შეტანამდე არ გამოუთქვამთ.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 07 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

16. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძელზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამკვიდროდან წილის გამოყოფისა და სადავო ქონების (1/2 ნაწილის) თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306.1-ე (გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით), 1336.1-ე (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები...), 1421.2-ე (მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო), 1421.3-ე (თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი), 1424-ე (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან) და 1433-ე (მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან) და 170.1-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) მუხლები. სწორედ მითითებულ ნორმათა შემადგენლობის განხორციელებაზეა დამოკიდებული ხელყოფილი საკუთრების უფლების რესტიტუცია.

17. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ სამემკვიდრეოსამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს - სსკ-ის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად, სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან (სსკ-ის 1433-ე მუხლი), მაგრამ, აუცილებელია, მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიანი ვადის დაცვით შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება (სსკ-ის 1424-ე მუხლი).

18. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1959 წლის 14 იანვარს და მას დარჩა ორი შვილი - ლ.ა–ვა (ქორწინების შემდეგ - ს–ნი) და რ. (რ.) ა–ვი. 1982 წლის 24 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობით, დედის სამკვიდრო რ. (რ.) ა–ვმა მიიღო. რ. ა–ვი გარდაიცვალა 1994 წლის 30 ივნისს და მისი სამკვიდრო მიიღო მეუღლემ, ტ. ა–ვამ. ტ. ა–ვა გარდაიცვალა 2020 წლის 19 დეკემბერს და მისი სამკვიდრო მიიღო შვილმა, ა.ა–ვმა. მამკვიდრებლის შვილი და მოსარჩელის დედა, ლ.ა–ვა (ს–ნი) გარდაიცვალა 2003 წლის 11 ნოემბერს. მისი სამკვიდრო აპელანტმა მიიღო. მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნოტარიუსისადმი მიმართვის გზით, მოსარჩელის მამკვიდრებელს ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მთავარ ქვაკუთხედს, მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მისი მიღების ფაქტის დადასტურება წარმოადგენდა.

19. პალატა განმარტავს, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი. მემკვიდრის ყველა მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლება (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შდრ. იხ. სუსგ. #ას-283-268-2017, 07.07.2017; #ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; #ას-203-193-2016, 02.06.2016; #ას-972-921-2015, 15.12.2015წ; #ას-482-455-2012, 31.05.2012წ).

20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ საქმის მასალებით, დასტურდებოდა მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ კანონით დადგენილ ვადაში, სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი. პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სარჩელში მითითებულ გარემოებებს მოპასუხე შესაგებლით არ შედავებია. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ „ორივე შვილი მისი გარდაცვალებისთანავე დაეუფლნენ დედის სამკვიდრო ქონებას, მდებარე თბილისი, ........... ზ.ს–ნი ოჯახთან ერთად ცხოვრობს სამკვიდრო სახლში. აღსანიშნავია რომ სამკვიდრო სახლი გაყოფილია, აქვს ცალცალკე შესასვლელი, ზ.ს–ნს თავისი ოთახები აქვს, მოპასუხე ა.ა–ვს თავისი... ზ.ს–ნი დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს იმ სახლში, რომელიც ბებიას, მ.ა–ვს ეკუთვნოდა. ის და მისი დედა ლ.ა–ვი მ.ა–ის გარდაცვალებისთანავე დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას.“ მოპასუხემ მითითებული ფაქტების საწინააღმდეგოდ მიუთითა, რომ ლ.ა–ვას მემკვიდრეების ცხოვრება სადავო სახლში წარმოადგენს მის კეთილ ნებას. მოცემული შედავება, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ მოსარჩელის მითითებაზე სათანადო შედავებას არ წარმოადგენს. სხვა კონკრეტული გარემოებების შესახებ კი, რაც აღნიშნულ საკითხზე მოსარჩელის პოზიციის გაზიარებას გამორიცხავდა მოპასუხეს არ მიუთითებია.

21. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში, რომელშიც მამკვიდრებელი ცხოვრობდა, ყოველთვის განიხილება, როგორც სამკვიდროს მიღება (თუ, ცხადია, ის უარს არ განაცხადებს მის მიღებაზე), რამდენადაც მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა გარდაცვლილის ნივთების ფლობას. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მის სახლში მემკვიდრის ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს... სამკვიდროს ნაწილის მიღება ნიშნავს მთელი სამკვიდროს მიღებას, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. აქ იგლისხმება ის შემთხვევა, როცა სამკვიდრო სხვადასხვა ადგილზეა. სამკვიდროს მიღება ერთ ადგილზე ნიშნავს სამკვიდროს მიღებას სხვა ადგილზეც“ – („საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი წიგნი მეხუთე“ - გამომცემლობა „სამართალი“ – 2000 წელი, გვ. 468-469).

22. საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2023 წლის 23 იანვარს გაცემული საინფორმაციო ბარათით დგინდება, რომ ლ.ა–ვა სადავო სახლში 1960 წლის 21 ივნისს დარეგისტრირდა და რეგისტრაციიდან არ მოხსნილა. წარმოდგენილია ასევე მოწმე გ.ზ–ის ჩვენება, სადავ მოსარჩელის ადვოკატის შეკითხვას: „ზ.ს–ნს, თქვენს სიძეს სხვა სახლი ხომ არ აქვს, სხვაგან ხომ არ უცხოვრია?“ - მოწმემ უპასუხა: „არა, არა, მე, მანამ ჩემი და გათხოვდებოდა, ვიცნობდი პირადად, ვიცნობდი და რამდენიმეჯერ მომიწია მისვლა, იქ ცხოვრობდნენ, სხვაგან არსად არ უცხოვრია“ - მოგვიანებით კი გაიმეორა: „მე რაც ვიცნობ, იქ ცხოვრობდა, სხვაგან არ უცხოვრია არასოდეს, მარტო მე კი არა, მთელი სამეზობლო დაადასტურებს, იქ დაიბადა და იქ გაიზარდა“.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მტკიცებულებათა ცალკეული სახეები, რომელთა შორისაა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები (სსსკ-ს 102-ე მუხლი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140.1-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია საქმის შესახებ რაიმე გარემოება. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, მხარეთა მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით (სსსკ-ის 105.2-ე მუხლი).

24. მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (იხ. სუსგ. №ას-1698-1592-2012, 2.06.2014).

25. მოცემულ შემთხვევაში, საქმის განხილვისას სასამართლოში დაკითხულმა მოწმის მოჩვენება, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ასევე მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ შეუდავებლობა საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ საქმეზე მოსარჩელისათვის სასარგებლო სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია, ვინაიდან, გარემოებათა ერთობლიობა საკასაციო პალატას უქმნის იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელმა სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით კანონით დადგენილ ვადაში მიიღო, რის გამოც მას წარმოეშვა დანაშთი ქონების 1/2 წილზე საკუთრების უფლება. აღნიშნული გარემოების გაქარწყლება კი, კასატორმა სათანადო არგუმენტებითა და მტკიცებულებებით ვერ შეძლო. ამდენად, კასატორმა ვერ მოახერხა საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში, დაეძლია მოსარჩელის პოზიცია, რაც საფუძვლად დაედო სარჩელის დაკმაყოფილებას.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებით გათვალისწინებულ შესაბამის სამართლებრივ შედეგებს განაპირობებენ.

27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც კასატორის საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

29. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

30. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ა–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ა.ა–ვს (რუსეთის მოქალაქის პასპორტი .........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის (საგადახდო დავალება N1054, გადახდის თარიღი 27.03.2026) 70% – 4200 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი