დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-601-2026 20 ივლისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – შპს „ჯ.ლ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ქ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ჯ.ლ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 10596.88 ლარის დაკისრება. ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით 10596.88 ლარის ყოველწლიური 10.48%-ის დაკისრება, 2025 წლის 04 თებერვლიდან, განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ქ–ის“ სარჩელი, შპს „ჯ.ლ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ჯ.ლ–ს“, შპს „ქ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 10 596.88 ლარის გადახდა; შპს „ქ–ის“ მოთხოვნა, მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. შპს „ქ–სა“ (2022 წლის 20 აპრილამდე შპს „გ–“) (მიმწოდებელი) და შპს „ჯ.ლ–ს“ (შემკვეთი) შორის არსებობდა მიწოდების ხელშეკრულება მუყაოს ყუთების მიწოდების თაობაზე.
6.2. შპს „გ–ს“ 2022 წლის 20 აპრილს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ქ–ი“.
6.3. 2022 წლის 11 მარტის, Nეა-74 2378045 საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „გ–მა“ მიაწოდა შპს „ჯ.ლ–ს“ 1 989.23 ლარის ღირებულების საქონელი. (სტატუსი გადაგზავნილი) 2022 წლის 15 თებერვლის Nეა-74 4471135 საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „გ–მა“ მიაწოდა შპს „ჯ.ლ–ს“ 13 007.39 ლარის ღირებულების საქონელი. (სტატუსი დადასტურებული) 2021 წლის 09 ნოემბრის N ეა-73 8040935 საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „გ–მა“ მიაწოდა შპს „ჯ.ლ–ს“ 3333.35 ლარის ღირებულების საქონელი. (სტატუსი დადასტურებული) 2021 წლის 09 სექტემბრის N ეა-73 3843446 საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „გ–მა“ მიაწოდა შპს „ჯ.ლ–ს“ 12 557.10 ლარის ღირებულების საქონელი. (სტატუსი დადასტურებული) 2021 წლის 31 ივლისის N ID 210571550 საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს
„გ–მა“ მიაწოდა შპს „ჯ.ლ–ს“ 2 542,70 ლარის ღირებულების
საქონელი. (სტატუსი უარყოფილი).
6.4 2021 წლის 21 დეკემბრის #ელ-0638610527 სასაქონლო ზედნადების თანახმად, შპს „გ–მა“ შპს „ჯ.ლ–ს“ მიაწოდა 728.75 ლარის ღირებულების
265 ცალი კონიაკის ყუთი. 2021 წლის 21 დეკემბრის #ელ-0638611072 სასაქონლო ზედნადების თანახმად, შპს „გ–მა“ შპს „ჯ.ლ–ს“ მიაწოდა 1260.48 ლარის ღირებულების 416 ცალი კონიაკის ყუთი. 2021 წლის 30 ივლისის #ელ-0609058111 სასაქონლო ზედნადების თანახმად, შპს „გ–მა“ შპს „ჯ.ლ–ს“ მიაწოდა 591.65 ლარის ღირებულების 441 ცალი მუყაოს ყუთი და 587.51 ლარის ღირებულების 763 ცალი ტიხარი (კომპლექტი) ერისიონი. 2021 წლის 29 ივლისის #ელ-0608736999 სასაქონლო ზედნადების თანახმად, შპს „გ–მა“ შპს „ჯ.ლ–ს“ მიაწოდა 328,64 ლარის ღირებულების 208 ცალი კონიაკის ყუთი. 2021 წლის 28 ივლისის #ელ-0608456344 სასაქონლო ზედნადების თანახმად, შპს „გ–მა“ შპს „ჯ.ლ–ს“ მიაწოდა 1034.90 ლარის ღირებულების 655 ცალი მუყაოს ყუთი. 2022 წლის 06 იანვრის #ელ-0641211671 სასაქონლო ზედნადების თანახმად, შპს „გ–მა“ შპს „ჯ.ლ–ს“ მიაწოდა 3421.44 ლარის ღირებულების 891 ცალი კონიაკის ყუთი ჯ.ლ–ი პატარა და 3912.96 ლარის ღირებულების 1019 ცალი კონიაკის ყუთი ჯორჯან ლეჯენდი დიდი. 2022 წლის 20 იანვრის #ელ-0643571184 სასაქონლო ზედნადების თანახმად, შპს „გ–მა“ შპს „ჯ.ლ–ს“ მიაწოდა 729.22 ლარის ღირებულების 202 ცალი კონიაკის ყუთი ჯ.ლ–ი (0.5); 1127.85 ლარის ღირებულების 365 ცალი კონიაკის ყუთი ჯ.ლ–ი (მთა) და 1128 ლარის ღირებულების 307 ცალი კონიაკის ყუთი ჯორჯიან ლეჯენდი (0.7). 2022 წლის 21 იანვრის #ელ-0643817249 სასაქონლო ზედნადების თანახმად, შპს „გ–მა“ შპს „ჯ.ლ–ს“ მიაწოდა 2687.70 ლარის ღირებულების 527 ცალი კონიაკის ყუთი.
