საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.09.2001 ძალადაკარგული 10.10.2007
ნომერი
№219
სარეგისტრაციო კოდი
190010000.11.117.004986
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 104, 02/10/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.11.117.004.986

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №219

2001 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ” 1999 წლის 19 მაისის №303 და „საქართველოს  ფინანსთა  სამინისტროს  სახელმწიფო  სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 დეკემბრის №523 ბრძანებულებების, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანების „სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” შესასრულებლად,ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები (დანართი № 1-6).

2. დამტკიცდეს ქ. ფოთის და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულება (დანართი № 7).

3. ბრძანება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 6 ივნისის ბრძანება №302-სსმIII,№54,09.06.2003წ.,მუხ.471

დანართი №1

1.  სახაზინო სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი”) წარმოადგენს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებით და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახაზინო სამსახურის დებულებებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ სამმართველოებს:

1. ხარჯების განწერის სამმართველო

2. ვალდებულებების აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველო

    მუხლი 3. ხარჯების განწერის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები

სამმართველოს ძირითად ამოცანებს და ფუნქციებს წარმოადგენს:

1. ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტიდან მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების კვარტალური განწერის და მხარჯველი სუბიექტებიდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების საფუძველზე თითოეული მხარჯველი სუბიექტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების კვარტალური განწერის მომზადება.

 2. თითოეული მხარჯველი სუბიექტის მიხედვით გაწერილი კვარტალური გეგმების დაშვება საანგარიშსწორებო ცენტრზე, საოპერაციო დეპარტამენტზე, ქ. ფოთისა და რეგიონალურ ხაზინებზე, აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტზე (ცენტრალიზებული ოპერაციები);

 3. ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტიდან კვარტალური გეგმის დაზუსტების (ცვლილების) თაობაზე მიღებული ცნობების აღრიცხვა. ამ ცნობების საფუძველზე შესაბამისი გეგმების დაზუსტება და გეგმების დაზუსტების ცნობების გადაცემა საანგარიშსწორებო ცენტრზე, აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტზე, საოპერაციო დეპარტამენტზე, ქ. ფოთისა და რეგიონალურ ხაზინებზე.

4. ზემოაღნიშნული წესით წლის განმავლობაში საბიუჯეტო დეპარატმენტიდან მიღებული ბიუჯეტის გეგმის ცვლილებებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიღებული შიდა გადანაწილებების გატარება და დაყვანა საანგარიშსწორებო ცენტრზე, საოპერაციო დეპარტამენტზე და შესაბამის მომსახურე რეგიონალურ ხაზინებზე;

5. წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სამინისტროებისა და უწყებებისათვის დამტკიცებული სპეცსახსრების ხარჯთაღრიცხვებისა და სამინისტროებიდან და უწყებებიდან წარმოდგენილი მათდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებზე დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვების სისწორის შემოწმება და სათანადო ფორმით დაყვანა საანგარიშსწორებო ცენტრზე, საოპერაციო დეპრატამენტზე ქ. ფოთისა და რეგიონალურ ხაზინებზე.

6. ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტიდან მიღებული სპეციალური სახელმწიფო ფონდების გეგმური მაჩვენებლების დამუშავება და გადაცემა საანგარიშსწორებო ცენტრზე და საოპერაციო დეპარტამენტზე.

7. ყოველთვიურად საოპერაციო დეპარტამენტიდან ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინებიდან წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა, ანალიზი, აღნიშნულის თაობაზე წინადადებებისა და შენიშვნების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

    მუხლი 4. ვალდებულებების აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები

 1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან სახაზინო სამსახურში შემოსული ფულადი ვალდებულებების აღრიცხვა და ბიუჯეტით დამტკიცებულ კლასიფიკაციით გათვალისწინებული ყველა მუხლის მიხედვით ბიუჯეტის შემოსავლებისა და დაფინანსების საპროგნოზო მაჩვენებლების საფუძველზე ფულადი ვალებულებების რეგისტრაცია.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინასებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილი ფულადი ვალდებულებების საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის განსახილველად წარდგენა.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად საბიუჯეტო ორგანიზაციიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროგრამული დამუშავება და საოპერაციო დეპარტამენტსა, აღრიცხვა ანგარიშგების დეპარტამენტსა და ქ. ფოთისა და რეგიონალურ სახაზინო სამსახურებისათვის გადასცემა.

4. საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან დაფინანსების შესახებ წარმოდგენილი საბიუჯეტო განაცხადების დადგენილი წესით აღრიცხვა, განხილვა, ანალიზი და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.

5. დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

6. დეპარტამენტი პასუხისმგებელია საანგარიშსწორებო ცენტრზე, საოპერაციო დეპარტამენტზე, ქ. ფოთისა და რეგიონალურ ხაზინებზე დაშვებული გეგმების და გეგმის ცვლილებების შესაბამისობაზე ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტიდან და მხარჯავი სუბიექტებიდან მიღებული ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობასა და შესაბამის განაწილებებზე, დარეგისტრირებულ ფულად ვალდებულებებზე, ასევე, დეპარტამენტის კომპენტენციაში შემავალი საკითხების შესახებ მომზადებული მასალების სიზუსტეზე.

    მუხლი 5. დეპარტამენტის უფლებამოსილება

დეპარტამენტი უფლებამოსილია მოითხოვოს:

1. ბიუჯეტის ხარჯების შესრულების შესახებ ანგარიშები საოპერაციო დეპარტამენტიდან ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინებიდან.

2. საჭიროების შემთხვევაში მხარჯველი სუბიექტებიდან შესაბამისი დოკუმენტაცია და ბიუჯეტის განწერის შესაბამისი ხარჯების გეგმური მაჩვენებლების განაწილებები.

3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ინფორმაცია ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

    მუხლი 6. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებიან და თავისუფლდებიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსი:

ა) დეპარტამენტის უფროსი კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საერთო მუშაობას;

ბ) დეპარტამენტის მუშაკთა შორის ანაწილებს მოვალეობებს და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

 გ) ხელს აწერს და ვიზას აძლევს დეპარტმენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

 დ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას, მატერიალური წახალისების ან მათთვის დიციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

 ე) ასრულებს სამსახურის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს;

 ვ) ანგარიშვალდებულია “სამსახურის” უფროსის წინაშე დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

 ზ) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე “სამსახურის” უფროსის მითითებით;

5. სამმართველოს უფროსები კოორდინაციას უწევენ შესაბამის სამმართველოებზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

    მუხლი 7. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 6 ივნისის ბრძანება №302-სსმIII,№54,09.06.2003წ.,მუხ.471

დანართი №2

2.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის განვითარებისა და პროგნოზირების დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) განვითარებისა და პროგნოზირების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებით და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახაზინო სამსახურის და წინამდებარე დებულებებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს წარმოადგენს:

1. სამსახურის განვითარებისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით წინადადებების სამსახურის უფროსისთვის წარდგენა და მათი მიღების შემთხვევაში ამ წინადადებებზე თეორიული მუშაობის გაგრძელება, რათა ისინი პრაქტიკულად განხორციელდნენ.

2. მუშაობა სამსახურისთვის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი წარმომადგენლების და საქართველოს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიცემულ დავალებებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც სამსახურის განვითარებასა და რეფორმირებას ეხება;

3. სამსახურის დანარჩენი დეპარტამენტების მიერ მისთვის წარდგენილი წინადადებების განხილვა და თავისი დასკვნის მომზადება.

4. სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით სამსახურის მიერ გასაწევი აუცილებელი, გადაუდებელი ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ხარჯების პროგნოზირება შესაბამისი პერიოდის დადგომამდე და/ან სამსახურის უფროსის მოთხოვნის შესაბამისად.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან, აგრეთვე საქართველოს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობით და მისთვის ყველა ხელმისაწვდომი საჭირო ინფორმაციის გამოყენებით სამსახურის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი ანგარიშების შემოსავლების პროგნოზირება.

6. დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

    მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

დეპარტამენტი უფლებამოსილია:

მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისთვის სამსახურის დანარჩენი დეპარტამენტებისგან მოითხოვოს დასკვნები საკუთარ წინადადებებზე და პროგნოზირებისთვის აუცილებელი ინფორმაცია.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

 2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი;

4. დეპარტამენტის უფროსი:

ა) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საერთო მუშაობას;

ბ) დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის ანაწილებს მოვალეობებს და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) ხელს აწერს და ვიზას აძლევს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) ასრულებს სამსახურის დებულებით და ამ დებულებით სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს;

ვ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

5. უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის ფუნქციებს ასრულებს უფროსის მოადგილე.

    მუხლი 5. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 6 ივნისის ბრძანება №302-სსმIII,№54,09.06.2003წ.,მუხ.471

 

დანართი №3

3.  სახაზინო სამსახურის საანგარიშსწორებო ცენტრის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სამსახურის) საანგარიშსწორებო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებით და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახაზინო სამსახურის დებულებებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 2. ცენტრის სტრუქტურა

1. ცენტრის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს წარმოადგენს:

ანგარიშსწორების სამმართველო:

ა) დამტკიცებული კლასიფიკაციის შესაბამისად, ახორციელებს სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების სპეციალური შემოსავლების აღრიცხვას საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე;

ბ) ახორციელებს საოპერაციო დეპარტამენტიდან მიღებული საგადასახადო დავალებების შესაბამის დამუშავებას, მომზადებას და წარდგენას ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად, ხოლო შემდგომ ეროვნული ბანკიდან შესაბამისი დოკუმენტაციის მიღების შემდეგ ხარჯების საბოლოო დადასტურებას;

გ) ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტიდან ელექტრონული და დოკუმენტალური ინფორმაციების იდენტურობის შემთხვევაში, საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინებისათვის გეგმების, ხარჯთაღრიცხვების და მისი ცვლილებების ელექტრონული ინფორმაციის გადაცემას.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლების აღრიცხვის სამმართველო:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე ახორციელებს ცენტრალური ბიუჯეტის და სპეციალური სახელმწიფო ფონდების საბიუჯეტო შემოსავლების აღრიცხვას, ანგრიშგებას და ანგარიშსწორებას;

ბ) დამტკიცებული კლასიფიკაციის შესაბამისად, ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლების აღრიცხვა-ანგარიშგებას გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლების და სხვა შემოსულობების სახეების მიხედვით;

გ) ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების აღრიცხვა-ანგარიშგებას ადმინისტრაციულ ჭრილში და სასაქონლო ჯგუფების მიხედვით.

3. საანგარიშსწორებო ცენტრი სახაზინო სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მონაწილეობს სახაზინო სისტემის ფუნქციონირების სრულყოფაში, ფინანსური აღრიცხვისა და სახაზინო სისტემის პროცედურულ საკითხთა პროექტირების შემუშავებაში.

    მუხლი 3. ცენტრის ხელმძღვანელობა

1. ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ცენტრის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ცენტრის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

4. ცენტრის უფროსი:

ა) მუშაკთა შორის ანაწილებს მოვალეობებს და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) უზრუნველყოფს ცენტრის მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს და ვიზას აძლევს ცენტრში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) შუამდგომლობს ცენტრის თანამშრომლების კვალისფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) ასრულებს სამსახურის დებულებით და ამ დებულებით სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს;

ვ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

5. ცენტრის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე სამსახურის უფროსის მითითებით.

6. სამმართველოს უფროსი ასრულებს და კოორდინაციას უწევს სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

    მუხლი 4. ცენტრის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

ცენტრის რეორგანიზაცია ან ფუნქციონირების შეწყვეტა ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 6 ივნისის ბრძანება №302-სსმIII,№54,09.06.2003წ.,მუხ.471

 

დანართი №4

4.  სახელმწიფო სახაზინო სამსახურის ინფორმატიკის დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ინფორმატიკის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებით და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახაზინო სამსახურის დებულებებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურა მოიცავს:

1. პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო;

2. ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებსა და ამოცანებს შეადგენს:

1. პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) სახაზინო სამსახურის ერთიანი მონაცემთა ბაზის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტური ფუნქციონირება და მონაცემთა დაცვა;

ბ) სამსახურში შემავალი დეპარტამენტების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;

გ) სახაზინო სამსახურში შემავალი დეპარტამენტების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების უზრუნველყოფა ინფორმაციით საერთო მონაცემთა ბაზიდან მათი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) სახაზინო სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ახალი ამოცანების გამოკვლევა და მათი დამუშავების მეთოდებისა და ალგორითმების დადგენა, მათ საფუძველზე კომპიუტერიზაციის ტექნიკური პროექტებისა და ტექნიკური დავალებების შემუშავება;

ე) ახალი პროგრამული სისტემების შექმნა და არსებულ პროგრამულ პროდუქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

ვ) სახაზინო სამსახურის დეპარტამენტების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების შემომავალი ინფორმაციის ტექნიკური ანალიზი და სისტემატიზირება;

ზ) ერთიანი მონაცემთა ბაზიდან გამომავალი ინფორმაციის შინაარსისა და ფორმების შემუშავება სახაზინო სამსახურში შემავალი დეპარტამენტების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების მოთხოვნილებათა მიხედვით. კომპიუტერული, სისტემური და მონაცემების შიდა სამსახურებრივი სტანდარტების შემუშავება;

თ) სახაზინო სამსახურის ვებ სერვერის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ვებგვერდებზე ინფორმაციების განთავსება საერთო მონაცემთა ბაზიდან;

ი) სახაზინო სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მონაცემების მოპოვება და ინფორმაციის ახალი, ალტერნატიული წყაროების გამოვლენა.

2. ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების კომპიუტერული სისტემების ინტეგრაცია საერთო ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში;

ბ) სასწავლო მასალის მომზადება და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება კომპიუტერებისა და ტელესაკომუნიკაციო სისტემათა სარგებლობის შესახებ.

გ) სახაზინო სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ქვედანაყოფების კომუნიკაციური სისტემებითა და ქსელური კავშირით უზრუნველყოფა. ქსელში ჩართული მომხმარებლების ადმინისტრირება, საერთაშორისო ქსელი INTERNET-ით სარგებლობის საშუალების უზრუნველყოფა. როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ელექტრონული ფოსტით სარგებლობის უზრუნველყოფა.

დ) სამსახურის სისტემაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის, ლოკალური ქსელისა და ქსელის აქსესუარების ტექნიკური მომსახურება.

    მუხლი 4. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

1. სახაზინო სამსახურში შემავალი დეპარტამენტების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების კომპიუტერულ სისტემებში ნებისმიერი ტექნიკური ან პროგრამული ცვლილებები შეთანხმებული უნდა იქნას დეპარტამენტთან.

2. სახაზინო სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის კორექტულობის უზრუნველსაყოფად დეპარტამენტი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ბაზაში შეტანილი მონაცემების შესაბამისი დოკუმენტაცია.

3. დაუშვებელია დეპარტამენტთან შეთანხმების გარეშე ინფორმატიკის დეპარტამენტის მიერ სახაზინო სამსახურში დანერგილი პროგარამული სისტემებისა და ტექნოლოგიების გადაცემა:

 ა) სახაზინო სამსახურში შემავალ დეპარტამენტებს, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინებს შორის;

 ბ) სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირებისათვის.

    მუხლი 5. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილე.

2. დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსი:

 ა) დეპარტამენტის უფროსი კოორდინაციას უწევს საერთო მუშაობას;

 ბ) დეპარტამენტის მუშაკთა შორის ანაწილებს მოვალეობებს და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

 გ) ხელს აწერს და ვიზას აძლევს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

 დ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

 ე) ასრულებს სამსახურის დებულებით და ამ დებულებით სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს;

 ვ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

5. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს უფროსის მოადგილე.

6. სამმართველოს უფროსი ასრულებს და კოორდინაციას უწევს სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

    მუხლი 6. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 6 ივნისის ბრძანება №302-სსმIII,№54,09.06.2003წ.,მუხ.471

 

დანართი №5 

(ძალადაკარგულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 6 ივნისის ბრძანება №302-სსმIII,№54,09.06.2003წ.,მუხ.471

 

დანართი №6

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1 ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდეგში – დეპარტამენტი), არის სახელმწიფო სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახაზინო სამსახურის დებულებები და ეს დებულება.

3. დეპარტამენტი მასზედ დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე;

    მუხლი 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსთან გამართული თათბირების ორგანიზაცია, სხდომის დღის წესრიგის ფორმირება, საჭიროების შემთხვევაში ოქმის გაფორმება;

2. სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინებისათვის კადრების შერჩევა, განაწილება, დაწინაურება და მომზადება-გადამზადებისათვის წინადადებების მომზადება;

3. სახაზინო სამსახურის სისტემის მოხელეთათვის საატესტაციო-საკონკურსო ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხების მომზადება, სახაზინო სამსახურის უფროსის დავალებით ატესტაცია-კონკურსის ჩასატარებლად დოკუმენტაციის სამართლებრივი ბაზის მომზადება.

4. სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების მოხელეთა შრომის გეგმების, შესანახი ხარჯების, მისი შესრულების ანგარიშებისა და ხარჯთანუსხების შედგენა;

5. სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა მიერ შრომის დისციპლინისა და შრომის შინაგანაწესის დაცვისადმი კონტროლი;

6. საქმის წარმოების ერთიანი წესების დაცვით, სახაზინო სამსახურში შემოსული და სახაზინო სამსახურიდან გასული კორესპონდენციების დამუშავება, (რეგისტრაცია, ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, შემსრულებლებამდე დაყვანა, შესრულებული დოკუმენტების გაგზავნა ადრესატებისათვის.);

7. სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სახაზინო სამსახურის საოფისე შენობის მოვლა, თითოეული მოხელისათვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნა, მათი უზრუნველყოფა სამუშაო გარემოს შექმნით;

    მუხლი 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილება

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს დაკისრებული ამოცანებისა და სახაზინო სამსახურში შრომის ორგანიზაციისა და საშემსრულებო დისციპლინის განმტკიცების უზრუნველსაყოფად.

2. სახაზინო სამსახურის ხელმძღვანელთა დავალებით ახორციელებს სისტემის მოხელეთა შერჩევასა და განაწილებას, ამზადებს ბრძანებებისა და წერილების პროექტებს, რომელზედაც ხელი უნდა მოაწეროს სამსახურის ხელმძღვანელობამ (მოხელეთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და გადაადგილების შესახებ).

3. ამზადებს სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის, ქ. ქოთისა და რეგიონალური ხაზინების საშტატო განრიგს, შეიმუშავებს სტრუქტურას და საშტატო განრიგში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ბრძანების პროექტს და წარუდგენს ხელმძღვანელობას.

4. სახაზინო სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ქ. ფოთისა და რეგიონალურ ხაზინებს შესასრულებლად და სახელმძღვანელოდ უგზავნის მინისტრის და სახაზინო სამსახურის მითითებებს, რეკომენდაციებს, წერილებსა და სხვა მასალებს დადგენილი წესით.

5. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ადგენს სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის , ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტებს.

6. აფორმებს და გასცემს, პირადობის მოწმობებს, სახაზინო სამსახურის სისტემის მოხელეებისათვის, მრავალჯერად და ერთჯერად საშვებს კლიენტებისათვის.

7. სახაზინო სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენს სისტემის შვებულებების გრაფიკს დასამტკიცებლად. გრაფიკის შესაბამისად აფინანსებს და არეგულირებს მოხელეთა შვებულებებში გასვლის საკითხებს.

8. პერიოდულად შეისწავლის სახაზინო სამსახურის მოხელეთა საშემსრულებლო დისციპლინას, კონტროლზე აყვანილ დავალებათა შესრულების მდგომარეობას.

9. აკონტროლებს სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მუშაობის შინაგანაწესის დაცვას და წინადადებებს წარუდგენს ხელმძღვანელობას.

    მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული მოწყობა და საქმიანობის ორგანიზაცია

1. სახაზინო სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.

2. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) კადრებთან მუშაობის სამმართველო;

ბ) სამეურნეო სამმართველო;

გ) კანცელარია-სამდივნო.

3. დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.

4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი პასუხისმგებელია დეპარტამენტის მუშაობაზე,იგი ახორციელებს დეპარტამენტის საერთო ხელმძღვანელობას.

5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორს უფლება აქვს:

ა) გაანაწილოს ფუნქციები დეპარტამენტის მოხელეებს შორის;

ბ) მოისმინოს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფის ხელმძღვანელთა ინფორმაციები,დაკისრებული ფუნქციების შესახებ;

გ) ხელი მოაწეროს წერილებს, რომლებიც დაკავშირებულია დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტასთან.

    მუხლი 5. დეპარტამენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

დანართი №7

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. საქართველოს ხაზინა არის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო, ერთიანი ცენტრალიზებული ორგანო, ხოლო რეგიონალური ხაზინები მისდამი დაქვემდებარებული ორგანოებია, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების, სახელმწიფო ფინანსური აქტივებისა და პასივების (გარდა ეროვნული ბანკის აქტივებისა) აღრიცხვას და მომსახურებას.

2. რეგიონალური ხაზინები ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე.

3. ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების (შემდგომში – რეგიონალური ხაზინები) შექმნის შესახებ, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. რეგიონალური ხაზინების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ეს ტიპური დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დაქვემდებარებული ხაზინებია:

ა) რეგიონალური ხაზინა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;

ბ) რეგიონალური ხაზინა შიდა ქართლის მხარეში;

გ) რეგიონალური ხაზინა ქვემო ქართლის მხარეში;

დ) რეგიონალური ხაზინა კახეთის მხარეში;

ე) რეგიონალური ხაზინა იმერეთის მხარეში;

ვ) რეგიონალური ხაზინა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში;

ზ) რეგიონალური ხაზინა გურიის მხარეში;

თ) რეგიონალური ხაზინა მცხეთა-მთიანეთის მხარეში;

ი) რეგიონალური ხაზინა სამცხე-ჯავახეთის მხარეში;

კ) რეგიონალური ხაზინა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მხარეში;

ლ) ქ. ფოთის ხაზინა.

5. რეგიონალური ხაზინები თავიანთ მუშაობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით: „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ  და №საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  ყოველწლიური კანონით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებით, სახაზინო სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით, სახაზინო სამსახურის დებულებებითა და ამ ტიპური დებულებით.

6. რეგიონალური ხაზინების საშტატო განრიგს ამტკიცებს სახაზინო სამსახურის უფროსი. რეგიონალური ხაზინების უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამ ორგანოების სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი რეგიონალური ხაზინის ხელმძღვანელის წარდგინებით. 

7. რეგიონალურ ხაზინებს აქვთ ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავიანთი დასახელებით, შესაბამისი ანგარიშები ბანკებში.

    მუხლი 2. რეგიონალური ხაზინების ფუნქციები

1. რეგიონალური ხაზინების ფუნქციებია:

ა. ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება და რეგიონში ცენტრალური ბიუჯეტის სახსრების მიმღებთა უზრუნველყოფა სათანადო დაფინანსებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული და სახაზინო სამსახურის მიერ დაგზავნილი კვარტალური გეგმების შესაბამისად.

ბ. რეგიონში ცენტრალური ბიუჯეტის ფულადი სახსრების მართვა. აგრეთვე საბიუჯეტო დაწესებულებების სპეციალური (არასაბიუჯეტო) შემოსავლების აღრიცხვა და ხარჯვის ორგანიზება დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

გ. რეგიონში ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების და სპეციალური (არასაბიუჯეტო) შემოსავლებისა და ხარჯების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა და სახაზინო სამსახურში წარდგენა.

    მუხლი 3. რეგიონალური ხაზინების უფლებამოსილებანი

1. მიაწოდოს ინფორმაცია ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს, აგრეთვე საბიუჯეტო სახსრების მიმღები ორგანიზაციების ხელმძღვანელებს საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

2. მოითხოვოს ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება-ორგანიზაციებიდან კვარტალური ხარჯთაღრიცხვები, აგრეთვე დადგენილ მინიმალურ თანხაზე ზევით (5000 ლარი) ხელშეკრულების (კონტრაქტების) რეგისტრაცია სახაზინო სამსახურში.

3. რეგიონალური ხაზინები საფინანსო ოპერაციებს ახორციელებენ ცენტრალური ბიუჯეტის სახსრების მიმღები ორგანიზაცია-დაწესებულებების დავალებით.

    მუხლი 4. სახელმწიფო ბიუჯეტის აღსრულება

1. შესაბამის რეგიონში საბიუჯეტო ვალდებულებებით გამოყოფილი საბიუჯეტო გეგმების ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტის სახსრების მიმღების სახელით ხარჯების განხორციელება ეკისრება რეგიონალურ ხაზინებს.

2. სახაზინო სამსახურიდან მიღებული სახსრებიდან რეგიონალური ხაზინები ახორციელებენ შესაბამის დაფინანსებას.

3. რეგიონალური ხაზინები საბიუჯეტო ორგანიზაციების დაფინანსებას ახდენენ დამტკიცებული გეგმისა და მასში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე.

    მუხლი 5. საბიუჯეტო აღრიცხვა-ანგარიშგება

1. რეგიონალური ხაზინები ყოველთვიურად ადგენენ ცენტრალური ბიუჯეტის და სპეციალური (არასაბიუჯეტო) შემოსავლებისა და ხარჯების შესრულების ანგარიშს, რომელსაც ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე წარადგენენ სახაზინო სამსახურში.

2. რეგიონალურ ხაზინებს ეროვნული ბანკის  ფილიალებში გააჩნიათ ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების ანგარიშები. მათ შორის, ანგარიშები უცხოურ ვალუტაში. იმ  შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს არ გააჩნია შესაძლებლობა ხარჯების რომელიმე ანგარიშის მომსახურებაზე ადგილმდებარეობის ან მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, მაშინ ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების ანგარიშები  შეიძლება გაიხსნას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად კომერციულ აგენტ ბანკებში.

3. ყველა ანგარიშების მართვას, ხარჯების გაწევასა და რეჟიმის განსაზღვრას აწარმოებს სახაზინო  სამსახური.

4. რეგიონალური ხაზინების მიერ ყოველთვიურად სახაზინო სამსახურში წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე სახაზინო სამსახურის აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი აღრიცხავს ცენტრალური ბიუჯეტის ყველა აქტივებსა და პასივებს, მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

    მუხლი 6. შიდა აუდიტი

1. რეგიონალური ხაზინების ოპერატიულ კონტროლს აწარმოებს სახაზინო სამსახური მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად სამართლებრივი უზრუნველყოფისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის მეშვეობით, ატარებს აგრეთვე რეგიონალური ხაზინების საფინანსო-სამეურნეო აუდიტს.

2. შიდა აუდიტის ჩატარებულ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაში შემოწმებით გამოვლენილი ნაკლოვანობათა შესახებ წინადადებებს წარუდგენს სახაზინო სამსახურის უფროსს, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის გაუმჯობესებისა და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით.

    მუხლი 7. რეგიონალური ხაზინების ხელმძღვანელობა

1. რეგიონალურ ხაზინას ჰყავს  უფროსი, რომელიც ორგანიზაციას უწევს რეგიონალური ხაზინის მუშაობას, პასუხს აგებს ხაზინაზე დაკისრებული ამოცანების გადაუჭრელობისათვის და ფუნქციების შეუსრულებლობისათვის.

2. რეგიონალური ხაზინის უფროსი ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის.

3. რეგიონალიური ხაზინის უფროსი, სახაზინო სამსახურის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს ხაზინის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებსა და სასამართლოებში.

4. რეგიონალური ხაზინის უფროსი ხელს აწერს მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ყველა დოკუმენტებს, ხოლო ფულად-საანგარიშსწორებო დოკუმენტებს – მთავარ ბუღალტერთან ერთად. პასუხისმგებელია ხაზინის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე.

5. რეგიონალური ხაზინის უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

    მუხლი 8. რეგიონალური ხაზინის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

1. რეგიონალური ხაზინის რეორგანიზაცია ან საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების შესახებ“, №219, 20.09.2001, სარეგისტრაციო კოდი 190010000.11.117.004986 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1354841-1/