საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.07.2015 ბოლო ცვლილება 12.03.2026
ნომერი
№85
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016589
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (45)

შემდგომი ცვლილებები (37)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №85

2015 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №227 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012  წლის 22 აგვისტოს №148 ბრძანება.
3. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2015 წლის 27 ივლისიდან.
4. ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 21 სექტემბრიდან.
5. ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
+



  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლი (შემდგომში – იუსტიციის სახლი) არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №227 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. იუსტიციის სახლის სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლი“. იუსტიციის სახლის ინგლისურენოვანი სახელწოდებაა – „Legal Entity of Public Law -  Public Service Hall“.

3. საქმიანობისას იუსტიციის სახლი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. იუსტიციის სახლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

5. იუსტიციის სახლი საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

6. იუსტიციის სახლს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საიდენტიფიკაციო კოდი, ანგარიში კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში, ლოგო, ბეჭედი, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. იუსტიციის სახლი უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მექანიკური ან/და მართვის ავტომატური საშუალებებით.

8. იუსტიციის სახლის იურიდიული მისამართია: თბილისი, სანაპიროს ქ. №2.

 

მუხლი 2. იუსტიციის სახლის მიზნები

იუსტიციის სახლის მიზნებია:

ა) მომხმარებლისათვის ერთი ფანჯრის პრინციპით სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება;  

ბ)   სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა;

გ) მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი მომსახურებების და ინოვაციური სერვისების შეთავაზება;

დ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

 

მუხლი 3. იუსტიციის სახლის ფუნქციები

იუსტიციის სახლის ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებთან და იურიდიულ

პირებთან დადებული ხელშეკრულების/შეთანხმებების შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოების და იურიდიული პირების უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ქმედებების შესრულება მომხმარებლისათვის შესაბამისი მომსახურებების/კონსულტაციების გაწევის მიზნით;

ბ) სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიცირება და მათი განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა;

გ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა, მათი მომსახურების ეფექტიანობის გაზრდისა და გაუმჯობესების მიზნით;

დ) იუსტიციის სახლის მიზნების მისაღწევად აუცილებელი სხვა ქმედებების განხორციელება.

 

მუხლი 4. იუსტიციის სახლის მართვა

1. იუსტიციის სახლის მართვას და ხელმძღვანელობას ახორციელებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში - აღმასრულებელი დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს 3 მოადგილე (ოპერაციების დირექტორი, ფინანსების დირექტორი და ადმინისტრაციის დირექტორი), რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.

3. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებით კურირებენ იუსტიციის სახლში მათთვის მიკუთვნებულ სფეროებს. მოადგილეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის ან მის მიერ აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.

5. აღმასრულებელ დირექტორს შესაძლებელია ჰყავდეს თანაშემწე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

 

მუხლი 5. იუსტიციის სახლის  სტრუქტურა

1. იუსტიციის სახლი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა (სამსახურები) და ტერიტორიული ორგანოების  (ფილიალები)  მეშვეობით.

2. იუსტიციის სახლის სამსახურებია:

ა) მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახური;

ბ) ხარისხის მართვის სამსახური;

გ) (ამოღებულია - 30.12.16 №210);

დ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

ე)  შესყიდვების სამსახური;          

ვ) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახური;

ზ) (ამოღებულია - 30.12.16 №210);

თ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

ი) ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური;

კ) შიდა აუდიტის სამსახური;

ლ) სატელეფონო ცენტრი.

3. იუსტიციის სახლის ფილიალებია:

ა) ახალქალაქის იუსტიციის სახლი;

ბ) ახალციხის იუსტიცის სახლი;

გ) ბათუმის იუსტიციის სახლი;

გ​​1) ბოლნისის იუსტიციის სახლი; 

დ) ბორჯომის იუსტიციის სახლი;

ე) გურჯაანის იუსტიციის სახლი;

ვ) გორის იუსტიციის სახლი;

ზ) ზუგდიდის იუსტიციის სახლი;

თ) თბილისის იუსტიციის სახლი;

ი) თელავის იუსტიციის სახლი;

კ) თიანეთის იუსტიციის სახლი;

ლ) ლაგოდეხის იუსტიციის სახლი;

მ) მარნეულის იუსტიციის სახლი;

მ​​1) მარტვილის იუსტიციის სახლი;

ნ) მესტიის იუსტიციის სახლი;

ო) ოზურგეთის იუსტიციის სახლი;

პ) ონის იუსტიციის სახლი;

ჟ) რუსთავის იუსტიციის სახლი;

რ) ფოთის იუსტიციის სახლი;

რ​​1) სენაკის იუსტიციის სახლი;

ს) ქუთაისის იუსტიციის სახლი;

ტ) ყაზბეგის იუსტიციის სახლი;

უ) ყვარლის იუსტიციის სახლი;

ფ) ხონის იუსტიციის სახლი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №210 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №358 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №399 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 23 მაისის ბრძანება №408 - ვებგვერდი, 23.05.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 ივნისის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 27.06.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №468 - ვებგვერდი, 17.12.2019 წ.

 

მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

 

მუხლი 7. აღმასრულებელი დირექტორი

1. აღმასრულებელი დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს იუსტიციის სახლის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს იუსტიციის სახლს მესამე პირებთან ურთიერთობაში და იუსტიციის სახლის სახელით დებს გარიგებებს;

გ) იუსტიციის სახლის ფუნქციებიდან გამომდინარე გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში  გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე) ანაწილებს დავალებებს იუსტიციის სახლის თანამშრომლებზე და განსაზღვრავს დავალებების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს; აკონტროლებს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობას;

ვ) ამტკიცებს იუსტიციის სახლის საქმიანობის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას; უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის სტრატეგიული მიზნების და ამოცანების განხორციელებას და იუსტიციის სახლის საქმიანობის შესაბამისობას სტრატეგიულ მიზნებთან;

ზ) იუსტიციის სახლის ბიუჯეტის ფარგლებში ამტკიცებს პროექტებს, რომლებიც ემსახურებიან იუსტიციის სახლის საქმიანობის სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას;

თ) უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული საოპერაციო პრობლემების გადაჭრასა და საოპერაციო რისკების შემცირებას;

ი) ამტკიცებს იუსტიციის სახლის შინაგანაწესს;

კ) შუამდგომლობს იუსტიციის სახლის მიზნების მიღწევისა და ფუნქციების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს მათი განკარგვის თაობაზე;

ლ) უფლებამოსილია მოახდინოს კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილების  იუსტიციის სახლის თანამშრომელზე დელეგირება. დელეგირების ფაქტი აღმასრულებელ დირექტორს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით;

მ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის სახლის თანამშრომლებს. მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ნ) კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს, მათ შორის, უცხოელ სპეციალისტებს;

ო) სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

პ) უზრუნველყოფს სამსახურებისა და ფილიალების კოორდინირებულ საქმიანობას;

ჟ) ამტკიცებს იუსტიციის სახლის მომსახურების სტანდარტებს;

რ) განიხილავს და სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს იუსტიციის სახლის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს;

ს) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე  იუსტიციის სახლის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს;

ტ) უფლებამოსილია იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის ან/და შესასრულებული სამუშაოსათვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, განუსაზღვროს დამატებითი საზღაური (დანამატი);

უ) ამტკიცებს იუსტიციის სახლის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს;

ფ) ამტკიცებს იუსტიციის სახლის ბეჭდის, შტამპების ფორმებს და მათი გამოყენების წესს;

ქ) იუსტიციის სახლის სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

ღ) განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირს (პირებს);

ყ) ზრუნავს იუსტიციის სახლის იმიჯზე/რეპუტაციაზე, მომსახურების ხარისხის შენარჩუნებაზე, ზრდასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე;

შ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც მიმართულია იუსტიციის სახლის მიზნების მიღწევისა და ფუნქციების შესრულებისაკენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

 

მუხლი 8. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.

2. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის ფუნქციების შესრულებაზე და  კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.

3. ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი. სამსახურის უფროსის მოადგილე (მოადგილეები) ასრულებს უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამსახურის უფროსის მოადგილე (ერთ-ერთი მოადგილე) ან აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი.

