„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის" დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.08.2013 ბოლო ცვლილება 30.07.2025
ნომერი
№142
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016044
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (25)

შემდგომი ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (17)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №142

2013 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

 



+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი“.   
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2012 წლის 25 დეკემბრის №208 ბრძანება. 
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
+



საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი

 


+
თავი I
ზოგადი დებულებები

+
მუხლი 1. პრეამბულა 
1. ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი“ (შემდგომ – წესი) შემუშავებულია ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (შემდეგ – ჩიკაგოს კონვენცია) მე-6 დანართის (,,საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია”), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდეგ – იკაო) ოფიციალური გამოცემის Doc 8335 („ექსპლუატაციის ინსპექტირების, სერტიფიცირების და მუდმივი ზედამხედველობის სახელმძღვანელო”) და „საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ” შეთანხმების მოთხოვნების  საფუძველზე.

2. წესის მიზანია საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებისა და/ან საავიაციო სამუშაოების მწარმოებელი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

3. წესი ადგენს იმ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის, ან სერტიფიკატის მაძიებლის სერტიფიცირების ნორმებს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში.


+
მუხლი 2. ზოგადი დებულებები
1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის (შემდგომ – სერტიფიკატი) მიღების უფლება აქვს იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს და სურს განახორციელოს კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები, და/ან საავიაციო სამუშაოები.

2. აკრძალულია საჰაერო ხომალდის კომერციული მიზნით ექსპლუატაცია საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ ამ წესის შესაბამისად გაცემული ექსპლუატანტის სერტიფიკატის (შემდგომში „სერტიფიკატი“) გარეშე, რომელიც წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ საჰაერო ხომალდის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის შესაძლებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, უსაფრთხოდ განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები და/ან საავიაციო სამუშაოები იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია სერტიფიკატით, მისი დანართებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

2​1. ექსპლუატანტის სერტიფიკატი არ ესაჭიროება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს:

ა) საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას საკუთარი მიზნებისათვის;

ბ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას სასწავლო მიზნებისთვის;

გ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას.

3. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას და აღდგენას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებას, სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილების შეტანას, სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას, სერტიფიკატის გაუქმებას, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდეგ – სააგენტო).

4. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად, ამ წესის დებულებების გათვალისწინებით.

5. სერტიფიკატის მფლობელის მიერ პირობითი ამოსაცნობი აღნიშვნების (სამი ლათინური ასოსაგან შემდგარი კოდი, რომელსაც ანიჭებს იკაო) მიღება ხორციელდება იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 8585 (,,საფრენოსნო-საექსპლუატაციო სააგენტოების პირობითი ნიშნები”) დადგენილი წესით. ამავე ოფიციალური გამოცემით რეგულირდება სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში პირობითი ამოსაცნობი აღნიშვნების გაუქმება.

6.დაუშვებელია საქართველოში რეგისტრირებული სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებული სხ-ის იმავდროულად, სხვა სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში შეტანა. 

7. მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის კომერციული მიზნით საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის უფლება ექსპლუატანს ენიჭება ამ წესის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატის და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის საფუძველზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

8. დაუშვებელია ჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის დანართებში იმ საჰაერო ხომალდის შეტანა, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში  იმყოფებოდა იმ ექსპლუატანტის ოპერირების ქვეშ, რომელიც ამავე პერიოდში მოხვედრილი იყო ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 14 დეკემბრის №2111/2005 („იმ ავიაგადამზიდველების სიის ჩამოყალიბების თაობაზე, რომელთაც აკრძალული აქვთ საჰაერო მიმოსვლის განხორციელება გაერთიანების ფარგლებში“) რეგულაციით განსაზღვრულ სიაში.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 22.11.2017წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება №124 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №219 - ვებგვერდი, 07.10.2022წ.


+
მუხლი 2​1. საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის შენარჩუნება
 1. კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შემთხვევაში, ექსპლუატანტი ვალდებულია, გააჩნდეს სააგენტოს მიერ გაცემული საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიკატი.

2. თუ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი არ განახორციელებს კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას, ვალდებულია, სხ-ის საფრენად ვარგისობის შენარჩუნება უზრუნველყოს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული, საკუთარი ან კონტრაქტორი საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს მეშვეობით.

3.  ამ წესით გათვალისწინებული სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ სხ-ის ექსპლუატანტს არ გააჩნია სააგენტოს მიერ გაცემული, სხ-ის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების საწარმოს სერტიფიკატი ან ხელშეკრულება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სხ-ის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების საწარმოსთან.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №219 - ვებგვერდი, 07.10.2022წ.


+
თავი II
სერტიფიცირება

+
მუხლი 3. სერტიფიცირების ეტაპები 
1. სააგენტოს მიერ სერტიფიცირება ხორციელდება ოთხ ეტაპად:

ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო ეტაპი,  რომელიც მოიცავს:

ა.ა)  განცხადებისა და თანდართული საბუთების  სააგენტოში წარდგენას;

ა.ბ)  განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წინასწარ განხილვასა და შეფასებას;

ბ) II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) საბაზო ობიექტების შემოწმებას;

ბ.ბ) საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმებას;

ბ.გ) ფრენის უზრუნველყოფის დემონსტრირებას.

გ) III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება;

დ) IV ეტაპი – მუდმივი ზედამხედველობა.

2. პირველადი სერტიფიცირებისას სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 კალენდარულ დღეს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის, „ა–გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდნენ სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება. 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 28 აპრილის ბრძანება №75 - ვებგვერდი, 28.04.2015წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 10 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 13.03.2017წ.


+
მუხლი 4. განცხადება და თანდართული საბუთები 
1. განმცხადებელი, სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოში წარადგენს განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და იგი უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.

2. განცხადება სააგენტოსათვის წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს.

3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებით ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებლი დოკუმენტი

ბ) განმცხადებლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ბ​1) განმცხადებლის ორგანიზაციული სტრუქტურა პასუხისმგებელი პირების მითითებით (მოთხოვნები ექსპლუატანტის ორგანიზაციულ სტრუქტურის და მართვის სისტემისადმი მოყვანილია ამ წესის 16​1 მუხლში); (ამ წესის 16​1 მუხლის შესაბამისად);

გ) წერილობითი თანხმობა იმისა, რომ განმცხადებელი, ჩიკაგოს კონვენციის 67-ე მუხლის შესაბამისად, იკაოს მიერ დადგენილი ფორმებით, წელიწადში ერთხელ მიაწვდის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების (საავიაციო სამუშაოების) ანგარიშებს, ხარჯების სტატისტიკას და საფინანსო მონაცემებს, გარდა 5700 კგ და ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არაუმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისა;

დ) საფრენოსნო პერსონალის მონაცემები ამ წესის №7 დანართის მიხედვით. თუ განმცხადებლის საფრენოსნო პერსონალის რომელიმე წევრი სხვა ავიასაწარმოშიც ასრულებს შესაბამის მოვალეობას, მონაცემებს უნდა დაერთოს ამ ავიასაწარმოს ხელმძღვანელის თანხმობა;

ე) საექსპლუატაციოდ გამოსაყენებელი სხ-ის მონაცემები :

ე.ა) სამოქალაქო სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ გაცემული სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის ასლი განმცხადებლის მიერ სააგენტოს წარედგინება განცხადების და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვისა და შეფასების პროცესში, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ ვადაში;

ე.ბ) სამოქალაქო სხ-ის რეგისტრაციის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის სამოქალაქო სხ-ის რეგისტრაციის მოწმობის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობის ასლი განმცხადებლის მიერ სააგენტოს წარედგინება განცხადების და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვისა და შეფასების პროცესში, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ ვადაში;

ე.გ) ინფორმაცია სამოქალაქო საჰაერო ხომალდის წარმომავლობის და ბოლო 5 წლის განმავლობაში რეგისტრაციის შესახებ;

ვ) ხელმძღვანელების, ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული სპეციალისტების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ამ წესის მე-6 დანართის მიხედვით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემების: GM Doc 9376 C3, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) ოფიციალური გამოცემების Doc 30 და ამ წესის 161 მუხლში მოცემულ მოთხოვნებს;

ზ) საექსპლუატაციოდ გამოსაყენებელი სხ-ის საკუთრების დამადასტურებელი ან სხ-ის იჯარის (ლიზინგის) უფლებით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის თაობაზე განზრახულობათა წერილი, თანდართული სხ-ის ნასყიდობის ან იჯარის (ლიზინგის) ხელშეკრულების პროექტით. საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული სხ-ის იჯარის (ლიზინგის) ხელშეკრულება ან აღნიშნული ხელშეკრულებების პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 8335-ს და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. სხ-ის საკუთრების დამადასტურებელი ან სხ-ის იჯარის (ლიზინგის) უფლებით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, განცხადებასთან ერთად მისი წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტოს წარედგინება განცხადების და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვისა და შეფასების პროცესში, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ ვადაში იმ პირობებით, რა პირობებითაც წარმოდგენილ იქნა შესაბამისი ხელშეკრულების პროექტი;

თ) სერტიფიკატის მაძიებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი პოლისი, ან მზღვეველის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს სერტიფიკატის მაძიებლისთვის დაზღვევის დამადასტურებელი პოლისის გაცემას სერტიფიკატის მაძიებლის მიმართვისთანავე. დაზღვევის დამადასტურებელი პოლისი უნდა შეესაბამებოდეს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №95 ბრძანების მოთხოვნებს. დაზღვევის დამადასტურებელი პოლისი, განცხადებასთან ერთდ მისი წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სერტიფიკატის მაძიებლის მიერ სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს განცხადების და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვისა და შეფასების პროცესში, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ ვადაში.

ი) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები, იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 8973-ის („საავიაციო უშიშროების სახელმძღვანელო”) მე-15 თავის („საჰაერო ხომალდების უსაფრთხოება’’) და „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ მოთხოვნათა შესაბამისად:
ი.ა) „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა“;
ი.ბ) „საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის პროგრამა’’;
ი.გ)  „საავიაციო უშიშროების საკითხებში პერსონალის მომზადების პროგრამა’’;
ი.დ) „მართლსაწინააღმდეგო ქმედობის დროს (ხმელეთზე და ფრენისას) განსახორციელებელი მოქმედებები;
ი.ე) საავიაციო უშიშროების სფეროში ავიასპეციალისტებისა და საავიაციო უშიშროების პერსონალის მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული ,,თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ 105-ე მუხლისა და სსიპ– სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №261 ბრძანების „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის,მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესის“ მოთხოვნებს.
 შენიშვნა: ,,ი.ბ'', ,,ი.გ" ,,ი.დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხები შეიძლება იყოს როგორც, ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის შემადგენელი ნაწილი, ასევე შეიძლება წარმოდგენილი იქნეს, როგორც ცალკე დოკუმენტი.

კ) „უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო“ ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 9859 „უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელოს“, სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“, 2014 წლის 29 დეკემბრის №206 ბრძანებით დამტკიცებული „უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესის“  და 2022 წლის 29 ივლისის №172 ბრძანებით დამტკიცებული „საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის“ მოთხოვნებს;

ლ) „ბორტგამყოლთა სახელმძღვანელო“ (სამგზავრო რეისების განხორციელების შემთხვევაში)

მ) (ამოღებულია - 10.03.2017, №27);

ნ) ავარიულ ვითარებაში ქმედებების გეგმა, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს ავიაგადამზიდველის „უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელოს“ შემადგენელ ნაწილად;

ო) გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა; (შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ცალკე დოკუმენტად, ასევე როგორც ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების პროგრამის შემადგენელი ნაწილი);

პ) აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრაობაუნარდაკარგული სხ-ის გადაადგილების პროცედურა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9137-ის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, და წარმოდგენილი იყოს, როგორც ავარიულ ვითარებაში ქმედებების გეგმის, ან ავიაგადამზიდველის „უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელოს“ შემადგენელ ნაწილად;

ჟ) ხელშეკრულებები:

ჟ.ა)  სამედიცინო მომსახურებაზე, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე (თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი სამსახური), მიწისზედა მომსახურებაზე (თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია მიწისზედა მომსახურების სამსახური).

ჟ.ბ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებასთან (საავიაციო პერსონალის თეორიულ მომზადებაზე, საწაფზე მომზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე);

ჟ.გ) (ამოღებულია - 21.11.2017, №182);

ჟ.დ) სხ-ის ფრენის ინფორმაციის გაშიფვრისა და ანალიზის უზრუნველყოფაზე, (თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია თავისი ფრენის ინფორმაციის გაშიფვრისა და ანალიზის სამსახური) გარდა 5700 კგ და ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არა უმეტეს 19 სერტიფიცრებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღების ან მოქმედების ვადის გაგრძელებისას;

ჟ.ე) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სხ-ის  საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოსთან, ამ წესის 2​1 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, თუ არ გააჩნია საკუთარი სერტიფიცირებული საფრენად ვარგისობის მართვის საწარმო;

რ) „ფრენის შესრულების სახელმძღვანელო”, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9376-A№/914 (,,ფრენების წარმოების სახელმძღვანელო“), ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართისა და სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის” მოთხოვნებს; „ფრენის შესრულების სახელმძღვანელო“ ექსპლუატანტის მიერ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალური ნებართვის მოთხოვნის არარსებობისას უნდა მოიცავდეს პროცედურებსა და ინსტრუქციებს პერსონალის მომზადების, სახიფათო ტვირთების მიღებაზე უარის თქმის, დაზიანებული შეფუთვის აღმოჩენისას შეტყობინების, კომპანიის კუთვნილი სათადარიგო ნაწილების გადაზიდვის პირობებისა და მათი გამგზავნის სწავლებების შესახებ, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9284 („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების”) შესაბამის მოთხოვნებს;

შენიშვნა: სახიფათო ტვირთვის გადაზიდვის სპეციალური ნებართვის გაცემის  პირობები დადგენილია „სპეციალური ნებართვის  გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის N70 ბრძანებით.

ს) „ფრენის შესრულების სახელმძღვანლოს“ A, B, C, D ნაწილის, MEL-ის და „ბორტგამყოლთა სახელმძღვანელოს“ სპეციალური კითხვარი - შევსებული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (სააგენტოს ოფიციალური  ვებგვერდი www.gcaa.ge);

ტ) საავიაციო პერსონალის მომზადების პროგრამა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები (სერტიფიკატების ასლები) სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9284-A№/928 („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის“) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებულ „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განმცხადებელი მიზნად ისახავს მხოლოდ თავისუფალი აეროსტატის ექსპლუატაციას; 

ტ​1) (ამოღებულია - 29.04.2021, №100);

უ) ინფორმაცია დაგეგმილი ფრენების შესახებ, რომელიც  წარმოდგენილი უნდა იყოს ფრენის რაიონების გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით, ბაზირების ქვეყნების მითითებით.

ფ) (ამოღებულია - 05.10.2022, №219);

ქ) „ხარისხის მართვის სახელმძღვანელო“, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს „ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს“ შემადგენელ ნაწილად და უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებულ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ №22 დანართის მოთხოვნებს, გარდა თავისუფალი აეროსტატების მქონე ექსპლუატანტისა;

ღ)  (ამოღებულია - 05.10.2022, №219);

ყ) მიწისზედა მომსახურების სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს, განცხადებით მოთხოვნილი საქმიანობის შესაბამის პროცედურებს და მიწისზედა მომსახურების პერსონალის მომზადების პროგრამას (პერსონალის მომზადების პროგრამა შეიძლება შეტანილი იყოს ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს „D“ ნაწილში).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები სააგენტოს წარედგინება დედნის ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლის სახით, როგორც მატერიალური ასევე ელექტრონული ფორმით.

5. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტო ამ მუხლით გათვალისწინებულ განცხადებასა და შესაბამის თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ უგზავნის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს, განმცხადებლის, მისი დამფუძნებლების, მმართველი პირებისა და განმცხადებელთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირების რეპუტაციის, სანდოობისა და საიმედოობის შესწავლისა და შემოწმების მიზნით.

6. ამ მუხლის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ განხორციელებული შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო იღებს ამ წესის მე–7 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის გადაწყვეტილებას.

7. იმ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტზე, რომელიც ექსპლუატაციას უწევს მხოლოდ თავისუფალ აეროსტატებს და იმ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტზე, რომელიც ახორციელებს მხოლოდ საავიაციო სამუშაოებს 5700 კგ და ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე სხ-ით არ ვრცელდება ამ წესის მე-4 მუხლის, მე-3 პუნქტის „ი.ბ“, „ი.გ“, „ი.ე“, „კ“, „ლ“, „ნ“, „პ“, „ჟ.ა“, „ჟ.ბ“, „ჟ.გ“ და „ყ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №231 - ვებგვერდი, 05.11.2013წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 14 იანვრის ბრძანება №06 - ვებგვერდი, 15.01.2014წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №138 - ვებგვერდი, 27.08.2014წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 28 აპრილის ბრძანება №75 - ვებგვერდი, 28.04.2015წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 10 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 13.03.2017წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 22.11.2017წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №207 - ვებგვერდი, 24.12.2020წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 29 აპრილის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 04.05.2021წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №219 - ვებგვერდი, 07.10.2022წ.


+
მუხლი 5. განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვა და შეფასება 
1. განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვა სააგენტოში ხორციელდება იმ მიზნით, რათა დადგინდეს აკმაყოფილებს თუ არა განცხადება, თანდართული დოკუმენტები და მათი შემცველი ინფორმაცია ამ წესის და სამოქალქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.

2. სააგენტო სამი დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილია თუ არა დადგენილი წესით განცხადება და ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. თუ განცხადება წარმოდგენილია წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დარღვევით, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სათანადო დოკუმენტის წარმოსადგენად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ შეავსებს ხარვეზს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

3. განცხადებისა და თანდართული საბუთების შემცველი ინფრმაციის ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას ადგენენ სააგენტოს სათანადო სტრუქტურული ერთეულები დასკვნის სახით, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული დეპარტამენტების ურთიერთქმედების სქემის შესაბამისად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნები გადაეცემა სააგენტოს მუდმივმოქმედ სასერტიფიკაციო კომისიას (შემდეგ – კომისია), რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიცირების მე-2 ეტაპზე (განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება) გადასვლის შესახებ.

5. სერტიფიცირების მეორე ეტაპზე გადასვლის შესახებ კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სააგენტო:

ა) პირველადი სერტიფიცირებისას, განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი დოკუმენტი;

ბ) სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი დოკუმენტი ან ნაკლოვანებების გამოსწორების გრაფიკი, რომლის ვადებიც უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან.

6. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რის თაობაზეც წერილობით ატყობინებს განმცხადებელს, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.


+
მუხლი 6. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება 
1. განცხადების, თანდართული საბუთების და შემცველი ინფორმაციის, ამ წესის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, კომისია განმცხადებლის სამუშაო ადგილზე სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული სპეციალური კითხვარის შესაბამისად ამოწმებს განმცხადებლის საქმიანობის ფაქტობრივ მდგომარეობას. იმ შემთხვევაში, თუ სხ-ის ექსპლუატანტის ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია აანაზღაუროს კომისიის ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო ხარჯები, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად.

2. კომისია უნდა დარწმუნდეს, რომ:

ა) განმცხადებლის ორგანიზაციული სტრუქტურა უზრუნველყოფს დაგეგმილი სამუშაოების სრულფასოვნად შესრულების შესაძლებლობას, ავიაპერსონალის უფლება-მოვალეობები, პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება დადგენილია დოკუმენტალურად;

ბ) განმცხადებლის ფრენის უსაფრთხოებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულები დაკომპლექტებულია შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე მუშაკების იმ რაოდენობით, რაც უზრუნველყოფს ამ სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების სათანადო დონეზე შესრულებას;

გ) ავიასპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების, თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკითხები/პროგრამები შეესაბამება სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული ,,თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ 82-ე მუხლის, ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის (,,საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია”) და იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9376 (,,ფრენების წარმოების სახელმძღვანელო“) მოთხოვნებს;

დ) განმცხადებელს გააჩნია ადგილობრივი და საერთაშორისო ფრენების, საავიაციო სამუშაოების, აგრეთვე ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის (სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტები), წესები, ინსტრუქციები, სახელმძღვანელოები, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი თანამშრომლებისათვის;

ე) განმცხადებლის სპეციალისტები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, იცნობენ ამ პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების, წესების, ინსტრუქციების, სახელმძღვანელოების მოთხოვნებს;

ვ) განმცხადებლის მიერ გამოცემული ბრძანებები, წესები, ინსტრუქციები, სახელმძღვანელოები შეესაბამება სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედ ნორმატიულ აქტებს;

ზ) განმცხადებელი უზრუნველყოფს ,,უსაფრთხოების მართვის სისტემით“ გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პროცედურების შესრულებასა და დაცვას;

თ) განმცხადებლის საქმისწარმოება, რომელიც ეხება ფრენების ორგანიზებასა და შესრულებას, ეკიპაჟის საქმიანობას, სხ-ის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის საკითხებს, სამუშაო და დასვენების დროის ნორმებს, საექსპლუატაციო და საბორტო ჩანაწერებს, აგრეთვე ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ამსახველ სხვა საბუთებში სავალდებულო ჩანაწერებს და ამ ჩანაწერების სიზუსტე, დროულობა, სისტემატურობა, ეფექტიანობა და სისრულე, ხორციელდება ჩიკაგოს კონვენციისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ი) განმცხადებლს ექსპლუატაციაში არსებულ ყოველ სხ-ზე გააჩნია სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული ,,თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის” 50-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები;

კ) (ამოღებულია - 29.04.2021, №100);

ლ) განმცხადებელს გააჩნია იკაოს ოფიციალური გამოცემა Doc 9481-A№/928, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეკიპაჟისათვის ფრენის შესრულების დროს (თუ ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში” არ არის ასახული ,,ინფორმაცია სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას წარმოქმნილი ავარიული ვითარებისას განსახორციელებელი ქმედებების შესახებ“). აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმ განმცხადებელზეც, რომელიც არ გეგმავს სახიფათო ტვირთების გადაზიდვას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განმცხადებელი მიზნად ისახავს მხოლოდ თავისუფალი აეროსტატის ექსპლუატაციას;  

მ) ფრენების და მომხმარებლის მომსახურების უზრუნველმყოფი სახმელეთო დანადგარები და მოწყობილობები (ტრაპები, მომსახურე ავტომობილები, საავიაციო კავშირგაბმულობის და ფრენების მომსახურე ორგანიზაციებთან უწყვეტი კავშირგაბმულობის საშუალებები, სხ-ის შემოყინვის საწინააღმდეგო საშუალებები, საძიებო და საავარიო სამუშაოების უზრუნველმყოფი მინიმალური საშუალებები და სხვა) უზრუნველყოფენ უსაფრთხო და მოწესრიგებულ მომსახურებას;

ნ) განმცხადებელი  ახორციელებს  იმ პირთა ანკეტური მონაცემების შემოწმებას, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია საჰაერო ხომალდის მომსახურებასა და ფრენების უსაფრთხოებასთან  და/ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით დაიშვება აეროპორტ(ებ)ის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში გამცილებლის თანხლების გარეშე;
ო) განმცხადებლის მიერ ხორციელდება  ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირადი საქმეების წარმოება, მათ შორის პერსონალის სწავლების ჩანაწერების შენახვა;

პ) განმცხადებელი ახორციელებს საჰაერო ხომალდიდან ან საწაფიდან საავარიო ევაკუაციის დემონსტრირებას  ხმელეთზე და წყალზე;

ჟ) განმცხადებელი ახორციელებს გაფრენისწინა პროცედურების დემონსტრირებას;

რ) განმცხადებელი ახორციელებს სადემონსტრაციო ფრენებს, თუ:

რ.ა) საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობის 50%-ზე მეტს არ გააჩნია ექსპლუატაციაში არსებული კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდზე ფრენების გამოცდილება;

რ.ბ) განმცხადებელი/ექსპლუატანტი ითხოვს საავიაციო სამუშაოებზე ნებართვას.

3. კომისიის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების შემოწმების მასალები აისახება შემოწმების ანგარიშში.

4. შემოწმების ანგარიში შეიცავს აგრეთვე კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს:

ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა:

ა.ა)  პირველადი სერტიფიცირებისას, სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

ა.ბ) სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, არსებობს ხარვეზები, რომლებიც უშუალოდ უარყოფითად არ მოქმედებს  ფრენის უსაფრთხოებაზე და/ან საავიაციო უშიშროებაზე და რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს შეიძლება მიეცეს ვადა.  

ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

5. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, შემოწმების ანგარიშში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული.

6. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო:

ა) პირველადი სერტიფიცირებისას, განმცხადებელს წერილობით ატყობინებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი დოკუმენტი;

ბ) სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, განმცხადებელს წერილობით ატყობინებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი დოკუმენტი ან ნაკლოვანებების გამოსწორების გრაფიკი, რომლის ვადებიც უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან. 

7. სააგენტო, განმცხადებლის ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების მდგომარეობას ან ითანხმებს  ნაკლოვანებების გამოსწორების გრაფიკს და მასალებს ასახავს შემოწმების ანგარიშში.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 4 ნოემბრის ბრძანება № 231 - ვებგვერდი , 05.11.2013 წ .

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 28 აპრილის ბრძანება №75 - ვებგვერდი, 28.04.2015წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 10 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 13.03.2017წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 5 აპრილის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 07.04.2017წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №207 - ვებგვერდი, 24.12.2020წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 29 აპრილის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 04.05.2021წ.


+
მუხლი 7. გადაწყვეტილების მიღება სერტიფიკატის გაცემის  ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ 

1. ამ წესის მოთხოვნებთან განმცხადებლის შესაბამისობის შესახებ კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს  განმცხადებელზე სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემის შესახებ. 

2. კომისიის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რასაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

2​1. ამ წესის მე–4 მუხლის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ განხორციელებული შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიღებული უარყოფითი ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რასაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

3. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს განმეორებით მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) თვის შემდეგ.

4. სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები  სააგენტოში ინახება 7 (შვიდი) წლის განმავლობაში.  

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 14 იანვრის ბრძანება № 06 - ვებგვერდი , 15.01.2014 წ .


+
მუხლი 8. სერტიფიკატი. სერტიფიკატის დანართები
1. სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატი გაიცემა №1 დანართთან ერთად. დანართი №1 შეიცავს ინფორმაციას ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდ(ებ)ის მონაცემებისა და საექსპლუატაციო დაშვებების შესახებ და გაიცემა განსხვავებულ საექსპლუატაციო მონაცემების მქონე საჰაერო ხომალდებისათვის ცალ-ცალკე. სერტიფიკატში სავალდებულოდ აღინიშნება, რომ სერტიფიკატი ძალაშია მხოლოდ მის  №1 დანართთან ერთად.

2. პირველადი სერტიფიცირებისას სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 1 (ერთი) წელი.

3. სერტიფიკატის და მისი №1 დანართის დამოწმებული ასლები ინახება საჰაერო ხომალდზე.

4. სერტიფიკატში, ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის შესაბამისად, აღინიშნება:

ა) სერტიფიკატის გამცემი ქვეყანა (სახელმწიფო გერბი), სერტიფიკატის გამცემი ორგანო;  

ბ) სერტიფიკატის დასახელება;

გ) სერტიფიკატის ნომერი;

დ) სერტიფიკატის მოქმედების ვადა;

ე) სერტიფიკატის მფლობელის (ექსპლუატანტის) საფირმო სახელწოდება;

ვ) სერტიფიკატის მფლობელის (ექსპლუატანტის) იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, ტელეფონი, ფაქსი, ვებ-გვერდი, E-mail-ი;

ზ) სერტიფიკატის მფლობელის (ექსპლუატანტის)  ოპერატიული საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ფაქსი);

თ) ”ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს” ის პუნქტი, რომელშიც მითითებულია ავიასაწარმოს უფლებამოსილ პირებთან დამაკავშირებელი მონაცემები;

ი) სერტიფიკატით ექსპლუატანტზე მინიჭებული უფლებების ჩანაწერი;

კ) სავალდებულო აღნიშვნები:

კ.ა) “სერტიფიკატი მოქმედია №1 დანართთან ერთად”;

კ.ბ) „დაუშვებელია სერტიფიკატის სხვა ექსპლუატანტისთვის გადაცემა”;

ლ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი;

მ) სერტიფიკატის გამცემი  პირის თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა.    

5. სერტიფიკატის №1 დანართში,  ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის შესაბამისად, აღინიშნება:

ა) სერტიფიკატის გამცემი ქვეყანა (სახელმწიფო გერბი), სერტიფიკატის გამცემი ორგანო;

ბ) სერტიფიკატის დანართის დასახელება და ნომერი;

გ) დანართის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს საკონტაქტო ინფორმაცია;

დ) სერტიფიკატის №;    

ე) ექსპლუატანტის  საფირმო სახელწოდება;

ვ) გაცემის თარიღი;

ზ) გამცემი  პირის თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა;

თ) საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში  რეგისტრირებული საექსპლუატაციო საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ი, ამოსაცნობი ნიშანი/ები;

ი) საექსპლუატაციო დაშვებები:

ი.ა) ფრენის სახეები (კომერციული საჰაერო გადყვანა-გადაზიდვები: სამგზავრო, სატვირთო, თუ სხვა (საავიაციო         სამუშაოები, ან სხვა));

ი.ბ) ფრენის რაიონ(ებ)ის მითითება;

ი.გ) სპეციალური შეზღუდვები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი.დ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის უფლება;

ი.ე) დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენის (დასაფრენად შესვლა და დაფრენა; აფრენა) მონაცემები და შესაბამისი კატეგორიები;

ი.ვ) RVSM-ის გამოყენების/არ გამოყენების მონიშვნა;

ი.ზ) ETOPS-ის გამოყენების/არ გამოყენების მონიშვნა;

ი.თ) PBN-ის პირობებში ფრენისათვის აერონავიგაციური მონაცემების განსაზღვრა;

ი.ი) საფრენად ვარგისობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი საწარმოს დასახელება;

ი.კ) EFB-ის (ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობა) გამოყენების/არ გამოყენების მონიშვნა;

კ) სხვა საექსპლუატაციო მონაცემები (საჭიროების შემთხვევაში);

ლ) მითითება, რომ დანართი მოქმედია მხოლოდ საჰაერო ხომალდის სერტიფიკატთან ერთად.

6. ექსპლუატანტი უფლებამოსილია მოითხოვოს №2 დანართში საჰაერო ხომალდის დამატება №1 დანართში არსებული საჰაერო ხომალდის ფრენის სახეების (სამგზავრო, სატვირთო) შესაძლებლობების  გათვალისწინებით. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა მხოლოდ სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, მხოლოდ სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებული იმავე ან უფრო დაბალი წონითი კატეგორიის მქონე საჰაერო ხომალდზე და იმ შემთხვევაში, თუ ის სააგენტოში წარმოადგენს: სხ-ის გამცემი ექსპლუატანტის სერტიფიკატის სათანადოდ დამოწმებულ ასლს, საქართველოს კანონმდებლობის და იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 8335-Aნ/879 („ექსპლუატაციის ინსპექტირების, სერტიფიცირებისა და მუდმივი ზედამხედველობის სახელმძღვანელო“) შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებას სხ-ის ექსპლუატანტთან ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სხ-ით და ეკიპაჟ(ებ)ით ფრენ(ებ)ის შესრულების თაობაზე, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საბუთებს. ამასთან, კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელი ექსპლუატანტი, რომელსაც სხვა ექსპლუატანტთან დადებული  ეკიპაჟიანი იჯარის ხელშეკრულებით აღებული აქვს საჰაერო ხომალდი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში ან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, ვალდებულია დამატებით დაასაბუთოს, რომ:

ა) შესაბამისი საჰაერო ხომალდის იჯარა გამომდინარეობს განსაკუთრებული საჭიროებიდან, რა შემთხვევაშიც შესაძლებელია თანხმობის გაცემა 7 თვემდე პერიოდის ვადით, რომლის მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, დამატებით 7 თვის ვადით;

ბ) იჯარა ხორციელდება სანავიგაციო სეზონური  დატვირთვის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, რომელთა  დაკმაყოფილება შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია   ევროკავშირის წევრ ქვეყანაში რეგისტრირებული იჯარით აღებული საჰაერო ხომალდის მეშვეობით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, თანხმობის მოქმედების მეორე ვადით გაგრძელება;

გ) იჯარა აუცილებელია ექსპლუატაციის შეუფერხებლად განსახორციელებლად გარკვეული სირთულეების პერიოდში და საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის იჯარით აღება შეუძლებელი ან არამიზანშეწონილია. ასეთ შემთხვეაში შესაბამისი თანხმობა გაიცემა იმ ვადით, რომელიც საჭიროა აღნიშნული სირთულეების დასაძლევად.

6​​1. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა მხოლოდ იმ საჰაერო ხომალდზე, რომელსაც აქვს EASA-ს მიერ გაცემული/აღიარებული ტიპის სერტიფიკატი.

6​2.  სერტიფიკატის №2 დანართში საჰაერო ხომალდების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს №1 დანართში არსებულ საჰაერო ხომალდების რაოდენობას.

7. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა „ეკიპაჟიანი იჯარის ხელშეკრულების“ მოქმედების ვადით,  ხელშეკრულებით გათვალისწინებული თითოეული სხ-სათვის ცალ-ცალკე.

8. სერტიფიკატის №2 დანართში აღინიშნება:

ა) სერტიფიკატის გამცემი ქვეყანა  (სახელმწიფო გერბი), სერტიფიკატის გამცემი ორგანო;

ბ) სერტიფიკატის დანართის დასახელება და ნომერი;

გ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის განსაკუთრებული მოთხოვნები, ეკიპაჟიანი იჯარით აღებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისას, რომელიც მოიცავს შემდეგს:

გ.ა) დანართის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს საკონტაქტო ინფორმაცია;

გ.ბ) სერტიფიკატის №;

გ.გ) ექსპლუატანტის საფირმო სახელწოდება;

გ.დ) გაცემის თარიღი;

გ.ე) გამცემი  პირის თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა;

გ.ვ) საჰაერო ხომალდის მფლობელი და მისი მისამართი;

გ.ზ) ხელშეკრულების № და ხელშეკრულების გაფორმების თარიღი;

გ.თ) საექსპლუატაციო საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ი, ამოსაცნობი ნიშანი/ები;

დ) მითითება: „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ახორციელებს ყველა იმ ფრენას, რომელიც ნებადართულია მას და საჰაერო ხომალდ(ებ)ის მფლობელს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობისა და მოქმედი საექსპლუატაციო მოთხოვნების შესაბამისად. ფრენები ნებადართულია შესრულდეს მხოლოდ დანართში აღნიშნული საჰაერო ხომალდ(ებ)ის გამოყენებით და საჰაერო ხომალდის მფლობელის ეკიპაჟებით. უსაფრთხო ფრენის განხორციელებაზე, ტექნიკური მომსახურებისა და საჰაერო ხომალდის ვარგისობის შენარჩუნების უზრუნველყოფაზე, ამ დანართში აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდის მფლობელი. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ახორციელებს ამ დანართში აღნიშნული საჰაერო ხომალდ(ებ)ის მხოლოდ კომერციულ ექსპლუატაციას.”

ე) დანართის მოქმედების ვადა;

ვ) (ამოღებულია - 214.06.2019, №124);

ზ) მითითება, რომ დანართი მოქმედია მხოლოდ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის  №000 სერტიფიკატთან ერთად.

9. სერტიფიკატი და მისი დანართ(ებ)ი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

10. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს, ზედა მარჯვენა კუთხეში აქვს წარწერა – ,,დუბლიკატი”.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №138 - ვებგვერდი, 27.08.2014წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 10 თებერვლის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 12.02.2016წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 10 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 13.03.2017წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 3 ივლისის ბრძანება №108 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება №124 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №219 - ვებგვერდი, 07.10.2022წ.


+
მუხლი 9. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების უწყებრივი რეესტრი 
1. სერტიფიკატს ენიჭება ნომერი და რეგისტრირდება ,,საქართველოს სამოქალქო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების  უწყებრივ რეესტრში”. სერტიფიკატის ნომერი შედგება 3 (სამი) არაბული ციფრისაგან და იგი უწყებრივ რეესტრში ექსპლუატანტის რიგითი ნომრის იდენტურია. იმ შემთხვევაში, თუ სასერტიფიკაციო უწყებრივ რეესტრში ექსპლუატანტის რიგითი ნომერი არ არის სამნიშნა, სერტიფიკატში ამ ნომერს წინ ემატება 0 (ნული) ან 00 (ორი ნული).

2. სხ-ის ექსპლუატანტის უწყებრივ რეესტრში შეიტანება სერტიფიკატით განსაზღვრული მონაცემები, აგრეთვე სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, შეჩერების, აღდგენის და გაუქმების შესახებ, მონაცემები, აგრეთვე, მონაცემები სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემის შესახებ.

3. უწყებრივი რეესტრის მონაცემები საჯაროა.


+
მუხლი 10. სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა
1. სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება:

ა)      სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე;

ბ)   ამ  წესის მე-15 მუხლით განსაზღვრული ზედამხედველობისას გამოვლენილი ისეთი ნაკლოვანებების არსებობისას, რომლითაც დასტურდება, რომ ექსპლუატანტის ფაქტობრივი მდგომარეობა სრულად ვერ უზრუნველყოფს სერტიფიკატის №1 დანართით  გათვალისწინებული საექსპლუატაციო დაშვებების სათანადო დონეზე შესრულებას.

2.  სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შეზღუდვების დაწესების შესახებ. თუ შეზღუდვის დაწესების საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, სააგენტო ექსპლუატანტს განუსაზღვრავს  გონივრულ ვადას ნაკლოვანების  აღმოსაფხვრელად.

3. შეზღუდვის მოხსნის თაობაზე ექსპლუატანტი სააგენტოში წარმოადგენს ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებულ განცხადებას, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შეზღუდვის მიზეზის გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტები.  სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეზღუდვების გაუქმების თაობაზე თუ კომისია დარწმუნდება ნაკლოვანებების აღმოფხვრაში.

4. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ექსპლუატანტის მიერ შეზღუდვის მიზეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტოს  შეაქვს შესაბამისი ცვლილებები სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში სამი დღის ვადაში.


+
მუხლი 11. სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება
1. განმცხადებელი, სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სააგენტოში წარადგენს განცხადებას ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული ფორმით.

2. განცხადება სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნეს სააგენტოში სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 60 დღით ადრე, მაგრამ არაუგვიანეს 45 დღისა.

3. თუ განმცხადებელი ითხოვს მოქმედი სერტიფიკატის ვადის გაგრძელებას, იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაცემული იყო სერტიფიკატი,  განცხადებას უნდა დაერთოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „ბ​1“, „დ“, „ვ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ განცხადების წინასაწარ განხილვას და განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებას სააგენტო უზრუნველყოფს განცხადების რეგისტრაციიდან 30 დღის ვადაში.

5. თუ განმცხადებელი ითხოვს სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებას  სხვა პირობებით ან სერტიფიკატის დანართებით გათვალისწინებული პირობების შეცვლის მოთხოვნისას, განცხადება განიხილება ამ წესის II თავის შესაბამისად. 

6. სერტიფიკატს მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ნომერი არ ეცვლება.

7. სერტიფიკატი ძალადაკარგულად ითვლება მოქმედების ვადის გასვლისთანავე, თუ სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოში არ წარმოადგინა განაცხადი სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

8. სერტიფიკატის მოქმედების ვადა გრძელდება 2 წლით.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 10 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 13.03.2017წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება №124 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.


+
მუხლი 12. სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის №1 დანართში ცვლილების შეტანა და ახალი სხ-ის დამატება
1. იმ პირობების შეცვლისას, რომლის მიხედვითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია, ახალი პირობებით ფრენების (საავიაციო სამუშაოების) შესრულებამდე სააგენტოში წარადგინოს ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული განცხადება, სერტიფიკატში და/ან მის დანართებში საჭირო ცვლილების შესატანად. დანართი №2-ს უნდა დაერთოს ამ მუხლის 4​1 ან 4​2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

2.  სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის საფუძველია, თუ:

ა) შეიცვალა ექსპლუატანტის სახელწოდება,  ან ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

ბ) შეიცვალა პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი, მათ შორის ცვლილება, რომელიც შეეხება  საექსპლუატაციო დაშვებებს, ან სერტიფიკატის №1 დანართში სხ-ის შეტანას/ამოღებას.

გ) ექსპლუატანტზე გაცემულია 5700 კგ და ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არა უმეტეს 19 სერტიფიცრებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და განმცხადებელი ითხოვს სერტიფიკატის დანართში 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის და არანაკლებ 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის შეტანას;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საფუძველი, რომელიც იწვევს  სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებების შეტანას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული განცხადება, რომელსაც თან უნდა დაერთოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები. წარმოდგენილი განცხადების განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 კალენდარულ დღეს.

4. სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის №1 დანართში („საექსპლუატაციო დაშვებები“) ცვლილების შეტანა თავის მხრივ გულისხმობს მოქმედი სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის №1 დანართის სააგენტოსათვის უკან დაბრუნებას და ამ მუხლის შესაბამისად ახალი სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის №1 დანართის გაცემას, მასში შესაბამისი ცვლილების შეტანით.

4​1. ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში იმავე ტიპის ახალი სხ-ის დამატებისას, ექსპლუატანტმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული განცხადება, ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს „A“ და „B“ ნაწილებში შესაბამისი ცვლილებები, MEL, RVSM-ის ზონაში ფრენებზე დაშვებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და შევსებული კითხვარი (საჭიროებისას), RNAV-ის სისტემით ფრენებზე ნებართვის მიღებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და შევსებული კითხვარი, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის, მე-3 პუნქტის „ა“ „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები.

4​2. ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში ახალი ტიპის სხ-ის დამატებისას, ექსპლუატანტმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული განცხადება, რომელსაც თან უნდა დაერთოს ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს „A“, „B“ და „D“ ნაწილებში შესაბამისი ცვლილებები, MEL, RVSM-ის ზონაში ფრენებზე დაშვებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და შევსებული კითხვარი (საჭიროებისას), RNAV-ის სისტემით ფრენებზე ნებერთვის მიღებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და შევსებული კითხვარი, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ1“, „დ“, „ე“, „ზ“, „თ“, „ლ“, „ჟ.ე“ „ფ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები.

4​3. წარმოდგენილი განცხადების განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა, ამ მუხლის 4​1 პუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს, ხოლო 4​2 პუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში 120 კალენდარულ დღეს.

5. სააგენტო ახალ სერტიფიკატს და/ან სერტიფიკატის დანართს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში უბრუნდება სააგენტოს.

6. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებულ სხ-ს გასული აქვს საფრენად ვარგისობის მოწმობის მოქმედების ვადა და ექსპლუატანტი, ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში არ წარმოადგენს სააგენტოში მოქმედ სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობას, ან განაცხადს სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის მისაღებად, ან განმარტებას, თუ რატომ ვერ გრძელდება სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის ვადა, აღნიშნულ სხ-ს სააგენტო ამოიღებს სერტიფიკატის №1 დანართიდან ექსპლუატანტის განცხადების გარეშე.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 28 აპრილის ბრძანება №75 - ვებგვერდი, 28.04.2015წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 10 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 13.03.2017წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება №124 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.


+
მუხლი 13. სხ-ის სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ექსპლუატანტისათვის „ეკიპაჟიანიიჯარით“ გადაცემა
1. სააგენტოს სხ-ის ექსპლუტანტის უწყებრივ რეესტრში რეგისტრირებულმა სხ-ის ექსპლუატანტმა სერტიფიკატის №1 დანართში შეტანილი სხ-ის სხვა სახელმწიფოს ექსპლუატანტისათვის „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემის შემთხვევაში, სააგენტოში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულების დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი, სხ-ის მიმღები ექსპლუატანტის სერტიფიკატის სათანადოდ დამოწმებული ასლი და მიმღები ექსპლუატანტის ზედამხედველი საავიციო ხელისუფლების თანხმობა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული საჰაერო ხომალდი მათ მიერ სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ  იქნება გამოყენებული (იმ შემთხვევაში, თუ „ეკიპაჟიანი იჯარით“ გაცემული ხომალდის შეტანა არ ხდება მიმღები ექსპლუატანტის სერტიფიკატში ).

2. დაუშვებელია სააგენტოს სხ-ის ექსპლუტანტის უწყებრივ რეესტრში რეგისტრირებული სხ-ის ექსპლუატანტის მიერ სხვა სახელმწიფოს ექსპლუატანტისთვის „ეკიპაჟიანი იჯარით“ სერტიფიკატის №1 დანართში შეტანილი საჰაერო ხომალდების გადაცემა, თუ სრულდება ყველა ჩამოთვლილი პირობა:

ა) „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემის ვადა 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 6 თვეს;

ბ) „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემის შედეგად იწვევს საჰაერო ხომალდის ბაზირებას საქართველოს ფარგლებს გარეთ;

გ) გადაცემული საჰაერო ხომალდების რაოდენობა აღემატება №1 დანართში შეტანილი საჰაერო ხომალდების რაოდენობის 50 პროცენტს.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება №124 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.


+
მუხლი 14. სერტიფიკატის გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება და აღდგენა

1. ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) სერტიფიკატის მფლობელმა განმეორებით დაარღვია ჩიკაგოს კონვენციით, მისი დანართებით, სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნები, რამაც საფრთხე შეუქმნა ან შეეძლო შეექმნა ფრენის უსაფრთხოებისათვის და/ან საავიაციო უშიშროებისთვის.

ბ) სააგენტო მიიჩნევს, რომ არსებობს ამ მუხლის მე–7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი;

გ) სერტიფიკატის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს ექსპლუატანტის სერტიფაკატის გაცემისათვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) საინსპექციო შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები არ იქნა გამოსწორებული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში;

ე) მოითხოვს სერტიფიკატის მფლობელი;

ვ) სერტიფიკატის დანართი №1-ით გათვალისწინებული ყველა სხ-ს გასული აქვს საფრენად ვარგისობის მოწმობის მოქმედების ვადა;

ზ) არსებობს საჰაერო კოდექსის 58–ე მუხლით დადგენილი სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევების რომელიმე შემთხვევა;

თ) დაირღვა ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.

2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება ექსპლუატანტს. გადაწყვეტილებაში კონკრეტულად და დეტალურად უნდა იყოს მითითებული დარღვევის სახე და მისი გამოსწორების ვადა.

3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე სრულად არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 90 დღით.

4. ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე სერტიფიკატის მფლობელი წერილობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში ატარებს ექსპლუატანტის კომპლექსურ შემოწმებას. სერტიფიკატის მოქმედების ვადა აღდგება, თუ სააგენტო დარწმუნდება ნაკლოვანებების სრულად გამოსწორებაში.

5. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატისა და მისი დანართ(ებ)ის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.

6. ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაუქმების თაობაზე, თუ:

ა) სააგენტო მიიჩნევს, რომ არსებობს ამ მუხლის მე–7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი;

ბ) თუ სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ სრულად არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი;

გ) მოხდა სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია;

დ) მოითხოვა სერტიფიკატის მფლობელმა;

ე) სერტიფიკატის მფლობელი უგულვებელყოფს სააგენტოს გადაწყვეტილებას სხ–ის ექსპლუატაციის უფლების შეჩერების ან საავიაციო პერსონალის საქმიანობის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებით;

ვ) თუ სერტიფიკატის დანართი №1 არ ითვალისწინებს არცერთ სხ-ს.

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

7. თუ სერტიფიკატის მფლობელმა დაარღვია ჩიკაგოს კონვენციით, მისი დანართებით, სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნები, რამაც საფრთხე შეუქმნა ან შეეძლო შეექმნა ფრენის უსაფრთხოებისათვის და/ან საავიაციო უშიშროებისთვის, სააგენტო უფლებამოსილია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვევის სერიოზულობიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, ამგვარი დარღვევის გამოვლენისთანავე, მიიღოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის შეჩერებისა ან გაუქმების თაობაზე.

8. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს განმეორებით მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 4 ნოემბრის ბრძანება № 231 - ვებგვერდი , 05.11.2013 წ .

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №138 - ვებგვერდი, 27.08.2014წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება №124 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.


+
თავი III
ზედამხედველობა

+
მუხლი 15. სხ-ის ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა  
1. სხ-ის ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა სერტიფიცირების განუყოფელი ნაწილია და მას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში ახორციელებს სააგენტო.

2. სხ-ის ექსპლუატანტის გეგმიური საინსპექციო შემოწმების პერიოდულობა განისაზღვრება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის“ მე-10 მუხლით. არაგეგმური შემოწმების საჭიროებას და ვადებს განსაზღვრავს სააგენტო.

3. სააგენტოს მიერ ჩატარებული საინსპექციო შემოწმების პროცესი (ფორმები და მეთოდები), ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანება, ინსპექტორის და ინსპექტირების ობიექტის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა და საინსპექციო შემოწმებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესით".

4. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ნებისმიერი სახის (გეგმური, არაგეგმური) საინსპექციო შემოწმების შედეგები აისახება შემოწმების ანგარიშებში, რომლებიც სერტიფიცირების დოკუმენტებთან ერთად 7 (შვიდი) წლის განმავლობაში ინახება სააგენტოში, კონკრეტული სხ-ის ექსპლუატანტის მასალებში.

5. სააგენტოს დირექტორის ბრძანებით ინიშნება ექსპლუატანტზე პასუხისმგებელი ინსპექტორი, რომელიც გაუწევს ზედამხედველობას ექსპლუატანტის საქმიანობის საქართველოს მოქმედ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობას (აღნიშნული ინსპექტორის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია).

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ინსპექტორი შეიძლება იყოს კონკრეტული ექსპლუატანტის პასუხისმგებელ ინსპექტორად დანიშნული არა უმეტეს ორი წლის ვადით.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 28 აპრილის ბრძანება №75 - ვებგვერდი, 28.04.2015წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება №124 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.


+
თავი IV
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოვალეობანი 

+
მუხლი 16. სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელის მოვალეობანი 
სხ-ის ექსპლუატანტი მოვალეა:

ა) დაიცვას საქართველოს და იმ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები სადაც სრულდება ფრენები. ხოლო თუ იგი ექსპლუატაციას უწევს  სხ-ს, რომელიც რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოში, შეასრულოს სხ-ის რეგისტრაციის ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ბ) სერტიფიკატის პირველადი გაცემიდან 3 წლის ვადაში  უზრუნველყოს საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის არანაკლებ 65%-ის დაკომპლექტება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული ავიასეპეციალისტის მოწმობის მქონე პირებით;

გ) უზრუნველყოს მის მიერ ექსპლუატირებული სხ-ის საფრენად ვარგისობა და ფრენის შესრულებისათვის საჭირო საექსპლუატაციო და ავარიული აღჭურვილობის გამართულობა;

დ) (ამოღებულია - 05.10.2022, №219);

ე) (ამოღებულია - 05.10.2022, №219);

ვ) ამ ,,წესის” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში  ცვლილებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს სააგენტოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად;

ზ) შეიტანოს შესაბამისი დამატებები და ცვლილებები ,,ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში“ მის ექსპლუატაციაში არსებული სხ-ის ტიპის ან მოდიფიკაციის შეცვლის, დამამზადებლის ან სხ-ის ტიპის სერტიფიკატზე პასუხისმგებელი ქვეყნის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის  შესაბამისი დირექტივის (რეკომენდაციის), სააგენტოს მიერ ტექნიკურ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემთხვევებში. აღნიშნული ცვლილებები მის განხორციელებამდე თანხმდება სააგენტოსთან;

თ) ჩიკაგოს კონვენციის 67-ე მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით და ვადებში მიაწოდოს გადაყვანა-გადაზიდვების (საავიაციო სამუშაოების) ანგარიშები, ხარჯების სტატისტიკა და საფინანსო მონაცემები;

ი) საქართველოს საზღვრებს გარეთ ბაზირების შემთხვევაში, ყოველი თვის 10 რიცხვამდე, სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია ბაზირების აეროდრომების შეცვლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე საჰაერო ხომალდ(ებ)ის საფრენოსნო-ტექნიკური შემადგენლობის შესახებ;

კ) საქართველოს საზღვრებს გარეთ ბაზირების შემთხვევაში სააგენტოს ყოველ ათ დღეში ერთხელ ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარუდგინოს ყველა შესრულებული რეისის საფრენოსნო დავალებისა და საჰაერო ხომალდის ტექნიკურ ჟურნალში გაკეთებული ჩანაწერის ასლები;

ლ) დაიცვას ჩიკაგოს კონვენციით, მისი დანართებით, სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნები;

მ) განახორციელოს საქმიანობა ექსპლუატანტის სერტიფიკატის დანართით განსაზღვრული საექსპლუატაციო დაშვებების ფარგლებში სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ ან/და 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებით დამტკიცებული „ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ შესაბამისად;

ნ) უზრუნველყოს, რომ მის ექსპლუატაციაში არსებული საჰაერო ხომალდის აღჭურვილობა და ეკიპაჟის წევრების კვალიფიკაცია შეესაბამებოდეს ექსპლუატაციის  რეგიონის სპეციფიკას და სახეობას; 

ო) ხელი შეუწყოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს ზედამხედველობის ფუნქციის შესრულების მიზნით  ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს ავიასაწარმოსა და მის მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, რომელთა ფუნქციონირებაც მიმართულია ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ, შევიდეს საჰაერო ხომალდებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხ-ის მეთაურის მიერ, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება საფრენოსნო ეკიპაჟის კაბინაში არ დაშვების შესახებ), მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, შეამოწმოს ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცედურები, ტექნიკური მოწყობილობები, გაესაუბროს ნებისმიერ პირს ფრენის უსაფრთხოებისა  მოთხოვნების შესრულებისა და შესაბამისი პროცედურების შეფასების მიზნით;

პ) უზრუნველყოს „Tracking System“-ის დაყენება საქართველოს საზღვრებს გარეთ ბაზირებულ იმ საჰაერო ხომალდებზე, რომელთა საქართველოს საზღვრებს გარეთ ბაზირების პერიოდი 3 თვეს აღემატება. 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №138 - ვებგვერდი, 27.08.2014წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 10 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 13.03.2017წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №219 - ვებგვერდი, 07.10.2022წ.


+
მუხლი 16​1. მოთხოვნები ექსპლუატანტის ორგანიზაციული სტრუქტურისა და ხელმძღვანელ პირთა მიმართ
1. ავიასაწარმოს ხელმძღვანელი პირი პასუხისმგებელია ავიასაწარმოს ეფექტური მართვის სისტემის შექმნაზე და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე. 

2. ავიასაწარმოს ხელმძღვანელი პირი ნიშნავს ავიასაწარმოში შემდეგი მიმართულებების მართვასა და ზედამხედველობის უზრუნველყოფაზე  პასუხისმგებელ პირებს:

ა) საფრენოსნო ექსპლუატაცია;

ბ) სწავლება;

გ) სახმელეთო მომსახურება;

ე) ფრენის უსაფრთხოება;

ვ) ხარისხის მართვის უზრუნველყოფა;

ზ) საავიაციო უშიშროება.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ ავიასაწარმოზე, რომლის ორგანიზაცია შედგება ერთი სტრუქტურული ერთეულისგან. ასეთი ორგანიზაცია ვალდებულია წარმოადგინოს სააგენტოში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე აუდიტორის მიერ ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების პერიოდში ჩატარებული აუდიტის შედეგები.

3. საფრენოსნო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირი უნდა იყოს საფრენოსნო ეკიპაჟის მოქმედი ან ყოფილი წევრი. იმ შემთხვევაში, თუ საფრენოსნო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელ პირი არ არის საფრენოსნო ეკიპაჟის მოქმედი წევრი და არ გააჩნია მოქმედი მოწმობა, ასეთ შემთხვევაში საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის მოქმედი მოწმობა უნდა ჰქონდეს მის მოადგილეს.

4. სწავლების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს საავიაციო განათლება და გამოცდილება სხ-ის ექსპლუატაციაში ჩართული პერსონალის მომზადების ორგანიზებასთან დაკავშირებით.

5. სახმელეთო მომსახურებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს საავიაციო განათლება და სახმელეთო მომსახურების პრინციპების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.

6) (ამოღებულია - 05.10.2022, №219);

7. ფრენის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის №206 ბრძანებით „უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესი“ გათვალისწინებული კვალიფიკაცია.

8. ხარისხის მართვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანების „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ №22 დანართით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.

9. საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელ/ხელმძღვანელ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილების „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისი მომზადება.

10. ექსპლუატაციის მასშტაბისა და სახეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია რამდენიმე მიმართულების მართვა შეითავსოს ერთმა პირმა.

11. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიმართულებაზე პასუხისმგებელ პირებს უნდა გააჩნდეს:

ა) საფრენოსნო ექსპლუატაციისა და ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა; 

ბ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი პროცედურების ცოდნა;

გ) „ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს“ ნაწილების დანიშნულების და შინაარსის ცოდნა;

დ) ორგანიზაციის მართვის პრინციპების ცოდნა და შესაბამისი  გამოცდილება;

ე) მუშაობის 5 წლის გამოცდილება, აქედან 2 წელი – საავიაციო ინდუსტრიაში, შესაბამისი მიმართულებით.

12. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებული შექმნას ჩანაწერების შენახვის ისეთი სისტემა, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო ჩანაწერის შენახვა. ჩანაწერები უნდა ინახებოდეს შემდეგი ვადებით:

ა) 5 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განმახორციელებელ ექსპლუატანტებთან  დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტები:

ა.ა) მართვის სისტემის ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს პერსონალის პასუხისმგებლობას და ამ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის პროცედურას;

ა.ბ) უსაფრთხოების მართვის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტები;

ა.გ) ხარისხის მართვის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

ბ) 6 თვის ვადით შენახვას ექვემდებარება ფრენის მომზადებისა და შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და მასთან დაკავშირებული ანგარიშები:

ბ.ა)  ფრენის სამუშაო გეგმა, თუ იგი იქნა გამოყენებული;

ბ.ბ) მარშრუტისათვის დამახასიათებელი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება (NOTAM) და სააერნაოსნო ინფორმაცია (AIP) ეკიპაჟისათვის;

ბ.გ) დოკუმენტაცია მასისა და გაწონასწორების შესახებ;

ბ.დ) შეტყობინება სხ-ის მეთაურისათვის განსაკუთრებული ტვირთის, მათ შორის, წერილობითი ინფორმაცია სახიფათო ტვირთის შესახებ;

ბ.ე) საბორტო ჟურნალი ან ანალოგიური დოკუმენტი;

გ) 3 თვის ვადით შენახვას ექვემდებარება  საწვავ-საპოხი მასალებით სხ-ის გამართვის ჩანაწერები:

გ​1) სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც ახორციელებს 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ის ექსპლუატაციას საერთაშორისო ფრენებზე, ვალდებულია შეინახოს ამავე ფრენებთან, მათ შორის, ამავე ფრენებზე გამოყენებულ საწვავთან დაკავშირებული ჩანაწერები 24 თვის განმავლობაში.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, 24 თვით შენახვას დაქვემდებარებული ჩანაწერების დეტალური სია მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემა DOC 9501-ის („გარემოს დაცვის ტექნიკური სახელმძღვანელო“) IV ტომის  („საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის პროცედურები“) 3.3.5.2 პარაგრაფში.

დ) პერსონალის მონაცემები უნდა ინახებოდეს:

დ.ა) ავიასპეციალისტის მოწმობა და მომსახურე პერსონალის საატესტაციო დოკუმენტაცია –მოწმობაში და საატესტაციო დოკუმენტაციაში არსებული საკვალიფიკაციო აღნიშვნის საფუძველზე, ექსპლუატანტთან მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში;

დ.ბ) ეკიპაჟის წევრის მომზადების, შემოწმების და მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ – 3 წელი;

დ.გ) ეკიპაჟის წევრის წინა გამოცდილების შესახებ (სხვა სხ-ზე საფრენად გადასვლის შემთხვევაში) – 15 თვე;

დ.დ) ეკიპაჟის წევრის მიერ მარშრუტის, აეროდრომის/დავალების და ფრენის რეგიონის გაცნობა, იმისდა მიხედვით, თუ რომელია გამოსაყენებელი – 3 წელი;

დ.ე) საჭიროებისას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მომზადება – 3 წელი;

დ.ვ) სხვა პერსონალის წვრთნის და კვალიფიკაციის ჩანაწერები, ვისთვისაც განკუთვნილია მომზადების პროგრამა – ბოლო ორი მომზადების ჩანაწერი.

13. ჩანაწერები უნდა ინახებოდეს ისეთ პირობებში, რომ თავიდან აცილებული იყოს მათი დაზიანება, მათში ცვლილებების შეტანა ან დაკარგვა.

14. სხ-ის ექსპლუატანტმა უნდა აწარმოოს ჩანაწერები ეკიპაჟის თითოეული წევრის მიერ გავლილი მომზადების, შემოწმების და მისთვის მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ და უზრუნველყოს, რომ აღნიშნული ჩანაწერები ეკიპაჟის ნებისმიერი წევრის მოთხოვნისამებრ იყოს ხელმისაწვდომი.

15. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატანტი ვალდებულია შეინახოს ფრენის მომზადებასთან და შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ჩანაწერები ეკიპაჟის წევრების მომზადების შესახებ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი აღნიშნული სხ-ის ექსპლუატაციას ან ეკიპაჟის წევრებთან საქმიან ურთიერთობებს წყვეტს.

16. სხ-ის ექსპლუატანტი, რომლის ეკიპაჟის წევრი გადადის სამუშაოდ სხვა ექსპლუატანტთან, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ეკიპაჟის წევრის ყველა ჩანაწერი ახალი ექსპლუატანტისათვის ხელმისაწვდომი იყოს ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 10 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 13.03.2017წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 24 იანვრის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 25.01.2022წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №219 - ვებგვერდი, 07.10.2022წ.


+
თავი V

გარდამავალი დებულებები

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 27 აგვისტოს ბრძანება № 138 - ვებგვერდი, 27 .0 8 .2014წ.


+
მუხლი 17

1. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების მიერ ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის მდგომარეობის შეფასებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სააგენტო, თავის მიერ დადგენილი წესისა და გრაფიკის შესაბამისად, განახორციელებს სხ–ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელთა ხელახალ სერტიფიცირებას:

ა)  საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის განმახორციელებელი  ექსპლუატანტების –  2015 წლის 28 თებერვლამდე;

ბ) ექსპლუატანტების რომლებიც არ არიან ჩართულები საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში – 2015 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 1 მაისამდე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 1 მაისამდე სააგენტოს მიერ შეჩერდეს ექსპლუატანტის სერტიფიკატის პირველადი გაცემის შესახებ განცხადებების მიღება და განხილვა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელახალი სერტიფიცირების პროცესი არ აისახება მოქმედი სერტიფიკატის მოქმედებაზე, თუ ხელახალი სერტიფიცირების პროცესში არ გამოვლინდა ამ წესის მე–14 მუხლით გათვალისწინებული სერტიფიკატის გაუქმების ან შეჩერების საფუძველი.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №138 - ვებგვერდი, 27.08.2014წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №207 - ვებგვერდი, 30.12.2014წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის" დამტკიცების შესახებ, №142, 19.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016044 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1991769-17/