6.5. სს „პ.ბ–ის“ 08.09.2021 წლის N3161 საგადახდო დავალების თანახმად, შპს „ჯ.ლ–მა“ შპს „გ–ს“ გადაურიცხა 2 000 ლარი, დანიშნულებით დავალიანების დაფარვა. სს „პ.ბ–ის“ 06.10.2021 წლის
N3266 საგადახდო დავალების თანახმად, შპს „ჯ.ლ–მა“ შპს „გ–ს“ გადაურიცხა 3099.80 ლარი, დანიშნულებით დავალიანების დაფარვა. სს „პ.ბ–ის“ 19.10.2021 წლის N3299 საგადახდო დავალების თანახმად, შპს „ჯ.ლ–მა“ შპს „გ–ს“ გადაურიცხა 4 500 ლარი, დანიშნულებით დავალიანების დაფარვა. სს „პ.ბ–ის“ 20.12.2021 წლის N3491 საგადახდო დავალების თანახმად, შპს „ჯ.ლ–მა“ შპს „გ–ს“ გადაურიცხა 4833.35 ლარი, დანიშნულებით დავალიანების დაფარვა. 6 სს „პ.ბ–ის“ 28.01.2022 წლის N3584 საგადახდო დავალების თანახმად, შპს „ჯ.ლ–მა“ შპს „გ–ს“ გადაურიცხა 4 000 ლარი, დანიშნულებით დავალიანების დაფარვა. სს „პ.ბ–ის“ 04.03.2022 წლის N3703 საგადახდო დავალების თანახმად, შპს „ჯ.ლ–მა“ შპს „გ–ს“ გადაურიცხა 2 000 ლარი, დანიშნულებით დავალიანების დაფარვა. სს „პ.ბ–ის“ 17.03.2022 წლის N3745 საგადახდო დავალების თანახმად, შპს „ჯ.ლ–მა“ შპს „გ–ს“ გადაურიცხა 2 399,74 ლარი,დანიშნულებით დავალიანების დაფარვა.
6.6. 2022 წლის 05 სექტემბერს შპს „ჯ.ლ–მა“ წერილით მიმართა შპს „ქ–ს“, სადაც მითითებულია, რომ მიმწოდებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა შეთანხმებული ვადის დარღვევით პროდუქციის მიწოდებას, ამასთან 2021 წლის 22 დეკემბრიდან 2022 წლის 21 იანვრის შუალედში განხორციელდა პროდუქციის, კერძოდ გოფრირებული სატრანსპორტო ყუთების მიწოდება რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 17 478.60 ლარი, აქედან უხარისხო, გამოსაყენებლად უვარგისი, უკან დაბრუნებული პოდუქციის ღირებულება შეადგენდა 4 471.20 ლარი, რომლიდან 1989.23 ლარის ზედნადებები შპს „გ–ის“ მიერ იქნა გაუქმებული გაუგებარი მიზეზების გამო. შპს „ჯ.ლ–ის“ მიერ ამ შეკვეთის სრული თანხიდან დავალიანება შემცირდა 10 598.83 ლარამდე. გაუქმებული პროდუქციის ღირებულების 1 989.23 ლარის ჩათვლით, ხოლო დარჩენილი 8 607.65 ლარის დავალიანებაზე, წერილობით ეცნობა კომპანიის მენეჯმენტს, რომ ელოდებოდნენ მათი ჩინელი პარტნიორების შეფასებას. შპს „ჯ.ლ–ის“ განმარტებით, უხარისხო პროდუქციის მიწოდებით კომპანიას მიადგა ზიანი, მოუწია გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების გართულება, უხარისხო პროდუქციის მიწოდებით გამოწვეული ზიანის შესახებ გარემოება უცხოელი პარტნიორის წერილითაც დასტურდება, შესაბამისად დამკვეთი უარს აცხადებს აანაზღაუროს წუნდებული პროდუქციის ღირებულება. აღნიშნული წერილის პასუხად, 2022 წლის 19 სექტემბერს შპს „ქ–ის“ დირექტორმა მიმართა შპს „ჯ.ლ–ს“, და განუმარტა, რომ მათ ყუთების ნიმუშებზე გააჩნდათ წვდომა, შესაბამისად შეკვეთების განხორციელებამდე შეეძლოთ, დაეტესტათ მისი ხარისხი. ამასთან, მათ მიერ მიწოდებული პროდუქცია განკუთვნილი იყო პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის, რაც განხორციელდა და ჩინეთამდე პროდუქცია დაუზიანებლად ჩავიდა. შპს „ქ–ის“ განცხადებით, მათ მიერ მიწოდებული პროდუქცია აკმაყოფილებდა შეთანხმებულ
ხარისხს, მისი ღირებულების მოთხოვნისთვის კი საკმარის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მათი მხრიდან დადასტურებული სასაქონლო ზედნადებების არსებობა.
