საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2002 ძალადაკარგული 29.06.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№558
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 2, 06/01/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №558

2002 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს სოციალური განვითარების კონცეფციის რეალიზაციის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 7 აპრილის №156 ბრძანებულების შესაბამისად:

1. „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა“ და „სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის“ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.

2. დამტკიცდეს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თანდართული დებულება;

ბ) (ძალადაკარგულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2007  წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III,  №21 15.02.2007  წ., მუხ.238

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი არის „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა“ და „სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის“ უფლებამონაცვლე.

4. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

5. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ს. პავლიაშვილი) უზრუნველყოს „საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის“ ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე) ფინანსთა სამინისტროსთან ერთად 2003 წლის 15 მარტამდე წარმოადგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“ და „საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის“ 2003 წლისთვის რიცხული მოთხოვნილებისა და ვალდებულების დაფარვის ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ წინადადებები და შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი.

7. საქართველოს პრეზიდენტის ყველა ნორმატიულ აქტში სიტყვები: „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“ და „საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია“ შეიცვალოს სიტყვებით: „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“.

8. ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მაისის №181 ბრძანებულება;

ბ) „საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 13 მარტის №102 ბრძანებულება“;

გ) „საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 13 მარტის №102 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №142 ბრძანებულება;

დ) „საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის N303 განკარგულება;

ე) „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მაისის №414 განკარგულება;

ვ) „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მაისის №414 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 31 ივლისის N836 განკარგულება;

ზ) „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მაისის №414 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 20 ოქტომბრის №1130 განკარგულება.

9. ბრძანებულება ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.

ე. შევარდნაძე

შ ე ტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2003  წლის 26 დეკემბრის №625  ბრძანებულება - სსმ III,  №150 29.12.2003  წ., მუხ.1225

2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივნისის №229  ბრძანებულება - სსმ III,  №63 22.06.2004  წ., მუხ.546

3. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 6 ოქტომბრის №442  ბრძანებულება - სსმ III,  №112 10.10.2004  წ., მუხ.987

4. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 დეკემბრის №1037  ბრძანებულება - სსმ III,  №144 12.12.2005  წ., მუხ.1596

5. საქართველოს პრეზიდენტის 2006  წლის 16 იანვრის №25  ბრძანებულება - სსმ III,  №6 17.01.2006  წ., მუხ.43

6. საქართველოს პრეზიდენტის 2006  წლის 12 ოქტომბრის №604  ბრძანებულება - სსმ III,  №140 12.10.2006  წ., მუხ.1930

7. საქართველოს პრეზიდენტის 2006  წლის 20  ოქტომბრის №620  ბრძანებულება - სსმ III,  №145 24.10.2006  წ., მუხ.1992

8. საქართველოს პრეზიდენტის 2007  წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III,  №21 15.02.2007  წ., მუხ.238

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და არის „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა“ და „საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის“ უფლებამონაცვლე.

2. ფონდი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. გარიგებები, რომლებიც სცილდება კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებს, ბათილია.

3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და განკარგულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტით.

4. ფონდს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, თხოვების და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცემს სახელმწიფო ქონებას.

5. ფონდს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ფონდის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, სათანადო ანგარიშები (მათ შორის – სავალუტო) საბანკო დაწესებულებებში, რომლებიდანაც ახორციელებს ფონდი ბიუჯეტის მიერ გამოყოფილი სახსრებისა და სოციალური დაზღვევის გადასახადების აკუმულაციასა და ანგარიშსწორებას.

6. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №144.

    მუხლი 2. ფონდის მიზნები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი

1. ფონდის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობა.

2. ფონდის ფუნქციები და უფლება-მოვალეობებია:

ა) ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება ან განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება;

გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების უფლებამონაცვლის არარსებობის შემთხვევაში შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება ამ დანიშნულებით მიღებული დაფინანსების ფარგლებში;

დ) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კომპეტენციის ფარგლებში სოციალური დახმარების მიმღებთა დადგენა, აღრიცხვა, დანიშვნა და გაცემის ორგანიზება;

ვ) განხორციელებული პროგრამებისა და დაფინანსების შესახებ ანგარიშების სამინისტროსათვის წარდგენა;

ზ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაციის გამოთხოვა;

თ) თავისი მიზნების მისაღწევად დადგენილი წესით სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალები) შექმნა;

ი) ფონდის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალები) მუშაობის კოორდინაცია, მართვა და კონტროლი;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველმყოფი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ლ) ფონდის საქმიანობისათვის საჭირო შიდაორგანიზაციულ საკითხებზე აქტების შემუშავება და გამოცემა;

მ) ფონდის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

ნ) საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ან ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება;

ო) ფონდზე დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით საკუთარი ბეჭდვითი საშუალების (გაზეთი, ჟურნალი და სხვ.) გამოცემა;

პ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.

3. ფონდმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება:

ა) შეიძინოს უძრავი ქონება, გაასხვისოს და დატვირთოს;

ბ) აიღოს სესხი;

გ) განახორციელოს თავდებობა;

დ) განსაზღვროს საშტატო ნუსხა და შრომის ანაზღაურების ფონდი;

ე) მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის “ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.

საქართველოს პრეზიდენტის 2003  წლის 26 დეკემბრის №625  ბრძანებულება - სსმ III,  №150 29.12.2003  წ., მუხ.1225

საქართველოს პრეზიდენტის 2007  წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III,  №21 15.02.2007  წ., მუხ.238

  მუხლი 3. ფონდის მართვა და სტრუქტურა

1. ფონდი შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ერთეულებისაგან (ფილიალებისაგან).

2. ფონდს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდეგში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდეგში – მინისტრი).

3. ფონდის დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს ფონდის საქმიანობის სწორად წარმართვის, ფონდის მფლობელობაში არსებული ქონების დაცვისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი ხარჯვისათვის.

4. დირექტორს ჰყავს მოადგილეები (მათ შორის, ერთი პირველი), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით.

5. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის პირველი მოადგილე.

საქართველოს პრეზიდენტის 2003  წლის 26 დეკემბრის №625  ბრძანებულება - სსმ III,  №150 29.12.2003  წ., მუხ.1225

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 დეკემბრის №1037  ბრძანებულება - სსმ III,  №144 12.12.2005  წ., მუხ.1596

საქართველოს პრეზიდენტის 2006  წლის 16 იანვრის №25  ბრძანებულება - სსმ III,  №6 17.01.2006  წ., მუხ.43

საქართველოს პრეზიდენტის 2007  წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III,  №21 15.02.2007  წ., მუხ.238

    მუხლი 4. დირექტორი

დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს ფონდს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს ფონდის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია მინისტრის ბრძანებების, საქართველოს საკანონმდებლო და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის;

გ) ფონდის საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად და პერსონალურად აგებს პასუხს ფონდის საქმიანობის სწორად წარმართვისათვის;

დ) ახორციელებს ფონდის საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ე) წარმოადგენს ფონდს ან ანიჭებს წარმომადგენლობას;

ვ) ახორციელებს ფონდში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;

ზ) განკარგავს ფონდის სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია ფონდის საკუთრებაში ან მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;

თ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს დირექტორის მოადგილეების კანდიდატურას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

კ) ახორციელებს ფონდში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას;

ლ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

მ) ანაწილებს მოვალეობებს ფონდის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ფონდის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

ნ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ფონდის საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;

ო) ზრუნავს ფონდის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

პ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;

ჟ) სამინისტროში წარადგენს ფონდის ბიუჯეტის პროექტს;

რ) ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;

ს) ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებსა და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ტ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2003  წლის 26 დეკემბრის №625  ბრძანებულება - სსმ III,  №150 29.12.2003  წ., მუხ.1225

საქართველოს პრეზიდენტის 2006  წლის 16 იანვრის №25  ბრძანებულება - სსმ III,  №6 17.01.2006  წ., მუხ.43

საქართველოს პრეზიდენტის 2007  წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III,  №21 15.02.2007  წ., მუხ.238

    მუხლი 5. (ძალადაკარგულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2007  წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III,  №21 15.02.2007  წ., მუხ.238

    მუხლი 6. (ძალადაკარგულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2003  წლის 26 დეკემბრის №625  ბრძანებულება - სსმ III,  №150 29.12.2003  წ., მუხ.1225

საქართველოს პრეზიდენტის 2006  წლის 12 ოქტომბრის №604  ბრძანებულება - სსმ III,  №140 12.10.2006  წ., მუხ.1930

საქართველოს პრეზიდენტის 2007  წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III,  №21 15.02.2007  წ., მუხ.238

    მუხლი 7. (ძალადაკარგულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2007  წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III,  №21 15.02.2007  წ., მუხ.238

    მუხლი 8. ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს და ზედამხედველობას უწევს ფონდის საქმიანობის მიზანშეწონილობას, კანონიერებას, მისი მიზნების განსახორციელებლად აუცილებელ საქმიანობას, რესურსების ეკონომიურ გამოყენებას და ამავე დროს ამოწმებს ფონდის საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობას.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ფონდისაგან გამოითხოვს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციას და ინფორმაციას.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ფონდის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

5. (ძალადაკარგულია).

6. (ძალადაკარგულია).

7. (ძალადაკარგულია).

8. (ძალადაკარგულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2007  წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III,  №21 15.02.2007  წ., მუხ.238

    მუხლი 9. ფონდის ქონება და დაფინანსების წყაროები

1. ფონდს აქვს ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ფონდის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.

3. ფონდის დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ფონდის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

5. ფონდი კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

საქართველოს პრეზიდენტის 2007  წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III,  №21 15.02.2007  წ., მუხ.238

    მუხლი 10. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. ფონდის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 11. ფონდის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

ფონდის დებულებაში ცვლილებები შედის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა - (ძალადაკარგულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2003  წლის 26 დეკემბრის №625  ბრძანებულება - სსმ III,  №150 29.12.2003  წ., მუხ.1225

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივნისის №229  ბრძანებულება - სსმ III,  №63 22.06.2004  წ., მუხ.546

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 6 ოქტომბრის №442  ბრძანებულება - სსმ III,  №112 10.10.2004  წ., მუხ.987

საქართველოს პრეზიდენტის 2006  წლის 20  ოქტომბრის №620  ბრძანებულება - სსმ III,  №145 24.10.2006  წ., მუხ.1992

საქართველოს პრეზიდენტის 2007  წლის 13 თებერვლის №101 ბრძანებულება - სსმ III,  №21 15.02.2007  წ., მუხ.238

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“, №558, 31.12.2002, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/116548-8/