საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.03.2014 ბოლო ცვლილება 16.01.2026
ნომერი
№1-1/66
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016315
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/66

2014 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 5 მარტიდან.

 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
+




საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომში – „სააგენტო“) არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და მის სისტემაში  შემავალი  საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

4. სააგენტოს აქვს დებულება, ბეჭედი, ბლანკი, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინოვაციების ქუჩა №7.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 30 იანვრის ბრძანება №1-1/36 - ვებგვერდი, 30.01.2015 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/556 - ვებგვერდი, 04.01.2016 წ.

 

მუხლი 1​1. სააგენტოს საქმიანობის პრინციპები

1. სააგენტო საქმიანობს არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით.

2. სააგენტო უზრუნველყოფს მისი სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და პროგრამების განსაჯაროებას კანონმდებლობით დადგენილი წესით .

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 19 ივნისის ბრძანება №1-1/161 - ვებგვერდი, 23.06.2014 წ.

 

მუხლი 2.  სააგენტოს მიზნები და ფუნქციები

1. სააგენტოს მიზნებია:

ა) საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ბ) ქვეყნის ინოვაციების და ტექნოლოგიების ერთიანი პოლიტიკის და  სტრატეგიის განხორციელების პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება;

გ) მომსახურებების, ინსტრუმენტების, პროგრამების და ინფრასტრუქტურული პროექტების ფორმირება   კერძო და  სახელმწიფო სექტორის მიერ  ცოდნის,  ინოვაციების და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობისათვის;

დ) საინფორმაციო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი პროექტების და პროგრამების სახელმწიფო ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინირება  საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების  ყველა სფეროში შეღწევის ხელშეწყობა და გამოყენების ეფექტურობის ამაღლება;

ე) ექსპორტზე ორიენტირებული ინოვაციების და ტექნოლოგიების, ინოვაციური  საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების მათ შორის საექსპორტო პროგრამირების განვითარების ხელშეწყობა;

ვ) მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარების და ინტერნეტის გამოყენების ეფექტურობის ამაღლებისათვის დაგეგმილ მიზნობრივ პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობა;

ზ) სამინისტროსათვის ინიციატივების და წინადადებების წარდგენა   ინოვაციების და ტექნოლოგიების და საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მოსამზადებლად, ასევე საექსპერტო მხარდაჭერის განხორციელება;

თ) ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მიზნით ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, უწყებათაშორისი კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ი) ინოვაციების ეკოსისტემაში კერძო სექტორის კონტრიბუციის ზრდის სტიმულირება და მათ შორის მდგრადი თანამშრომლობის ხელშეწყობა;

კ) საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი გლობალური მოთამაშეების იდენტიფიცირება და მათი შემდგომი ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ლ) სააგენტოს საქმიანობის მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის წარმოება, დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაზიდად;

მ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა, ქვეყანაში გენდერული თანასწორობისთვის.

2. სააგენტოს ფუნქციებია:

ა)  ინოვაციების და ცოდნის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება;

ბ) ინოვაციების და ტექნოლოგიების  კომერციალიზაციის ხელშემწყობი მექანიზმების, პროექტების, პროგრამების, ინფრასტრუქტურის ფორმირება და დაფინანსების უზრუნველყოფა;

გ) ტექნოლოგიური პარკების, ინოვაციების ცენტრების, ინოვაციების ლაბორატორიების, აქსელერატორების და ბიზნესინკუბატორების შექმნაში მონაწილეობა და მათი განვითარების ხელშეწყობა;

დ) ბიზნესის და აკადემიური წრეების ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა;

ე) კერძო ბიზნესში კვლევების და განვითარების სტიმულირებისათვის სხვადასხვა პროგრამების განხორციელება;

ვ) უცხოური ტექნოლოგიების და ინოვაციების მოძიება, ანალიზი და დანერგვის ხელშეწყობა;

ზ) ინოვაციებზე და ცოდნაზე დამყარებული ახალი ბიზნესინიციატივების ხელშეწყობა  და დაფინანსება;

თ)  ინოვაციური პროექტების, პროდუქტების, კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელშეწყობა და დაფინანსება;

ი) ინოვაციური დამწყები ბიზნეს-კომპანიების ფორმირების და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა და დაფინანსება;

კ) ინდუსტრიებში ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების  დანერგვის ხელშეწყობა;

ლ) ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნის და გამოყენების სტიმულირება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში;

მ) საფინანსო და ბიზნესსექტორის მიერ ინოვაციური პროექტებისა და დამწყები ბიზნესის დაფინანსების წახალისებისთვის წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა;

ნ)  ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში ინვესტორების და ინვესტიციების მოზიდვა;

ო) საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიური ბიზნესის, ინოვაციური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა,   მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვა-განხორციელება;

პ) პროგრამული უზრუნველყოფის, ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირების და საინფორმაციო ტექნოლოგიური მომსახურების  განვითარება;

ჟ) ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების საექსპორტო პოტენციალის ზრდა;

რ)საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ს) კვლევა-განვითარების, მეცნიერული და ტექნოლოგიური პროექტების, ასევე  საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების, ინოვაციური კომპანიების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ მონაცემთა  ბაზის ფორმირება და განახლება;

ტ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ საერთაშორისო რეიტინგებში და შეფასების სისტემებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე განვითარების პარამეტრების ოპერატიული ასახვის ხელშეწყობა;

უ) ეროვნული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია;

ფ) ევროკავშირის და სხვა ქვეყნების  ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნობრივ პროგრამებში მონაწილეობა;

ქ) ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მიზნობრივ   საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ღ) ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში დამატებითი გრანტების და ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით;

ყ) დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, უწყებათშორისი კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებებს ჩატარება, მათ შორის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთათვის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №1-1/291 - ვებგვერდი, 06.09.2014 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 4 აპრილის ბრძანება №1-1/132 - ვებგვერდი, 05.04.2023 წ.

 

მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).

2. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

გ)  ზედამხედველობს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

გ​1) (ამოღებულია - 04.04.2023, №1-1/132);

დ) მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;

ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს აწერს საბიუჯეტო და ბუღალტრულ დოკუმენტაციას, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შედგენილ შესაბამის დოკუმენტებს, მიღება-ჩაბარების აქტებს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებს;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);

თ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

თ​1) უფლებამოსილია სააგენტოს ორგანიზებულ ღონისძიებებსა და კონკურსებში საპრიზო ადგილზე გასულ პირებზე დააწესოს და გასცეს ჯილდო;

ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ი​1) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია, შექმნას სათათბირო ორგანოები (სამუშაო ჯგუფები) და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება და საქმიანობის წესი;

ი​2) ამტკიცებს საქართველოს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიებისა და ინოვაციების ლაბორატორიის ქსელის წესდებებს;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე(ებ)ი, რომელიც ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე.  სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე(ებ)ს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის  შემთხვევაში  სააგენტოს თავმჯდომარის  მოადგილე ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობებს. სააგენტოს თავმჯდომარის და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შეიძლება დაეკისროს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის (დეპარტამენტის) უფროსს. სააგენტოს თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისი მოვალეობებისა და უფლებების ნაწილი ბრძანებით გადააკისროს  მოადგილეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 19 ივნისის ბრძანება №1-1/161 - ვებგვერდი, 23.06.2014 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 12 სექტემბრის ბრძანება №1-1/251 - ვებგვერდი, 15.09.2014 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 30 იანვრის ბრძანება №1-1/36 - ვებგვერდი, 30.01.2015 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №1-1/598 - ვებგვერდი, 14.11.2016 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 4 აპრილის ბრძანება №1-1/132 - ვებგვერდი, 05.04.2023 წ.
 

მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტი;

ბ) საგრანტო პროგრამების მართვის დეპარტამენტი;

გ) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დეპარტამენტი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 30 იანვრის ბრძანება №1-1/36 - ვებგვერდი, 30.01.2015 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 4 აპრილის ბრძანება №1-1/132 - ვებგვერდი, 05.04.2023 წ.

 

მუხლი 5.  სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

1. ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) ინოვაციების საზოგადოების გაძლიერებას საქართველოში და სტარტაპ ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებს შორის ეფექტიანი კავშირების დამყარების ხელშეწყობას;

ბ) სააგენტოს ბენეფიციარ სტარტაპებთან კომუნიკაციას და მათ მხარდაჭერას. თემატური ინფორმაციის მიწოდებას ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ;

გ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირებას, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში. ინფორმაციულ ტექნოლოგიური ბიზნესის და ინოვაციური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას  სხვადასხვა ღონისძიებებისა და პროექტების მხარდაჭერის გზით;

დ) სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის, ცნობიერების ამაღლებას  ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების შესახებ. მათი ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობას, კარიერული განვითარებისა და ცოდნის გამოყენების სტიმულირებას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში;

ე) თბილისსა და რეგიონებში სტარტაპების ფორმირების და განვითარების ხელშეწყობას, მიზნობრივი მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელების გზით;

ვ) სააგენტოს ბენეფიციარი სტარტაპებისთვის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის და გლობალურ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო საერთაშორისო კავშირების დამყარების ხელშეწყობასა და მიზნობრივი ღონისძიებების წახალისებას;

ზ) ანგელოზი ინვესტორების ქსელების განვითარებისა და გაფართოების სტიმულირებას საქართველოში, ინვესტირების მზაობის გაზრდის წახალისებას;

თ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებთან და სტარტაპებთან კომუნიკაციას და საქართველოს ბიზნესკლიმატის უპირატესობების პოპულარიზაციას;

ი) სააგენტოს სერვისების გაციფრულებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას და მხარდაჭერას, ახალი ციფრული პროექტების ინიცირებასა და მართვას;

კ) ციფრული ეკონომიკის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის საჭირო მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელებას;

ლ) ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების ხელშეწყობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით და მიზნობრივი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას;

მ) სტარტაპ და ინოვაციების ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებების წახალისებას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ეკოსისტემის წევრების დაახლოებას და ახალი კავშირების დამყარებას.

2. საგრანტო პროგრამების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) საგრანტო პროგრამების შემუშავებას, ადმინისტრირებას და მართვას;

ბ) საგრანტო პროგრამების მონიტორინგს;

გ) საგრანტო პროგრამების მართვისთვის საჭირო პროგრამული (software) უზრუნველყოფის გამართვას;

დ) საგრანტო პროგრამების ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას.

3. საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) უცხოური ტექნოლოგიების და ინოვაციების მოძიებას, მათ ანალიზს და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას საქართველოში მათი დანერგვის მიზნით. აგრეთვე, ახლო კავშირების დამყარებას სააგენტოს მსგავს ორგანიზაციებთან ევროკავშირის ქვეყნებში;

ბ) კვლევა-განვითარების, მეცნიერული და ტექნოლოგიური პროექტების, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების, ინოვაციური კომპანიების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ მონაცემთა ბაზის ფორმირებასა და განახლებას;

გ) მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ საერთაშორისო რეიტინგებში და შეფასების სისტემებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე განვითარების პარამეტრების ოპერატიული ასახვის ხელშეწყობას;

დ) სააგენტოს არსებული პროგრამების გაგრძელების და ახალი პროექტების განხორციელების მიზნით საჭირო ფონდების მოზიდვას;

ე) ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში დამატებითი გრანტების და ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით;

ვ) ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მიზნობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;

ზ) ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნობრივ პროგრამებში მონაწილეობას;

თ) ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში ინვესტორების და ინვესტიციების მოზიდვას;

ი) ეროვნული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ;

კ) სააგენტოს თანამშრომლების განვითარების და სტიმულირების მიზნით შემეცნებითი პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების წყაროების მოძიებას;

ლ) საელჩოებთან და დიასპორებთან ურთიერთობას, ინფორმაციის გაცვლის, საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების და საჭირო კავშირების დამყარების მიზნით, რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის ძირითადი აქტორების გაძლიერებას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 30 იანვრის ბრძანება №1-1/36 - ვებგვერდი, 30.01.2015 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/556 - ვებგვერდი, 04.01.2016 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 4 აპრილის ბრძანება №1-1/132 - ვებგვერდი, 05.04.2023 წ.

 

მუხლი 6. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, აჩერებს მისი უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.

2. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) სესხის აღება;

ბ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

გ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;

ე) საკუთარი მიზნების განსახორციელებლად დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

4. სააგენტო აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 12 სექტემბრის ბრძანება №1-1/251 - ვებგვერდი, 15.09.2014 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 8 ივლისის ბრძანება №1-1/282 - ვებგვერდი, 10.07.2015წ.

 

უხლი 7. სააგენტოს დაფინანსება და ქონება

1. სააგენტოს ქონება შედგება  მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა)საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები;

დ) შემოწირულობები;

ე) სააგენტოს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;

ვ) სახელმწიფო კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას ან/და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემის განვითარებას.

 

მუხლი 8. სააგენტოს საბურალტრო ანგარიშგება

სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

 

მუხლი 9. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია  ხორციელდება საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 10. დასკვნითი დებულებები

დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №1-1/66, 05.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016315 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2269957-8/