დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 22.04.2026
საქმის ნომერი
ას-87-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

22 აპრილი, 2026 წელი,#ას-87-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ა.ი–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ–ნა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ა.ი–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მოიჯარე) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 დეკემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, თანხის დაკისრების შესახებ შპს „კ–ნას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მეიჯარე) წინააღმდეგ აღძრული მოთხოვნა უარყოფილ იქნა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა (დეტალურად იხ, საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. 2017 წლის 15 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს მაღალი ხარისხის სასტუმროს მოწყობისა და ფუნქციონირების მიზნით, 10 წლით სარგებლობაში გადაეცა გაურემონტებელი და მოუწყობელი უძრავი ქონება ს/კ-ით #.......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საიჯარო ქონება ან უძრავი ქონება).

4.4. პირველი თვის საიჯარო გადასახადს მოიჯარე წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამ სამუშაო დღეში, ხოლო შეთანხმების უზრუნველსაყოფად ბოლო მეხუთე წლის, ბოლო თვის საიჯარო გადასახადს მომდენო თვის 20 რიცხვამდე, 2018 წლის 20 იანვრამდე (სულ 36 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, პლუს დამატებითი ღირებულების გადასახადი) აანაზღაურებდა. 2018 წლის 15 აპრილამდე მოიჯარეს საშეღავათო დრო ეძლეოდა, რომლის განმავლობაშიც საიჯარო ქირას არ გადაიხდიდა. საიჯარო ქირის გადახდა 2018 წლის 15 აპრილიდან გაგრძელდებოდა. საშეღავათო პერიოდში მოიჯარე ვალდებული იყო კომუნალური გადასახადები გადაეხადა (იხ. შეთანხმების 4.1.1. პუნქტი).

4.5. იჯარის ხელშეკრულების გაფორმებისას საიჯარო ქონების ღირებულება - 3 153 100 აშშ დოლარს შეადგენდა.

4.6. მოსარჩელემ უძრავი ქონება მოპასუხესთან შეთანხმებით გაარემონტა, კერძოდ, შეიყვანა ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, უზრუნველყო წყალმომარაგება, დაამონტაჟა გათბობის, კონდიცირების, სიგნალიზაციისა და სხვა სისტემები. აღჭურვა მაღალი ხარისხის სრული სასტუმრო ინფრასტრუქტურითა და ავეჯით, რასაც მთლიანობაში 1 წელზე მეტი პერიოდი დასჭირდა, შედეგად საიჯარო ქონების ღირებულება - 5 352 300 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

4.7. მოსარჩელის მიერ უძრავ ქონებაზე განხორციელებული სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება - 1 435 385 ლარია.

4.8. საიჯარო ქონებაზე ხარჯი მოიჯარემ/მოსარჩელემ მისი ინტერესებიდან გამომდინარე გასწია.

4.9. მოსარჩელის მიერ უძრავ ქონებაზე განხორციელებული სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად მოპასუხე არ გამდიდრებულა, კერძოდ, მან სანაცვლოდ მისაღები პოტენციური შემოსავალი დათმო.

4.10 2020 წლის თებერვალ-მარტიდან კოვიდ-პანდემიისა და საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვა/შეზღუდვების გამო, სასტუმრომ ფუნქციონირება ფაქტობრივად შეწყვიტა, მისი შემოსავალი განულდა.

4.11. 2021 წლის იანვარში მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება.

5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საიჯარო ქონებაზე განხორციელებული სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების - 1 435 385 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას ითხოვდა.

6. მოპასუხის მტკიცებით, ხელშეკრულების დასრულების ან შეწყვეტისას სარემონტო ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება არ უკისრია, პირიქით, სანაცვლოდ, მოსარჩელემ საიჯარო ხელშეკრულების შეღავათიანი პირობები მიიღო.

7. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (შდრ. სუსგ. №ას-360-342-2015, 03.06. 2015 წ.).

8. უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება; მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა (შდრ. სუსგ. №ას-1249-1269-2011, 04.04. 2012 წ.).

9. განსახილველ შემთხვევაში, მოიჯარის მოთხოვნა მესაკუთრისთვის -1 435 385 ლარის დაკისრების თაობაზე სსკ-ის 987-ე მუხლს ეფუძნება (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა) პირს, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა, შეუძლია მოითხოვოს დანახარჯების ამოღება და ამოიღებს მას, ან ბ) პრეტენზიის წარმდგენმა პირმა ბრალეულად დააყოვნა შეტყობინება ხარჯების მოთხოვნის შესახებ, ანდა გ) პირმა, რომელსაც წაეყენება პრეტენზია, სადავო გახადა ხარჯები მათ განხორციელებამდე).

10. ზემოაღნიშნული ნორმა არეგულირებს შემთხვევებს, როდესაც პირი გასწევს დანახარჯებს უცხო ქონებაზე, რომელიც მის მფლობელობაშია და შემდგომ უნდა დაუბრუნოს ნივთი მესაკუთრეს. ამ შემთხვევაში საქმე შეიძლება ეხებოდეს უფლებამოსილ მფლობელს, როგორიცაა მაგალითად მოქირავნე, ანდა არაუფლებამოსილ მფლობელსაც (იხ. ჰაინრიხ შნიტგერი, ლია შატბერაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ. 987, ველი 1 /https://gccc.tsu.ge/) (შდრ. სუსგ. №ას-185-2023, 09.07. 2024 წ).

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სწორედ დანახარჯების კონდიქციის შემადგენლობას ქმნის, რის საფუძველზეც ნორმაში ასახული დანახარჯების ანაზღაურების უფლება პირს მხოლოდ გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში წარმოეშობა, კერძოდ, უნდა დასტურდებოდეს: მოსარჩელის მიერ ადგილი ჰქონდა თუ არა სხვის ქონებაზე დანახარჯების გაწევას; დანახარჯების შედეგად ნივთის ღირებულება გაიზარდა თუ არა და ნივთის გაზრდილი ღირებულება რამდენად არსებობდა ნივთის დაბრუნების მომენტისათვის. გამდიდრების ფაქტის დადგენისას გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა უფლებამოსილ პირს უბრუნდება თავისი ნივთი ანუ, განსახილველ შემთხვევაში, გადამწყვეტია იმის დადგენა, გაზრდილი ღირებულება არსებობს თუ არა ნივთის დაბრუნების მომენტისათვის და რას შეადგენდა იგი (იხ. სუსგ საქმე №ას-532-2019, 31 მაისი, 2021 წელი).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ანაზღაურების მოთხოვნა გაწეული ხარჯებისთვის შეიძლება მხოლოდ, თუ სსკ-ის 987.2 მუხლით განსაზღვრული მომენტისთვის, ანუ მოვალისათვის ნივთის დაბრუნებისას, ან გაზრდილი ღირებულების შედეგად სხვაგვარად სარგებლის მიღებისას სახეზეა გამდიდრება (იხ. სუსგ საქმე №ას-1355-2022, 27 იანვარი, 2023 წელი).

ღირებულების დასადგენად რელევანტურია არა ხარჯების გაწევის მომენტი, არამედ ის მომენტი, როდესაც მესაკუთრეს შეუძლია მოახდინოს ღირებულების მატების რეალიზაცია.

თუ ნივთი იყო პირის მფლობელობაში, რომელმაც გასწია ხარჯები, ეს მაშინ როგორც წესი იქნება ის მომენტი, როდესაც ის დაუბრუნებს ნივთს მესაკუთრეს (იხ. ჰაინრიხ შნიტგერი, ლია შატბერაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ. 987, ველი 6; /https://gccc.tsu.ge/).

სხვა პირის ქონებაზე შეგნებულად ან შეცდომით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ ხარჯის გაწევა მარტო არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი. ამ დროს უნდა გაირკვეს რა სახით იყო ნივთი გადაცემული და რა სახით ბრუნდება. ასეთ შემთხვევაში რეალურად ჩანს გამდიდრების ხარისხი. გარდა ამისა, შესაძლებელია გამდიდრება გამოიხატოს დაბრუნებული ნივთიდან ადრინდელთან შედარებით მეტი სარგებლის მიღებაში, რადგან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დაბრუნებული ნივთის ღირებულება. ორივე შემთხვევაში მოვალის გამდიდრების ფაქტია მთავარი და გაწეული ხარჯები უნდა ანაზღაურდეს გამდიდრების ოდენობის შესაბამისად. კონდიქციურმა მოთხოვნამ არ უნდა გამოიწვიოს გამდიდრებული პირის ქონების იმაზე მეტად შემცირება, რითაც იგი გამდიდრდა (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი II, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი 2001, გვ. 371-372).

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმისწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება (სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.სსსკ-ის 4.1. მუხლი). აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.

თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

ამდენად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საიჯარო ქონება სარემონტო ობიექტი იყო და სამუშაოები მხარეთა შეთანხმებით სასტუმროს მოწყობის მიზნითა და შემდგომში გარკვეული შემოსავლის მიღების მიზნით განხორციელდა, რისთვისაც მეიჯარე მოიჯარეს საიჯარო ქირაზე შეღავათს უწესებდა, ასევე საიჯარო ქირის გადახდისგან სამი თვითაც გაათავისუფლა. ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე არ გამდიდრებულა, რადგან, მართალია, მან საბოლოო ჯამში მიიღო გარემონტებული და ღირებულება გაზრდილი შენობა, თუმცა სანაცვლოდ შენობა - ნაგებობის განკარგვით მისაღები პოტენციური შემოსავალი დათმო.

საგულისხმოა, რომ მხარეებმა მათ შორის გაფორმებული შეთანხმების არსებითი საკითხები ნების გამოვლენის სრული ავტონომიის პირობებში შეადგინეს და მისი შინაარსი თავისუფლად განსაზღვრეს; ასეთ ვითარებაში ლოგიკურია, რომ თუკი შეთანხმება შედგა, ესე იგი მისი პირობები მხარეთათვის მისაღები იყო და არაარსებითია მსჯელობა იმ საკითხზე, რომ გარემონტებულ მდგომარეობაში მყოფი შენობის საიჯარო ღირებულება სხვაგვარი იქნებოდა.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

16. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მ.ქ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადასახდო დავალება #32097785818, გადახდის თარიღი 23.02.2026წ), 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.ი–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ა.ი–ს“ (ს/ნ ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ქ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადასახდო დავალება #32097785818, გადახდის თარიღი 23.02.2026წ), 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია