დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 10.12.2025
საქმის ნომერი
ას-412-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

10 დეკემბერი 2025 წელი

№ას-412-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ლ-ა“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“ „კასატორი“, „შემსყიდველი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შ.პ.ს. „ლ“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მიმწოდებელი“) მიმართ, ავანსად გადაცემული 220 000 ლარის უკან დაბრუნებისა და პირგასამტეხლოს _ 31 680 ლარის გადახდის მოთხოვნებით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და შ.პ.ს. „ლ“-ს შორის 2022 წლის 12 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №269 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მეხანძრე-მაშველის ყოველდღიური ზამთრის ფორმის (ქურთუკი და შარვალი) შესყიდვა (4000 კომპლექტი), ღირებულებით 880 000 ლარი. შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში, 2022 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.

2.2. შ.პ.ს. „ლ“-ს მოთხოვნის საფუძველზე, 2022 წლის 12 აპრილის №269 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე №269/1 შეთანხმების ფარგლებში, მიმწოდებელს ჩაერიცხა ავანსი, ჯამში, 440 000 ლარის ოდენობით. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №269 ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მოწოდების 120 დღიანი ვადა ამოიწურა 2022 წლის 10 აგვისტოს. შ.პ.ს. „ლ“-მ დაარღვია აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის მოთხოვნა, რის გამოც მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 31 680 ლარს.

2.3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15.09.2022 წლის №2586399 წერილით შ.პ.ს. „ლ“-ს ეცნობა დაკისრებული პირგასამტეხლოსა და გადახდის 1-თვიანი ვადის განსაზღვრის შესახებ. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმართა ს.ს. „ს.კ. ჯ.ჰ“-სა და ს.ს. „ტ“-ს და მოითხოვა მათ მიერ გაცემული საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა. საბანკო გარანტიების ფარგლებში, შემსყიდველს ჩაერიცხა, ჯამში, 220 000 ლარი. შემსყიდველმა შ.პ.ს. „ლ“-ს გაუგზავნა წერილები და მოსთხოვა ავანსის სახით მიღებული თანხის მეორე ნახევრის - 220 000 ლარის დაბრუნება, რომელზეც არ ყოფილა გაცემული საბანკო გარანტია. მოპასუხე მხარეს არ დაუბრუნებია ავანსის სახით მიღებული თანხის ნახევარი.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წარდგენილი მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევა დაკავშირებული იყო ფორსმაჟორულ გარემოებასთან - მხარემ 2022 წლის 5 მაისამდე ვერ შეძლო ნაჭრების შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება უკრაინის ომის დაწყების შემდგომ გზავნილებზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ხოლო რიგ შემთხვევებში მათი მიწოდება ხდებოდა დაგვიანებით, რომლის დასტაბილურებისთანავეც მხარემ უზრუნველყო ნაჭრების შესყიდვა. ამასთანავე, ხელშეკრულების დადების დროს შ.პ.ს. „ლ.“ იმართებოდა სხვა მენეჯმენტის მიერ, ხოლო ახალი მენეჯმენტისათვის, გარდა მასალის შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 223 000 ლარისა, უცნობია კონკრეტულად რაში გაიხარჯა დარჩენილი თანხები.

3.2. ხელშეკრულების საერთო ვადა იწურებოდა 2023 წლის 31 იანვარს, რაც მხარისთვის სახელშეკრულებო ვალდებულების შესასრულებლად სრულიად საკმარისი იყო. მოპასუხეს ექნებოდა შესაძლებლობა, შეესრულებინა ვალდებულება და ჰქონდა იმის რესურსი, რომ ნაჭრების დაგვიანებით მიღება დაეკომპენსირებინა სამკერვალოს საშუალებით და ორმაგი მუშახელით ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. ამასთანავე, თანხმობას აცხადებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდაზე. ხელშეკრულების შენარჩუნების შემთხვევაში შ.პ.ს. „ლ–ა" არ აღმოჩნდებოდა იმ მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშე, რაც მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების გაუქმებამ გამოიწვია, სახელდობრ, მოპასუხის მიერ განთავსებული საგარანტიო საგნების რეალიზაციის საფუძველზე საგარანტიო თანხების ამოღება განხორციელდა იძულების წესით საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს საშუალებით, სადაც გარანტიად მითითებული საგნის რეალიზება მოხდა, ამონაგები თანხა კი, სრულად კრედიტორის დაკმაყოფილებას მოხმარდა.

