დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № ას-50-2026 10 ივნისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - პ.მ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - ნ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოსამზადებელი ეტაპიდან
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პ.მ–ის (პ/ნ ........) სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა პ.მ–ის (პ/ნ .........), ნ.გ–ისა (პ/ნ .........) და ნ.ბ–ის (პ/ნ .........) საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე - მდებარე მცხეთა, .......... (საკადასტრო კოდი ........) მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 239 კვ.მ, შენობა ნაგებობა N1, საგნის გაყიდვის გზით და გადაწყვეტლებით დადგინდა, რომ ამონაგები თანხა მხარეებს შორის უნდა განაწილდეს კუთვნილი წილების პროპორციულად- პ.მ–ი 11/32, ნ.გ–ი 12/32, ნ.ბ–ი - 9/12 ნაწილი.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ნ.ბ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების და საოქმო განჩინების გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით ნ.ბ–ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში: ა) სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება და ბ) სახელმწიფო ბაჟის სახით 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით ნ.ბ–ს სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინება მოპასუხე ნ.ბ–მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო 2026 წლის 25 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
7. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა და ხარვეზი შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და განუხილველად დარჩება.
9. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 31 მარტის განჩინებით, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის შევსების მიზნით წარედგინა: ა) სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება და ბ) სახელმწიფო ბაჟის სახით 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა მის მიერ საჩივარში მითითებულ მისამართზე - დუშეთი, ......... და გზავნილი 2025 წლის 23 მაისს ჩაჰბარდა პირადად. ხარვეზის შესავსებად განჩინებით დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 24 მაისიდან და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.1-ე მუხლის მიხედვით, 2025 წლის 3 ივნისს ამოიწურა. აპელანტს ხარვეზი არ აღმოუფხვრია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
10. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.
11. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ 2025 წლის 30 ივნისს, ფოსტის მეშვეობით წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე მოპასუხის წარმომადგენელი კერძო საჩივარს ურთავს 2025 წლის 30 მაისით დათარიღებულ ამონაწერს საქართველოს ფოსტიდან, საიდანაც ვერ დგინდება თუ კონკრეტულად რომელ თარიღში და რა დოკუმენტების შემცველი საფოსტო გზავნილი იქნა გაგზავნილი სააპელაციო სასამართლოში. კერძო საჩივარს ესევე ერთვის 2025 წლის 29 მაისით დათარიღებული განცხადება, რომელიც შეიცავს 2025 წლის 4 დეკემბერს გადახდილ სახელმწიფო ბაჟს.
12. საკასაციო პალატა მითითებულ მტკიცებულებას აფასებს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულება არარელევანტურია. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამონაწერზე საქართველოს ფოსტიდან, საიდანაც ვერ დგინდება თუ კონკრეტულად რომელ თარიღში და რა დოკუმენტების შემცველი საფოსტო გზავნილი იქნა გაგზავნილი სააპელაციო სასამართლოში. ასევე კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან სასამართლოს მიერ განსაზღვურლ ვადაში წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა 2025 წლის 3 ივნისს ამოიწურა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასურებელი დოკუმენტი დათარიღებულია 2025 წლის 4 დეკემბრით, რაც წინააღმდეგობაში მოდის კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის პოზიციასთან.
13. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე.
14. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოსა და არც მხარეთა მიხედულებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსით დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ბ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბადრი შონია
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე