საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.02.2010 ბოლო ცვლილება 16.07.2025
ნომერი
№60
სარეგისტრაციო კოდი
480040040.22.030.014278
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 05/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს საგარეო საქმეთა

მინისტრის ბრძანება №60

2010 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
1. დამტკიცდეს „საკონსულო ლეგალიზაციის წესი“ თანდართული რედაქციით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 მაისის №69 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე


+



საკონსულო ლეგალიზაციის წესი
თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1

1. საკონსულო ლეგალიზაციის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოთა მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემული ოფიციალური დოკუმენტების, აქტებისა და საქართველოში უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული ან დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის წესს.

2. საკონსულო ლეგალიზაციის სფეროში საქმიანობის საერთო კოორდინაციასა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.

მუხლი 2

ამ წესის მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უფლებამოსილი პირი – პირი, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით მინიჭებული აქვს ლეგალიზაციის განხორციელების უფლებამისილება;

ბ) უფლებამოსილი ორგანო – ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული ორგანოები;

გ) დიპლომატიური წარმომადგენლობა – საქართველოს საელჩო, რომელსაც „საკონსულო ურთიერთობათა შესახებ“ ვენის კონვენციისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული აქვს საკონსულო ფუნქციები;

დ) საკონსულო დაწესებულება – საქართველოს გენერალური საკონსულო, საკონსულო, ვიცე-საკონსულო ან საკონსულო სააგენტო, მათ შორის საკონსულო დაწესებულება საპატიო კონსულის მეთაურობით, რომელთაც „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული აქვს საკონსულო ფუნქციები;

ე) საკონსულო დეპარტამენტი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი;

ვ) საქართველოს ინტერესთა სექცია - უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არსებული საქართველოს ინტერესთა სექცია;

ზ) შიდასახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურა - უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელებამდე, დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის დადგენილი პროცედურა;

თ) საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული პროგრამა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №01-174 - ვებგვერდი, 11.09.2014წ.

მუხლი 3

საკონსულო ლეგალიზაციას ექვემდებარება საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოების მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემული ოფიციალური დოკუმენტები, აქტები და საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული ან დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტები.

მუხლი 4

1. საკონსულო ლეგალიზაციას არ ექვემდებარება ის დოკუმენტები და აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას ან თავისი შინაარსით შეიძლება ზიანი მიაყენონ საქართველოს ინტერესებს, ან შეიცავენ საქართველოს მოქალაქეთა პატივისა და ღირსების შემლახავ ცნობებს და ასევე ის დოკუმენტები და აქტები, რომლებიც გამცემი უცხო ქვეყნის მიერ არ მიიჩნევა ოფიციალურ დოკუმენტებად და არ ექვემდებარება შიდასახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურას.“;

2. საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოთა მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემული ოფიციალური დოკუმენტები, აქტები ექვემდებარება საკონსულო ლეგალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათზე განხორციელებულია შიდასახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურა ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამოწმებული იქნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ.

3. უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მათი წარმოშობის ქვეყანაში გაცემული დოკუმენტების და აქტების დამოწმების შემთხვევაში საკონსულო ლეგალიზაცია განხორციელდება, თუ უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ  დამოწმების  დროს  მოხდება  დოკუმენტების  და  აქტების  ავთენტიკურობის დადასტურება.

4. უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტები საკონსულო ლეგალიზაციისათვის წარედგინება ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.

მუხლი 5

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია, საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განკუთვნილი საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დოკუმენტები და აქტები საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ განსახილველად მიღებული იქნეს საკონსულო ლეგალიზაციის გარეშე.

თავი II

უფლებამოსილი ორგანოები და მათი კომპეტენციის ფარგლები

მუხლი 6

საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოებია:

ა) დიპლომატიური წარმომადგენლობები;

ბ) საკონსულო დაწესებულებები;

გ) საკონსულო დეპარტამენტი;

დ) საქართველოს ინტერესთა სექცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.

მუხლი 7

საკონსულო ლეგალიზაციისას უფლებამოსილი ორგანოები ადგენენ და ადასტურებენ საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოთა და დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებსა და აქტებზე დასმული ბეჭდისა და თანამდებობის პირის ხელმოწერის ნამდვილობას, გამცემი ორგანოსა და თანამდებობის პირის უფლებამოსილებას.

მუხლი 8

1. უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება და საქართველოს ინტერესთა სექცია, როგორც წესი, ახორციელებს თავიანთი საკონსულო  ოლქის ტერიტორიაზე  გაცემული  ოფიციალური  დოკუმენტებისა  და აქტების საკონსულო ლეგალიზაციას.

2. საკონსულო დეპარტამენტი, როგორც წესი, ახორციელებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაციას.

3. თუ დოკუმენტი და აქტი გაცემულია და დადასტურებულია უცხო ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ, საკონსულო ლეგალიზაციას განახორციელებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს  დიპლომატიური  დაწესებულება  და  საკონსულო  დაწესებულება  ან საკონსულო დეპარტამენტი.

4. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი გაცემულია ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის არც ერთ საკონსულო ოლქში ან იმ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, რომელიც აკრედიტებულია უცხო ქვეყანაში, სადაც საქართველოს არა აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, საკონსულო ლეგალიზაციას ახორციელებს საკონსულო დეპარტამენტი ან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.

მუხლი 9

1. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ვალდებულნი არიან აწარმოონ საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე, საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელებამდე, უცხო ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურით განსაზღვრული უცხო ქვეყნების ოფიციალური დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაციის პროცესში მონაწილე კომპეტენტური ორგანოს/ორგანოების  თანამდებობის  პირთა  ხელმოწერისა  და  ბეჭდების  ნიმუშების რეესტრი.

2. ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება განახორციელებს საკონსულო ლეგალიზაციას დოკუმენტის გამცემი ან დამმოწმებელი შესაბამისი უცხო ქვეყნის ორგანოს (მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების) ბეჭდის და ხელმომწერი თანამდებობის პირის ხელმოწერის ნიმუშების მოპოვების და გამცემი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ.

3. საკონსულო დეპარტამენტი ვალდებულია აწარმოოს  საქართველოში აკრედიტებულ უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირთა ხელმოწერისა და ბეჭდების ნიმუშების რეესტრი.

4. ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსულო დეპარტამენტი განახორციელებს საკონსულო ლეგალიზაციას დოკუმენტის გამცემი ან დამმოწმებელი შესაბამისი უცხო ქვეყნის ორგანოს (მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობის  და  საკონსულო  დაწესებულების)  ბეჭდის  და  ხელმომწერი თანამდებობის პირის ხელმოწერის ნიმუშების მოპოვების და გამცემი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.

მუხლი 10

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განკუთვნილი ოფიციალური დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაციის უფლებამოსილება შეიძლება დაეკისროს საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე აკრედიტებულ მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომად-გენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს უფლებამოსილმა ორგანოებმა შესაძლებელია განახორციელონ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განკუთვნილი ოფიციალური დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაცია.

თავი III

საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელება

მუხლი 11

1. საკონსულო ლეგალიზაციისათვის დოკუმენტის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ პირს  როგორც  პირადად,  ასევე  საფოსტო  გზავნილის  მეშვეობით.  საკონსულო ლეგალიზაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფოსტო გზავნილის მეშვეობით განმცხადებლისათვის მიწოდების შემთხვევაში საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება განმცხადებელს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და განაცხადი საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ელექტრონული ფორმით განთავსდება საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემაში (შემდგომში - სსმეს პროგრამა).

3. იმ შემთხვევაში, თუ საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოს არ აქვს წვდომა სსმეს პროგრამაზე, დაინტერესებული პირი ავსებს სალეგალიზაციო განცხადებას (დანართი №1).

4. დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტის საფოსტო გზავნილის მეშვეობით წარდგენისას  ივსება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სალეგალიზაციო განცხადება.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტის პირადად წარდგენისას, არ არის სავალდებულო შეივსოს  ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სალეგალიზაციო განცხადება.

6. საკონსულო ლეგალიზაციისათვის დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ ენაზე, მათი თარგმნა განხორციელდება მხოლოდ უფლებამოსილი პირის მოთხოვნით.

7. საკონსულო ლეგალიზაცია განმცხადებლის მოთხოვნით შესაძლოა განხორციელდეს ასევე სალეგალიზაციო დოკუმენტის თარგმანზეც. მხოლოდ დოკუმენტის თარგმანის საკონსულო ლეგალიზაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სალეგალიზაციო დოკუმენტის დედანი ლეგალიზებულია/აპოსტილით  დამოწმებულია, ან არ საჭიროებს ლეგალიზაციას.

8. უფლებამოსილი პირი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულეს, არკვევს, ამ წესის შესაბამისად, ექვემდებარება თუ არა დოკუმენტი საკონსულო ლეგალიზაციას, ადარებს ამ წესის მე-9 მუხლში მითითებულ რეესტრში დაცულ ნიმუშებს, სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებსა და აქტზე დასმულ ხელმოწერასა და ბეჭდებს, მათ შორის, გამცემი ორგანოსა და თანამდებობის პირის უფლებამოსილებას.

9. იმ შემთვევაში, თუ:

ა) სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები ან აქტები, ამ წესის შესაბამისად, არ ექვემდებარება საკონსულო ლეგალიზაციას, უფლებამოსილი პირი აბრუნებს მათ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის სრულყოფილი, უფლებამოსილი პირი ხარვეზის მითითებით აბრუნებს მათ, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ან განუსაზღვრავს განმცხადებელს გონივრულ ვადას ამ ხარვეზის აღმოფხვრისათვის;

გ) ამ წესის მე-9 მუხლში მითითებულ რეესტრში დაცულ ნიმუშებში არ მოიპოვება სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტზე ან აქტზე დასმული ხელმოწერა ან ბეჭედი, უფლებამოსილი პირი მოიპოვებს ასეთ ნიმუშებს ან შესაბამის ინფორმაციას კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან;

დ) წარმოდგენილ დოკუმენტსა ან აქტზე დასმული ხელმოწერა ან/და ბეჭედი არ ედრება ამ წესის მე-9 მუხლში მითითებულ რეესტრში დაცულ ნიმუშებს, უფლებამოსილი პირი აბრუნებს წარმოდგენილ დოკუმენტებს საკონსულო ლეგალიზაციის გარეშე, ან თუ აღნიშნული შესაძლებელია გამოწვეული იყოს რეესტრში დაცული მონაცემების სიძველით, გამოითხოვს კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან ხელმოწერებისა და ბეჭდების ახალ ნიმუშებს.

10. საკონსულო ლეგალიზაცია სრულდება ლეგალიზაციისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დაკავშირებულია ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ნიმუშების დამატებით გამოთხოვასთან, შესაბამისი ნიმუშების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.“.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსულო ლეგალიზაცია განხორციელდება უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის ბრძანება №42 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №01-174 - ვებგვერდი, 11.09.2014წ.

მუხლი 12

1. საკონსულო ლეგალიზაციისას ხორციელდება თვითწებადი ქაღალდის დოკუმენტზე დაკვრით ან შტამპის დასმით.

1​1. თვითწებად ქაღალდზე დატანილია საკონსულო ლეგალიზაციის  შტამპის შესაბამისი ტექსტი.

2. საკონსულო ლეგალიზაციის შტამპში შესაძლოა მოხდეს ხელით გარკვეული ინფორმაციის მითითება.

3.  საკონსულო  ლეგალიზაციის  შტამპი  მოწმდება  უფლებამოსილი  პირის ხელმოწერით და დაესმება ბეჭედი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 20 ივლისის ბრძანება №01-126 - ვებგვერდი, 22.07.2021წ.

მუხლი 13

1. უფლებამოსილი პირის მიერ ლეგალიზებული დოკუმენტის რეგისტრაცია ხორციელდება სსმეს პროგრამის მეშვეობით და ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი ავტომატურად. საზღვარგარეთ საქართველოს იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, რომლებსაც არ აქვთ წვდომა სსმეს პროგრამაზე, უფლებამოსილი პირის მიერ ლეგალიზებული დოკუმენტის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით არსებულ საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი №3, დანართი №4) და ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.

1​1. სარეგისტრაციო ნომერი შედგება შემდეგი კომბინაციისგან:

ა) რიგითი ნომერი;

ბ)   „საზღვარგარეთ   საქართველოს   მოქალაქეთათვის   პირადი   ნომრის   მინიჭების მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების კოდური აღნიშვნების განსაზღვრისა და მინიჭების წესის თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 ივნისის №146 ბრძანებით განსაზღვრული   საკონსულო დაწესებულების კოდური აღნიშვნა;

გ) საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელების წელი.

1​2. ახალი საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალი იხსნება ყოველი წლის დასაწყისში.

1​3. საკონსულო ლეგალიზაცია და მისი აღრიცხვიანობა შესაძლოა განხორციელდეს მონაცემთა მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. სალეგალიზაციო ჟურნალის ელექტრონული ფორმით წარმოებისას, არა უგვიანეს ყოველი თვის ბოლო რიცხვისა ხდება მისი ამობეჭდვა, დანომრვა, აკინძვა და დამოწმება უფლებამოსილი პირის ხელ-მოწერით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №01-174 - ვებგვერდი, 11.09.2014წ.

მუხლი 14

საკონსულო ლეგალიზაციის შტამპში ხელით შეტანილი ინფორმაციის შესწორებების ან/და დამატებების შეტანა დასაშვებია უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული შენიშვნით, მისივე ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.

თავი IV

საკონსულო მოსაკრებელი და სახელმწიფო ბაჟი

მუხლი 15

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მიერ დოკუმენტის საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელების  საკითხის  განხილვისათვის  გადაიხდევინება  საკონსულო  მოსაკრებელი ,,საკონსულო  მოსაკრებლის  შესახებ“  საქართველოს  კანონით  დადგენილი  ოდენობითა  და წესით.

2. საკონსულო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ლეგალიზაციისათვის გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“, №60, 24.02.2010, სარეგისტრაციო კოდი 480040040.22.030.014278 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1008043-4/