საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.04.2011 ბოლო ცვლილება 27.06.2023
ნომერი
№24/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110408016, 12/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (21)

შემდგომი ცვლილებები (18)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №2 4/04

2011 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების კომერციული ბანკების მიერ სათანადოდ შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქცია.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს საბანკო დაწესებულებაში ანგარიშების გახსნის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 24 თებერვლის №18 ბრძანება;

ბ) „საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშების (ანაბრების) გახსნისა და წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 19 აგვისტოს №75 ბრძანება;

გ) „საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშების (ანაბრების) გახსნისა და წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 19 აგვისტოს №76 ბრძანება.

3. კომერციულმა ბანკებმა წერილობითი სახით შეიმუშაონ და შესათანხმებლად წარადგინონ საქართველოს ეროვნულ ბანკში თანდართული ინსტრუქციის მე-9 მუხლით განსაზღვრული პირებისათვის შესაბამისი საბუთების სანოტარო წესით ან აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული ასლების ფოსტის მეშვეობით წარდგენის საფუძველზე ანგარიშების გახსნის პროცედურები, რომლებიც დაფუძნებული იქნება პირის (მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების) გადამოწმების (ვერიფიკაციის) საერთაშორისო პრაქტიკაზე. აღნიშნული პროცედურების დამტკიცებამდე, კომერციულ ბანკს ეკრძალება განახორციელოს ანგარიშების გახსნა საბუთების სანოტარო წესით ან აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული ასლების ფოსტის მეშვეობით წარდგენის საფუძველზე.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქადაგიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 3 ივნისის ბრძანება №40/04 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება №86/04 - ვებგვერდი, 10.10.2011წ.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №102/04 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.

ინსტრუქცია

  საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს საბანკო დაწესებულებების (ბანკების) მიერ რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნებისთვის, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის (შემდგომში – ანგარიში) გახსნის, სახეების, დანიშნულების და ასევე, უცხოურ ვალუტაში საბანკო ოპერაციების წარმოების წესს.

    მუხლი 2

ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საბანკო ანგარიში (ანგარიში) – ბანკში პირის ფულადი სახსრების აღრიცხვის უნიკალური საშუალება;

ბ) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა);

გ) რეზიდენტი – რეზიდენტი ფიზიკური პირი (საქართველოს მოქალაქე) და რეზიდენტი იურიდიული პირი (საქართველოს საწარმო ან საქართველოს ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად);

დ) არარეზიდენტი – იურიდიული პირი /ფილიალი/ წარმომადგენლობა/ მუდმივი დაწესებულება, ორგანიზაცია რომელიც არ არის რეზიდენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და ფიზიკური პირი, რომლის არარეზიდენტობის საკითხს ბანკი ადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მოქალაქეობის მიხედვით;

ე) ერთვალუტიანი საბანკო ანგარიში – ანგარიში, რომელზეც აღრიცხულია ფულადი სახსრები ერთ კონკრეტულ ვალუტაში;

ვ) მულტისავალუტო საბანკო ანგარიში – ანგარიში, რომელზეც აღრიცხულია ფულადი სახსრები რამდენიმე ვალუტაში ცალ-ცალკე და რომელიც რაოდენობრივად წარმოადგენს ერთ ანგარიშს;

ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი. საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის პირადობის დადასტურება აგრეთვე შესაძლებელია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული პირის შესაბამისი მონაცემებით (ინფორმაციით). პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირს არ გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები (მაგალითად, არასრულწლოვანი პირის სახელზე დეპოზიტის (ანაბრის) გახსნის შემთხვევაში);

თ) მეწარმე ფიზიკური პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

ი) არამეწარმე ფიზიკური პირი – ფიზიკური პირი, მათ შორის გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი;

კ) საბიუჯეტო ორგანიზაცია – ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია, რომლისთვისაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასიგნება და რომელიც პასუხისმგებელია მისი მართვისთვის, ასევე ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, პროცედურებისა და წესების შესაბამისად;

ლ) სსიპ – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაცია;

მ) შიდასაბანკო ანგარიში – ანგარიში, რომელიც არ არის კლიენტის საბანკო ანგარიში;

ნ) სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიში – ანგარიში, რომელზეც აღირიცხება პირის მოთხოვნამდე ან გადახდის წინასწარ შეთანხმებული ვადით განთავსებული ფულადი სახსრები. ამ ინსტრუქციის შესაბამისად დეპოზიტად არ მიიჩნევა შიდასაბანკო ანგარიშებზე ბანკის მიერ განთავსებული საბანკო გარანტიის და აკრედიტივის უზრუნველყოფის თანხები, გაცემული გარანტიისა და გახსნილი აკრედიტივის ფარგლებში, ასევე გაცემული სესხის უზრუნველყოფის მიზნით დაჯავშნული თანხები, ათვისებული ოდენობის ფარგლებში;

ო) დეპოზიტი (ანაბარი) – ვადიანი დეპოზიტი (ანაბარი) და მოთხოვნამდე დეპოზიტი (ანაბარი).

ო.ა) ვადიანი დეპოზიტი (ანაბარი) – სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშზე წინასწარ განსაზღვრული ვადით განთავსებული ფულადი სახსრები, რომლებსაც ბანკი არიცხავს პროცენტს და რომელთა გატანა შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში;

ო.ბ) მოთხოვნამდე დეპოზიტი (ანაბარი) – სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები, რომლებსაც ბანკი არიცხავს პროცენტს და რომელზეც თანხის შეტანა, ჩარიცხვა, გადარიცხვა და გატანა შესაძლებელია მოთხოვნისთანავე;

პ) მიმდინარე ანგარიში – საბანკო ანგარიში, რომლებზეც აღირიცხება პირის ფულადი სახსრები და რომელსაც განკარგავს კლიენტი გადახდების განსახორციელებლად ან სხვა მიზნით. აღნიშნული ტიპის ანგარიში მოიცავს საბარათე ანგარიშებსაც და ბინათმესაკუთრეთა მიერ გახსნილ საანგარიშგებო ანგარიშებსაც;

ჟ) საკორესპონდენტო ანგარიში – ანგარიში, რომელსაც ერთი ბანკი ხსნის მეორეში და რომელიც გამოიყენება ბანკებს შორის ანგარიშსწორებისათვის;

რ) საკასო მომსახურების ანგარიში – ბანკის, ბანკის ფილიალის, განყოფილების (სერვის-ცენტრის) ანგარიში ეროვნულ ბანკში და/ან სხვა კომერციულ ბანკში (მის ფილიალში), რომელიც გამოიყენება მხოლოდ ნაღდი ფულის შეტანისა და გატანის ოპერაციების, სათავო ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშიდან ჩარიცხვის ოპერაციების, ასევე ამ ანგარიშზე არსებული თანხების სათავო ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშზე გადარიცხვის მიზნებისათვის;

ს) ნომინალური მფლობელობის ანგარიში – ნომინალური მფლობელობის ერთობლივი ანგარიში ან ნომინალური მფლობელობის სეგრეგირებული ანგარიში;

ტ) ნომინალური მფლობელობის ერთობლივი ანგარიში – ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში, რომელიც გამოიყენება, კანონმდებლობის და ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე განსაზღვრული, მისი კლიენტის (კლიენტების) ან/და რეგისტრირებული მესაკუთრის (მესაკუთრეების) ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ფულადი სახსრების ერთობლივად აღსარიცხავად;

უ) ნომინალური მფლობელობის სეგრეგირებული ანგარიში – ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში, რომელიც გამოიყენება, კანონმდებლობის და ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე განსაზღვრული, მისი ერთი კლიენტის ან/და ერთი რეგისტრირებული მესაკუთრის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ფულადი სახსრების აღსარიცხავად;

ფ) „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია“ (OECD) – ეკონომუკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პარიზის 1960 წლის 14 დეკემბრის კონვენციის საფუძველზე შექმნილი ორგანიზაცია.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 3 ივნისის ბრძანება №40/04 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №102/04 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.

    მუხლი 3

1. ბანკში პირს შეიძლება გაეხნას შემდეგი სახის ანგარიშები:

ა) მიმდინარე ანგარიში;

ბ) სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიში;

გ) საკორესპონდენტო ანგარიში;

დ) საკასო მომსახურების ანგარიში;

ე) ნომინალური მფლობელობის ანგარიში.

2. რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებს შეუძლიათ გახსნან მიმდინარე ანგარიშები (გარდა კომერციული ბანკებისა), ნომინალური მფლობელობის ანგარიშები და სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშები.

3. პირისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშის გახსნის შემთხვევაში ამავე პირს ეხსნება მიმდინარე ანგარიში ლარში, თუკი მას არ აქვს ანგარიში ეროვნულ ვალუტაში იმავე ბანკში.

4. მიმდინარე ან სადეპოზიტო ანგარიში შეიძლება გაეხსნას და მას შეიძლება განკარგავდეს ერთზე მეტი პირი (ერთობლივი ანგარიში). ანგარიშის განკარგვის პირობები განისაზღვრება ანგარიშის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და მოქმედი კანონმდებლობით.

5. რეზიდენტი იურიდიული პირის (გარდა კომერციული ბანკებისა) ფილიალებს, განყოფილებებს და სხვა განცალკევებულ ქვედანაყოფებს ანგარიში გაეხსნებათ სათავო საწარმოს (ორგანიზაციის) შუამდგომლობით, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციას – სახაზინო სამსახურის ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობის საფუძველზე. ამასთანავე, სათავო საწარმოები (ორგანიზაციები), სახაზინო სამსახური ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები უფლებამოსილნი არიან შეწყვიტონ შუამდგომლობა ან გააუქმონ ადრე გაცემული თანხმობა ანგარიშის გახსნის შესახებ.

6. საკასო მომსახურების ანგარიში ეხსნებათ მხოლოდ კომერციულ ბანკებს და მათ ფილიალებს და განყოფილებებს (სერვისცენტრებს).

7. სათავო ბანკებს საკორესპონდენტო ანგარიშები გაეხსნებათ:

ა) საქართველოს ეროვნულ ბანკში;

ბ) სხვა (სათავო) კომერციულ ბანკში.

8. კომერციულ ბანკს, მის ფილიალს, განყოფილებას (სერვისცენტრს) საკასო მომსახურებისათვის ეროვნულ ბანკში ან/და კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გაეხსნება ერთი საკასო მომსახურების ანგარიში თითოეულ ვალუტაში. კომერციული ბანკის, მისი ფილიალის, განყოფილების (სერვისცენტრის) საკასო მომსახურების ანგარიშზე შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ნაღდი ფულის შეტანისა და გატანის ოპერაციები, სათავო ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან ჩარიცხვის ოპერაციები, ასევე ამ ანგარიშზე არსებული თანხების გადარიცხვა სათავო ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №102/04 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.

    მუხლი 4

1. პირს უფლება აქვს აირჩიოს ერთი ან რამდენიმე ბანკი მომსახურებისათვის.

2. ანგარიშის გახსნა და მომსახურება ხორციელდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის პირობებსაც განსაზღვრავენ მხარეები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ბანკს უფლება აქვს არ დაუშვას ვადიანი დეპოზიტების გატანა/გადარიცხვა ვადის ამოწურვამდე, თუ აღნიშნული პირობა გათვალისწინებულია ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

3​1. თუ ვადიანი დეპოზიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კლიენტის მიერ თანხის ვადაზე ადრე გატანის შესაძლებლობა, ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს საპროცენტო სარგებლის დარიცხვასთან დაკავშირებულ პირობებს.

3​2. ვადიანი დეპოზიტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, შეტანა, გადარიცხვა და გატანა, გარდა სადეპოზიტო სერტიფიკატის შემთხვევისა, შესაძლებელია მხოლოდ დეპოზიტის მფლობელი პირის მიმდინარე ანგარიშის ან მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშის მეშვეობით.

3​3. არასრულწლოვნის სახელზე გახსნილი დეპოზიტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ნებადართულია თანხის შემომტანი პირის ანგარიშის მეშვეობით, ხოლო ანაბრის გატანა/გადარიცხვა – ანაბრის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის ანგარიშის მეშვეობით.

3​4. მოთხოვნამდე დეპოზიტის გატანისას, ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს წინასწარი შეტყობინება თანხის გატანის შესახებ, თუ ეს გათვალისწინებულია ბანკსა და კლიენტს შორის ხელშეკრულებით.

4. დასაშვებია ფიზიკური პირისათვის ანგარიშის გახსნა სატელეფონო, ინტერნეტბანკის ან სხვა საშუალებით გაკეთებული განაცხადის საფუძველზე იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ პირს უკვე გახსნილი აქვს ანგარიში ამავე ბანკში ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით. ამ პუნქტის შესაბამისად, ანგარიშის გასახსნელად, ბანკსა და კლიენტს შორის არსებული ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სატელეფონო, ინტერნეტბანკის ან სხვა საშუალებით ანგარიშის გახსნის შესაძლებლობას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ანგარიშის გახსნისას ბანკმა უნდა მოახდინოს კლიენტის გადამოწმება (ვერიფიკაცია). ბანკმა უნდა უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშის გასახსნელად აუცილებელი დოკუმენტების არსებობა და ხელშეკრულების გაფორმება ამ პუნქტის შესაბამისად ანგარიშის გახსნიდან არაუმეტეს 15 კალენდარული დღის განმავლობაში. დასაშვებია ბანკის მიერ ანგარიშის გასახსნელად აუცილებელი დოკუმენტაციის მოპოვება ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისი დოკუმენტების არსებობამდე, აღნიშნულ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის ოპერაციების განხორციელება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. საბანკო მომსახურების (ანგარიშის გახსნის) შესახებ ხელშეკრულების პირობებზე კლიენტის მიერ თანხმობის ელექტრონული ფორმით გამოხატვის შემთხვევაში, ბანკმა უნდა უზრუნველყოს ამგვარი ხელშეკრულების და მასში შეტანილი ცვლილებების შენახვა თავდაპირველი შინაარსისა და ფორმის დაცვით.

7. ბანკს შეუძლია პირს (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა), რომელსაც ამავე ბანკში უკვე გახსნილი აქვს ანგარიში, გაუხსნას ახალი ანგარიში მხოლოდ განაცხადისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე, ხოლო არამეწარმე ფიზიკურ პირს – მხოლოდ განაცხადის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ანგარიშის გახსნისას ბანკმა უნდა მოახდინოს კლიენტის გადამოწმება (ვერიფიკაცია).

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 3 ივნისის ბრძანება №40/04 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №102/04 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.

    მუხლი 5

1. ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე შეიძლება ჩაირიცხოს ან ამ ანგარიშიდან გადაირიცხოს მხოლოდ ანგარიშის მფლობელი პირის კლიენტის სახსრები, რომელსაც ეს პირი ფლობს და განკარგავს კლიენტის დავალებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და კლიენტთან ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე, თავისი საკუთარი სახსრებისაგან განცალკევებით.

2. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბანკი ვალდებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშის მფლობელისაგან მოიპოვოს ინფორმაცია მისი კლიენტის (კლიენტების) და/ან მათი ბენეფიციარი მფლობელების შესახებ.

3. ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ანგარიშის მფლობელის დავალებით ბანკი ახორციელებს ოპერაციებს კანონმდებლობის და კლიენტთან დადებული ხელშეკრულების/სანოტარო აქტის ფარგლებში.

4. ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე აკრძალულია უშუალოდ ანგარიშის ნომინალური მფლობელის კლიენტის მიერ წარმოდგენილი დავალებით ოპერაციების განხორციელება.

5. ნომინალური მფლობელობის ანგარიში შეიძლება გაეხსნას იმ არარეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ეწევა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის საქმიანობას. ნომინალური მფლობელობის ანგარიში ეხსნება მხოლოდ იმ არარეზიდენტ იურიდიულ პირს, რომლის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ითვალისწინებს FATF-ის რეკომენდაციების შესრულებას და ამ იურიდიული პირის მიმართ ხორციელდება ზედამხედველობა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.

თავი II

ანგარიშის გახსნისათვის საჭირო დოკუმენტები

    მუხლი 6

1. რეზიდენტ იურიდიულ პირს (გარდა კომერციული ბანკისა) ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი პირი;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში.

2. რეზიდენტი იურიდიული პირის (გარდა კომერციული ბანკისა) ფილიალს ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) სათავო დაწესებულების უფლებამოსილი პირის განაცხადი ანგარიშის გახსნის თაობაზე;

ბ) სათავო დაწესებულების ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) ფილიალის ხელმძღვანელის და/ან ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში;

3. მეწარმე ფიზიკურ პირს ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ;

ბ) საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში.

4. არამეწარმე ფიზიკურ პირს ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ანგარიშის გახსნის თაობაზე (რომლიც ადასტურებს, რომ იგი არ წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს ან/და არ გამოიყენებს ამ ანგარიშს სამეწარმეო საქმიანობისათვის. აღნიშნული პირობის დარღვევიდან გამომდინარე, ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ანგარიშის მფლობელს);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში.

5. ნომინალური მფლობელობის ანგარიში რეზიდენტ პირს გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ნომინალური მფლობელობის ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი პირი;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ნოტარიუსის შემთხვევაში საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში;

დ) ლიცენზია ან სხვა ტიპის დოკუმენტი, რომელიც გაცემულია შესაბამისი კანომდებლობის საფუძველზე, რომელიც პირს უფლებას აძლევს კლიენტთან ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე, ნომინალურ მფლობელობაში ჰქონდეს, ან/და კლიენტის სახელით ფლობდეს და განკარგავდეს კლიენტის ფულად სახსრებს.

6. იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნს ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა:

ა.ა) განაცხადი ანგარიშის გახსნაზე;

ა.ბ) ამხანაგობის წესდება ან ხელშეკრულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ა.გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში;

ა.დ) საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადასახადის გადახდის ვალდებულების მქონე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შემთხვევაში). თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას ანგარიშის გახსნის შემდგომ დაუდგა გადასახადის გადახდის ვალდებულება, ბანკს დამატებით წარედგინება საგადასახადო ორგანოებში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული პირობის დარღვევიდან გამომდინარე, ყველა შედეგზე პასუხისმგებელია ანგარიშის მფლობელი;

ბ)  ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა), რომელსაც ეხსნება ანგარიში, მათ შორის, დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობიდან გამომდინარე:

ბ.ა) განაცხადი ანგარიშის გახსნაზე (რომლითაც ერთობლივი ანგარიშის გახსნაზე უფლებამოსილი პირი ადასტურებს, რომ ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) არ მისდევს სამეწარმეო საქმიანობას ან/და ამ ანგარიშს არ გამოიყენებენ სამეწარმეო საქმიანობისათვის. აღნიშნული პირობის დარღვევიდან გამომდინარე ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ანგარიშის მფლობელს);

ბ.ბ) ამხანაგობის ხელშეკრულება ან სანოტარო წესით დამოწმებული წესდება;

ბ.გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის  ნიმუში;

ბ.დ) გადასახადის გადახდის ვალდებულების მქონე ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გ) არარეგისტრირებული კავშირი:

გ.ა) განცახადი ანგარიშის გახსნაზე;

გ.ბ) საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ.გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში;

დ) საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მაჟორიტარი კანდიდატი:

დ.ა) განაცხადი ანგარიშის გახსნაზე;

დ.ბ) საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის მოწმობა;

დ.გ) საარჩევნო სუბიექტის წესდება (გარდა დამოუკიდებელი კანდიდატისა);

დ.დ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში;

დ.ე) საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – პარტიას ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ანგარიშის გახსნაზე;

ბ) პარტიის სარეგისტრაციო მოწმობა (ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოდან პარტიის რეგისტრაციის შესახებ);

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში;

დ) საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. საბიუჯეტო ორგანიზაციას და/ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ) ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ანგარიშის გახსნაზე;

ბ) საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა;

გ) დაწესებულების უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში. ხელმოწერის უფლება ენიჭება პირს, რომელსაც ზემდგომი (უმაღლესი) ორგანოს გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს უფლება განკარგოს თანხები, ასევე ამ პირის მიერ უფლებამოსილ თანამდებობის პირებს;

დ) საბიუჯეტო ორგანიზაციის შემთხვევაში – სახაზინო სამსახურის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობა ანგარიშის გახსნის და/ან თანხის განკარგვის შესახებ.

9. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ანგარიშის გახსნაზე;

ბ) საპატრიარქოს ან შესაბამისი ეპარქიის ნებართვა ანგარიშის გახსნის შესახებ;

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 3 ივნისის ბრძანება №40/04 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

    მუხლი 7

1. არარეზიდენტი იურიდიული პირი ან მისი ფილიალი (გარდა ბანკისა) ანგარიშის გასახნელად ბანკს წარუდგენს:

ა) განაცხადს ანგარიშის გახსნის შესახებ;

ბ) ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, ან სხვა დოკუმენტს, რომელიც არარეზიდენტის სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს არარეზიდენტი პირის იურიდიულ სტატუსს;

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ხელმოწერის ნიმუშს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ საბუთებთან ერთად არარეზიდენტი იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა/მუდმივი დაწესებულება) რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში (გარდა ბანკისა), ანგარიშის გასახსნელად ბანკს წარუდგენს ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

3. ნომინალური მფლობელობის ანგარიში არარეზიდენტ იურიდიულ პირს გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ნომინალური მფლობელობის ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი პირი;

ბ) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან, ან სხვა დოკუმენტი, რომელიც არარეზიდენტის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს პირის იურიდიულ სტატუსს;

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში;

დ) ლიცენზია ან სხვა დოკუმენტი, რომელიც გაცემულია შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე და რომელიც პირს უფლებას აძლევს კლიენტთან ხელშეკრულების საფუძველზე, ნომინალურ მფლობელობაში ჰქონდეს, ან/და კლიენტის სახელით ფლობდეს და განკარგავდეს კლიენტის ფულად სახსრებს.

4. დიპლომატიური და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი ფილიალები, წარმომადგენლობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობას არ განახორციელებენ, ანგარიშის გასახსნელად ბანკს წარუდგენენ:

ა) განაცხადს ანგარიშის გახსნის შესახებ;

ბ) დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც ის შეიქმნა (დაფუძნდა) ან განახორციელებს თავის საქმიანობას საქართველოში;

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ხელმოწერების ნიმუშს;

დ) საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.

    მუხლი 8

1. რეზიდენტი ბანკი საკორესპონდენტო ანგარიშის გასახსნელად ბანკს წარუდგენს:

ა) განაცხადს ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს ბანკის უფლებამოსილი პირი;

ბ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ხელმოწერის ნიმუშებს;    

დ) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ასლს.

2. საკასო მომსახურების ანგარიშის გასახსნელად ბანკს, მის ფილიალს, განყოფილებას (სერვისცენტრს) ეროვნულ ბანკში ან/და სხვა ბანკში (მის ფილიალში/ფილიალებში და/ან სერვისცენტრში/სერვისცენტრებში) შეიძლება გაეხსნას თითო ანგარიში საკასო მომსახურებისათვის. ანგარიშის გასახსნელად ბანკი წარადგენს:

ა) განაცხადს საკასო მომსახურების ანგარიშის გახსნის თაობაზე;

ბ) კომერციული ბანკის, მისი ფილიალის, განყოფილების (სერვისცენტრის) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე შესაბამისი უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ხელმოწერის ნიმუშს;

გ) სათავო დაწესებულების შესახებ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იმ შემთხვევაში, თუ მას უკვე გახსნილი არ აქვს საკორესპონდენტო ანგარიში აღნიშნულ ბანკში).

3. საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის ბანკის ფილიალი საკორესპონდენტო ანგარიშის გასახსნელად ბანკს წარუდგენს:

ა) განაცხადს ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს ფილიალის უფლებამოსილი პირი;

ბ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ხელმოწერის ნიმუშს;

გ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

დ) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ასლს.

4. არარეზიდენტი ბანკი (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული არარეზიდენტი ბანკის ფილიალისა) საკორესპონდენტო ანგარიშის გასახსნელად ბანკს წარუდგენს:

ა) განაცხადს ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს ბანკის უფლებამოსილი პირი;

ბ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის ნიმუშს (ნიმუშებს);

გ) დოკუმენტაციას (ან შევსებულ კითხვარს), რომელიც ასახავს ბანკში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის პოლიტიკას. კითხვარის ფორმას შეიმუშავებს ბანკი, რომელშიც იხსნება ანგარიში;

დ) სხვა დოკუმენტაციას ბანკის (რომელშიც იხსნება საკორესპონდენტო ანგარიში) შიდანორმატივების (ინსტრუქციების) შესაბამისად.

5. საკორესპონდენტო ანგარიში ეხსნებათ მხოლოდ ბანკებს. ბანკის (ბანკების) ფილიალებს ეკრძალებათ ერთმანეთში საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა. დაუშვებელია ერთსა და იმავე ბანკში ერთსა და იმავე ვალუტაში ერთზე მეტი საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნა.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ბანკისთვის ანგარიში გაიხსნება იმ ბანკის დირექტორატის (ან უფლებამოსილი დირექტორის) თანხმობის შემდეგ, სადაც იხსნება ანგარიში.

7. ბანკს შეუძლია თავად განსაზღვროს მასთან საკორესპონდენტო ანგარიშის მქონე ბანკისათვის სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშის გახსნისათვის საჭირო საბუთები, ხოლო საკორესპონდენტო ანგარიშის არმქონე ბანკს სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიში გაეხნება შესაბამისად ამ მუხლის პირველ ან მე-3 ან მე-4 პუნქტებში მოყვანილი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

8. რეზიდენტ ბანკს, რომელსაც მეორე რეზიდენტ ბანკში გახსნილი აქვს საკორესპონდენტო ანგარიში, უფლება აქვს ამავე ბანკში გახსნას სადეპოზიტო ანგარიში SWIFT-ის ავტორიზებული შეტყობინების მეშვეობით. ამ შემთ ხ ვევაში ანგარიშის გასახსნელად დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა საჭირო არ არის.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 3 ივნისის ბრძანება №40/04 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

    მუხლი 9

1. კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ გაუხსნან ანგარიშები, ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ანგარიშის გახსნისათვის საჭირო საბუთების შესაბამისი წესით დამოწმებული ან ლეგალიზებული ასლების ფოსტის მეშვეობით წარდგენის საფუძველზე, შემდეგ პირებს:

ა) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებულ და მოქმედ ბანკებში ანგარიშის მქონე და შესაბამისად ამ ბანკების მიერ იდენტიფიცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;

ბ) ფიზიკურ პირებს, რომლებსაც უკვე გახსნილი აქვთ ანგარიშები საქართველოში მოქმედ სხვა კომერციულ ბანკებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გახსნილ ანგარიშებზე, პირველი (ჩარიცხვის) ოპერაცია უნდა განხორციელდეს ანგარიშის გამხსნელი პირის მიერ საკუთარი ანგარიშიდან, რომელიც გახსნილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ ბანკებში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტი „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის ანგარიშების გახსნა შესაძლებელია ანგარიშის გახსნისათვის საჭირო დოკუმენტების ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამ ფორმით გახსნილ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის ოპერაციების განხორციელება, ვიდრე კლიენტი არ წარმოადგენს ანგარიშის გახსნისათვის საჭირო დოკუმენტების ორიგინალებს ან შესაბამისი წესით დამოწმებულ ან ლეგალიზებულ ასლებს.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ანგარიშის გახსნიდან 60 დღის განმავლობაში კლიენტი არ წარმოადგენს ანგარიშის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტების ორიგინალებს ან შესაბამისი წესით დამოწმებულ ან ლეგალიზებულ ასლებს, ანგარიში იხურება და მასზე განთავსებული თანხები უბრუნდება გადმომრიცხავს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №102/04 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.

    მუხლი 10

1. ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტები (გარდა კანონქვემდებარე აქტებისა) ბანკს წარედგინება ორიგინალის ან შესაბამისი წესით დამოწმებული ან ლეგალიზებული ასლის სახით. ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუში და ანგარიშის გასახსნელად ბანკისთვის წარდგენილი ნებისმიერი დოკუმენტის ასლი მოწმდება ნოტარიუსის ან ბანკის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომელის მიერ, ხოლო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს ამოწმებს ბანკის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი. ბანკს უფლება აქვს პირის თანხმობის საფუძველზე ბანკსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს პირის პირადობის დადასტურებისათვის აუცილებელი ინფორმაცია.

2. ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ბანკმა უნდა გაატაროს საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული და შიდა ნორმატივით (ინსტრუქციით) გათვალიწინებული გადამოწმების (ვერიფიკაციის) პროცედურები.

3. განაცხადში (ანგარიშის გახსნაზე) უნდა მიეთითოს პირის საქმიანობა.

4. ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილმა პირმა ბანკში უნდა წარადგინოს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21​1 მუხლის მე-3 პუნქტის და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია.

6. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21​1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე უფლება აქვთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანაგარიშის გახსნაზე.

7. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის ფილიალის განყოფილების (სერვის ცენტრის) საკასო მომსახურების ანგარიშის გახსნაზე.

8. ბანკს უფლება აქვს, ანგარიშის გახსნის მსურველი პირის მიერ მისთვის წარსადგენი დოკუმენტები მოიპოვოს თავად, მათ შორის ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი III

უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოება

    მუხლი 11

1. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გადახდა გულისხმობს ბანკის მეშვეობით ფულადი ვალდებულების შესრულებას.

2. დასაშვებია უცხოური ვალუტით ნებისმიერი საბანკო ოპერაციის განხორციელება, გარდა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებასა და/ან მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული გადახდებისა, თუკი აღნიშნული ოპერაცია არ არის დაკავშირებული ექპორტ-იმპორტთან;

ბ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული პირის სასარგებლოდ რეზიდენტის მიერ განხორციელებული გადახდებისა.

3. უცხოურ ვალუტაში ოპერაციების განხორციელებისას გადარიცხვის დოკუმენტებში უნდა მიეთითოს გადახდის დანიშნულება.

4. თუკი უცხოურ ვალუტაში გადარიცხვის ოპერაციის თანხა აღემატება 30000 ლარს ან ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ბანკი ვალდებულია გადამხდელი მეწარმე სუბიექტისაგან დამატებით მოითხოვოს გადარიცხვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. ბანკი ვალდებულია შეინახოს ამ პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები. ასლების შენახვა შესაძლებელია ელექტრონული ასლის ფორმით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისები, ასევე ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ გადახდებზე.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ სხვა კომერციული ბანკის დავალებით განხორციელებულ გადახდებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 3 ივნისის ბრძანება №40/04 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება №86/04 - ვებგვერდი, 10.10.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №102/04 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.

თავი IV

ანგარიშების გადაფორმება და დახურვა

    მუხლი 12

1. სამეწარმეო იურიდიული პირის საფირმო სახელწოდების, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელის და/ან გვარის შეცვლისას ბანკში ანგარიშის მფლობელი წარადგენს განაცხადს ცვლილების შესახებ და შესაბამისი ცვლილების დამადასტურებელ დოკუმენტს (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), რის საფუძველზეც ხდება ანგარიშის გადაფორმება.

2. ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში, არსებული საკორესპონდენტო ანგარიში (ანგარიშები) იხურება და ხდება ახალი სალიკვიდაციო ანგარიშის გახსნა ეროვნულ ბანკში. სალიკვიდაციო ანგარიშის გახსნისას ეროვნულ ბანკს წარედგინება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნული ლიკვიდატორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში.

3. ბანკში პირის ანგარიში დაიხურება:

ა) ანგარიშის მფლობელის განცხადებით;

ბ) ლიკვიდატორის განცხადებით (გარდა ეროვნულ ბანკში გახსნილი სალიკვიდაციო ანგარიშებისა) და/ან პირის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემთხვევაში;

გ) ეროვნულ ბანკში გახსნილი კომერციული ბანკის სალიკვიდაციო ანგარიშის შემთხვევაში – ლიკვიდაციის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;

დ) ფილიალის შემთხვევაში – მისი სათავო საწარმოს (ორგანიზაციის) განცხადებით, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციის შემთხვევაში – ანგარიშის გახსნაზე თანხმობის გამცემი ორგანოს განცხადებით;

ე) ფიზიკური პირის მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე- 5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) დადგენილი წესით პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირის) გაკოტრებულად ცნობის შემთხვევაში;

ზ) სასამართლოს გადაწყვეტილებით;

თ) ანგარიშზე ანგარიშის მომსახურებისათვის და/ან დახურვისათვის ბანკში განსაზღვრული საკომისიოს ოდენობის ნაშთის და არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში ოპერაციების არარსებობისას, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს;

ი) მოქმედი კანონმდებლობისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

4. ბანკს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის (ანგარიშების) არდახურვის შესახებ იმ შემთხვევებში, თუკი ამავე კლიენტს ბანკში გახსნილი აქვს სხვა ანგარიში (ანგარიშები), რომლებზეც იმავე პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა კლიენტის ოპერაციები.

5. სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშის მფლობელის გარდაცვალებისას, მემკვიდრის განცხადებით, სამკვიდრო მოწმობის, მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ხელმოწერის ნიმუშის წარდგენის შემთხვევაში, მემკვიდრის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია არ დახუროს ვადიანი სადეპოზიტო ანგარიში სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. ამ შემთხვევაში ხდება სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშის გადაფორმება მემკვიდრის სახელზე.

6. (ამოღებულია - 14 .12.2011, №102/04).

7. ნომინალური მფლობელობის ანგარიში შეიძლება გადაფორმდეს სხვა პირზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

8. აკრძალულია ვადიანი დეპოზიტის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, თუ პირის საბანკო ანგარიშების მიმართ გამოყენებულია ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №102/04 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №24/04, 07.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016025 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1279467-3/