ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.08.2015 ბოლო ცვლილება 08.06.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№411
სარეგისტრაციო კოდი
330090000.10.003.018797
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №411

2015 წლის 3 აგვისტო

ქ.თბილისი

 

ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის,  ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზებისა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი  განვითარების ხელშეწყობის  მიზნით, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე:

+
მუხლი 1
ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების ფარგლებში, კერძოდ, ამ დადგენილების დანართ 1-ში მითითებულ საზღვრებში ტერიტორიების განვითარების შეზღუდვის მიზნით, ამოქმედდეს ქალაქთშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი.
+
მუხლი 2
განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილების დანართ № 1-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალოს:

ა)   ისეთი ტერიტორიების განაშენიანება, რომლებიც ბოლო 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა განაშენიანებული, ასევე ქუჩათა ქსელის, რელიეფის შეცვლა, ნიშნულების პროფილის არსებითი ცვლილება;

ბ) სამშენებლო სამუშაოები (მათ შორის, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება და ნებართვების გაცემა), გარდა ამ დადგენილების მე-4−მე-5 მუხლებში მითითებული შემთხვევებისა;

გ) შენობის მოცულობისა და გაბარიტების შეცვლა (მათ შორის, ახალი ნაწილის მიშენება ან დაშენება).

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 მარტის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 10.03.2017წ.

+
მუხლი 3
ამ დადგენილების დანართ № 1-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალოს საკუთრების უფლების აღიარება,  ასევე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის  ნაკვეთების განკარგვა.
+
მუხლი 4
დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილების დანართ №1-ში მითითებულ  ტერიტორიაზე დასაშვებ სამშენებლო სამუშაოებად განისაზღვროს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით (შემდგომში − №57 დადგენილება) განსაზღვრული შემდეგი სამუშაოები და ობიექტები:

ა) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ბ) №57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, ყველა კლასის შენობა-ნაგებობებისთვის;

გ) №57 დადგენილების მე-15 მუხლით განსაზღვრული, არსებული ხაზობრივი ნაგებობების (გზა, გაზსადენი, მილსადენი, ელექტროსადენი, კავშირგაბმულობის ხაზი და ა.შ.) რეაბილიტაცია ან/და ჩანაცვლება, კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლების უცვლელად;

დ) №57 დადგენილების 65-ე მუხლით განსაზღვრული I კლასს მიკუთვნებული სამშენებლო სამუშაოები ან/და შენობა-ნაგებობები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელნი ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობა-ნაგებობებს ან/და წარმოადგენენ ძირითადი შენობა-ნაგებობის დროებით დამხმარე ობიექტებს.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 მარტის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 10.03.2017წ.

+
მუხლი 4​1
დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილების დანართ №1-ში მითითებულ  ტერიტორიაზე დასაშვებ სამშენებლო სამუშაოებად განისაზღვროს №57 დადგენილებით განსაზღვრული ყველა კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობა-ნაგებობებს და არ იცვლება ამ უკანასკნელის სართულიანობა, მოცულობა ან/და გაბარიტული ზომები.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 მარტის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 10.03.2017წ.

+
მუხლი 5
დროებით რეჟიმი არ ვრცელდება იმ შენობებზე:

ა) რომლებსაც აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი;

ბ) რომელთა მშენებლობაც დაწყებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე.

+
მუხლი 6
დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში ნებისმიერი ტიპის სამშენებლო პროექტის დაგეგმვისა და მათ განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილმა  ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან ერთად იხელმძღვანელონ მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ იუნესკოს კონვენციისა და  მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებების (მათ შორის, 32 COM 7B.90, 2008;33 COM 7B.102, 2009; 34 COM 7A.27, 2010; 36 COM 7A.31, 2013, გადაწყვეტილების პროექტი 39 COM 7A.41. 2015) შესაბამისად. 
+
მუხლი 7
ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენის მიზნით:

ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ (სსიპ – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ) 2018 წლის 1 ოქტომბრამდე მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით უზრუნველყოს:

ა.ა) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის შემუშავება;

ა.ბ) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დამცავი (ბუფერული) ზონის კორექტირება;

ა.გ) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის არსებული კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დაცვის ზონების კორექტირება;

ბ) ეთხოვოს მცხეთის მუნიციპალიტეტს, 2019 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ქ. მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცება.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №563 - ვებგვერდი, 26.12.20106წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 მარტის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 10.03.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №670 - ვებგვერდი, 29.12.2018წ.

+
მუხლი 8
ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენისას პრიორიტეტად გათვალისწინებულ იქნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის დაცვის ინტერესები და მცხეთის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის დაცვის საჭიროებები, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისათვის იმ ღირსეული გარემო პირობების უზრუნველყოფა, რაც საუკეთესო გზით წარმოაჩენს აღნიშნული ძეგლების განსაკუთრებულ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას და ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის ისტორიულ და კულტურულ ღირებულებას. 
+
მუხლი 9
დადგენილება, გარდა მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 5 აგვისტოდან.
+
მუხლი 10
დადგენილება ძალაშია 2019 წლის 31 დეკემბრამდე.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №563 - ვებგვერდი, 26.12.20106წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №670 - ვებგვერდი, 29.12.2018წ.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“, №411, 03.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.018797 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2935764-3/