"ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2010 ძალადაკარგული 22.12.2014
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010260030.52.101.016009
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 72, 31/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ქ. თბილისის მერი ს

ბრძანება №34

2010 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლის, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის № 1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 პუნქტის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულება დანართის თანახმად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერის 2009 წლის 29 ივნისის № 35 ბრძანება „ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“

3. ბრძანება ძალაში შევიდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.

ქ. თბილისის მერი   გ. უგულავა

შეტანილი ცვლილებები:

1. ქ. თბილისის მერის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.

2. ქ. თბილისის მერის 2011 წლის 27 სექტემ ბრის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 29.09.2011 წ.

3. ქ. თბილისის მერის 2011 წლის  21 ოქტომბ რის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ.

4. ქ. თბილისის მერის 2013 წლის 15 მარტის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 19.03.2013 წ.

დანართი

ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური (შემდგომში– სამსახური) შექმნილია „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის № 1-1 გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს ქ. თბილისის საქალაქო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამათა შემუშავებას და მათი განხორციელების უზრუნველყოფას, აგრეთვე ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზებას.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის № 1-1 გადაწყვეტილებით, საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ქ. თბილისის მერის, საკრებულოს, მთავრობის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქ. თბილისის მერი.

4. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.

თავი II

სამსახურის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 2

1. სამსახურის საქმიანობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:

ა) ქ. თბილისის საქალაქო მეურნეობის რეაბილიტაცია და განვითარება;

ბ) ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზება.

2. საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის ფუნქციებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება:

ა) შენობა-ნაგებობების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გზაგამტარების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, სანიაღვრე ქსელების, კოლექტორების, საყრდენი კედლების, მდინარეთა ჯებირების და სხვა ობიექტების მშენებლობის, რეაბილიტაციის  და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;

ბ) ქ. თბილისის ავარიული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი, აღდგენა-რეკონსტრუქცია და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) ქ. თბილისის გარე განათების და მხატვრული მინათების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ) ქ. თბილისის შადრევან-აუზების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა;

ე)  საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება;

ვ) ქ. თბილისის საქალაქო მეურნეობის განვითარებისა და საზოგადოებრივ მომსახურებათა განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომზადება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ზ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

თ) საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;

ი) კორესპონდენციის, საჩივრებისა და მიმართვების განხილვა;

კ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვისა და მონიტორინგის ორგანიზება;

ლ) სამსახურში მომუშავე კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ზრუნვა;

მ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ნ) მონაწილეობის მიღება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ (გამოცემულ) იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, ან წარმოებულ სამუშაოებში, რომელიც შეეხება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ო) ურთიერთთანამშრომლობა როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შესაბამის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სამსახურებთან, ორგანიზაციებთან;

პ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

3. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) შეუფერხებლად მიიღოს სამსახურის მმართველობის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია მერიის შესაბამისი სამსახურებისაგან, რაიონის გამგეობისაგან, ქალაქის საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან;

ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დადგენილი წესით განსაზღვროს შესასრულებელი ანაზღაურებადი სამუშაოების ნუსხა;

გ) გამართოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს მონაცემები დედაქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული შესაბამისი სტატისტიკური ორგანიზაციებისაგან და დაწესებულებებისაგან;

დ​1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146​2 მუხლით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) გასაჩივრებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განიხილოს საჩივარი და მიიღოს გადაწყვეტილება დადგენილების სახით.

ე) თავისი მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება მის მიზნებსა და ინტერესებს, მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგად მოთხოვნებს.

4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მასზე გადაცემული სახელმწიფო ქონების შენახვა და დაცვა;

ბ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში;

გ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.

ქ. თბილისის მერის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.

ქ. თბილისის მერის 2011 წლის  21 ოქტომბრის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ.

ქ. თბილისის მერის 2013 წლის 15 მარტის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 19.03.2013 წ.

თავი III

სამსახურის სტრუქტურული ერთეულები

    მუხლი 3

1. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) შენობა-ნაგებობებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის განყოფილება;

ბ) ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილება;

გ) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის განყოფილება;

დ) ექსპლუატაციის განყოფილება;

ე) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილება;

ვ) საპროექტო განყოფილება;

2. შენობა-ნაგებობებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

ბ) ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი;

გ) გვირაბების, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობის და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის  პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

დ) სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობის და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

ე) საყრდენი კედლების, ჯებირების და სხვა მსგავსი საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

ვ) მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზება  და კონტროლი.

3. ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილების ფუნქციებია:

ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის (სამუშაოს, მომსახურების, საქონლის შესყიდვა) ტექნიკური დავალებების მომზადება;

ბ) სამსახურის მიერ შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციების და ცნობების მომზადება;

გ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ დასაბუთებული გაანგარიშებების მომზადება. მონაწილეობის მიღება საბიუჯეტო გეგმების, მიზნობრივი პროგრამებისა და სახელმწიფო შესყიდვების  გეგმების ფორმირებაში;

დ) სათანადო დოკუმენტაციის მომზადება დამტკიცებულ ბიუჯეტში ასიგნებების გადანაწილების ან/და ცვლილებების შეტანის თაობაზე;

ე) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ქ. თბილისის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშისათვის სამსახურის ბიუჯეტით განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციების მომზადება;

ვ) ქ. თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატური კოორდინაცია, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით;

ზ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

4. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

ბ) გარე-განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების მშენებლობის პროცესების ორგანიზება და კონტროლი.

5. ექსპლუატაციის განყოფილების ფუნქციებია:

ა) სანიაღვრე კოლექტორებისა და ქსელების მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა;

ბ) გარე-განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა;

გ) შადრევან-აუზების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა;

დ) მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა;

ე) გვირაბების, ხიდებისა და გზაგამტარების მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზება,  მონიტორინგი და ზედამხედველობა;  

ვ) მოაჯირების და პარაპეტების მოვლა-პატრონობის, რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა;

ზ) საგზაო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ელემენტის მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა;

თ) სხვადასხვა ერთჯერადი გადაუდებელი სამუშაოების და/ან მომსახურების უზრუნველყოფა.

6. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:

ა) სამსახურის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებელ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) დასუფთავების წესების დარღვევისათვის წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე საჩივრის განხილვა და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;

გ) კეთილმოწყობის წესების დარღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გატარება, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

დ) დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში კონტროლის განხორცილება;

ე) დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად სათანადო ღონისძიებების გატარება და ამოღებული თანხების მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში;

ვ) დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვის ორგანიზება, დავალიანების დარიცხვისათვის საინფორმაციო ბაზის წარმოება და საჭიროების შემთხვევაში, კორექტირების უზრუნველყოფა;

ზ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების საფასურის (ტარიფის) დარიცხვის სისწორის დადგენის მიზნით, აღნიშნული მომსახურების განმახორციელებელი პირისაგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირების უზრუნველყოფა.

7. საპროექტო განყოფილების ფუნქციებია:

ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზება და გატარება (დასაპროექტებელ ტერიტორიაზე არსებული კომუნიკაციების გამოკვლევა, საპროექტო დავალებების შედგენა, საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური პირობების აღება და შეთანხმება);

ბ)  საპროექტო დოკუმენტაციის ან დეფექტური აქტების შედგენა:

ბ.ა) გზებისა და ქუჩების კაპიტალურ შეკეთებაზე;

ბ.ბ) საგზაო ინფრასტრუქტურის ობიექტების (სანიაღვრე ქსელი, თვალამრიდი, საყრდენი კედელი) მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე;

ბ.გ) მე-2 და მე-3 კატეგორიის წყალარინების მილების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე;

ბ.დ) ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებზე;

ბ.ე) მოძრაობის უსაფრთხოების სქემის შედგენა საჭიროების შემთხვევაში;

გ) საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზაზე გადაცემა;

დ) ექსპერტიზაგავლილი საპროექტო დოკუმენტაციის დადგენილი წესით შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის აღება, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ე) საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შეთანხმების აქტების  შედგენაში მონაწილეობის მიღება;

ვ)  ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის მიღება.

ქ. თბილისის მერის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.

ქ. თბილისის მერის 2011 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 29.09.2011 წ.

ქ. თბილისის მერის 2011 წლის  21 ოქტომბრის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ.

ქ. თბილისის მერის 2013 წლის 15 მარტის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 19.03.2013 წ.

თავი IV

სამსახურის მართვა

    მუხლი 4

1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქ. თბილისის მერი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისათვის სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;

გ) უშუალოდ, მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა მეშვეობით წყვეტს სამსახურის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

დ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;

ე) თვალყურს ადევნებს სამსახურის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ვ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციებს სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისათვის;

ზ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის შესახებ;

ი) დადგენილი წესით ადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

კ) პერიოდულად ისმენს სამსახურში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;

ლ​1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146​2 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ოქმების გასაჩივრებისას იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით;

მ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ქ. თბილისის მერის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.

    მუხლი 5

1. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ქ. თბილისის მერი.

2. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილეები, კოორდინაციას უწევენ თავის საკურატორო განყოფილებ(ებ)ის საქმიანობას, აკონტროლებენ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას და ასრულებენ  სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

3. უფროსის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას, უფროსის არყოფნისას.

ქ. თბილისის მერის 2013 წლის 15 მარტის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 19.03.2013 წ.

    მუხლი 6

1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

2. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;

ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე;

გ) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

დ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ დავალებათა შესრულებაზე;

ე) კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა წახალისების, აგრეთვე მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.

3. განყოფილების უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

    მუხლი 7

სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და ქ. თბილისის მერიის შინაგანაწესით მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.

თავი V

სამსახურის ქონება და ფინანსები

    მუხლი 8

სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ქ. თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე.

    მუხლი 9

სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას.

    მუხლი 10

1. სამსახური საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობისათვის ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს წარუდგენს:

ა) ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ დასაბუთებულ გაანგარიშებებს და ინფორმაციას;

ბ) მერის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ამზადებს ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების პროექტს ან წერილს საფინანსო საქალაქო სამსახურის მიმართ, დამტკიცებულ ბიუჯეტში ასიგნებების გადანაწილების ან/და ცვლილებების შეტანის თაობაზე;

გ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ქ. თბილისის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზებისათვის სამსახურის ბიუჯეტით განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულების შესაბამის ინფორმაციებს (განმარტებით ბარათს);

დ) ქ. თბილისის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ხარჯების – პროგრამებისა და ღონისძიებებისათვის საბიუჯეტო ვალდებულებების და დამოწმების დოკუმენტის მოსამზადებლად შესაბამის დოკუმენტაციას (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშ- ფაქტურა და სხვა) წერილობით;

ე) მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემ თანხებზე სათანადო დოკუმენტებს (უწყისები);

ვ) სამსახურში განსაზღვრულ ვადაში ჩატარებული სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ მონაცემებს საქალაქო სამსახურების ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშგებაში ასახვის მიზნით.

2. საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახური ამზადებს ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი მიზნობრივი პროგრამების პროექტებს.

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 11

1. სამსახურის დებულებას სამსახურის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს ქ. თბილისის მერი.

2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12

ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის მერის ბრძანება "ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ", №34, 29.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016009 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1160029-4/