3.3. მოპასუხემ სადავოდ გახადა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,10% ოდენობით არის შეუსაბამოდ მაღალი, ასევე დაუშვებელია პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან იმ პირობებში, როდესაც საბანკო გარანტიების გამოთხოვის შედეგად კრედიტორისათვის დაბრუნებულია საავანსო თანხის ნაწილი 220 000 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შ.პ.ს. „ლ“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დარჩენილი საავანსო თანხის - 220 000 ლარის ანაზღაურება, აგრეთვე პირგასამტეხლოს ანაზღაურება 6336 ლარის ოდენობით.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

6.1. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი (6336 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ.პ.ს. „ლ“-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა 20000 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა;

6.2. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. 2022 წლის 12 აპრილს შ.ს.ს. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და შ.პ.ს. „ლ“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №269. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა მეხანძრე-მაშველის ყოველდღიური ზამთრის ფორმის (ქურთუკი და შარვალი) შესყიდვა.

ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 880 000 ლარს, რომელიც მოიცავდა როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ისე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ან/და არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა შეადგენდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეს.

ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ფორსმაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა საჯარიმო სანქციები, კერძოდ, ხელშეკრულების 9.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით.

ხელშეკრულების 9.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით.

ხელშეკრულების 10.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს უფლება ენიჭებოდა, მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებელი ვალდებული იყო, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარედგინა საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით მეტი უნდა ყოფილიყო საქონლის მიწოდების ვადაზე.

7.2. მხარეთა შორის გაფორმებული №269/1 შეთანხმებით ცვლილება შევიდა 2022 წლის 12 აპრილის №269 ხელშეკრულებაში. კერძოდ, შეიცვალა ხელშეკრულების მე-7 მუხლი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 7. ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა. 7.1. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში. 7.2. ანგარიშსწორება განხორციელდება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, ეტაპობრივად, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის მიხედვით. 7.3. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარდგენის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შეთანხმების მე-2 მუხლის თანახმად, 2022 წლის 12 აპრილს გაფორმებული №269 ხელშეკრულების პუნქტები, რომელსაც შეთანხმება არ შეხებია, რჩებოდა უცვლელი. შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად, წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენდა 2022 წლის 12 აპრილს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული №269 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

7.3. 2022 წლის 12 აპრილის №269 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე №269/1 შეთანხმების ფარგლებში მიმწოდებელ შ.პ.ს. „ლ“-ს ავანსის სახით ჩაერიცხა 440 000 ლარი.

7.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2022 წლის 15 სექტემბრის წერილის თანახმად, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (შემსყიდველს არ მიაწოდა შესყიდვის ობიექტი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ.ს.ს. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ცალმხრივად შეწყვიტა 2022 წლის 12 აპრილის №269 ხელშეკრულება და ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 31680 ლარის ოდენობით. ამასთან, გაცემული საავანსო საბანკო გარანტიების ფარგლებში ს.ს. „ს.კ. ჯ.ჰ“-სა და ს.ს. „ტ“- ეთხოვა ჯამში 220 000 ლარის ანაზღაურება.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. ნარდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1 და 417-ე მუხლები.

8.2. მოპასუხემ დაარღვია 2022 წლის 12 აპრილს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადები, რის გამოც, ხელშეკრულების 9.3 პუნქტის მიხედვით, წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოშობილად ჩაითვალა.

სააპელაციო პალატის განსჯით, გასაზიარებელი იყო აპელანტის პრეტენზია მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები. აღნიშნულის მიუხედავად, პალატამ ყურადღება მიაპყრო საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელემ გარანტებისაგან აინაზღაურა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა - 220 000 ლარი. ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო არ უნდა დაანგარიშებულიყო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან.

