საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2002 ბოლო ცვლილება 27.04.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№87
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 23, 07/03/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №87

2002 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე

„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტისა და 37-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად:

1. დამტკიცდეს „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ“ თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 25 ოქტომბრის დადგენილებით დამტკიცებული დებულება „საქართველოს რესპუბლიკაში დროებითი სამუშაოების ორგანიზაციის შესახებ“.

ე. შევარდნაძე

შ ე ტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2003  წლის 16 ივლისის №352  ბრძანებულება - სსმ III,  №73 21.07.2003  წ., მუხ.658

2. საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 26 აგვისტოს №350  ბრძანებულება - სსმ III,  №93 27.08.2004  წ., მუხ.789

დებულება

საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება შემუშავებულია „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების, განხორციელებისა და კონტროლის წესს.

2. „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივ სამუშაოდ ითვლება ისეთი სამუშაო, რომელიც არ საჭიროებს დასასაქმებელი უმუშევარი პირის განსაკუთრებულ პროფესიულ მომზადებას და რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული და საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ობიექტების რეკონსტრუქცია, მშენებლობა ან სოფლის მეურნეობის პროდუქციის აღება-დაბინავება.

3. საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების გზით სახელმწიფო ახდენს დასაქმების სახელმწიფო სამსახურში რეგისტრირებული უმუშევრების დროებით დასაქმებას და მათ მიერ შემოსავლების მიღებისათვის ხელშეწყობას.

4. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელებისას დასაქმების უპირატესი უფლებით სარგებლობენ დასაქმების სახელმწიფო სამსახურში აღრიცხვაზე მყოფი დაბალკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსები:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც საქმიანობა შეუძლიათ მხოლოდ სპეციალურად შექმნილ სამუშაო პირობებში;

ბ) 25 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც პირველად გამოდიან შრომის ბაზარზე და არა აქვთ პროფესია;

გ) მრავალშვილიანი ოჯახების (სამი და მეტი შვილი) სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი წევრები;

დ) მამები, დედები, რომლებიც მეუღლის გარეშე ზრდიან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს;

ე) თორმეტ თვეზე მეტი ხნით უმუშევრად მყოფი პირები;

ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დემობილიზებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც არა აქვთ პროფესია;

ზ) ყოფილი პატიმრები, რომლებიც გათავისუფლდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან.

5. საზოგადოებრივი სამუშაოების განხორციელების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 6 თვეს.

6. რეგისტრირებული უმუშევრების მონაწილეობა საზოგადოებრივ სამუშაოებში დაიშვება მხოლოდ მათი თანხმობით და იგი არ შეიძლება ჩაითვალოს სამუშაოს შეთავაზებად.

საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 26 აგვისტოს №350  ბრძანებულება - სსმ III,  №93 27.08.2004  წ., მუხ.789

    მუხლი 2. საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზება

1. დასაქმების სახელმწიფო სამსახური დამოუკიდებლად, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამით“ განსაზღვრული ინდიკატორების შესაბამისად უზრუნველყოფს იმ ობიექტების მახასიათებლების (პასპორტების) შედგენას, რომლებზეც შეიძლება განხორციელდეს საზოგადოებრივი სამუშაოები.

2. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელების ობიექტი შეიძლება იყოს:

ა) საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ამბულატორია;

ბ) სკოლა და სკოლამდელი დაწესებულება;

გ) კულტურის სახლი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, ბიბლიოთეკა, საინფორმაციო საშუალება და სხვა საზოგადოებრივი სარგებლობის კულტურისა და სასპორტო ცენტრი;

დ) ადგილობრივი გზა, სარწყავი და სასმელი წყალგაყვანილობის სისტემა;

ე) სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

3. საზოგადოებრივი სამუშაოები შეიძლება ასევე განხორციელდეს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ინიციატივით ტერიტორიის დასუფთავების, გამწვანება-განაშენიანების ან სოფლის მეურნეობის პროდუქციის აღება-დაბინავების მიზნით.

4. საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზებასთან დაკავშირებული პროექტის ინიციატორი შეიძლება იყოს:

ა) დასაქმების სახელმწიფო სამსახური;

ბ) ადგილო ბ რივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო;

გ) კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

5. საზოგადოებრივი სამუშაოების განხორციელების მიზნით შემუშავებული პროექტი წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით.

6. საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზებისათვის ობიექტის შესარჩევად დგება „ობიექტის პასპორტი“, რომელიც მოიცავს:

ა) ობიექტის დეფექტურობის აქტს;

ბ) შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ხარჯთა ნუსხას არსებული საბაზრო ფასებით, რომელშიც მკაფიოდ უნდა იქნეს გამიჯნული ყველა თანადამფინანსებლის მიერ დასაფინანსებელი სამუშაოები;

გ) სამუშაოების განხორციელების გრაფიკს;

დ) დასასაქმებელი რეგისტრირებული უმუშევრების სავარაუდო რაოდენობას შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალის მიხედვით;

ე) ცნობას ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებიდან ობიექტის პრიორიტეტულობის შესახებ;

ვ) დაფინანსებაში მონაწილე მხარეების თანხმობას თანადაფინანსების განხორციელების თაობაზე.

7. მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის საზოგადოებრივი სამუშაოების განსახორციელებლად ობიექტების შერჩევისა და გეგმის შემუშავების მიზნით შედგენილ პასპორტებს ყოველი საბიუჯეტო წლის 1 ნოემბრისათვის დასაქმების სახელმწიფო სამსახური წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

8. შერჩევის შედეგი აისახება „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ და მტკიცდება მასთან ერთად.

9. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელების ადგილსა და ობიექტს არჩევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ამ მიზნით შექმნილი კომისია.

10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საზოგადოებრივ სამუშაოებს უპირატესად განახორციელებს იმ რაიონში (ქალაქში), რომელიც „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიეკუთვნება „პრიორიტეტული განვითარების ზონას“.

11. „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შემდეგ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ახორციელებს სამუშაოთა შესყიდვას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

12. „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შემდეგ 15 დღეში დასაქმების სახელმწიფო სამსახური წარუდგენს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს საზოგადოებრივ სამუშაოებზე  დასასაქმებელ რეგისტრირებულ უმუშევართა სიას და თითოეული მათგანის წერილობით თანხმობას საზოგადოებრივ სამუშაოებში მონაწილეობის თაობაზე.

13. დასაქმების სახელმწიფო სამსახური საზოგადოებრივ სამუშაოზე გაგზავნილ სამუშაოს მაძიებელს აცნობს მუშაობის რეჟიმს, სპეციფიკასა და შრომის ანაზღაურების პირობებს, რომელიც განისაზღვრება „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.

14. საზოგადოებრივი სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაცია ამ სამუშაოებში მონაწილე რეგისტრირებულ უმუშევრებთან დებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას.

15. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული მოქალაქისათვის შესაფერისი მუდმივი სამუშაო ადგილის გამოძებნის შემთხვევაში აღნიშნული ხელშეკრულება უქმდება.

16. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ მივლინებული პირის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში საზოგადოებრივი სამუშაოების მწარმოებელმა ორგანიზაციამ გათავისუფლებული პირის სხვა რეგისტრირებული უმუშევრით ჩანაცვლების მიზნით გათავისუფლებიდან სამ დღეში უნდა მიმართოს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის შესაბამის განყოფილებას. ამასთან მიმართვაში მითითებული უნდა იქნეს მუშაკის გათავისუფლების მიზეზი.

17. საზოგადოებრივ სამუშაოზე მომუშავე პირის შრომის წიგნაკში კეთდება ჩანაწერი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტის 2003  წლის 16 ივლისის №352  ბრძანებულება - სსმ III,  №73 21.07.2003  წ., მუხ.658

საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 26 აგვისტოს №350  ბრძანებულება - სსმ III,  №93 27.08.2004  წ., მუხ.789

    მუხლი 3. საზოგადოებრივ სამუშაოთა დაფინანსების წესი და წყაროები

1. საზოგადოებრივ სამუშაოთა შემსრულებელ ორგანიზაციასა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) შესასრულებელი სამუშაოს აღწერასა  და შესრულების ვადას;

ბ) დასასაქმებელ რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობას და მათ მიმართ მინიმალურ აუცილებელ მოთხოვნებს;

გ) ანგარიშსწორების წესსა და პირობებს.

3. საზოგადოებრივი სამუშაოების დაფინანსება ხდება სამუშაოთა შესრულების შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, როგორც წესი, ტრანშების ფორმით. პირველი ტრანშის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანხის 50 პროცენტს. ყოველი შემდგომი ტრანში გამოიყოფა წინამორბედი ტრანშის მიზნობრივი ათვისების დამადასტურებელი საბუღალტრო და ფინანსური დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

4. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელების მიზნით წარმოდგენილ პროექტებში შრომის ანაზღაურების დონე არ შეიძლება იყოს პროექტის მთლიანი ღირებულების 25 პროცენტზე ნაკლები;

5. საზოგადოებრივი სამუშაოები წარმოებს თანადაფინანსების პრინციპით. „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამიდან“ ერთი პროექტის დასაფინანსებლად გამოსაყოფი თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს პროექტის საერთო ღირებულების 80 პროცენტს.

6. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები აფინანსებენ საზოგადოებრივი სამუშაოების სულ ცოტა 20 პროცენტს, ხოლო ინიციატორი კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სულ ცოტა 60 პროცენტს ან შემსრულებელ ორგანიზაციას აწვდიან შესაბამისი ღირებულების ნედლეულს, მასალებსა და მაკომპლექტებელ ნაწილებს.

7. თანადაფინანსების ნატურით განხორციელების შემთხვევაში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა შეიძლება შექმნას სპეციალური კომისია, რომლის საქმიანობის მიზანია:

ა) პროექტის ინიციატორის მიერ თანადაფინანსების ნაცვლად წარმოდგენილი ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების შეფასება;

ბ) ობიექტის მდგომარეობის შეფასება.

8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ერთი პროექტის დასაფინანსებლად გამოსაყოფი ზღვრული თანხის ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“.

საქართველოს პრეზიდენტის 2003  წლის 16 ივლისის №352  ბრძანებულება - სსმ III,  №73 21.07.2003  წ., მუხ.658

საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 26 აგვისტოს №350  ბრძანებულება - სსმ III,  №93 27.08.2004  წ., მუხ.789

    მუხლი 4. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელების კონტროლი

1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს ხელშეკრულების პირობების შესრულების ფინანსურ კონტროლს.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დასაქმების სახელმწიფო სამსახურისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (კერძო სამართლის სუბიექტის მიერ თანადაფინანსების შემთხვევაში – ამ სუბიექტის) წარმომადგენლებისაგან შემდგარი ერთობლივი კომისია ახორციელებს საზოგადოებრივ სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის კონტროლს.

3. საზოგადოებრივ სამუშაოთა შესრულების კონტროლი ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტის 2003  წლის 16 ივლისის №352  ბრძანებულება - სსმ III,  №73 21.07.2003  წ., მუხ.658

საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 26 აგვისტოს №350  ბრძანებულება - სსმ III,  №93 27.08.2004  წ., მუხ.789

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“, №87, 28.02.2002, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/115534-2/