5. სამსახურის უფროსის ფუნქციებია:

ა) სამსახურის წლიური სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;

ბ) განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების გზების ძიება და წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

გ) ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება და კანდიდატთა შერჩევის პროცესში ჩართულობა;

დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ კორესპონდენციებზე და საკითხებზე დროული, ადეკვატური რეაგირება და მომხმარებლის ინტერესზე მორგებული გამოსავლის ძიება კანონით დადგენილ ფარგლებში;

ე) სამსახურის ფუნქციების ფარგლებში მესამე პირებთან ურთიერთობა;

ვ) სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

ზ) სამსახურის საქმიანობის მუშაობის ეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული პროექტების ინიციირება;

თ) იუსტიციის სახლის სხვა სამსახურებთან და ფილიალებთან თანამშრომლობა მათ ფუნქციებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით; 

ი) დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის მოვალეობების გადანაწილება და მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი;

კ) სამსახურში მომზადებული დოკუმენტების ვიზირება;

ლ) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

6. სამსახურის  შემადგენლობაში შედიან მრჩევლები. სამსახურის შემადგენლობაში ასევე შესაძლებელია შედიოდნენ სპეციალისტები. სატელეფონო ცენტრის შემადგენლობაში შედიან უფროსი სპეციალისტები და კოორდინატორები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №210 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №358 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ.

 

მუხლი 8​1. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

 

მუხლი 9. მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახური

მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახურის ფუნქციებია:

ა) ბრენდის – „იუსტიციის სახლი“  განვითარებაზე ზრუნვა;

ბ) ბრენდის – „იუსტიციის სახლი“ განვითარების მიზნით იდეების გენერირება, ანალიზი, კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;

გ) იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის მართვა;

დ) ბრენდის – „იუსტიციის სახლი“ მახასიათებლების შესახებ თანამშრომელთა ინფორმირებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;

ე) მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;

ვ) იუსტიციის სახლის ბრენდისთვის საზიანო ფაქტებსა და მოვლენებზე დაუყოვნებლივ რეაგირება;

ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის საჭიროებების განსაზღვრა და განხორციელების ორგანიზება, საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;

თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომელთა კომუნიკაციის ფორმების და შინაარსის შესახებ მითითებების შემუშვება და თანამშრომელთა ინფორმირების უზრუნველყოფა;

ი) იუსტიციის სახლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და რეაგირება;

კ) იუსტიციის სახლის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად მომსახურების განვითარებაზე ზრუნვა;

ლ) სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულების სერვისების იუსტიციის სახლში დანერგვის უზრუნველყოფა;

მ) მომსახურების განვითარებისა და ინოვაციების მართვის მიმართულებით, იუსტიციის სახლის შესაძლებლობების გამოსავლენად და გამოვლენილი შესაძლებლობების განხორციელების მიზნით მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება და მისი განვითარება;

ნ) მომსახურების განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა;

ო) იუსტიციის სახლში დასანერგი სერვისების წინასწარი ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტის ფორმირების მიზნით სათანადო ინფორმაციის შეგროვება, პროგნოზირება, შესაბამისი პროექტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

პ) ახალი მომსახურებისა და პროცედურების დანერგვის მიზნით, შესაბამისი ინსტრუქციებისა და ტრენინგისათვის საჭირო მასალების მომზადება; თანამშრომლებისთვის გადამზადების პროცესის  ჩატარების უზრუნველყოფა;

ჟ) ახალი ან/და არსებული მომსახურების დანერგვა/დახვეწასთან დაკავშირებული პროცესის უზრუნველყოფა, წინასწარი ტესტირება და პროექტის მიმდინარეობაზე დაკვირვება;

რ) შემოსავლის გენერირების მიზნით გაყიდვების არხების შექმნის შესაძლებლობების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ს) გაყიდვების გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;  აუქციონის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №210 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ.

 

მუხლი 10. ხარისხის მართვის სამსახური

ხარისხის მართვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მომსახურების მაღალი ხარისხის (მომხმარებლისთვის მარტივად გასაგები, კომფორტული, სწრაფი და უხარვეზო) უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და განვითარება;

ბ) იუსტიციის სახლის მომსახურების ხარისხის შეფასების და ამაღლების მიზნით კვლევის ამოცანების განსაზღვრა, კვლევის ჩატარების და უკუკავშირის უზრუნველყოფა;

გ) უკუკავშირის განხორციელების სტანდარტის შემუშავება, დანერგვა და განვითარება;

დ)  მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებული პროცესების ანალიზი, კვლევებისა და უკუკავშირის შედეგების საფუძველზე, არსებული ან შესაძლო პრობლემების ან/და ხარვეზების იდენტიფიცირება, ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ე) სერვისის მიწოდების პროცესის დაკვირვება, არსებული ხარვეზების დროული  იდენტიფიცირება, ანალიზი და გადაწყვეტის გზების შესახებ შესაბამისი ბიზნესამოცანის  ჩამოყალიბება; მომსახურების პროცედურების ოპტიმიზაციის იდეების გენერირება;

ვ) იუსტიციის სახლის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებული თანამშრომლობით ბიზნეს-ამოცანის სრულყოფილად ჩამოყალიბება;

ზ) ფილიალებიდან და სატელეფონო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

თ) იუსტიციის სახლის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მონიტორინგი, ამ მიზნით სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი;

ი) მომსახურების პროცესში ერთიანი მიდგომებისა და სტანდარტიზებული პროცედურების დანერგვის მიზნით ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრისათვის მითითებებისა და ინსტრუქციების მიწოდება;

კ) მომსახურების ხარისხის ამაღლებისთვის რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №210 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ.

 

მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №210 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ.

 

მუხლი 12. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ფუნქციებია:

ა) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;

ბ) ბუღალტრული ოპერაციების კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხვა;

გ) იუსტიციის სახლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება, მათი ხელმძღვანელობისთვის და სხვა უფლებამოსილი უწყებებისთვის წარდგენა;

დ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვადასხვა წყაროების მიხედვით, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა;

ე) ფინანსური ინფორმაციის/დოკუმენტების შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა;

ვ) უნაღდო ფულადი ოპერაციების/ტრანზაქციების დროული წარმოება შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე;

ზ) იუსტიციის სახლის თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების და სხვა განაცემების გაცემის ორგანიზება;

თ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების აღრიცხვის უზრუნველყოფა;

ი) ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების და მოთხოვნების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა;

კ) არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა;

ლ) იუსტიციის სახლის ბიუჯეტის პროექტის შედგენა და შესაბამის სამსახურებთან/უწყებებთან განხილვა/შეთანხმება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

მ) იუსტიციის სახლის საბიუჯეტო პროცესის მართვა; სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გონივრული და განვითარებაზე ორიენტირებული ხარჯვის უზრუნველყოფა;

ნ) იუსტიციის სახლის ხარჯების ოპტიმიზაციისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხელმძღვანელობისთვის წინადადებების წარდგენა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

 

მუხლი 13.  შესყიდვების სამსახური

შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია:

ა) იუსტიციის სახლის მიზნების შესაბამისად, იუსტიციის სახლის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა, შესაბამისი სამსახურის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება; ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის, მასში შესატანი ცვლილებების პროექტის შემუშავება და წარდგენა;

დ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ჩატარება, ანგარიშგება, შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, წარმოება, რეგისტრაცია და შენახვა;

ე) შესყიდვის რაციონალური განხორციელების, ღია და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ბაზრის კვლევა და ალტერნატივების ძიება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

 

მუხლი 14. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახური

ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახურის ფუნქციებია:

ა) იუსტიციის სახლის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის, შენახვის და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა, ასევე, იუსტიციის სახლის ფილიალების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის სერვისის მისაწოდებლად;

ბ) სასაწყობო მეურნეობის მართვა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა;

გ) იუსტიციის სახლის ავტო-პარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება, დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით საწვავის ხარჯვის კონტროლი;

დ) იუსტიციის სახლის სამსახურებისა  და ფილიალების საჭირო ნივთებით მომარაგება;

ე) იუსტიციის სახლის შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;

ვ) იუსტიციის სახლისთვის სხვადასხვა სახის მომსახურების მომწოდებელი სუბიექტების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და გამოვლენილ ნაკლოვანებებზე რეაგირება;

ზ) იუსტიციის სახლის არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა;

თ) იუსტიციის სახლის შენობა-ნაგებობების მდგომარეობის შემოწმება და საჭირო ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა;

ი) სამშენებლო, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მართვა და ამ მიზნით მესამე პირებთან ურთიერთობა;

კ) იუსტიციის სახლის  ინფრასტრუქტურის (მათ შორის, ელექტრო-კომუნიკაციის, ვენტილაცია-კონდიცირების  და სხვა) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

 

მუხლი 15. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №210 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ.

 

მუხლი 16. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგიის შექმნა და განვითარება;

გ) ადამიანური რესურსების მოზიდვა, შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა;

დ) იუსტიციის სახლსა და თანამშრომლებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმიანობის სათანადო დოკუმენტური გაფორმება და თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;

ე) იუსტიციის სახლში შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება;

ვ) თანამშრომელთა მოტივაციის და შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ზ) ადამიანური რესურსების მართვის მიზნებისათვის შესაბამისი მონაცემთა დამუშავება;

თ) ადამიანური რესურსის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ინიციირება და ორგანიზება;

ი) თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

კ) თანამშრომელთა მიერ შრომით პირობებთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ლ) თანამშრომელთა შრომითი კმაყოფილების კვლევის განხორციელების ორგანიზება და კვლევის შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

მ) თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და თანამშრომელთა შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება;

ნ) ელექტრონული ტაბელის ადმინისტრირება;

ო) შიდა საინფორმაციო ვებგვერდის ადმინისტრირება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №358 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ.

 

მუხლი 16​1. ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური

ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:

ა) აღმასრულებელი დირექტორის ან/და სამსახურების მიერ ინიციირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება თანამშრომლებისთვის; საჭიროების შემთხვევაში, მათი შესაბამისი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;

ბ) შიდაორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, თანამშრომლებთან კომუნიკაცია;

გ) სამსახურებისა და ფილიალების მიერ თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადების კოორდინირება;

დ) შესაბამის სამსახურებთან ერთად იუსტიციის სახლის საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა;

ე) იუსტიციის სახლის წარმომადგენლობითი საკითხების (მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნებში) დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;

ვ) დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, დელეგაციების ვიზიტების პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება და სხვადასხვა ოფიციალურ პირთან შეხვედრების ორგანიზება;

ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

თ) იუსტიციის სახლში მიმდინარე საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) პროცესის წარმართვა და ორგანიზება;

ი) საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივირება;

კ) იუსტიციის სახლში გამოსაყენებელი დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების შემუშავება  და ადმინისტრირება;

ლ) იუსტიციის სახლის შენობაში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

მ) იუსტიციის სახლის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ნ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და ექსპერტიზა და ვიზირება;

ო) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;

პ) სასამართლო დავებზე იუსტიციის სახლის წარმომადგენლობა;

ჟ) იუსტიციის სახლის სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა შრომითი ხელშეკრულებებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) მომზადება და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება;

რ) იუსტიციის სახლის სახელით დასადები სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების და შრომითი ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;

ს) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით შესამუშავებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი მიღების პროცესში ჩართულობა;

ტ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობის, სამსახურების და ფილიალების დროული ინფორმირება;

უ) ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის ფუნქციების შესასრულებლად სიახლეების, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის, ინსტრუქციებისა და მითითებების დროული მიწოდება;

ფ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;

ქ) ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის ორგანიზაციული მხარდაჭერა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №210 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ.

 

მუხლი 16​2. შიდა აუდიტის სამსახური

1. შიდა აუდიტის სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ აღმასრულებელი დირექტორის წინაშე. აღმასრულებელი დირექტორის მიერ შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშებზე, დასკვნებსა და რეკომენდაციებზე რეაგირება ემსახურება მართვის ეფექტიანობისა და ეფექტურობის მიზნის მიღწევას. დაუშვებელია შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე.

2.  შიდა აუდიტის სამსახურის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს იუსტიციის სახლში  მიმდინარე ნებისმიერი პროცესი და საქმიანობის სფერო. იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტის სამსახურთან და უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება.

3.  შინა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია:

ა) იუსტიციის სახლის სამსახურებისა და ფილიალების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი;

ბ) იუსტიციის სახლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგი;

გ) იუსტიციის სახლის სტრატეგიული პროექტების განხორციელების მონიტორინგი;

დ) იუსტიციის სახლში  მიმდინარე პროცესების და საქმიანობის სფეროების აუდიტის და მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშების მომზადება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა;

ე) სამსახურში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დარღვევების ფაქტებზე სატელეფონო შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება;

ვ) იუსტიციის სახლში სამართალდარღვევის, დისციპლინური გადაცდომის ან/და იუსტიციის სახლის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შესახებ ცნობებთან (განცხადება, წერილი, საჩივარი, შეტყობინება, სხვა ინფორმაცია ან ფაქტი) დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების  ჩატარება, დასკვნის მომზადება და აღმასრულებელი დირექტორისათვის წარდგენა;

ზ) იუსტიციის სახლის თანამშრომელთა სამსახურებრივი დისციპლინის შემოწმება, გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა;

თ) იუსტიციის სახლში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

ი) სამსახურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა;

კ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს იუსტიციის სახლის მიზნებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

 

მუხლი 16​3. სატელეფონო ცენტრი

სატელეფონო ცენტრის ფუნქციებია:

ა) იუსტიციის სახლის სერვისებთან დაკავშირებით სატელეფონო და ონლაინ-კომუნიკაციის საშუალებებით კვალიფიციური, მარტივად გასაგები, მაღალი ხარისხის საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურება სატელეფონო მომსახურების ხარისხის სტანდარტის და იუსტიციის სახლის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით სატელეფონო და ონლაინ-კომუნიკაციის საშუალებებით შემოსული შეკითხვების ყოველთვიური ანალიზი და შესაბამისი სამსახურებისათვის მიწოდება; ამ ანალიზის საფუძველზე ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ახალ პროდუქტთან  ან მომსახურებასთან დაკავშირებით გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებელთა  აზრის კვლევის მიზნით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

 

მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

 

მუხლი 18. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

 

მუხლი 19. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

 

მუხლი 20.  (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

 

მუხლი 21. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

 

მუხლი 22. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

 

მუხლი 23.  (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

 

მუხლი 24. ფილიალების ორგანიზაციული მოწყობა

1. ფილიალი მომხმარებლების მომსახურებას ახორციელებს საკონსულტაციო სივრცის, სწრაფი მომსახურების სივრცის/სივრცეების და ხანგრძლივი მომსახურების სივრცის/სივრცეების მეშვეობით.

2. საკონსულტაციო სივრცეში შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში ხორციელდება იუსტიციის სახლის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლისათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა და მისი შესაბამის სივრცეში გადამისამართება.

3. საკონსულტაციო სივრცეში მომსახურების მიწოდება ხორციელდება სივრცის კონსულტანტების მეშვეობით. საკონსულტაციო სივრცეს შესაძლებელია ხელმძღვანელობდეს სექტორის კოორდინატორი.

4. სწრაფი მომსახურების სივრცეში ხორციელდება მომხმარებლებისათვის მზა დოკუმენტების ან/და მიღებული გადაწყვეტილებების გადაცემა/გაცნობა. აღმასრულებელი დირექტორის ან ფილიალის მენეჯერის გადაწყვეტილებით, სწრაფი მომსახურების უზრუნველსაყოფად, სწრაფი მომსახურების სივრცეში შესაძლებელია განხორციელდეს კონკრეტული სახის განაცხადების მიღებაც.

5. სწრაფი მომსახურების სივრცეში მომსახურების მიწოდება ხორციელდება სპეციალისტების მიერ. სწრაფი მომსახურების სივრცეს შესაძლებელია ხელმძღვანელობდეს სივრცის კოორდინატორი.

6. ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში ხორციელდება  უფლებამოსილების ფარგლებში იუსტიციის სახლის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადების მიღება, რეგისტრაცია და არსებულ სერვისებზე მომხმარებელთათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა. აღმასრულებელი დირექტორის ან ფილიალის მენეჯერის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლში სწრაფი მომსახურების უზრუნველსაყოფად,  ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში შესაძლებელია მზა დოკუმენტების ან/და მიღებული გადაწყვეტილებების გადაცემა/გაცნობა.

7. ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში მომსახურების მიწოდება ხორციელდება უფროსი სპეციალისტების მიერ. ხანგრძლივი მომსახურების სივრცეს შესაძლებელია ხელმძღვანელობდეს სივრცის კოორდინატორი.

8. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მომხმარებელთა ნაკადის, თანამშრომელთა ოდენობის, მომსახურების მიწოდების დროის, გაწეული კონსულტაციების და მიღებული განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ფილიალში შეიქმნას სექტორი. სექტორი არის არანაკლებ სამი  მომსახურების სივრცის გაერთიანება, რომელსაც ხელმძღვანელობს სექტორის კოორდინატორი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №358 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ.

 

მუხლი 25. ფილიალების ფუნქციები

ფილიალის ფუნქციებია:

ა)  უფლებამოსილების ფარგლებში იუსტიციის სახლის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადების მიღება (მათ შორის, ზეპირად ან წერილობით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში განცხადების ფორმის შევსება) და რეგისტრაცია;

ბ) იუსტიციის სახლის სახელზე შემოსული  კორესპონდენციის მიღება და რეგისტრაცია;

გ) მიღებული განცხადებისა და კორესპონდენციის შესაბამისი ორგანოსთვის მიწოდება ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით;

დ) უფლებამოსილ პირთათვის შესაბამისი ორგანოს მიერ გასაცემი დოკუმენტების ან/და მიღებული გადაწყვეტილების  გადაცემა, მათ შორის ფოსტის მეშვეობით გაგზავნა;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლისათვის ინფორმაციის გადაცემა და  კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;

ვ) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

 

მუხლი 26. ფილიალების  ხელმძღვანელობა

1. ფილიალს ხელმძღვანელობს მენეჯერი, რომელსაც, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.

2. ფილიალის მენეჯერი პასუხისმგებელია ფილიალის ფუნქციების შესრულებაზე და ფილიალის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.

3. ფილიალის მენეჯერს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები და თანაშემწე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.

4. ფილილის მენეჯერის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ფილიალის მენეჯერის მოადგილე (ასეთი არსებობის შემთხვევაში) ან აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი. 

5. ფილიალის მენეჯერის ფუნქციები:

ა) ფილიალის საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების  წარდგენა;

ბ) ფილიალის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, ფილიალის საქმიანობის გაუმჯობესების გზების ძიება და წინადადებების ხელმძღვანელობისთვის  წარდგენა;

გ) ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება;

გ​1) ფილიალის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, თანამშრომელთა გადამზადების საჭიროების განსაზღვრა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

დ) ფილიალში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და აღნიშნულის შესახებ შესაბამისი სამსახურ(ებ)ის დროული ინფორმირება;

ე) დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის მოვალეობების გადანაწილება და მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი;

ვ) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №210 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ.

 

მუხლი 27. იუსტიციის სახლის სათათბირო ორგანოები

1. იუსტიციის სახლის მიზნების მიღწევისა და ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისათვის, ცალკეულ საკითხთა განხილვის მიზნით, იუსტიციის სახლში შესაძლებელია შეიქმნას სათათბირო ორგანოები (კომიტეტები, კომისიები).

2.  სათათბირო ორგანო იქმნება, მისი ამოცანები, თავმჯდომარე, წევრები, მდივანი და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 28. იუსტიციის სახლის ქონება

1. მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად იუსტიციის სახლს აქვს ქონება, რომელიც ფორმირდება კანონმდებლობის შესაბამისად.

2. იუსტიციის სახლის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება იუსტიციის სახლის ბალანსზე.

3. იუსტიციის სახლის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან/მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი;

გ) კრედიტები და გრანტები;

დ) შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.

 

მუხლი 29. იუსტიციის სახლის სახელმწიფო კონტროლი

1. იუსტიციის სახლი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. იუსტიციის სახლის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს იუსტიციის სახლის არამართლზომიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.

4. იუსტიციის სახლმა, სამინისტროს თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) იუსტიციის სახლის ქონებასთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილებების მიღება, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აგრეთვე აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6. სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან უარი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

7. კანონით დადგენილ შემთხვევაში, იუსტიციის სახლი ვალდებულია საქართველოს მთავრობასთან შეათანხმოს მისი ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

 

მუხლი 30. იუსტიციის სახლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

იუსტიციის სახლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“, №85, 25.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016589 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2923513-8/