8.3. კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვალდებულების დარღვევის შინაარსისა და ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხე შ.პ.ს. „ლ“-ს მოთხოვნილი პირგასამტეხლოდან - 31680 ლარიდან, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 20000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით: პირგასამტეხლოზე შეთანხმება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგია და იგი მოვალის წახალისების საშუალებას წარმოადგენს, რათა მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. აღნიშნული მიზანი უგულებელყოფილია სასამართლოს მიერ. ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს მიზანს - აიძულოს მოვალე, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის მნიშვნელოვანი იყო ვალდებულების დროული შესრულება, შესაბამისად ამ პირობებში პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება აზრს უკარგავს პირგასამტეხლოს ფუნქციას, თავიდან აირიდოს ვალდებულების დარღვევა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად, მიღებული იქნა არსებითად განსახილველად და დადგინდა მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ სადავოა დადგენილ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საკითხი. საგულისხმოა, რომ მიუხედავად სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა, მოპასუხეს არ უსარგებლია პირველი ან მეორე ინსტანციის სასამართლების მიერ წინამდებარე საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სრული მოცულობით სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში ასახული აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს.

14. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებულად შეაფასოს სადავო სამართალურთიერთობა.

15. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებიდან გამომდინარეობს (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას).

16. საკასაციო საკასაციო სასამართლოს მრავალჯერ განუმარტავს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის მოვალეობის წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“ (იხ. სუსგ. №ას-1373-2018, 17.01.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; №ას-953-918-2016, 22.11.2016წ.).

17.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

17.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

18.1. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მართალია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით პირგასამტეხლოს შემცირების წანამძღვრები არ ვლინდებოდა, თუმცა ვინაიდან შემსყიდველს საბანკო გარანტიების გამოთხოვის შედეგად დაუბრუნდა მოპასუხისათვის გადაცემული ავანსის - საერთო სახელშეკრულებო ღირებულების (440 000 ლარის) - ნახევარი (220 000 ლარი), პირგასამტეხლოს გამოანგარიშება ხელშეკრულების საერთო ფასიდან უმართებულო იყო.

18.2. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ მსჯელობას არ იზიარებს და შენიშნავს, რომ წინამდებარე დავა აღმოცენებულია ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის დათქმულ ვადაში მიუწოდებლობის გამო. კერძოდ, დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულების ძალით, 2022 წლის 12 აპრილს, მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე იკისრა 880 000 ლარის ღირებულების საქონლის - 4000 კომპლექტი მეხანძრე-მაშველის ყოველდღიური ზამთრის ფორმის (ქურთუკი და შარვალი) - დამზადება, რისთვისაც მენარდეს მიეცა ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარული დღე. ხსენებული ვადა 2022 წლის 10 აგვისტოს ისე ამოიწურა, რომ მენარდეს სამუშაო არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ შეუსრულებია. აღნიშნულის გამო, 2022 წლის 11 აგვისტოდან შემსყიდველს წარმოეშვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 9.3 პუნქტიდან გამომდინარე, საქონლის მიწოდების ვადის დარღვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით. ძირითადი ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის გამო შემსყიდველი ხელშეკრულებიდან გავიდა 2022 წლის 15 სექტემბერს და მოითხოვა ვალდებულების დარღვევიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე დროის შუალედში (2022 წლის 11 აგვისტოდან ამავე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით) საქონლის დათქმულ ვადაში მიუწოდებლობის გამო პირგასამტეხლოს გადახდევინება.

18.3. რაც შეეხება ავანსის უკან დაბრუნებას, რამდენადაც იგი ხელშეკრულებიდან გასვლის თანმდევ რესტიტუციურ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლების შესაბამისად, ხსენებული მოთხოვნა წარმოშობილია 2022 წლის 15 სექტემბრიდან, მაშასადამე, პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი და ავანსის უკან დაბრუნების ვალდებულების წარმოშობის მომენტი ურთიერთმფარავი არ არის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტით აღმოცენებული საავანსო თანხის დაბრუნების მოვალეობის ნაწილობრივ დროულად შესრულებით დარღვეული პირველადი ვალდებულების მოცულობა ვერ შემცირდებოდა.

18.4. ამრიგად, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ 2022 წლის 15 სექტემბერს წარმოშობილი რესტიტუციური მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ზეგავლენა შეიძლება ჰქონოდა ხელშეკრულების ძალაში ყოფნის პერიოდში წარმოშობილი პირგასამტეხლოს მოთხოვნის გაანგარიშების წესზე. როგორც აღინიშნა, პირგასამტეხლოს მოთხოვნა წარმოიშვა 2022 წლის 11 აგვისტოდან და არსებობდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მომენტამდე (2022 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით). რამდენადაც ნაკისრი ვალდებულება სრული მოცულობით დარღვეულია, პირგასამტეხლოც ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან - 880 000 ლარიდან მართებულად გამოანგარიშდა, რამაც, 36-დღიანი ვადაგადაცილების კვალობაზე 31 680 ლარი (880 000 x 0.1% x 36) შეადგინა.

19.1. პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ. №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

19.2. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

19.3. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; №ას-386-2019, 02.04.2021წ.; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.).

19.4. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (იხ. სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).

19.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე - პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. (იხ. სუსგ. №ას-328-2023, 20.06.2023წ.; №ას-576-2022, 07.07.2022წ.) ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა (იხ. სუსგ. №ას-888-2020, 10.12.2020წ.).

20. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელეს შეთანხმებული ვადის დაცვით არ მიაწოდა საქონელი, რის გამოც ამ უკანასკნელმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა პირგასამტეხლო ვადაგადაცილების მთელ პერიოდზე, შეუსრულებელი ვალდებულების კვალობაზე.

21. წერილობით წარდგენილი შესაგებელში მოპასუხემ მიუთითა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საბანკო გარანტიის გამცემმა სუბიექტებმა, მიმწოდებლისათვის გადახდილი ავანსის რეგრესის წესით მენარდისგან დასაბრუნებლად, წამოიწყეს აღსრულების პროცედურები. მოპასუხემ ყურადღება მიაპყრო ვადაგადაცილების პერიოდსაც და შენიშნა, რომ დარიცხული პირგასამტეხლო, დარღვევის სიმძიმიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, იყო შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირებულიყო სასამართლოს მიერ გონივრულ ოდენობამდე.

22.1. წარმოდგენილი შესაგებლის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის განსჯით, იკვეთება პირგასამტეხლოს სსკ 420-ე მუხლზე დაყრდნობით შემცირების საფუძველი. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მიზნებისათვის, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მასზედ, რომ ვადაგადაცილებული პერიოდი შეადგენს 36 დღეს; ამასთან, კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის/შექმნილი საფრთხის კონტექსტში პალატას მნიშვნელოვნად მიაჩნია ის გარემოებაც, რომ მენარდეზე გადაცემული ავანსის ნახევარი (220 000 ლარი) შემსყიდველმა საბანკო გარანტიების მეშვეობით დაიბრუნა, პრაქტიკულად, დაუყოვნებლივ, ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე. საგულისხმოა, რომ გარანტების რეგრესული მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცესში შექმნილ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გარემოებას, რომელზედაც მოპასუხე მიუთითებდა შესაგებელში, მოსარჩელე არ შედავებია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კასატორს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია, რომ მეხანძრე-მაშველის ყოველდღიური ზამთრის ფორმის მიუწოდებლობით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს ხელი შეეშალათ თავიანთი კანონისმიერი მოვალეობების ეფექტიან შესრულებაში.

22.2. დასახელელ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატის განსჯით, 31680 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება ემსახურებოდა არა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის საპირწონე პასუხისმგებლობის დაკისრებას, არამედ კრედიტორის გამდიდრებას, რაც სცდება პირგასამტეხლოს ნორმატიულ დანიშნულებას, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტს და გაუმართლებლად ამძიმებს მოვალის სამართლებრივ მდგომარეობას.

22.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო - 20 000 ლარი, გონივრულ ფარგლებში ემსახურება ვალდებულების დამრღვევი პირისთვის სანქციის დაკისრების ამოცანას, შეესაბამება დარღვეული ვალდებულების სიმძიმესა და ხანგრძლივობას, მოვალის ქონებრივ მდგომარეობასა და კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების დროული შესრულებისადმი, აგრეთვე მისთვის შექმნილი საფრთხის ხარისხს, პროპორციული და სამართლიანია და, ამავდროულად, არ იწვევს კრედიტორის გამდიდრებას.

23.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია დასაბუთებული იყოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებისა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

23.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

23.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძვლად საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტს.

24. კასატორი კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ამრიგად, საკასაციო საჩივარზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, არ არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის განაწილებაზე მსჯელობის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი