საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2001 ძალადაკარგული 17.10.2006
ნომერი
№111
სარეგისტრაციო კოდი
310150000.11.115.005100
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 111, 28/12/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.005.100

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №111

2001 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ

„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თანდართული დებულება.

2. ამ ბრძანების მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 31 ოქტომბრის №39 ბრძანება „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 23 მაისის №28 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შესახებ“.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.

მ. ადეიშვილი

    შეტანილი ცვლილებები:

     1. საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002  წლი ს 18 თებერვლის ბრძანება №18 -სსმIII,№18,27.02.2002წ.,მუხ.169

     2. საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002  წლი ს 24 მაისის ბრძანება №47 -სსმIII,№52,29.05.2002წ.,მუხ.494

     3. საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 27 იანვრის ბრძანება №09 -სსმIII,№8,30.01.2003წ.,მუხ.81

     4. საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 14 ივლისის ბრძანება №40 -სსმIII,№74,24.07.2003წ.,მუხ.679

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საქმიანობის მუდმივმოქმედ მარეგულირებელ ორგანოს.

2. ადმინისტრაცია შექმნილია „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და არეგულირებს საქმიანობას საავტომობილო ტრანსპორტის დარგში.

3. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს კანონით „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ”, სხვა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.

4. ადმინისტრაციის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო.

5. ადმინისტრაციის დებულებას და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი.

6. ადმინისტრაციას აქვს მრგვალი ბეჭედი საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში და სხვა ანგარიშები ბანკებში (მათ შორის სავალუტო) და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.

7. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია: 380060, ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. №12.

    მუხლი 2. ადმინისტრაციის მიზნები, საქმიანობის საგანი და უფლებამოსილებანი

1. ადმინისტრაციის საქმიანობა ვრცელდება საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. ადმინისტრაციის მიზნებია:

ა) საავტომობილო ტრანსპორტის დარში მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელება;

ბ) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

გ) საავტომობილო ტრანსპორტის რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაციისათვის ხელშეწყობა;

დ) თანასწორუფლებიანი და სამართლიანი საკონკურენციო გარემოს შექმნა;

ე) მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვა;

ვ) ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა.

3. ადმინისტრაციის საქმიანობის საგანია:

ა) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნებართვების გაცემა, ნებართვის მფლობელის, გადამზიდველის, ავტოვაგზლის, ავტოსადგურის ან/და ავტოტრანსპორტის დარგში დასაქმებული სხვა საწარმოს საქმიანობის რეგულირება;

ბ) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ავტოსატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ან ფიქსირებული ტარიფების შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეგულირება;

გ) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სასერტიფიკაციო საქმიანობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, გაფორმებისა და საერთაშორისო კონვენციებთან, შეთანხმებებთან მიერთების პროცესში მონაწილეობა, მათი რეალიზაციის უზრუნველყოფა;

ე) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების დარგობრივ-სპეციფიკური ფორმების და დოკუმენტების ბლანკების დამზადებისა და მიწოდების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) საავტომობილო ტრანსპორტის სხვა სახის ტრანსპორტთან შეთანხმებული მუშაობისა და მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარებისათვის ხელშეწყობა;

ზ) ავტოსატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

თ) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობისათვის „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ი) სანებართვო, სასერტიფიკაციო და სხვა ავტოსატრანსპორტო საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შესრულებაზე ფიზიკური და იურიდიული პირების კონტროლის განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;

კ) საავტომობილო ტრანსპორტის დარგის განვითარების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათთან ურთიერთობისას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს ინტერესების დაცვა;

ლ) საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვების გასაცემად კონკურსების ჩატარების ორგანიზება;

მ) ერთიანი და ქვეყნებს შორის რეგულარული სამგზავრო საავტობუსო მარშრუტების ორგანიზება-მართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ნ) საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემის შექმნა;

ო) სატრანსპორტო- საექსპედიტორო მომსახურებისათვის ხელშეწყობა.

4. ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) მიიღოს საავტომობილო ტრანსპორტის დარგის მეწარმეებისაგან ადმინისტრაციის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ბ) კანონმდებლობის შესაბამისად დააფუძნოს საწარმოები;

გ) (ამოღებულია);

დ) დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ;

ე) განისაზღვროს ადმინისტრაციის მომსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი, პირობები და მეთოდები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი საავტომობილო ტრანსპორტის დარგში „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესაბამისი ნორმების შესრულებაზე და მათი დარღვევისას გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სერტიფიკაციის ორგანოების, ლაბორატორიების აკრედიტაციასა და მათი საინსპექციო კონტროლის კომისიების ფორმირებასა და მუშაობაში, სასერტიფიკაციო ორგანოების და ლაბორატორიების შემოწმების შედეგების, აგრეთვე სისტემის მონაწილეთა მოქმედებების შესახებ აპელაციების განხილვაში;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს და გააუქმოს ნებართვები საავტომობილო გადაზიდვების განხორციელებაზე;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ზედამხედველობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე;

კ) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში განახორციელოს სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს ფუნქციები;

ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

5. ადმინისტრაცია ვალდებულია:

ა) აწარმოოს უწყებრივი სანებართვო, სარეგისტრაციო და სასერტიფიკაციო რეესტრი;

ბ) საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ადმინისტრაციის ყოველწლიური ანგარიში;

გ) განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება. შეადგინოს წლიური ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ფინანსთა სამინისტროებს;

ე) ითანამშრომლოს და გაუწიოს მეთოდური ხელმძღვანელობა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობით ორგანოებს საავტომობილო ტრანსპორტის ფუნქციონირების საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 27 იანვრის ბრძანება №09 -სსმIII,№8,30.01.2003წ.,მუხ.81

    მუხლი 3. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) იურიდიული სამმართველო;

ბ) საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო;

დ) ბუხჰალტერია;

ე) კადრებისა და სპეცსამუშაოების განყოფილება;

ვ) საქმისწარმოების განყოფილება;

ზ) მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება;

თ) ავტოსატრანსპორტო საქმიანობის კონტროლისა და უსაფრთხოების სამსახური;

თ.ა) კონტროლის სამმართველო;

თ.ბ) უსაფრთხოების სამმართველო;

ი) სერტიფიკაციის სამმართველო;

კ) სატვირთო გადაზიდვების სამმართველო;

ლ) სამგზავრო გადაზიდვების სამმართველო;

მ) საერთაშორისო გადაზიდვების სამმართველო;

ნ) ფინანსებისა და ფასწარმოქმნის სამმართველო;

ო) ეკონომიკური რეფორმების სამმართველო;

პ) უზრუნველყოფის სამმართველო;

პ.ა) ინფორმაციული ბაზის განყოფილება;

პ.ბ) სამეურნეო განყოფილება;

პ.გ) ტექნიკური პერსონალის ჯგუფი;

ჟ) რეგიონალური მართვის სამსახური;

რ) ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის რეგიონალური სამმართველოები:

რ.ა) თბილისის;

რ.ბ) იმერეთის;

რ.გ) სამცხე-ჯავახეთის;

რ.დ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის;

რ.ე) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის;

რ.ვ) ქვემო ქართლის;

რ.ზ) შიდა ქართლის;

რ.თ) მცხეთა-მთიანეთის;

რ.ი) კახეთის;

რ.კ) ფოთის;

რ.ლ) გურიის.

2. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს მიმართავენ ადმინისტრაციის თავმჯდომარის მეშვეობით.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 27 იანვრის ბრძანება №09 -სსმIII,№8,30.01.2003წ.,მუხ.81

    მუხლი 4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა

1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი.

2. თავმჯდომარეს ჰყავს ერთი პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე;

3. თავმჯდომარის სამართლებრივი აქტია გადაწყვეტილება.

4. თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. თავმჯდომარის მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

6. თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის საქმიანობას თავმჯდომარის არყოფნისას.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002  წლი ს 18 თებერვლის ბრძანება №18 -სსმIII,№18,27.02.2002წ.,მუხ.169

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002  წლის 24  მაისის ბრძანება №47 -სსმIII,№52,29.05.2002წ.,მუხ.494

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 27 იანვრის ბრძანება №09 -სსმIII,№8,30.01.2003წ.,მუხ.81

    მუხლი 5. ადმინისტრაციის თავმჯდომარე

1. თავმჯდომარე კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციას და იღებს გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) პასუხს აგებს ადმინისტრაციის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, მის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

გ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციის წინაშე დასმული ამოცანების შესრულებას. პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა სამართლებრივი აქტების, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე;

დ) ანგარიშვალდებულია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციებს მინისტრის წინაშე;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, სხვა ხელმძღვანელ პირებს და აპარატის თანამშრომლებს. თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გარკვეული თანამდებობის დასაკავებლად შეიძლება გამოცხადდეს კონკურსი;

ვ) ამტკიცებს ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

ზ) ანაწილებს ფუნქციებს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის;

თ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან შეთანხმებით:

თ.ა) განსაზღვრავს ადმინისტრაციის საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს;

თ.ბ) იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ქონების შეძენის, გასხვისებისა და დატვირთვის შესახებ;

ი) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ფინანსთა სამინისტროებთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას შემდეგ საკითხებზე:

ი.ა) სესხის აღება;

ი.ბ) თავდებობა;

კ) ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს ადმინისტრაციის მოსამსახურეებისადმი;

ლ) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის ქმნის კომისიებს და ამტკიცებს მათ დებულებებს;

მ) დადგენილი წესით საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;

ნ) აწარმოებს მოქალაქეების მიღებას;

ო) ადმინისტრაციის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკისრებს დისციპლინური პასუხისმგებლობას ან ახორციელებს მათ მიმართ წამახალისებელ ღონისძიებებს;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს ადმინისტრაციის მფლობელობაში არსებულ ქონებას;

ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინდობილობის გარეშე მოქმედებს ადმინისტრაციის სახელით, დებს შეთანხმებებს, ხელშეკრულებებსა და სხვა გარიგებებს, იძლევა მინდობილობებს.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 27 იანვრის ბრძანება №09 -სსმIII,№8,30.01.2003წ.,მუხ.81

    მუხლი 6. ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილეები

1. ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება ადმინისტრაციის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

2. ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობენ განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობას.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 27 იანვრის ბრძანება №09 -სსმIII,№8,30.01.2003წ.,მუხ.81

    მუხლი 7. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფი

1. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის  პირველ მოადგილეს ან  მოადგილეს .

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) აბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს;

ე) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების გადასაწყვეტად;

ვ) წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს;

თ) დადგენილი წესით ახორციელებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 27 იანვრის ბრძანება №09 -სსმIII,№8,30.01.2003წ.,მუხ.81

    მუხლი 8. სამგზავრო გადაზიდვების სამმართველო

სამგზავრო გადაზიდვების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სამგზავრო გადაზიდვების გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა, სამგზავრო რეგულარული საავტობუსო მარშრუტების რეგულირება, საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანების ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის, მათ შორის კონკურსების ჩატარების ორგანიზება. გადამზიდველთა საქმიანობის მონიტორინგი, სამარშრუტო რეესტრის წარმოება, სამგზავრო  გადამზიდველების აღრიცხვა, მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 27 იანვრის ბრძანება №09 -სსმIII,№8,30.01.2003წ.,მუხ.81

    მუხლი 9. საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სამმართველო

საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სატვირთო გადაზიდვების გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა, სატვირთო გადაზიდვების რეგულირება, მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, სატვირთო საავტომობილო გადამზიდველების აღრიცხვა, სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურებისათვის ხელშეწყობა.

     მუხლი 10. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის კონტროლისა და უსაფრთხოების სამსახური

ავტოსატრანსპორტო საქმიანობის კონტროლისა და უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ამოცანაა ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სისტემის სრულყოფა, მისი ფუნქციონირების მონიტორინგი და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში დასაქმებულ მეწარმეთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მექანიზმების პრაქტიკული ამოქმედებისათვის ხელშეწყობა, ავტოსატრანსპორტო მომსახურების ბაზარზე კონკურენციის განვითარებისა და ანტიმონოპოლიური საქმიანობისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა, ავტოსატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა უფლებების დაცვისადმი ზედამხედველობის განხორციელებისათვის ხელშეწყობა. საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის სახელმწიფო სისტემის სრულყოფაში და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, მძღოლთა სამედიცინო და ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების სისტემის ორგანიზებაში, კოორდინაციასა და მისი ფუნქციონირებისათვის ლეგალური ბაზის უზრუნველყოფაში მონაწილეობა, საავტომობილო ტრანსპორტში ეკოლოგიური უსაფრთხოების მეთოდებისა და საშუალებების დამუშავებაში  და ეფექტური სქემების გამოყენებაში მონაწილეობა.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 27 იანვრის ბრძანება №09 -სსმIII,№8,30.01.2003წ.,მუხ.81

    მუხლი 11. სერტიფიკაციის სამმართველო

სერტიფიკაციის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა მომხმარებელთა უფლებების, მოქალაქეთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სასერტიფიკაციო საქმიანობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 27 იანვრის ბრძანება №09 -სსმIII,№8,30.01.2003წ.,მუხ.81

    მუხლი 12. ფინანსებისა და ფასწარმოქმნის სამმართველო

ფინანსებისა და ფასწარმოქმნის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ტარიფების დადგენასა და რეგულირებასთან დაკავშირებული წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების შემუშავება, ადმინისტრაციის ბიუჯეტის პროექტის შედგენა, რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრაში და მისი გადახდის უზრუნველყოფაზე მონიტორინგში მონაწილეობის მიღება, ადმინისტრაციის სახსრების ხარჯვისათვის კონტროლის დაწესება, საშტატო ნუსხის ფორმირება და დასამტკიცებლად წარდგენა.

    მუხლი 13. ეკონომიკური რეფორმების სამმართველო

ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ავტოსატრანსპორტო საქმიანობის მოკლე და გრძელვადიანი ინდიკატური გეგმების მაჩვენებლების პროგნოზირება, საავტომობილო ტრანსპორტის რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაციაში ხელშეწყობა, რეგულირების ყოველწლიური საფასურის ამოღების მექანიზმების სრულყოფაში მონაწილეობა, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საკონკურსო გარემოს შექმნისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შემუშავება და წინადადებების წარმოდგენა.

     მუხლი 14. საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველო

საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების პროცესთა ინფორმაციული უზრუნველყოფა, კომპიუტერული სისტემით დაკავშირებული საინფორმაციო ცენტრის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მონაცემთა ბანკის შედეგების ანალიზი ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 27 იანვრის ბრძანება №09 -სსმIII,№8,30.01.2003წ.,მუხ.81

     მუხლი 15. საერთაშორისო გადაზიდვების სამმართველო

საერთაშორისო გადაზიდვების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე სამთავრობათაშორისო  ხელშეკრულებების პროექტების მომზადებასა და გაფორმებაში მონაწილეობა, მათი რეალიზაციის უზრუნველყოფა, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების რეგულირება, მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, საერთაშორისო სამარშრუტო რეესტრის წარმოება.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 27 იანვრის ბრძანება №09 -სსმIII,№8,30.01.2003წ.,მუხ.81

    მუხლი 16. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ადმინისტრაციის საერთაშორისო საავტომობილო ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, კონვენციებთან შეერთებისა და რატიფიკაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება, მათი რეალიზაციისათვის ხელშეწყობა, საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვა და მომზადება, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და მათი დანერგვის რეკომენდაციების შემუშავება.

     მუხლი 17. უზრუნველყოფის სამმართველო

უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება და წარმოება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ორგანიზება და განხორციელება, ძირითადი საშუალებების და მატერიალურ ფასეულობათა მოვლა – პატრონობა, სარეკლამო-საკონსულტაციო საქმიანობის ორგანიზება და განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების რეალიზაცია, დარგობრივი სპეციფიური დოკუმენტაციისა და აღჭურვილობის წარმოების, შენახვისა და მომხმარებლებზე მიწოდების ორგანიზება, კონფერენციების, გამოფენების, ჩვენებებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა, ინფორმაციული ბაზის უზრუნველყოფა.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 27 იანვრის ბრძანება №09 -სსმIII,№8,30.01.2003წ.,მუხ.81

    მუხლი 18. იურიდიული სამმართველო

იურიდიული სამმართველოს ძირითადი ამოცანაა საავტომობილო ტრანსპორტის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, საავტომობილო ტრანსპორტის კანონმდებლობის სისტემატიზაცია, ადმინისტრაციის ინტერესების წარმოდგენა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას, შემოსული საჩივრების განხილვა, ადმინისტრაციის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების იურიდიული ექსპერტიზის განხორციელება.

    მუხლი 19. ბუჰხალტერია

ბუხჰალტერიის ძირითადი ამოცანაა ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების საბუხჰალტრო აღრიცხვა-ანგარიშებში სრულად ასახვა და კონტროლი, ოპერატიული ინფორმაციისა და ბუხჰალტრული ანგარიშების დროული შედგენა და წარდგენა.

     მუხლი 20. კადრებისა და სპეც. სამუშაოების განყოფილება

კადრებისა და სპეც.სამუშაოების განყოფილების ძირითადი ამოცანაა ადმინისტრაციის აპარატის მომსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების მომზადება, მათი პირადი საქმეებისა და შრომის წიგნაკების წარმოება, საპენსიო და დაჯილდოების საბუთების გაფორმება, შრომის დისციპლინის დაცვაზე ზედამხედველობა, ვაკანტური თნამდებობის დასაკავებლად კონკურსებისა და ტესტირების ორგანიზება, ადმინისტრაციის საკადრო პოლიტიკის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა, სპეც.სამუშაოების წარმართვა და სამობილიზაციო საქმიანობაში მონაწილეობა.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 27 იანვრის ბრძანება №09 -სსმIII,№8,30.01.2003წ.,მუხ.81

     მუხლი 20​1. საქმის წარმოების განყოფილება

საქმის წარმოების განყოფილების ძირითადი ამოცანაა საქმის წარმოების ორგანიზება და მართვა, ადმინისტრაციაში შემოსული დავალებებისა და თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესრულებაზე ზედამხედველობა.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 27 იანვრის ბრძანება №09 -სსმIII,№8,30.01.2003წ.,მუხ.81

     მუხლი 20​2. მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ძირითადი ამოცანაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა და საზოგადოების ინფორმირება ადმინისტრაციის საქმიანობის განხორციელებისა და დარგში არსებული მდგომარეობის თაობაზე.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 27 იანვრის ბრძანება №09 -სსმIII,№8,30.01.2003წ.,მუხ.81

     მუხლი 20​3.რეგიონალური მართვის სამსახური

რეგიონალური მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ადმინისტრაციის ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის რეგიონალური სამმართველოების საქმიანობს მართვა და კოორდინაცია, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე ზედამხედველობა.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 27 იანვრის ბრძანება №09 -სსმIII,№8,30.01.2003წ.,მუხ.81

    მუხლი 21. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის რეგიონალური სამმართველოები

ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის რეგიონალური სამმართველოების ძირითადი ამოცანაა რეგიონში ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება, მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ავტოსატრანსპორტო მომსახურების ბაზარზე საკონკურენციო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სასერტიფიკაციო საქმიანობის განხორციელების კანონმდებლობით დადგენილი წესით, ავტოსატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა უფლებების დაცვისადმი ზედამხედველობის განხორციელება, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების დარგობრივ-სპეციფიკური ფორმების და დოკუმენტების ბლანკების რეგიონის მეწარმეთა მიწოდების ორგანიზება, ავტოსატრანსპორტო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციების და მონაცემების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისათვის მიწოდება.

    მუხლი 22. ადმინისტრაციის ბიუჯეტი

1. ადმინისტრაცია ვალდებულია, ყოველი წლის 1 სექტემბრისათვის მოამზადოს და გამოაქვეყნოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ადმინისტრაციის შემოსავალი და, მათ შორის, ადმინისტრაციის თავმჯდომარისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასი.

2. ადმინისტრაციის ბიუჯეტს ქმნის  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაფინანსების წყაროები, აგრეთვე ტექნიკური დახმარების და გრანტების სახით მიღებული სახსრები და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. (ამოღებულია).

4. ადმინისტრაცია უფლებამოსილია ადმინისტრაციის ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომია ან დამატებითი შემოსავლები, მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოიყენოს სხვა მუხლების დასაფინანსებლად.

5. თუ მიღებული შემოსავლები არ ფარავს ადმინისტრაციის მიმდინარე ხარჯებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციებისა და ფინანსთა სამინისტროებთან შეთანხმებით აიღოს სესხი. ამ სესხისა და შესაბამისი პროცენტის გასტუმრება ხდება მომავალი წლის ბიუჯეტიდან.

6. ადმინისტრაციის ბიუჯეტს შესაბამის დასაბუთებასთან ერთად ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის წარდგინებით.

7. ადმინისტრაციის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ფინანსთა სამინისტროების მიერ ერთობლივად დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. აუდიტორის საქმიანობისათვის საჭირო თანხას გაიღებს ადმინისტრაცია.

8. სამინისტროს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის ადმინისტრაციის შემოსავლიდან სამინისტროს ანგარიშზე გადასარიცხი პროცენტის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003  წლი ს 14 ივლისის ბრძანება №40 -სსმIII, №74,24.07.2003წ.,მუხ.679

    მუხლი 23. ადმინისტრაციის სახელმწიფო კონტროლი

1. ადმინისტრაცია ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც ითვალისწინებს მისი საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ზედამხედველობას.

2. ადმინისტრაციის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.

3. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს ადმინისტრაციის თავმჯდომარის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 24. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებით.

2. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონის საფუძველზე.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“, №111, 28.12.2001, სარეგისტრაციო კოდი 310150000.11.115.005100 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1346430-4/