საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.07.2006 ძალადაკარგული 14.04.2009
ნომერი
№2-121
სარეგისტრაციო კოდი
340010000.22.032.008909
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 96, 21/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.008.909

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-121

2006 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება.

3. ბრძანებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის ბრძანება №2-101 - სსმ III, №100 13.07.2007 წ., მუხ.1091

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. დეპარტამენტი მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის და მინისტრის მოადგილეების წინაშე.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები

დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობებია:

1. მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობისა და აგროქიმიის სფეროების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

ბ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

გ) მიწის კონსოლიდაციისა და რაციონალურად გამოყენების ხელშეწყობა;

დ) ნიადაგის ხარისხობრივი შეფასების (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნის ორგანიზება;

ე) აგროქიმიკატების ეფექტური და უსაფრთხო მოხმარების მეთოდიკისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) სოფლის მეურნეობის ტექნიკური გადაიარაღების, მანქანათა გამოყენების ოპტიმალური ფორმების შემუშავება;

ზ) სამინისტროს რეგიონული სამმართველოების საქმიანობის კოორდინაცია.

თ) დადგენილ ვადაში მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მიერ კანონპროექტების ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების, ინსტრუქციების, ბრძანებების, რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს უფლებამოსილებას განკუთვნილ საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;

ლ) კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოვალეობათა განხორციელება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის ბრძანება №2-101 - სსმ III, №100 13.07.2007 წ., მუხ.1091

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროული, კვალიფიციური და ეფექტური შესრულებისათვის;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მიმდინარე დავალებების, მათ შორის მინისტრის ზეპირი განკარგულებებისა და მითითებების შესრულებას და დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ანაწილებს ამ დავალებებსა და მითითებებს;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;

ზ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანების შესრულებისათვის;

თ) მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს, მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე.

4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;

გ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) დეპარტამენტის უფროსის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;

ე) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.

6. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

7. სამმართველოს უფროსი:

ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

8. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

9. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე;

ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;

გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის ბრძანება №2-101 - სსმ III, №100 13.07.2007 წ., მუხ.1091

    მუხლი 4. დეპარატამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) დარგობრივი განვითარების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა:

ა.ა) სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებში დასაქმებულთათვის რეკომენდაციების და კონსულტაციების გაწევა, აგროტექნოლოგიური რუკების შედგენაში დახმარება;

ა.ბ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების მეთესლეობის სისტემის, სარგავი მასალის წარმოებისა და მეცხოველეობის სანაშენე საქმის განვითარების ხელშეწყობა;

ა.გ) მემცენარეობაში, მეცხოველეობაში, მეთევზეობაში და აგროქიმიაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება;

ა.დ) სტიქიური მოვლენების დროს მიყენებული ზარალის შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ხელმძღვანელობისათვის მიწოდება;

ა.ე) მეცხოველეობის და მემცენარეობის დარგების მიხედვით ფერმერთა მონაცემთა ბაზის შექმნა და პერიოდული განახლება;

ა.ვ) სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების პროგრამების შემუშავება;

ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სამმართველო რომლის ძირითადი ამოცანაა:

ბ.ა) აგროსაინჟინრო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ბ.ბ) მოკვლევისა და ანალიზის ჩატარება ქვეყანაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მანქანების ნომენკლატურასა და რაოდენობაზე;

ბ.გ) ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ სფეროში არსებული ტექნიკის აღრიცხვიანობის განხორციელება მათი ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით;

ბ.დ) წინადადებების მომზადება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების შეძენა-განახლების მიზნით;

ბ.ე) ახალი, თანამედროვე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების გაცნობა და დემონსტრირება მათი ქვეყანაში დანერგვის მიზნით;

ბ.ვ) იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გრანტის ფარგლებში გამოყოფილი ,,საქართველოში სასურსათო პროდუქციის წარმოების გაზრდის“ დახმარების 2KR პროგრამის მართვა;

ბ.ზ) აგროსაინჟინრო სერვის-ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა;

გ) მიწათსარგებლობისა და რეგიონებთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა:

გ.ა) საქართველოს ნიადაგის ხარისხობრივი მახასითებლების (ნიადაგის ატლასების) ერთიანი საინფორმაციო ბაზის შენახვა, დაცვა, განახლება;

გ.ბ) საქართველოს ნიადაგის ხარისხობრივი მახასიათებლების ერთიანი საინფორმაციო ბაზის საფუძველზე მიზნობრივი თემატური რუკების შედგენა;

გ.გ) საქართველოს ნიადაგის ხარისხობრივი მახასიათებლების ერთიანი საინფორმაციო ბაზის საფუძველზე დაინტერესებულ პირთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება;

გ.დ) მიწის კონსოლიდაციის ხელშეწყობა;

გ.ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიების შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება;

გ.ვ) სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოების ინფორმაციული უზრუნველყოფა სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო საქმიანობებზე;

გ.ზ) სამინისტროს მიმდინარე პროექტებში რეგიონალური სამმართველოების მონაწილეობის კოორდიცია და ხელშეწყობა;

გ.თ) რეგიონალური სამმართველოების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიღება და დამუშავება;

გ.ი) რეგიონული სამმართველოების საქმიანობის კოორდინაცია.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის ბრძანება №2-101 - სსმ III, №100 13.07.2007 წ., მუხ.1091

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი

1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №2-121, 12.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 340010000.22.032.008909 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1431087-1/