დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № ას-376-2026 24 ივლისი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ტ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების უმკვიდროდ ცნობა, ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ა.ტ–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ქონების უმკვიდროდ ცნობისა და ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. ა.ტ–ის მამამ, გ.ტ–მა, 1972 წელს ი.ო–სგან სანოტარო წესის დაუცველად, შინაურული ხელწერილის საფუძველზე, შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, .......... (ამჟამად ........). გ.ო–ი ზემოხსენებულ საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობდა გარდაცვალებამდე, 1990 წლამდე, რომლის შემდგომაც ფართის ფლობა მისმა შვილმა ა.ტ–მა განაგრძო.
2.2. ა.ტ–ი 1990 წლიდან დღემდე უწყვეტად ფლობს ფართს და იხდის კომუნალურ გადასახადებს. მოსარჩელის მითითებით, სს „თ–ის“ ცნობაში აბონენტის გვარში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა და ნაცვლად „ტ–სა“, მითითებულია „ტ.“, თუმცა ხარვეზის გასწორებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ კომპანია „თ–ომ“ მოსთხოვა საჯარო რეესტრიდან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მას არ გააჩნია.
2.3. ი.ო– გარდაცვლილია და მის ქონებაზე მემკვიდრეს პრეტენზია არ გამოუთქვამს.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ, წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნო.
3.2. საცხოვრებელი სადგომის უმკვიდრობის ნაწილში მხარე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ სარჩელს დაურთო სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრის მხოლოდ იმ მემკვიდრეების შესახებ ინფორმაცია, რომელთაც შესაძლო იყო მიეღოთ სამკვიდრო ნოტარიუსისთვის მიმართვით და არ დგინდება, ხომ არ მიუღია რომელიმე რიგის მემკვიდრეს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით.
3.3. საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეობის ფაქტთან დაკავშირებით მოპასუხე აპელირებს ზემოხსენებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტავს, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. მოპასუხემ სადავოდ გახადა სარჩელზე დართული გარიგების ავთენტურობა.
3.4. სს „თ–ის“ ცნობასთან დაკავშირებით მოპასუხემ აღნიშნა, რომ მასში მითითებულია აბონენტი „ტ“, რაც არ ემთხვევა მოსარჩელის წინაპრის გვარს. ამასთან, დაკონკრეტებული არ არის მისამართი, რომელ მისამართზეც იყო რეგისტრირებული ზემოხსენებული პირი. კანონით განსაზღვრული მტკიცებულებებით ვერ დგინდებოდა პირის მოსარგებლეობა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა, ა.ტ–მა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. უმკვიდროდ იქნა ცნობილი ი.ო–ს სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე ქ. თბილისში, .......... (ამჟამინდელი ............) და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა მოსარჩელე ა.ტ–ს.
5.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნასყიდობის ხელშეკრულების ავთენტურობა არ დგინდებოდა, თუმცა წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიისა და უწყვეტობის ფაქტის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.
5.3. პალატის განმარტებით: მოცემულ საქმეში, მოსარჩელემ წარმოადგინა ფორმადაუცველი გარიგება - 1972 წლის 10 აგვისტოთი დათარიღებული ხელშეკრულება, რომელზეც ფიქსირდებოდა გამყიდველისა (ი.ო.) და მყიდველის (გ.ტ–ი) ხელმოწერები ფიქსირდებოდა, ამავე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ი.ო–მა მიყიდა გ.ტ–ს მის საკუთრებაში არსებული სახლი, ფარდული, ეზო, მდებარე თბილისი, .......... გ.ტ–მა გადაიხადა ქონების საფასური 1500 მანეთი. პალატის მითითებით, ა.ტ–ის წარმომადგენელი განმარტავდა, რომ მისი მარწმუნებლის მამამ 1972 წელს ი.ო–სგან სანოტარო წესის დაუცველად, შინაურული ხელწერილის საფუძველზე, შეიძინა ამ უკანასკნელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ........, ამჟამინდელი თბილისი, .........
5.4. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია მასზედ, რომ ვინაიდან მოპასუხე შეედავა ხელწერილის ავთენტურობას, ხოლო მოსარჩელემ ვერ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ხელწერილის ნამდვილობის დადასტურების ჭრილში, სარჩელის მოთხოვნა მითითებულ ფაქტობრივ საფუძველზე დაყრდნობით ვერ დაკმაყოფილდებოდა. კერძოდ, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე მოსარგებლედ ვერ მიიჩნეოდა, რადგან მან ვერ წარმოადგინა სათანადო ავთენტური დოკუმენტი - მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება.
5.5. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე სარჩელის საფუძვლად, გარდა სადავო ბინის მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა, ასევე მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ იგი სპეციალური კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობდა საცხოვრებელ სადგომს და წარმოადგენდა პირს, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, რომელიც დასტურდებოდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობით.
5.6. პალატამ მიიჩნია, რომ სპეციალური კანონის დანაწესი უნდა განმარტებულიყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლეს პრაქტიკასთან შესაბამისობაში, კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის ფაქტის დასადგენად საკმარის გარემოებად უნდა მიჩნეულიყო კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი. მოსარჩელის მოსარგებლედ მიჩნევისათვის ასევე, მნიშვნელოვანი გარემოებაა სპეციალური კანონის ამოქმედების მომენტისათვის საცხოვრებელი სადგომის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობის ფაქტის დადასტურებაც. სააპელაციო პალატის აზრით, გარემოება, რომ მოსარჩელე (მანამდე მოსარჩელის მამა) უწყვეტად, ფლობდა სადავო საცხოვრებელ სადგომს, როგორც კანონის ამოქმედების მომენტში ასევე დღემდე, სადავო გარემოება არ ყოფილა. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ სარჩელი ა.ტ–ის მოსარგებლედ მიჩნევის ჭრილში დასაბუთებული იყო.
5.7. რაც შეეხება ქონების უმკვიდროდ ცნობის ნაწილში სარჩელის მოთხოვნას, პალატამ ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ჰქონდა ნამდვილი იურიდიული ინტერესი მითითებული აღიარებითი მოთხოვნის მიმართ. ამ დასკვნის გასამყარებლად, პალატამ მიუთითა, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე ი.ო. გარდაიცვალა 1974 წლის 10 ივლისს. ამასთან, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის ინფორმაციებით დადგენილია, რომ ი.ო–ს დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული და ასევე არ იძებნება მისი სახელით დამოწმებულ ანდერძზე ინფორმაცია ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებული არ იყო 1974 წლის 10 ივლისს გარდაცვლილი ი.ო–ს მიმართ რეგისტრირებული ქორწინების და შვილების შესახებ ინფორმაცია. გ.ტ–ი გარდაიცვალა 1989 წლის 4 ნოემბერს. 1991 წლის 9 მარტს გაიცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა გარდაცვლილ გ.ტ–ის სამკვიდრო ქონებაზე და მემკვიდრედ ცნობილ იქნა ა.ტ–ი (შვილი). სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა ა/მანქანა. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.). შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი ქონების უმკვიდროდ ცნობის ნაწილშიც დასაბუთებული იყო.
5.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით, გაასაჩივრა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა და ამავდროულად, არ გამომდინარეობდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესებიდან.
6.2. კასატორი ამტკიცებს, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ფორმის დაუცველად დადებული შინაურული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც სააგენტოს მიერ სადავოდაა გამხდარი და რომლის სამართლებრივი ძალის არქონის შესახებ არგუმენტი, გაიზიარა, როგორც პირველი ასევე, მეორე ინსტანციის სასამართლოებმა. შესაბამისად, მოსარჩელე მის მიერ წარდგენილი ხელწერილით, ვერ ადასტურებს სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ფაქტს.
6.3. მისივე მტკიცებით, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი არ არის შინაურული ნასყიდობის ხელშეკრულება, მოსარჩელეს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება უნდა დაედასტურებინა სადავო სადგომში რეგისტრაციით, კომუნალური გადასახადის გადახდისა ან/და მესაკუთრისთვის გარკვეული საფასურის გადახდის ფაქტით, რაც მან ვერ განახორციელა. სახელდობრ, მართალია მოსარჩელე კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტს აფუძნებს სასარჩელო მოთხოვნას, თუმცა ვერც ამ ფაქტს ადასტურებს, რადგან კომუნალური გადასახადები გადახდილია სხვა გვარის მქონე პირის მიერ, აბონენტის ბრუნვის ისტორია კი გაცემულია ჟველაურის ქუჩაზე. ასე რომ არც იყოს, კასატორი ამტკიცებს, რომ კანონის დათქმა ამ მიმართებით ალტერნატიული არაა, ვინაიდან მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, როგორც კომუნალური გადასახადის გადახდის ასევე, სადგომში რეგისტრაციის ფაქტი კუმულატიურად, რომელიც განსახილველ შემთხვევაში, ასევე არ არის განხორციელებული.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც საქმეზე დადგენილად მიიჩნევა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი გარემოებები:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ......... მდებარე საცხოვრებელი სადგომი აღრიცხულია ი.ო–ს სახელზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 23 ივნისის M22008237/3 გადაწყვეტილებით განხორციელდა ქ. თბილისში, ............ ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სისტემური ნუმერაცია, რომლის საფუძველზე, მისამართი: ქალაქი თბილისი, .........., - განესაზღვრა გეოგრაფიულ ობიექტს, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ იყო. შესაბამისად, მისი ყოფილი მისამართის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო დეპარტამენტში დაცული არ არის. სამისამართო რეესტრის ძალაში არსებული მონაცემების თანახმად, უძრავი ნივთის მოქმედ მისამართს წარმოადგენს - ქალაქი თბილისი, ..........;
- ი.ო– გარდაიცვალა 1974 წლის 10 ივლისს. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის ინფორმაციებით დადგენილია, რომ ი.ო–ს დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული და ასევე არ იძებნება მისი სახელით დამოწმებულ ანდერძზე ინფორმაცია ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებული არ არის 1974 წლის 10 ივლისს გარდაცვლილი ი.ო–ს მიმართ რეგისტრირებული ქორწინების და შვილების შესახებ ინფორმაცია;
- გ.ტ–ი გარდაიცვალა 1989 წლის 4 ნოემბერს. 1991 წლის 9 მარტს გაიცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა გარდაცვლილ გ.ტ–ის სამკვიდრო ქონებაზე და მემკვიდრედ ცნობილ იქნა ა.ტ–ი (შვილი). სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა ა/მანქანა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი;
- სს „თ–ის“ მონაცემთა ბაზაში 1996წ. მდგომარეობით №393...... სააბონენტო ბარათზე აბონენტად რეგისტრირებული იყო ტ– ა.ჟ. 1996 წლამდე ინფორმაცია აბონირების შესახებ სს „თ–ში“ ხანდაზმულობის გამო არ ინახება. 30/05/2024წ. მდგომარეობით ზემოაღნიშნულ სააბონენტო ბარათზე სს „თ–ის“ აბონენტად რეგისტრირებულია ტ– ა.ჟ., მის: ......... აბონენტის ბრუნვის ისტორიაც 2002 წლიდან ტ. ა.ჟ.-ზე არსებობს, ზემოხსენებულ მისამართზე (ქუჩა არის ნუმერაციის გარეშე). 2016 წლის ქვითრიდან ირკვევა, რომ №393....... სააბონენტო ბარათი შეეხება .........-ს;
- 1972 წლის 10 აგვისტოს თარიღით შედგენილი ხელშეკრულების თანახმად, რომელზეც ი. ო–სა და გ. ტ–ს ხელმოწერები ფიქსირდება, ირკვევა, რომ ი.ო–მა გ.ტ–ს მიჰყიდა მისი საკუთრება: სახლი, ფარდული, ეზო, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ......., რის სანაცვლოდაც მიიღო ქონების საფასური 1500 მანეთი. მოსარჩელემ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წარუდგინა ზემოხსენებული ხელშეკრულების დედანი, მისი ხანდაზმულობის დადგენის მოთხოვნით, რაზედაც მიიღო უარი. ხელწერილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით კი განმცხადებელს განემარტა ბიუროსგან, რომ აუცილებელია წარდგენილ იყოს კონკრეტული პირების ხელწერილის ნიმუშები და ვინაიდან ნიმუშები წარდგენილ ვერ იქნა, დამკვეთს მასალა დაუბრუნდა შეუსრულებელი სახით.
12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის სტატუსის მქონე პირს, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა, სადავო ფართის მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ, მოეთხოვა უძრავი ნივთის უმკვიდროდ ცნობა და მასზე საკუთრების უფლების მოპოვება.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგ - სპეციალური კანონი) აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს (იხ. სუსგ. №ას-164-2021, 21.09.2021წ.).
14. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინში „მოსარგებლედ“ მოიაზრება პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობდა საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სადგომი ეს არის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი, მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ჩათვლით, იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილიც ის არის; „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებაა – წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას. ამ მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე (იხ. სუსგ №ას-1017-2023, 13.10.2023წ.).
15. სპეციალური კანონის მიზანია ისეთი ფაქტობრივი ურთიერთობების მოწესრიგება, რომელთაც არ ითვალისწინებს არც საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი და ისინი არც საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით იყო სათანადოდ მოწესრიგებული. ეს ურთიერთობანი ათეულობით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა მოქალაქეთა შორის მოწესრიგებული სამოქალაქო ურთიერთობების გვერდით. მათ ფართოდ დამკვიდრებას ხელს უწყობდა არამარტო საბჭოთა სამართლებრივი სისტემის ნაკლოვანებანი, არამედ – სხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებანი. სამოქალაქო უფლებათა განხორციელება კანონში მითითებულ პერიოდში ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში მხარეები ფაქტობრივად იძულებული იყვნენ, ურთიერთობა დაემყარებინათ კანონის მიღმა. მითითებულიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონმა მათ მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგი ე.ი. აღნიშნული გარიგებების საგანი აღიარებულ იქნა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად. თავის მხრივ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად მიიჩნევა არა მხოლოდ ნივთები, არამედ არამატერიალური ობიექტები – უფლებები და მოთხოვნები, შესაბამისად, ამ კანონით მოსარგებლეს სტატუსიდან გამომდინარე უფლება შესაძლოა იქნეს განკარგული ან/და გადავიდეს მემკვიდრეზე.
16. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ თავისი შინაარსით ატიპურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. რადგანაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ქ. თბილისში უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ დედაქალაქში ჩაწერილ პირებს შეეძლოთ, ქვეყნის სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ პირებთან კანონის გვერდის ავლის მიზნით იდებოდა ამ ტიპის გარიგებები. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობები შეიცავდა სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), და, ფაქტობრივად, მხარეთა შორის არსებული ნამდვილი ურთიერთობა იფარებოდა, კერძოდ, მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეულ თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ყოველთვიურად კი – ბინის ქირას; მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს; მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა; მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლება მოსარგებლეს ფაქტობრივად გადაეცემოდა „სამუდამოდ“, ანუ ურთიერთობა არ იყო დროებითი (ხანმოკლე); ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალურ კანონს დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით წესრიგდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავს.
17. პალატა მოიხმობს საკასაციო სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის განმარტების შესახებ. აღნიშნული პრაქტიკის თანახმად, გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: 1) სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით და კომუნალური გადასახადების გადახდით ან/და 2) მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდით (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა) (იხ. სუსგ. №ას-336-2024, 19 დეკემბერი 2025 წელი, №ას-347-332-2016, 30.06.2016წ; №ას-772-733-2013 27.01.2014წ.; №ას-691-662-2016 24.11.2017წ.).
18. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა და ამავდროულად, არ გამომდინარეობდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესებიდან. ამ მიმართებით, პალატა უპირველესად ყურადღებას მიაპყრობს კასატორის პრეტენზიას საქმეში წარმოდგენილი სს „თ–ის“ ქვითრებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც კომუნალური გადასახადების გადახდა 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე დროის შუალედში არ დგინდებოდა, და ამასთანავე, წარმოდგენილი ქვითრებიდან შეუძლებელი იყო გადამხდელსა მოსარჩელეს შორის იდენტობის დადგენა. საკასაციო პალატის განსჯით, მოხმობილი არგუმენტი დაუსაბუთებელია, მართალია კომუნალური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების ისტორიები ვერ ექცევა კანონით განსაზღვრულ ვადებში, თუმცა საქმის მასალებში წარმოდგენილია სს „თ–ის“ ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მამა 1996 წლის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო აბონენტად, თუმცა ამონაწერი კომპანიაში არ ინახებოდა, რაც, ბრუნვის ისტორიასთან ერთიანობაში, ქმნის საფუძველს იმის გასაზიარებლად, რომ გ. (ჟ.) ტ. და შემდეგ მისი მემკვიდრე - ა.ტ–ი სადავო ფართში კომუნალური გადასახადის გადამხდელი პირია. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული პირების მიერ მიცემულ ახსნა- განმარტებებს. სახელდობრ: მოსარჩელის მეზობლები: ბ.შ–ი (მცხ.: ......... (ამჟამინდელი, ........... ქუჩა 20ა)) და ი.ნ–ი (მცხ.: ..........). ბ.შ–ის განმარტებით, 1978 წლიდან ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. ა.ტ–ი არის მისი მეზობელი (აქვთ საერთო კედელი), ა–ი მამის გარდაცვალების შემდგომ, მუდმივად ცხოვრობს ............ ა–ის მამას ერქვა გ., თუმცა ყველა ჟ. ეძახდა. ..........ში იყო ოთხი ბინა, რომლებიც ეკუთვნოდა და გაყიდა ი.ო–მა. მოწმის განმარტებით, კომუნალური გადასახადების ქვითრები მასთანაც არასწორად მიდის, ასევე, გვარიც არასწორად წერია, მისამართად მითითებულია ......... N39-ის მიმდებარედ. მას შემდეგ, რაც მრიცხველები გარეთ გაიტანეს დანიშნეს ბოძები და მიანიჭეს ნუმერაცია, ა.ტ–ის შემთხვევაში N 2/18. დღეის მდგომარეობთ, მათ მისამართს შეეცვალა ნუმერაცია და მის შემთხვევაში .......... ქ. N 39 გახდა ......... ქ. N20ა, ხოლო ა.ტ–ის მისამართი გახდა ........ ქ. N 20ბ. ამასთანავე, მოწმის სახით გამოკითხული ი.ნ–ის განმარტებით, 1983 წლიდან ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, ა.ტ–ი მისი მეზობელია, იცნობდა ა–ის მამას, რომელსაც გ. ერქვა და ყველა ჟ. ეძახდა. მათი ოჯახისგან იცის, რომ მათ ეს ბინა იყიდეს, მანამდე ვინ ცხოვრობდა არ იცნობს. მისი ამ მისამართზე ცხოვრების პერიოდში ა.ტ–ს მოცემულ ფართზე არავინ შედავებია. მოხმობილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერებით, საკასაციო პალატა ადგენს, რომ საქმეზე დადგენილად ცნოილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ 1996 წლიდან აბონენტის საიდენტიფიკაციო N393...... არ შეცვლილა და მოსარჩელე სწორედ ამ აბონენტის ნომერზე იხდიდა უწყვეტად კომუნალურ გადასახადებს. ა.ტ–ის მამა იყო სადავო ფართში მაცხოვრებელი, კომუნალური გადასახადების გადამხდელი პირი, ხოლო სს „თ–ის“ ცნობაში მითითებული აბონენტის გვარი „ტ“ არასწორად არის მითითებული, რაც არ ქმნის კასატორის არგუმენტის გაზიარების შესაძლებლობას.
19. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის ფაქტის დასადგენად საკმარისი გარემოებაა კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტის დადგენა, თუმცა საკასაციო პალატა მაინც უპასუხებს კასატორის მეორე პრეტენზიას სადავო სადგომში მოსარჩელის რეგისტრაციის ფაქტის არარსებობის თაობაზე. ამ მიმართებით ხაზგასასმელია, რომ მართალია, საქმეს არ ერთვის სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დადგინდებოდა სადავო ფართში მოსარჩელის რეგისტრაციის ფაქტი კანონით განსაზღვრულ პერიოდში, თუმცა, კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი, საქმეზე გამოკითხული მოწმეთა ჩვენებები და თავად ის გარემოება, რომ მოცემულ ფართში ა.ტ–ის ცხოვრების ფაქტი, სხვა პირის მიერ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე, სადავო არ გამხდარა, ელ. კომუნალური გადასახადების ბრუნვის ისტორიასთან ერთიანობაში, ქმნის საფუძველს იმის გასაზიარებლად, რომ გ. (ჟ.) ტ, და შემდეგ მისი მემკვიდრე -ა.ტ–ი სადავო ფართის მართლზომიერ მფლობელებს წარმოადგენდნენ.
20. გარდა ზემოთაღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში არსებულ ფორმადაუცველ გარიგებასაც, რომლის თანახმად, 1972 წლის 10 აგვისტოს თარიღით შედგენილ ხელშეკრულებაზე დატანილია, გამყიდველისა (ი.ო–) და მყიდველის (გ.ტ–ი) ხელმოწერები და ირკვევა, რომ ი.ო–მა მიჰყიდა გ.ტ–ს მის საკუთრებაში არსებული სახლი, ფარდული, ეზო, მდებარე თბილისი, ......... ქ.39. ასევე დგინდება, რომ გ.ტ–მა გადაიხადა ქონების საფასური 1500 მანეთი. მართალია აღნიშნული მტკიცებულება ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არაავთენტურად მიიჩნიეს, ვინაიდან იგი მოპასუხემ გახადა სადავოდ, თუმცა საკასაციო პალატა მას განიხილავს, როგორც არა უფლების დამდგენ, არამედ დამხმარე/შემავსებელ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს უმყარებს შინაგან რწმენას მასზედ, რომ კასატორი წარმოადგენს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოსარგებლეს.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
22. საკასაციო პალატა შეჯამების სახით აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქმეზე სადავო ბინის მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების დადების გარდა, ასევე დგინდებოდა და მოსარჩელის სარჩელიც ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ იგი სპეციალური კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად და უწყვეტად ფლობდა საცხოვრებელ სადგომს, ასევე წარმოადგენდა პირს, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, სააპელაციო სასამართლომ მართებული სამართლებრივი შეფასება განახორციელა და სწორად დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში დასტურდებოდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა.
23. საკასაციო პალატა დასძენს, რომ სპეციალური კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება. შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ: მოსარჩელე იყოს მოსარგებლე; საცხოვრებელი სადგომი შედიოდეს სამკვიდრო მასაში; მესაკუთრე იყოს გარდაცვლილი; არ უნდა არსებობდეს მემკვიდრე, რომელმაც სამკვიდრო მიიღო.
24. საბოლოოდ, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს, პალატა ადგენს, რომ მოსარჩელეს სადავო ქონების უმკვიდროდ ცნობის შესახებ აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი მართებულად გახდა, ხოლო კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ: №ას-1528-2019, 11.05.2022; №ას-1146-2021, 5.04.2022; №ას-1104-2021, 17.12.2021).
26. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი