საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.07.2010 ძალადაკარგული 06.01.2015
ნომერი
№219/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.014903
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 92, 28/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.903

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №219/ნ

2010 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა  აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 მარტის ბრძანება №01-5/ნ - ვებგვერდი, 10.03.2011წ.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 27 თებერვლის ბრძანება №01-7/ნ - ვებგვერდი, 28.02.2012წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს და აწესრიგებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფის – შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, პრინციპებს და ანგარიშვალდებულებას, ძირითად მიზნებს და ამოცანებს, ფუნქციებს და უფლებამოსილებას, სამინისტროს სისტემაში შიდა კონტროლის განხორციელების ძირითად პრინციპებს და დეპარტამენტის მოსამსახურეების (დეპარტამენტში დასაქმებული საჯარო მოხელეების) უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 2. საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მინისტრის ცალკეული დავალებებით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 27 თებერვლის ბრძანება №01-7/ნ - ვებგვერდი, 28.02.2012წ.

    მუხლი 3. ანგარიშვალდებულება

დეპარტამენტი, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს კოორდინირებულად ჰარმონიზაციის ცენტრთან და ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.

      საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 მარტის ბრძანება №01-5/ნ - ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 27 თებერვლის ბრძანება №01-7/ნ - ვებგვერდი, 28.02.2012წ.

    მუხლი 4. საქმიანობის პრინციპები

1. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზნებია საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით სამინისტროს საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში აუდიტის სტანდარტებისა და აუდიტორთა ეთიკის კოდექსთან ერთად ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

ა) დამოუკიდებლობა;

ბ) კეთილსინდისიერება;

გ) ობიექტურობა;

დ) პროფესიონალიზმი;

ე) კონფიდენციალობა;

ვ) კანონიერება;

ზ) გამჭვირვალობა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 27 თებერვლის ბრძანება №01-7/ნ - ვებგვერდი, 28.02.2012წ.

თავი II

დეპარტამენტის ძირითადი მიზნები, ამოცანები, უფლებამოსილება და ფუნქციები

    მუხლი 5. დეპარტამენტის ძირითადი მიზნები, ამოცანები, უფლებამოსილება და ფუნქციები

1. დეპარტამენტის ძირითადი მიზნები და ამოცანებია ხელი შეუწყოს სამინისტროს მიერ წარმოებული საქმიანობის მართებულობას, რესურსების ეფექტიანად და ეკონომიურად გამოყენებას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ხელი შეუწყოს სამინისტროს მართვის გაუმჯობესებას, რისკების ანალიზს, სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრას ობიექტური შემოწმების და შეფასების საშუალებით.

2. დეპარტამენტის უფლებამოსილებაში შედის შემოწმება, რომელიც მოიცავს სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების, სამინისტროს საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენციას ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენასა და ანალიზს, აგრეთვე სახსრების, სხვა მატერიალური ფასეუ-ლობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლასა და ანალიზს, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმებას მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

3. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები:

ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;

ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და მათი განუხრელი შესრულების კონტროლი;

დ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;

ზ) წინასწარი კონტროლის ღონისძიებების განხორციელება მინისტრის მიერ ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

თ) სამინისტროს სისტემაში შემავალ ერთეულებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

ი) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნისა და ანგარიშის შედგენა და მინისტრისთვის წარდგენა;

კ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ლ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

მ) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;

ნ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ დებულების მიზნებს და შიდა აუდიტის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 27 თებერვლის ბრძანება №01-7/ნ - ვებგვერდი, 28.02.2012წ.

    მუხლი 6. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები

1. შიდა აუდიტორი უფლებამოსილია შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა). შიდა აუდიტორს ასევე უფლება აქვს, შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა.

2. სამინისტროს თანამშრომლები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში.

3. შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლები ვალდებულ ნ ი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება.

4. დეპარტამენტის მოსამსახურე ვალდებულია:

ა) დაიცვას დეპარტამენტის დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;

ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;

გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

დ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 მარტის ბრძანება №01-5/ნ - ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 27 თებერვლის ბრძანება №01-7/ნ - ვებგვერდი, 28.02.2012წ.

    მუხლი 7. დეპარტამენტის უფროსი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;

ბ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;

გ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;

დ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;

ე) უზრუნველყოფს კვალიფიციური შიდა აუდიტორების შერჩევას და მინისტრს წარუდგენს მათ დასანიშნად;

ვ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;

ზ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;

თ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;

ი) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 მარტის ბრძანება №01-5/ნ - ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 27 თებერვლის ბრძანება №01-7/ნ - ვებგვერდი, 28.02.2012წ.

თავი III

შიდა აუდიტის განხორციელების საფუძველი, დაგეგმვა, შედეგები და ანგარიშგება

    მუხლი 8. შიდა აუდიტის განხორციელების საფუძველი

შიდა აუდიტი ხორციელდება „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის და შიდა აუდიტორული დავალების საფუძველზე, რომლის მიზანსა და მოქმედების სფეროს განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი, მინისტრთან შეთანხმებით.

    მუხლი 9. შიდა აუდიტის დაგეგმვა, შედეგები და ანგარიშგება

1. შიდა აუდიტის გეგმის სახეებია:

ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა;

ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა;

გ) აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.

2. შიდა აუდიტის დაგეგმვა ხდება რისკის შეფასების საფუძველზე. მისი შედეგები აისახება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმაში, რომლის საფუძველზედაც შემუშავდება შიდა აუდიტის წლიური გეგმა.

3. შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს.

4. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს.

4. შიდა აუდიტის წლიურ და სტრატეგიულ გეგმებს, ასევე მათში განსახორციელებელ ცვლილებებს ამზადებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი. ისინი ეგზავნება ჰარმონიზაციის ცენტრს.

5. შიდა აუდიტის შედეგად დგება შიდა აუდიტორული ანგარიში, რომელშიც აისახება შემაჯამებელი რეზიუმე, შიდა აუდიტორული დავალების ამოცანები და მოქმედების სფერო, გამოვლენილი ფაქტები, შიდა აუდიტორული დასკვნები და შემუშავებული რეკომენდაციები, ასევე შიდა აუდიტის ობიექტის უფროსის წერილობითი მოსაზრებები.

6. შიდა აუდიტის შედეგები განსახილველად წარედგინება მინისტრს და შიდა აუდიტის ობიექტის უფროსს.

7. დეპარტამენტის უფროსი ამზადებს წლიურ ანგარიშს, რომელშიც აისახება:

ა) დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში);

ბ) ინფორმაცია განხორციელებული შიდა აუდიტის შესახებ;

გ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები სამინისტროს სისტემაში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ;

დ) დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობა და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ;

ე) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ;

ვ) შიდა აუდიტის მიმდინარეობისას დეპარტამენტის მოსამსახურეთა საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვა.

8. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის დეპარტამენტის უფროსი შეიმუშავებს და ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა.

9. შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად დეპარტამენტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშ ის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესსა და გამოვლენილ ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს. ანგარიში ეგზავნება მინისტრს.

10. შიდა აუდიტის ობიექტის უფროსი პასუხისმგებელია შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული და შეთანხმებული რეკომენდაციების შესრულებისათვის და მათ შესრულებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რომელსაც წარუდგენს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს და მინისტრს.

11. დეპარტამენტის უფროსი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც აისახება:

ა) ინფორმაცია განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებების შესახებ;

ბ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები დაწესებულებაში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ;

გ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის წლიური გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში);

დ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული შესაბამისი ქმედებები და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ;

ე) ინფორმაცია შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე;

ვ) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ.

12. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარედგინება მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 მარტის ბრძანება №01-5/ნ - ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 27 თებერვლის ბრძანება №01-7/ნ - ვებგვერდი, 28.02.2012წ.

თავი IV

თანამშრომლობა სხვა დაწესებულებებთან

    მუხლი 10. თანამშრომლობა სხვა დაწესებულებებთან

1. შიდა აუდიტის დეპარტამენტი თანამშრომლობს საქართველოს კონტროლის პალატასთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

2. დეპარტამენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელებისას თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და აწვდის მას აღნიშნული აუდიტორული შემოწმების ანგარიშს მისი მომზადებიდან ერთი თვის ვადაში.

3. შიდა აუდიტის სუბიექტის საქართველოს კონტროლის პალატასთან და სხვა უწყებებთან თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 27 თებერვლის ბრძანება №01-7/ნ - ვებგვერდი, 28.02.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №219/ნ, 23.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.014903 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1027183-2/