დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-113-2026 20 ივლისი, 2026 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ზ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განჩინებით გ.ზ–ძის (შემდეგში - დასაქმებული ან მოსარჩელე) და სს „ს.რ–ის“ (შემდეგში - დამსაქმებელი ან მოპასუხე ან მოპასუხე საზოგადოება ან კასატორი) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2023 წლის 30 მარტის N14746 ბრძანება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით - 1045 ლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის - დარიცხული ხელფასის - ყოველთვიურად 1045 ლარის (გადასახადის ჩათვლით) ანაზღაურება დაეკისრა 2023 წლის დეკემბრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე მოპასუხე საზოგადოების ზესტაფონის სერვის ცენტრში 2007 წლიდან მუშაობდა, ხოლო 2013 წლის 7 მარტიდან ზესტაფონის სერვის ცენტრში მგზავრთა გადაყვანის პასუხისმგებელი მორიგის პოზიციაზე განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა;
2.2. დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 1045 ლარს შეადგენდა;
2.3. 2023 წლის მარტის თვეში, დამსაქმებელმა მიიღო გადაწყვეტილება და საპენსიო ასაკის მქონე პირებს შესთავაზა, რომ ნებაყოფლობით, პირადი განცხადების საფუძველზე წასვლის შემთხვევაში, მიიღებდნენ კომპენსაციას, შემდეგი ოდენობით: 20 წლამდე სტაჟის მქონე პირები 6 თვის ანაზღაურებით, ხოლო 20 წელზე მეტი სტაჟის მოქნე პირები 12 თვის ანაზღაურებით;
2.4. 2023 წლის 23 მარტს, მოსარჩელემ დამსაქმებელს შემდეგი შინაარსის განცხადებით მიმართა: „გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან პირველად პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით მ.წ. 29 მაისიდან“. მითითებული განცხადება საზოგადოებაში 2023 წლის 24 მარტს დარეგისტრირდა (იხ. პირადი განცხადება - ტ.1. ს.ფ. 55);
2.5. 2023 წლის 30 მარტს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა დამსაქმებელს 2023 წლის 1 აპრილიდან მისთვის მიეცათ კუთვნილი შვებულება, რაც დაკმაყოფილდა და 2023 წლის 30 მარტის N4075 ბრძანებით დასაქმებულს კუთვნილი შვებულება 2023 წლის 01 აპრილიდან 2023 წლის 06 მაისის ჩათვლით, 28 სამუშაო დღის ხანგრძლივობით მიეცა;
2.6. შვებულებაში ყოფნის პერიოდში - 2023 წლის 25 აპრილს, დასაქმებულმა კვლავ მიმართა დამსაქმებელს და ამჯერად, მისივე 23 მარტის განცხადებში დაფიქსირებული ნება უკან გაიხმო, კერძოდ განცხადებაში აღნიშნა: „2023 წლის მარტის თვეში, ჩემი უეცარი დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით შემოვიტანე განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამჟამად ვიმყოფები კუთვნილ შვებულებაში, დაბეჯითებით განგიმარტავთ, რომ ვაუქმებ, უარვყოფ ჩემს განცხადებას პირადი სურვილით თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ და არ მიიღოთ ბრძანება ჩემის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ვინაიდან მაქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა“ (იხ. განცხადება - ტ.1. ს.ფ. 20);
2.7. მაისის თვის ჩათვლით დამსაქმებელს დასაქმებულისთვის შეტყობინება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არ გაგზავნია;
2.8. 2023 წლის მაისი ივნისის თვეში დასაქმებული შეყვანილი იყო მორიგეობის გრაფიკში მორიგე პირთა სიაში;
2.9. 2023 წლის 2 ივნისს, დამსაქმებელის მიერ, დასაქმებულს პირველად პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით კომპენსაცია 5648.43 ლარი ჩაერიცხა;
2.10. დასაქმებული დაკავებული თანამდებობიდან 2023 წლის 29 მაისიდან განთავისუფლდა, რომელსაც დამსაქმებელმა საფუძვლად დაუდო შემდეგი: საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 47-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი/პენსიაზე გასვლა/პირადი განცხადება (იხ., საზოგადოების 2023 წლის 30 მარტის N14746 ბრძანება - ტ.1. ს.ფ.172);
2.11. დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ საქმეში წარმოდგენილი 2023 წლის 30 მარტის N14746 ბრძანების ასლები არ შეიცავს შენიშვნას მოსარჩელის მიერ ბრძანებაზე ხელის არ მოწერის თაობაზე;
2.12. დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ 2023 წლის 30 მარტის N14746 ბრძანება მოსარჩელეს 2023 წლის 26 ივნისს ჩაბარდა;
2.13. მოსარჩელის საშტატო ერთეული 2024 წლის 1 მარტის N7/8 დადგენილებით გაუქმდა;
2.14. მოსარჩელე 2023 წლის 23 მარტის განცხადების დაწერის განმაპირობებელ გარემოებად უთითებს, რომ ხელმძღვანელი პირების მიერ მას განემარტა, რომ თუ განცხადებას არ დაწერდა, როგორც პენსიონერი, მაინც გათავისუფლდებოდა თანამდებობიდან და მისი საშტატო ერთეული გაუქმდებოდა. იგი მოექცა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ და იძულებული გახდა დაეწერა განცხადება. იგივე გარემოება დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ.ლ–ძემ, რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოების ხელმძღვანელი პირებიდან, 2023 წლის მარტის თვეში, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა იძულებას და მოტყუებას. განცხადება თავად არ დაუწერია, დაბეჭდილ განცხადებას მოაწერა ხელი. უთხრეს, თუ არ მოაწერდა ხელს, დაკარგავდა სამსახურსაც და კომპენსაციასაც. აღნიშნული სიტყვები მას უთხრეს და მოსარჩელესაც იგივეს ეტყოდნენ.
3. სააპელაციო პალატამ შეაფასა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობები და აღნიშნა, რომ დამსაქმებლის 2023 წლის 30 მარტის N14746 ბრძანების მიხედვით მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, თუმცა, ამავდროულად, სადავო ბრძანებაში შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა პირადი განცხადება, რაც გათვალისწინებულია იმავე მუხლის სხვა პუნქტში - „დ“ ქვეპუნქტი - დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება.
4. რაკი, დასაქმებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ხდიდა სადავოდ და მიუთითებდა მის მიმართ დამსაქმებლის მიერ შეცდომაში შემყვანი ფაქტების მიწოდებას, რამაც მიიყვანა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენამდე, ხოლო დამსაქმებელი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დასაქმებულის მიერ გამოვლენილ თავისუფლ ნებაზე აფუძნებდა, სააპელაციო სასამართლომ გამოვლენილი ნების ნამდვილობა შეაფასა იმ კუთხით ხომ არ იკვეთებოდა დამსაქმებლის მიერ დასაქმებულზე ზეწოლა.
5. დასმული საკითხის შესაფასებლად სააპელაციო პალატამ ყურადღება მოსარჩელის იმ განმარტებაზე გაამახვილა, რომელშიც 2023 წლის 23 მარტის გათავისუფლების თაობაზე პირადი განცხადების დაწერის განმაპირობებელ გარემოებად ამ უკანასკნელმა საზოგადოების ხელმძღვანელი პირების შემდეგი შინაარსის განმარტებები დაასახელა: თუ განცხადებას არ დაწერდა, როგორც პენსიონერი, მაინც გათავისუფლდებოდა თანამდებობიდან და მისი საშტატო ერთეული გაუქმდებოდა. მოსარჩელე მოექცა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ და იძულებული გახდა დაეწერა განცხადება. აღნიშნული გარემოება დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ.ლ–ძემ, რომელმაც განმარტა, საზოგადოების ხელმძღვანელი პირებიდან, 2023 წლის მარტის თვეში, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა იძულებას და მოტყუებას. განცხადება თავად არ დაუწერია, დაბეჭდილ განცხადებას მოაწერა ხელი. უთხრეს, თუ არ მოაწერდა ხელს, დაკარგავდა სამსახურსაც და კომპენსაციასაც. აღნიშნული სიტყვები მას უთხრეს და მოსარჩელესაც იგივეს ეტყოდნენ.
6. შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურების გათვალისწინებით იმ გარემოების დადასტურების ვალდებულება, რომ დასაქმებულმა სამსახურიდან გათავისუფლების ნება გამოავლინა, რაც კანონმდებლობის სრული დაცვით სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძველს შექმნიდა, დამსაქმებელს დაეკისრა. ამ უკანასკნელს კეთილსინდისიერებისა და გულსხმიერების პრინციპის შესაბამისად, ევალებოდა დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნების დაზუსტება და გამოკვლევა. მით უმეტეს, განცხადებაში გამოვლენილი დასაქმებულის ნების ნამდვილობა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უნდა განიმარტოს არა დამოუკიდებლად, არამედ მის წინმსწრებ ფაქტებთან ერთად. ამ თვალსაზრისით, ყურადღება თავად საზოგადოების იმ მითითებაზე გამახვილდა, რომ 2023წ. მარტის თვეში, საზოგადოების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და საპენსიო ასაკის მქონე პირებს შესთავაზეს ნებაყოფლობით, პირადი განცხადების საფუძველზე წასვლის შემთხვევაში, კომპენსაციის მიღება - 20 წლამდე სტაჟის მქონე პირებს მიეცემოდა კონპენსაცია 6 თვის ანაზღაურებით, ხოლო 20 წელზე მეტი სტაჟის მქონე პირებს - 12 თვის ანაზღაურებით. მოსარჩელისა და მოწმე თ.ლ–ძის განმარტებების მიხედვითაც ირკვეოდა, რომ თუ თანამშრომლები, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო არ დაწერდნენ განცხადებას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე დაკარგავდნენ სამსახურსაც და კომპენსაციასაც.
7. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნება, პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან წასვლის შესახებ, არ მიღებულა დამოუკიდებლად, დამსაქმებლის არამართლზომიერი მოქმედების გარეშე. შესაბამისად, დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ კანონსაწინააღმდეგოდ შეფასდა.
8. სადავო ბრძანების ბათილობის შედეგად სშკ-ის 48-ე მუხლის თანახმად რესტიტუციის სახით მოსარჩელისთვის მიკუთვნებული კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მხოლოდ მოპასუხე აპელანტმა.
10. კასატორი სადავოდ ხდის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხე საზოგადოების მიერ გამოცემული ბრძანების გასაჩივრებას სშკ-ით დადგენილ 30 დღიან ვადაში და არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნებს მასზედ, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინება მოსარჩელემ მიიღო 2023 წლის 26 ივნისს, სარჩელი კი სასამართლოში წარდგენილია ვადაში 2023 წლის 11 ივლისს.
11. კასატორი უთითებს, რომ მოსარჩელე გათაავისუფლების შესახებ ინფორმირებული იყო სულ მცირე, 2023წ. 2 ივნისს, რასაც ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელი - ე. კ–ძე როდესაც აღნიშნავს, რომ 30 მარტს გააცნო მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყევტილება; მოსარჩელემ როგორც კი გაიგო მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ითხოვა გამოიყენებელი შვებულებით სარგებლობა; 2 ივნისს მოსარჩელეს კომპენსაცია ჩაერიცხა; მოსარჩელემ თავადაც განმარტა, როდესაც კომპენსაცია ჩაერიცხა, მიხვდა რომ დამსაქმებელმა ბრძანება გამოსცა და მისი 25 აპრილის განცხადება არ დაკმაყოფილდა;
12. კასატორი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემას იმით ხსნის, რომ მოპასუხე საზოგადოებამ საპენსიო სარეფორმო პროექტი შემოიღო და მასთან დასაქმებულებს საპენსიო სქემაში ჩართვა შესთავაზა. ამას კი, კასატორი ოფერტზე მოწვევად განიხილავს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ წერილობითი ფორმით მიმართა კასატორს საპენსიო რეფორმით სარგებლობაზე მზადოფნის შესახებ, რაც კასატორის მოსაზრებით ოფერტს - აქვს მბოჭავი ძალა. აქვე კასატორი აღნიშნავს, რომ დამსაქმებელმა ოფერტზე აქცეპტი განახორციელა. შესაბამისად, იურიდიული შედეგი დადგა - გამოიცა ბრძანება დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და ამას საპენსიო რეფორმით გათვალისწინებული შედეგი მოჰყვა.
13. კასატორი სადავოდ ხდის განაცდურის ოდენობას, აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს მოპასუხე საზოგადოებიდან გათავისუფლების შემდეგ მიღებული აქვს ხელფასი, რომლის ჯამური ოდენობაა 1433.4 ლარი, რაც უნდა გამოჰკლებოდა განაცდურს (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).
14. კასატორი შუამდგომლობს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 104.50 ლარი, რადაგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხარვეზის შესახებ განჩინებით დავალებული 1306.25 ლარის ნაცვლად, კასატორმა 1410.75 ლარი გადაიხადა, საიდანაც ზედმეტადაა გადახდილი 104.50 ლარი.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
17. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. შესაბამისად, ამ განჩინების პ:2-ში მითითებულ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა აქვთ, რადგან მათ მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
19. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა იმსჯელებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერებაზე.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა.
21. შრომით ურთიერთობებში უფლებათა რეალიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შესაძლებელია, სამართალურთიერთობა შეწყდეს როგორც ლეგიტიმურ, ისე არალეგიტიმურ საფუძველზე. შრომითი ურთიერთობის სწორი მოწესრიგება წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლის არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ მოწესრიგებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან.
22. დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
23. კასატორი უთითებს, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან 2023 წლის 30 მარტის N14746 ბრძანების საფუძველზე იმავე წლის 29 მაისიდან გათავისუფლდა. ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი (იხ., საკასაციო საჩივრის გვერდი 10, ტ.3).
24. ბრძანების გამოცემის ფაქტობრივ საფუძვლად, კასატორი, მის წინაშე დასაქმებულის წერილობითი ფორმით გამოვლენილ განცხადებას ასახელებს და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას იმით ხსნის, რომ მოპასუხე საზოგადოებამ საპენსიო სარეფორმო პროექტი შემოიღო და მასთან დასაქმებულებს საპენსიო სქემაში ჩართვა შესთავაზა. ამას კი, კასატორი ოფერტზე მოწვევად განიხილავს და აღნიშნავს, მოსარჩელემ წერილობითი ფორმით მიმართა კასატორს საპენსიო რეფორმით სარგებლობაზე მზადოფნის შესახებ, რაც ოფერტია - აქვს მბოჭავი ძალა. დამსაქმებელმა კი, ოფერტზე აქცეპტი განახორციელა. შესაბამისად, იურიდიული შედეგიც დადგა - გამოიცა ბრძანება დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და ბუნებრივია, ამას საპენსიო რეფორმით გათვალისწინებული შედეგი მოჰყვა (იხ., საკასაციო საჩივრის გვერდი 8, ტ.3).
25. რაკი, განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სამართლებრივი შედეგი და მისი განმაპირობებელი ნების ნამდვილობა სადავოა, საკითხის ნათელსაყოფად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავა შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამოდინარეობს. ეს კი გულისხმობს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება და მისი პროცედურა, სწორედ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი ნორმებით უნდა შეფასდეს.
26. ამ თვალსაზრისით კი, საგულისხმოა, რომ პრაქტიკაში შესაძლოა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნება ფორმალურად გამოვლენილ იქნეს დასაქმებულის მიერ (ასე, მაგალითად, ამ უკანასკნელის მიერ განცხადების დაწერა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ), მაგრამ რეალურად, ინიცირებული იყოს დამსაქმებლის მხრიდან ისეთი მიზეზებით, როგორებიცაა: ფსიქოლოგიური ზეწოლა, სახელფასო, სამუშაო პირობებისა და შრომითი გარემოს გაუარესება, საპენსიო ასაკს მიღწევა, მოსალოდნელი რეორგანიზაციის შედეგად შტატების გაუქმების დაანონსება, დამსაქმებლის მიერ შრომითი კონტრაქტის განზრახ რეგულარულად დარღვევა, რა დროსაც, დასაქმებული შესაძლებელია პირადი განცხადებით სამუშაოდან გათავისუფლების ნების გამოვლენაზე იძულებული შეიქნას.
27. ამდენად, როდესაც სადავოა დასაქმებულის მიერ, პირადი ინიციატივის მიუხედავად, ხელშეკრულების შეწყვეტა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ნების გამოვლენის ნამდვილობაზე (შდრ.: სუსგ №ას-704-2025, 10 დეკემბერი, 2025 წელი).
28. სადავო საკითხის შეფასებისას საკასაციო პალატა ყურადღებას საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე მიაქცეს :
29. - მოსარჩელე 2023 წლის 23 მარტის განცხადების დაწერის განმაპირობებელ გარემოებად უთითებს, რომ ხელმძღვანელი პირების მიერ მას განემარტა, რომ თუ განცხადებას არ დაწერდა, როგორც პენსიონერი, მაინც გათავისუფლდებოდა თანამდებობიდან და მისი საშტატო ერთეული გაუქმდებოდა. იგი მოექცა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ და იძულებული გახდა დაეწერა განცხადება.
30. - იგივე გარემოება დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ.ლ–ძემ, რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოების ხელმძღვანელი პირებიდან, 2023 წლის მარტის თვეში, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა იძულებას და მოტყუებას. განცხადება თავად არ დაუწერია, დაბეჭდილ განცხადებას მოაწერა ხელი. უთხრეს, თუ არ მოაწერდა ხელს, დაკარგავდა სამსახურსაც და კომპენსაციასაც. აღნიშნული სიტყვები მას უთხრეს და მოსარჩელესაც იგივეს ეტყოდნენ.
31. თავად კასატორმაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა იმით ახსნა, რომ მოპასუხე საზოგადოებამ საპენსიო სარეფორმო პროექტი შემოიღო და მასთან დასაქმებულებს საპენსიო სქემაში ჩართვა შესთავაზა, კერძოდ, 2023წ. მარტის თვეში შესთავაზა საპენსიო ასაკის მქონე პირებს, ნებაყოფლობით, პირადი განცხადების საფუძველზე წასვლის შემთხვევაში, კომპენსაციის მიღების უფლებით სარგებლობა.
32. ზემოთდასახელებული გარემოებების ერთობლიობაში შემოწმების შედეგად უნდა გამოირკვეს ნების გამოვლენის ნამდვილობა - სინამდვილეში ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების არაკეთილსინდისიერ ან არამართლზომიერ გამოყენებას და გამოვლენილი ნების მიღმა დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმებულის გათავისუფლების ინტერესი/სურვილი ხომ არ დგას.
33. შესაბამისად, მითითებულ ფაქტებს საკასაციო პალატა იხილავს სადავოსამართალურთიერთობის ჭრილში და ითვალისწინებს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დამახასიათებელია დაქვემდებარებული ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც დასაქმებული ემორჩილება დამსაქმებლის მითითებებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს.
34. ამგვარად, არსებული ფაქტობრივი თუ ეკონომიკური ასიმეტრია განაპირობებს ურთიერთობაში დამსაქმებლის ძლიერ მხარედ კვალიფიკაციას, რომელთან სუბორდინაციის პირობებშიც მნიშვნელოვნად იზრდება რისკი იმისა, რომ დასაქმებულის ინტერესები შრომითი ურთიერთობის წარმოშობის, მიმდინარეობისა თუ დასრულების პროცესში უგულებელყოფილი იქნეს. სწორედ აქ ვლინდება სახელმწიფოს, როგორც უფლებრივი წონასწორობის დაცვის გარანტის ფუნქცია, ჩაერიოს ურთიერთობაში იმგვარად, რომ მხარეთა უფლებრივ პოზიციებს შორის აღდგეს სამართლიანი ბალანსი, აღნიშნული კი მიიღწევა ურთიერთობის სუსტი მხარის უფლებრივი გაძლიერების გზით. სწორედ ამიტომ, შრომის სამართალი უპირატესად დასაქმებულის უფლებების დაცვის წესთა ერთობლიობაა.
35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია: „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებსა და ინტერესებს შორის წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (იხ., სუსგ №ას-157-2024, 22 ივლისი, 2024წ.,პ.50).
36. შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურების გათვალისწინებით სწორედ დამსაქმებლის მტკიცების ტვირთია იმ გარემოების დადასტურება, რომ დასაქმებულმა სამსახურიდან გათავისუფლების ნება ნამდვილად გამოავლინა, რაც სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძველს შექმნიდა.
37. კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების პრინციპის შესაბამისად დამსაქმებელს ევალებოდა, დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნების დაზუსტება და გამოკვლევა, რაც სადავო შემთხვევაში, გასაჩივრებული ბრძანების წინმსწრები ფაქტების მხედველობაში მიღებას გულისხმობს. ასეთ ქმედებას დამსაქმებლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და აღნიშნული დასკვნის უარმყოფელი სათანადო არგუმენტაცია კასატორს არ წარმოუდგენია.
38. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის განხორციელების შესაფერხებლად ვერც ხანდაზმულობის პრეტენზია იქნება გაზიარებული, რადგან საქმეში არსებობს მხოლოდ 2023 წლის 30 მარტის N14746 ბრძანება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, სადაც გრაფაში „გავეცანი ბრძანებას და ვადასტურებ ხელის მოწერით“ დასმულია მოსარჩელის ხელმოწერა და თარიღი - 26.06.2023 წელი. სარჩელი კი სასამართლოში 2023 წლის 11 ივლისსაა წარდგენილი. შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმულად სწორად არ იქნა მიჩნეული.
39. საკასაციო პალატა არც იძულებითი განაცდურის განსაზღვრის ნაწილში წარმოდგენილ კასატორის პოზიციას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდურის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია საკითხი იმის შესახებ გათავისუფლების შემდეგ დასაქმებული იღებს თუ არა ანაზღაურებას ისეთი სამუშაოსთვის, რაც შეუთავსებელია თავდაპირველ სამუშაოსთან. შესაბამისად, განაცდურს ის შემოსავალი უნდა გამოაკლდეს, რასაც უკანონოდ გათავისუფლებული იძულებითი მოცდენის პერიოდში სხვა დასაქმების წყაროდან იღებდა.
40. აღნიშნული წესი არ უნდა გავრცელდეს შეთავსებითი სამუშაოს არსებობის შემთხვევებზე, რადგან შეთავსებით სამუშაოზე დასაქმებული იძულებითი მოცდენის გარეშეც იმუშავებდა და შემოსავალს პარალელურად მაინც მიიღებდა.
41. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მითითება, რომ მოსარჩელეს დაუფიქსირდა ხელფასის სახით შემოსავალი, უპირობოდ არ არის იმის მაუწყებელი, რომ საქმიანობა შეუთავსებელია თავდაპირველ სამუშაოსთან, რადგანაც დასაქმების პერიოდშიც არის შესაძლებელი პარალელურად მუშაობა და შესაბამისი ანაზღაურების მიღება.
42. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. კასატორს საკასაციო საჩივარზე 1306.25 ლარის ნაცვლად, გადახდილი აქვს 1410.75 ლარი. შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი 104.5 ლარი უკან უნდა დაუბრუნდეს, ხოლო საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში კუთვნილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტიც (სსსკ-ის 401.4 მუხლი) უკან დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სს „ს.რ–ას“ (ს.კ: .........) დაუბრუნდეს 04.02.2026წ. №023 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1410.75 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 104.5 ლარი და 1306.25 ლარის 70% - 914.37 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე