სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.02.2012 ბოლო ცვლილება 18.11.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
020060030.10.003.016737
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №64

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1.  „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 7 ნოემბრის №698 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის დანერგვის მიზნით:

1. დამტკიცდეს სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის თანდართული სტანდარტი.

2. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებმა:

ა) რომლებიც უკვე ჩართულნი არიან საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში, მოიყვანონ თავიანთი პროგრამა თანდართულ სტანდარტთან შესაბამისობაში არა უგვიანეს 2012 წლის 1 აპრილისა ;

ბ) რომლებიც არ გამოიყენებენ საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემას, დანერგონ ამ სტანდარტის შესაბამისი ელექტრონული პროგრამა არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის დანერგვა განახორციელონ არა უგვიანეს 2013 წლის 1 ივნისისა, ხოლო ქალაქ თბილისის თვითმმართველმა ერთეულმა ამ სტანდარტის შესაბამისი ელექტრონული პროგრამა დანერგოს არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა.

მუხლი 2.  საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი პროგრამის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – ციფრული მმართველობის სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და მუნიციპალიტეტების დონეზე, აგრეთვე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსგან.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 22 აგვისტო დადგენილება №339 - ვებგვერდი, 22.08.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 მაისის დადგენილება №239 – ვებგვერდი, 22.05.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №413 – ვებგვერდი, 18.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის დადგენილება №71 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

მუხლი 3. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებმა, არა უგვიანეს 2012 წლის 1 მარტისა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინონ საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის ჩართვის გრაფიკი.

მუხლი 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტომ 2012 წლის 1 მაისამდე განახორციელოს საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი პროგრამების ურთიერთდაკავშირება და მონაცემთა გაცვლის უზრუნველყოფა.

მუხლი 5. ამ დადგენილების მოქმედება 2014 წლის 1 იანვრამდე ვრცელდება მხოლოდ №3 დანართით განსაზღვრულ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებზე, ხოლო 2014 წლის 1 იანვრიდან – ყველა სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაზე.

მუხლი 6. ამ დადგენილების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო სამსახურის ბიურომ.

მუხლი 7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ -მინისტრი             ნ . გილაური

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, №64, 21.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 020060030.10.003.016737 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1595719-4/