6.7. 2025 წლის 21 მარტის ვადიანი ანაბრის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ქ–ს“ სს „ს.ბ–ში“ განთავსებული აქვს ანაბარი 1000 ლარის ოდენობით, 360 დღის ვადით - 16/03/2026 წლამდე, ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით, წლიური 10.3% დარიცხვით, ეფექტური - 10.60 %.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.8. ვინაიდან მხარეთა შორის სადავო იყო ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, სააპელაციო სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა ამ საკითხზე სასამართლო პრაქტიკის მიხედვით და მიუთითა მათზე.
6.9. პალატამ მიუთითა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს-ი და ი. ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
6.10. აპელანტი მხარის მსჯელობა ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ეფუძნებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-129-ე მუხლებს, მხარე განმარტავდა, რომ მოსარჩელის მხრიდან ბოლო ზედნადები 2022 წლის იანვრის თვეში იქნა გამოწერილი, მაშინ როდესაც ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში 2025 წლის თებერვლის თვეშია წარდგენილი; აპელანტის განმარტებით, ვინაიდან სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის ათვლა მიწოდებიდან უნდა მომხდარიყო, სარჩელი იყო ხანდაზმული. ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე განმარტავდა, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმების თანახმად, გადახდა ანგარიშფაქტურის გაგზავნიდან 01 კვირის ვადაში უნდა განხორციელებულიყო, ანგარიშფაქტურა ბოლოს მხარესთან გადაგზავნილი იყო 2022 წლის 15 თებერვალს, სარჩელი კი წარმოდგენილია 2025 წლის 05 თებერვალს. ამასთან, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულება ბოლოს 2022 წლის მარტს მოხდა, სადაც დანიშნულებაში დავალიანების დაფარვაა მითითებული, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, აღნიშნული გარემოებაც ცხადყოფდა, რომ სარჩელი ხანდაზმულობის ვადის დაცვითაა წარმოდგენილი.
6.11. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სარჩელში მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება - „გადახდა ანგარიშფაქტურის გაგზავნიდან 01 კვირის ვადაში უნდა განხორციელებულიყო“, მოპასუხეს შესაგებელში სადავოდ არ გაუხდია, ამდენად, გარემოება დამტკიცებულად ჩაითვალა, რადგან ერთი მხარე მიუთითებდა მასზე და მეორე მხარე არ შეწინააღმდეგებია ამ მითითებას.
6.12. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილი სადავო გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ქ–ის“ სარჩელი ხანდაზმულობის ვადის დაცვით არის წარდგენილი.
6.13. დავის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში კრედიტორი ითხოვდა ხელშეკრულების შესრულებას (ე.წ. პირველადი მოთხოვნა). მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებული ფასის გადახდის კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის დადგენა წარმოადგენდა. საპასუხო შესრულებისგან მოვალეს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებს, თუ ის დაამტკიცებს, რომ მან ნასყიდობის საგანი ვერ მიიღო ან მიიღო შეთანხმებული ხარისხისგან განსხვებული ხარისხის ან რაოდენობის ნივთი.
