საჯარო რეესტრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.12.2008 ბოლო ცვლილება 17.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№820
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.05.001.003.390
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 30/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (35)

წინა ცვლილებები (30)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება

საქართველოს კანონი

საჯარო რეესტრის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

2. ეს კანონი არ ვრცელდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5565 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უძრავი ნივთი – მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა;

ბ) მოძრავი ნივთი – ნებისმიერი ნივთი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არ არის უძრავი, გარდა მექანიკური სატრანსპორტო, საფრენი და მცურავი საშუალებებისა;

ბ1) ეკონომიკური საქმიანობა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეები; 

გ) სარეგისტრაციო ობიექტი – უძრავი ან მოძრავი ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;

დ) ხაზობრივი ნაგებობა – საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი;

ე) (ამოღებულია - 25.06.2019, №4850);

ვ) (ამოღებულია - 25.06.2019, №4850);

ზ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება;

თ) რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;

ი) სარეგისტრაციო წარმოება – სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით; 

კ) სარეგისტრაციო დოკუმენტი – სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;

ლ) სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები;

მ) საკადასტრო მონაცემების ზედდება – უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან;

ნ) ავტორიზებული პირი – სააგენტოს მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე საჯარო რეესტრის წარმოებაზე ან/და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობით;

ო) მართლზომიერი მფლობელი – დაინტერესებული პირი, რომლის სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა ამ კანონის ამოქმედებამდე, ან ყადაღის, განკარგვის აკრძალვის მიუხედავად სარეგისტრაციო დოკუმენტის გამოცემა, მიღება ან შედგენა უშუალოდ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით, ასევე პირი, რომელიც არის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის საგნის მესაკუთრის უფლებამონაცვლე;

პ) საჯარო რეესტრის წარმოება – ამ კანონით განსაზღვრული რეესტრების ფორმირება;

ჟ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური – პირის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობით სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა (ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით);

რ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან;  

ს) შეტყობინება – სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ინფორმაცია ან განცხადება მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების წარმოშობის შესახებ; 

ტ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა – საჯარო რეესტრსა და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თავისუფალი გაცნობისა და გაცემის უზრუნველყოფა.

უ) ნუმერაცია – მუნიციპალიტეტის დასახლებაში არსებული გეოგრაფიული ობიექტისათვის, ბინისათვის ან სხვა ობიექტისათვის ნომრის მინიჭება ციფრების ან/და ქართული ანბანის ასოების გამოყენებით;

ფ) გეოგრაფიული ობიექტი − ავტონომიური რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული, დასახლება (ქალაქი, დაბა, სოფელი) და მასში არსებული გეოგრაფიული ობიექტები: ზონა, მიკრორაიონი, კვარტალი, დასახლებაში არსებული სხვა ერთიანი ან რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტისგან შემდგარი განაშენიანებული ტერიტორია, ქუჩა, პროსპექტი (გამზირი), ხეივანი, გზატკეცილი, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა, მოედანი, სკვერი, ბულვარი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი, მიწის ნაკვეთი ან სხვა ობიექტი;

ქ) დამისამართება − სააგენტოს მიერ გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობისა და არსებული მისამართების იდენტიფიკაციის მიზნით შესასრულებელი სამუშაოების ერთობლიობა;

ღ) მისამართი – გეოგრაფიული ობიექტის, ბინის ან სხვა ობიექტის სივრცეში ლოკალიზაციის საშუალება, მისი მდებარეობის აღმნიშვნელი უნიკალური ტექსტობრივი ჩანაწერი, რომელიც იქმნება ქართული ანბანის ასოებისა და ციფრების მეშვეობით და შეიცავს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ან/და ნუმერაციის შესახებ ინფორმაციას;

ყ) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი − ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონის 112 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად ადგენს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს;

შ) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების უფლებამოსილების მქონე პირი − საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი, რომელიც არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი. 

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1962 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.251

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4413 – ვებგვერდი , 17.03.2011 წ .

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5565 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2016 წლის 3  ივნისის კანონი  № 5154  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის  კანონი  №5567  - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის  კანონი  №4850  - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5962 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №974 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

    მუხლი 3. მარეგისტრირებელ ორგანოთა სისტემა და უფლებამოსილებანი

1. საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო.

11. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სააგენტოს უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონით და სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სააგენტოს ფუნქციებია:

ა) რეგისტრაცია;

ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირებისთვის მეთოდური და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება;

დ) საგადასახადო ორგანოსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეების განხორციელება;

ე) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების დამისამართება, ნუმერაცია და მათი მისამართების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა;

ვ) უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემთა აღრიცხვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომ − ინსტრუქცია) დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად;

ვ1) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება და მათი აღსასრულებლად მიქცევა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 

3. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით.

31 . საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სააგენტოს უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4. საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით სააგენტო იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ავტომატურ საშუალებებს.

5. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დადებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოსა და სასამართლოს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე.

6. მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

61. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.

62. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა. 

7. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს თავის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების, ასევე თავისთან დაცული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტაციის ასლები, თუ დედნისა და ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს.

8. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის ასლს აქვს ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იგივეობას.

9. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე დოკუმენტის დამოწმების წესი და პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით.

10. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთებ ი , მომსახურების ვადებ ი , ასევე საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების ა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წეს ი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით .

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3888 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.416

საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4208 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5565 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  № 5036  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

საქართველოს 2016 წლის 3  ივნისის კანონი  № 5154  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №891 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

    მუხლი 4. საჯარო რეესტრის სტრუქტურა

1. საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.  

2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

3. საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

4. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი არის ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

5. მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრი არის მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეგისტრაციის, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების და უფლების შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

7. სამისამართო რეესტრი არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების მისამართების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 

8. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი არის რეგისტრირებულ ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის ადგილის (მისამართის) შესახებ მონაცემების ერთობლიობა.  

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.   

საქართველოს 2016 წლის 3  ივნისის კანონი  № 5154  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის  კანონი  №5567  - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

    მუხლი 5. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობის პრეზუმფცია

საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

    მუხლი 6. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

2. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაციის დედნის გამოთხოვა, რომელიც საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა რეგისტრაციის ან სხვა მიზნით და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, შესაძლებელია განმცხადებლის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე სხვა პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

3. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაციის, ასევე მის მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის ან ასლის გამოთხოვა არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს მათ საფუძველზე საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თუ სხვა დოკუმენტის ან ინფორმაციის გაცემას.

4. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცნობის, მათი დედნებისა თუ ასლების გამოთხოვის წესი და პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება სააგენტოს მიერ საარქივო მასალის მოწესრიგების მიზნით, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განმცხადებლისათვის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნების შემთხვევებზე.

    მუხლი 61 . ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესი

1. მარეგისტრირებელი ორგანო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნისას დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს დამატებითი ინფორმაციისა თუ დოკუმენტის წარდგენის 30-დღიან ვადას, თუ:

ა) ვერ ირკვევა მოთხოვნის შინაარსი ან ვერ ხდება მოთხოვნილი ინფორმაციის იდენტიფიკაცია;

ბ) განცხადებას არ ერთვის ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია;

გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევა.

2. ინფორმაციის გაცემის მოთხოვნისას დაინტერესებული პირის მიერ დამატებითი ინფორმაციისა თუ დოკუმენტის წარდგენის ვადის განსაზღვრის შემთხვევაში განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების საფუძველია ასევე სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი პირის/ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ვადის დინება განახლდება მხოლოდ მოთხოვნილი ინფორმაციისა თუ დოკუმენტის წარდგენის ან/და განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში.

3. დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა თუ დოკუმენტის განხილვის ვადის დინების შეჩერების დროის განმავლობაში მოთხოვნილი ინფორმაციის თუ დოკუმენტის წარუდგენლობისას განცხადება განუხილველი დარჩება.

4. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი განისაზღვრება ამ კანონით, ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. (ამოღებულია – 20.12.2011, №5565).

6. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის, დამატებითი ინფორმაციისა თუ დოკუმენტის წარდგენის ვადის განსაზღვრის, განცხადების განხილვის ვადის დინების განახლებისა და ინფორმაციის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

7. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის, დამატებითი ინფორმაციისა თუ დოკუმენტის წარდგენის ვადის განსაზღვრის, განცხადების განხილვის ვადის დინების განახლებისა და ინფორმაციის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1962 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.251

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5565 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 7. საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის ზოგადი პრინციპები

1. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.

2. (ამოღებულია - 21.04.2017, №646).

3. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნულ შემთხვევაში განცხადება და თანდართული მონაცემები შეიძლება წარდგენილი იქნეს, ასევე დოკუმენტი შეიძლება გაიცეს ნებისმიერი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის ან ავტორიზებული პირის მეშვეობით.

4. სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილი იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №646 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

    მუხლი 8. სარეგისტრაციო წარმოება და მისი დაწყება

1. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

2. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

21. (ამოღებულია – 22.02.2011, №4208).

3. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2800 - სსმ I, №14, 30.03.2010 წ., მუხ.86

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3966 - სსმI,№74,24.12.2010 წ.,მუხ.447

საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4208 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 9. რეგისტრაციის ზოგადი პრინციპები

1. რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

2. მარეგისტრირებელი ორგანო განცხადების წარმოდგენას ადასტურებს ელექტრონული ან ქაღალდზე შესრულებული ვერსიის განცხადების რეგისტრაციის წიგნში რეგისტრაციით და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით. მართვის ავტომატური საშუალების გამოყენებით წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციაში გატარების წინაპირობაა რეგისტრაციის საფასურის გადახდა.

3. რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს, ხოლო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, ასევე საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისას – დამატებით საკადასტრო გეგმას. ეს წესი არ ვრცელდება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის, აგრეთვე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შემთხვევებზე.

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2980 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.146

    მუხლი 10. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.

2. მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.

21. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში აღნიშნული ამონაწერი უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების  შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ. ამ კანონის 201 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი უნდა შეიცავდეს ასევე სპეციალური მოსარჩელის სტატუსის შესახებ მონაცემებს.

2 2. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.

23. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ქართულ ენაზე, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში − აგრეთვე ინგლისურ ენაზე. ამ ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადების შემთხვევაში სავალდებულოა მისი ქართულ ენაზე მომზადებაც. 

3. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გაიცემა ნებისმიერ პირზე და მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, რეგისტრირებული მონაცემის არსებობის შემთხვევაში კი – შესაბამისი საფასურის გადახდისას.

4. უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან.

5. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შინაარსი და ფორმა განისაზღვრება ინსტრუქციით.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1962 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.251

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2016 წლის 3  ივნისის კანონი  № 5154  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის  კანონი  №5567  - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6840 - ვებგვერდი, 28 .07 .2020წ.

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №891 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

თავი II

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი

    მუხლი 11. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები

1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება:

ა) საკუთრება;

ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა;

გ) უზუფრუქტი;

დ) სერვიტუტი;

ე) იპოთეკა;

ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა;

ზ) იჯარა, ქვეიჯარა;

თ) თხოვება;

ი) ლიზინგი;

კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები;

ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები;

მ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ უპირატესი შესყიდვის უფლება;

ნ) უპირატესი შესყიდვის უფლება.

2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები.  

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების რეგისტრაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებზე რეგისტრირებული მონაცემები უცვლელად გადადის ახალ მესაკუთრეზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

41. უძრავ ნივთზე შეზღუდული უფლება რეგისტრირდება შესაბამის შეზღუდვასთან/ვალდებულებასთან ერთად.

4 2. უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე, რომლის საკადასტრო მონაცემების თაობაზე ინფორმაცია აღრიცხულია მარეგისტრირებელ ორგანოში, საკუთრების უფლების რეგისტრაციისას უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში შესაბამისი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები რეგისტრირდება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად. 

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების , ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით 1 წელზე მეტი ვადით დადებული გარიგებების (მათ შორის, გარიგებებისა, რომელთა საერთო ვადა აღემატება 1 წელს) საფუძველზე − აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“–„ი“და „ლ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. 

6. იპოთეკის მოწმობის რეგისტრაციის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2980 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.146

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3888 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.416

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4208 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2016 წლის 3  ივნისის კანონი  № 5154  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.  

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3223  –  ვებგვერდი, 13.08.2018წ

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის  კანონი  №4850  - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

    მუხლი 111. უძრავი ნივთის იდენტიფიცირებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის სიზუსტისთვის პასუხისმგებლობა

1. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი.

2. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი.

საქართველოს 2016 წლის 3  ივნისის კანონი  № 5154  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.   

    მუხლი 112. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირის ვალდებულება

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი ვალდებულია საჯარო რეესტრში უფლების/ვალდებულების რეგისტრაციისათვის წარსადგენი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი შეადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის შესაბამისად, რომლითაც ასევე განისაზღვრება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი. 

საქართველოს 2016 წლის 3  ივნისის კანონი  № 5154  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

მუხლი 113. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია 

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს ამ კანონის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, თუ ამ იურიდიული პირის პარტნიორის (პარტნიორების) შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ჩანაწერებით არ დგინდება ან არასრულყოფილია, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტაცია პარტნიორების შესახებ, რომლითაც დგინდება დომინანტი პარტნიორი. ეს ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე იპოთეკის უფლების ან საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული იმ ვალდებულების რეგისტრაციის შემთხვევაზე, რომელიც ითვალისწინებს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობას.

3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი, საკუთრების უფლების, იპოთეკის უფლების ან საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული იმ ვალდებულების რეგისტრაციისას, რომელიც ითვალისწინებს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობას, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტაცია ორგანიზაციული წარმონაქმნის წევრების შესახებ.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოსთვის წარდგენილი მონაცემების სისწორისთვის პასუხისმგებლობა მათ შემდგენ პირს ეკისრება. არასწორი ინფორმაციის წარდგენა შეიძლება გახდეს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლების რეგისტრაციისას, თუ არსებობს პარტნიორთა სიმრავლე, რომლებიც, თავის მხრივ, არიან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა), განმცხადებელს შეიძლება მოეთხოვოს დომინანტი პარტნიორის შესახებ ინფორმაციის წარდგენა, რაც განისაზღვრება ინსტრუქციით.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემების წარდგენის ვალდებულება არ ეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფინანსურ ინსტიტუტსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში (მათ შორის, უზრუნველყოფის საგნის კრედიტორის მიერ შეძენის შემთხვევაში), აგრეთვე საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება საინვესტიციო გეგმის (შეთანხმების) საფუძველზე რეგისტრირდება.

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის  კანონი  №4850  - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

    მუხლი 12. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია

1. უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

11. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია წარმოებს ამ კანონის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს გარიგების საფუძველზე ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას და საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია არ გამორიცხავს ამ ნივთის მესაკუთრედ სამართალმემკვიდრის რეგისტრაციას.

4. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია უქმდება:

ა) იმ უფლების რეგისტრაციით, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოხდა წინასწარი რეგისტრაცია;

ბ) ვადის გასვლით, თუ ვადა დადგენილი იყო;

გ) მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე;

დ) ამ ნივთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციით, გარდა აღნიშნული ნივთის მესაკუთრედ სამართალმემკვიდრის რეგისტრაციისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა საკუთრების უფლების გაუქმებით ეს ნივთი მესაკუთრის გარეშე რჩება.

საქართველოს 2016 წლის 3  ივნისის კანონი  № 5154  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის  კანონი  №4850  - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

    მუხლი 13. უფლებათა რეგისტრაციის და რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა

1. თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ.

2. თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ერთი და იმავე შინაარსის უფლების რეგისტრაცია, რომლებიც არ გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ ამ უფლებათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.

3. თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე სხვადასხვა შინაარსის უფლების რეგისტრაცია, რომლებიც არ გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი შინაარსის შესაბამისად.

4. რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის (განცხადების რეგისტრაციის) დროის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 14. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია

1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ასევე რეგისტრირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება.

2. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის მოთხოვნის მომენტისათვის უძრავ ნივთზე, საკუთრების უფლების გარდა, სხვა რაიმე უფლება არ არის რეგისტრირებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

3. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მიტოვებულად ითვლება საკუთრების უფლების მიტოვების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

4. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შემდეგ საკუთრების უფლება გადადის სახელმწიფოზე.

    მუხლი 15. მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის რეგისტრაცია და მათი შეცვლა

1. მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება:

ა) მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა;

ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა.

3. მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილების სარეგისტრაციო წარმოების ვადები განისაზღვრება ინსტრუქციით.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4947 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.  

საქართველოს 2016 წლის 3  ივნისის კანონი  № 5154  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის  კანონი  №4850  - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

     მუხლი 151. ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების რეგისტრაცია. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების რეგისტრაცია 

1. სახელმწიფო ტყის ან კერძო საკუთრების ტყის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესებით.

2. სახელმწიფო ტყის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით.

3. სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე.

4. ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, 2012 წლის 1 იანვრამდე იქნა გამოცემული, მიღებული ან შედგენილი. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ტყის საზღვრის კორექტირება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მფლობელის (მოსარგებლის) განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად დგინდება, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს.

5. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე. ამ მიმართვას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თანხმობა. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრების რეგისტრაცია არ აჩერებს უძრავ ნივთზე სხვა რაიმე უფლების ან ვალდებულების რეგისტრაციას.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4947 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.

საქართველოს 2016 წლის 3  ივნისის კანონი  № 5154  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5962 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №974 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1101 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

    მუხლი 152. (ამოღებულია)

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2016 წლის 3  ივნისის კანონი  № 5154  - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

   მუხლი 153. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ უპირატესი შესყიდვის უფლების რეგისტრაცია 

1. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უპირატესი შესყიდვის უფლების რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. უპირატესი შესყიდვის უფლების რეგისტრაციის არსებობისას, თუ უძრავი ქონების მესაკუთრე განიზრახავს ამ ქონების სხვა პირზე გასხვისებას, მან სააგენტოს დამატებით უნდა წარუდგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებაზე უარის თქმის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მას დათქმულ ვადაში არ მიეწოდა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ამ უფლების გამოყენების შესახებ.

3. თუ არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი, სააგენტო ვალდებულია დამატებით გამოიკვლიოს უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების საფუძვლები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 10 სამუშაო დღის ვადაში უარყოფითი პასუხის გაცემის ან პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში უქმდება უპირატესი შესყიდვის უფლების რეგისტრაცია და ხორციელდება საკუთრების უფლების შემძენზე რეგისტრაცია.

4. უპირატესი შესყიდვის უფლების რეგისტრაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უქმდება ასევე იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო გააუქმებს შესაბამის ადმინისტრაციულ აქტს ან ცვლილებას შეიტანს მასში. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს უპირატესი შესყიდვის უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3223  –  ვებგვერდი, 13.08.2018წ .

მუხლი 154. მიწის ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების რეგისტრაცია 

მიწის ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოსთან შეთანხმებული მიწის ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტის საფუძველზე. ეს პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 70-ე მუხლით, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3223  –  ვებგვერდი, 13.08.2018წ .

მუხლი 155. თანამესაკუთრის/მოიჯარის უპირატესი შესყიდვის უფლების რეგისტრაცია 

1. „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, თანამესაკუთრის/მოიჯარის განცხადების საფუძველზე უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უპირატესი შესყიდვის უფლება.

2. დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს დაზღვეული წერილი, რომლითაც შესაბამისი შეტყობინება გაიგზავნა, და შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დგინდება მისი ჩაბარების თარიღი, ხოლო შეტყობინების ჩაბარების სხვა წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − სათანადოდ დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტაცია.

3. თანამესაკუთრის/მოიჯარის უპირატესი შესყიდვის უფლება რეგისტრირდება შესაბამის შეტყობინებაში მითითებული ვადით, რომელიც აითვლება შეტყობინების ჩაბარების დღის მეორე დღიდან, ხოლო ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევაში − მისი გამოქვეყნების დღის მეორე დღიდან. თუ შეტყობინებით ზუსტი ვადა ვერ დგინდება, ვადად მიიჩნევა 15 კალენდარული დღე. ვადის გასვლა იწვევს აღნიშნული უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალის დაკარგვას.

4. „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო ინფორმაციას აქვეყნებს სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე, თუ ვალდებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ შეტყობინება უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს საქართველოში არსებულ რეგისტრაციის მისამართზე არ ჩაჰბარდა, ხოლო შეტყობინების ჩაბარების სხვა წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ აღნიშნულ პირს შეტყობინება შეთანხმებული წესით არ ჩაჰბარდა. მარეგისტრირებელი ორგანო ინფორმაციას სააგენტოს ვებგვერდზე აქვეყნებს იმ შემთხვევაშიც, თუ უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირის საქართველოში არსებული რეგისტრაციის მისამართი არ დგინდება ან საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით ამ პირის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

5. მარეგისტრირებელი ორგანო პასუხს არ აგებს დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობისა და სისწორისთვის.

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის  კანონი  №4850  - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

თავი III

მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრი

    მუხლი 16. მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები

1. მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება:

ა) გირავნობა;

ბ) ლიზინგი;

გ) საბანკო გარანტია;

დ) მხოლოდ ის ფინანსური გირავნობა, რომლის საგანია საკრედიტო მოთხოვნა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ე) „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის აქტივები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გირავნობის უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე გირავნობის უფლება რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3888 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.416

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6309 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“, №820, 19.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.05.001.003.390 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/20560-30/