6.14. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოებას იმის თაობაზე, რომ შპს „ჯ.ლ–ის“ გადაუხდელი დავალიანება შპს „ქ–ის“ მიმართ შეადგენდა 10 596.88 ლარს; ამასთან, პალატამ დაადგინა, რომ შპს „ქ–ის“ მიერ მიწოდებული ყუთები შეესაბამებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდა საწინააღმდეგო მტკიცების საშუალებას. საქმეში არ იყო წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სადავო ყუთების მდგომარეობის და ხარისხის/ვარგისიანობის თაობაზე, არ იყო წარმოდგენილი (თუნდაც) ნეიტრალური პირის/მოწმის განმარტება/აღწერა ყუთების მდგომარეობის, მათი მახასიათებლების შესახებ და ა.შ. აპელანტის მხოლოდ იმაზე მითითება, რომ მოსარჩელეს გაუგზავნა პრეტენზიის წერილი ან/და სასამართლოში წარმოადგინა ვიზუალური მასალები ყუთების ფოტოების სახით, არ იყო საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ გადაცემული ნივთი იყო ნაკლიანი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ჯ.კ–მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, დაარღვია როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლის ნორმები, რამაც გავლენა მოახდინა საქმის საბოლოო გადაწყვეტაზე. დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ შპს „ჯ.ლ–ს“ შპს „ქ–ის“ მიმართ გააჩნია 10 596.88 ლარის ოდენობით შესასრულებელი ფულადი ვალდებულება. სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია მიწოდებული პროდუქციის ხარისხი შეესაბამებოდა თუ არა შეთანხმებულს ხარისხობრივ მოთხოვნებს და არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის.
8.2 სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა 2022 წლის 11 მარტის დაუდასტურებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და მის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ფულადი ვალდებულების არსებობა. ასევე, არასრულყოფილად იმსჯელა ხანდაზმულობის საკითხზე.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილია, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობას იმ მიზეზით, რომ მოსარჩელემ მისი წილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა მის მიერ შეთანხმებული ხარისხის პროდუქციის მიწოდებისა და შესაბამისად, სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი და სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაკისრების საფუძვლის არსებობა.
17. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საპროცესო სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით კასატორის შედავებას, რომელიც ფაქტობრივად შეეხება მტკიცების ტვირთის განაწილების არასწორ სტანდარტს და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის სწორად არის გადანაწილებული.
18. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ. 48). მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.
19. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტების ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს, ანიჭებს ხელშეკრულების ორივე მხარეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებებსა და აკისრებს გარკვეულ მოვალეობებს. ხელშემკვრელ მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების იდენტიფიცირებას გააჩნია არა მხოლოდ მატერიალური, არამედ პროცესუალური მნიშვნელობა, რამდენადაც თითოეული მათგანი პასუხისმგებელია სწორედ მისი წილი ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე (მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით), ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში, სადავოობისას, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების შესრულების დადასტურება, ხოლო მოპასუხეს მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების არსებობის გამომრიცხველი ან მისი შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა (საპროცესო-სამართლებრივი კუთხით).
20. მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე მოპასუხისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძველზე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საფასურის ანაზღაურებას მოითხოვდა, მას, როგორც გამყიდველს, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების - მყიდველისთვის ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების გადაცემის დადასტურება ევალებოდა, ხოლო, მოპასუხეს იმ გარემოებათა არსებობის დადასტურება, რომელიც მისი მხრიდან საპასუხო ვალდებულების შესრულებას გამორიცხავდა.
21. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - ხელშეკრულების საგნის მიწოდებისა და აქედან გამომდინარე მოპასუხის დავალიანების არსებობის დადასტურება, ხოლო, მოპასუხემ, მტკიცების ტვირთის შებრუნებისა და კვალიფიციური შედავების პირობებში, ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნების მართლზომიერების გამორიცხვა.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისი ზედნადებები, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ მოპასუხეს მიეწოდა 33 429.77 ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც მოსარჩელის განმარტებით, გადახდილია მხოლოდ 22 832.89 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთი შებრუნდა და საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ მოპასუხის მხარეს გადაინაცვლა. შესაბამისად, მოპასუხეს (კასატორს), მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, თავად უნდა წარმოედგინა საპირისპირო, იმ გარემოების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება, რომ მას ნასყიდობის საგანი ნივთობრივი ნაკლის მქონე გადაეცა. მოპასუხის შედავება ნაკლიანი ნივთის გადაცემის კუთხით შეეხება 2022 წლის 15 თებერვალს გამოწერილი ანგარიშფაქტურით გათვალისწინებულ მიწოდებებს, რომელიც 06.01.2022, 20.01.2022 წელსა და 21.01.2022 წელს არის განხორციელებული. სსკ-ის 488-ე მუხლის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა სადავო საკითხზე და მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლოს ვერ წარუდგინა ის უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების ნაკლიან შესრულებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების მხარე წარმოადგენდა მეწარმე სუბიექტს, რომელსაც ევალებოდა მიწოდებული პროდუქციის დაუყოვნებლივ შემოწმება და ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში გამყიდველისათვის პრეტენზიის წარდგენა. მართალია საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლის მიხედვით, შპს „ჯ.ლ–მა“ 2022 წლის 05 სექტემბერს საპრეტენზიო წერილით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ უარს აცხადებდა არსებული დავალიანების ანაზღაურებაზე, ვინაიდან მიწოდებული პროდუქცია არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ ხარისხს, თუმცა აღნიშნული წერილი მიწოდებული პროდუქციის ნაკლის დასადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, პირიქით, იგი ადასტურებს შეუსრულებელი ვალდებულების სწორედ იმ მოცულობით არსებობის ფაქტს, რაც სარჩელშია მითითებული.
23. პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის პრეტენზიაზე, დაუდასტურებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ და მიიჩნევს, რომ საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის პროდუქციის მიწოდება და შემდგომ მისი ღირებულების ანაზღაურება ხორციელდებოდა დადასტურებული ანგარიშფაქტურების შესაბამისად. მართალია წარმოდგენილია დაუდასტურებელი ანგარიშფაქტურებიც, თუმცა, მოპასუხეს პროდუქციის მიწოდების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, იგი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ნაკლიანი ნივთის მიწოდებაზე აპელირებით მოითხოვდა და ვინაიდან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნაკლიანი შესრულების დადასტურება მოპასუხემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ შეძლო, კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიაზე მსჯელობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საფუძველს მოკლებულია.
24. პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ხანდაზმულობის საკითხზე და თავადაც მიიჩნევს, რომ სარჩელი შეტანილია ხანდაზმულობის ვადაში. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შეადრ: სუსგ-ები №ას-1937-2018, 15 მარტი, 2019 წელი, №ას-382-2019, 14 მაისი, 2019 წელი და ა.შ.). მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების თანახმად, გადახდა ანგარიშფაქტურის გაგზავნიდან 1 კვირის ვადაში უნდა განხორციელებულიყო, ანგარიშფაქტურა ბოლოს მხარესთან გადაგზავნილი იყო 2022 წლის 15 თებერვალს, სარჩელი კი წარმოდგენილია 2025 წლის 05 თებერვალს. ამასთან, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულება ბოლოს 2022 წლის მარტში განხორციელდა, სადაც დანიშნულებაში დავალიანების დაფარვაა მითითებული. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელეს სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა არ გაუშვია.
25. მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისა და მოსარჩელის მიერ ნასყიდობის საგნის მოპასუხისათვის მიწოდების დადასტურების შედეგად კი, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაასკვნეს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა ფულადი ვალდებულების შესრულების მოვალეობა. აღსანიშნავია, რომ კასატორმა ვერ მიუთითა ვერცერთ ისეთ გარემოებაზე და ვერ წარმოადგინა ვერანაირი რელევანტური მტკიცებულება, რაც საკასაციო პალატას სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გამოტანილი დასკვნების სისწორეში/სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით, სავსებით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრებისას, მოპასუხემ ვერ დაძლია მასში ასახული მსჯელობა/დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.
27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 529.85 ლარის 70% – 370.89 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ.ლ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. შპს „ჯ.ლ–ს“ (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 529.85 ლარის (საგადახდო დავალება N46933749348, გადახდის თარიღი 05.06.2026) 70% – 370.89 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი