გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.08.2015 ბოლო ცვლილება 24.10.2025
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
040170020.57.069.016067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (18)

შემდგომი ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №13

2015 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 

 

გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 10​1 მუხლის 3​3 პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი;

ბ) გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასების კითხვარი.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.

 



სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაზა ნანობაშვილი
+



გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი

 


+

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და იგი განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებსა და კრიტერიუმებს, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) შეთანხმების წესს, აგრეთვე გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) დადოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მხოლოდ კანონითა და ამ წესით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი პროცედურების დაცვით.

3. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონსა და მის საფუძველზე გამოცემულ სააგენტოს თავმჯდომარის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.

მუხლი 2. გამარტივებული შესყიდვა მონეტარული ზღვრების ფარგლებში

გამარტივებული შესყიდვა, კანონით განსაზღვრული მონეტარული ზღვრების ფარგლებში, შესაძლებელია:

ა) 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას.

მუხლი 3. გამარტივებული შესყიდვის სხვა საფუძვლები

1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ:

ა) საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;

ბ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა;

გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან;

დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებისთვის გათვალისწინებულია შეზღუდული ვადები;

ე) (ამოღებულია - 06.07.2017, №31);

ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა;

ზ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;

თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა.

2. ამ წესის მე-2 მუხლითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეისყიდის ლიტერატურას (ბეჭდურს, ელექტრონულ ან აუდიოვიზუალურ მატარებელზე განთავსებულს), რეაქტივს, კომპიუტერულ პროგრამას, ფარმაცევტულ პროდუქტს (სამკურნალო საშუალებას), ლაბორატორიულ აღჭურვილობასა და მონაცემთა ბაზას;

ბ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი სახელმწიფო შესყიდვას ახორციელებენ რეგენტთა საბჭოს თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგენტთა საბჭოს თანხმობა გაიცემა შემსყიდველი ორგანიზაციის მოტივირებული მომართვის საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელებას, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს თანხმობის შემდეგ, ადგენს:

ა) საქართველოს მთავრობა, გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა – ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ან/და ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრებით შესყიდვის განხორციელებისას, აგრეთვე მათი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სხვა სახსრებით შესყიდვის განხორციელებისას.

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესყიდვის განხორციელებისას.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 6 ივლისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 07.07.2017 წ.

მუხლი 4. გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები

1. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა იხელმძღვანელოს ამ მუხლით დადგენილი კრიტერიუმებით. ამასთან, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობა ამ მუხლით დადგენილ კრიტერიუმებთან.

2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება უნდა იყოს მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლება და არ უნდა არსებობდეს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. ექსკლუზიურ უფლებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც:

ა.ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება;

ა.ბ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის შიგნით არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება.

3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაუდებელ აუცილებლობად ჩაითვლება ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას. ასეთ შემთხვევაში, შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა და ვადა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესყიდვის მოცულობასა და ვადას. ამასთან, შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი ისეთ ქმედებას, რომელიც ხელოვნურად იწვევს გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობას.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა გამოწვეულია ტენდერისათვის/კონკურსისთვის სტატუსის „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, „არ შედგა“ ან „შეწყვეტილია“ მინიჭების მიზეზით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ იმ მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს სატენდერო/საკონკურსო პირობებს შემდეგი პრინციპების დაცვით:

ა) დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება აღემატებოდეს სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ერთეულის ფასს;

ბ) დაუშვებელია მიმწოდებლის გამოცდილება და სხვა პერსონალური მახასიათებლები (წლიური ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვ.) იყოს სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ანალოგიურ მონაცემებზე უარესი;

გ) დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ხარისხობრივი, თვისობრივი ან სხვაგვარი მონაცემები იყოს სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ანალოგიურ მონაცემებზე უარესი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების დაუცველობა უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ობიექტურ გარემოებას (გარემოებებს), რაც უნდა დასაბუთდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ და დაერთოს ხელშეკრულებას.

6. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას.

7. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჩასატარებელი ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, თავდაცვით, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო ან სხვა საჯარო მიზნების მიღწევას. ამასთან, აუცილებელია, რომ შეზღუდული დროის გამო, ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებული შესყიდვის ობიექტების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით იწვევდეს ამ ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას, ჩაშლას ან/და ხელს უშლიდეს მის უწყვეტად ჩატარებას. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი ისეთ ქმედებას, რომელიც ხელოვნურად იწვევს ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას, ჩაშლას ან/და მისი უწყვეტად ჩატარების ხელშეშლას.

8. (ამოღებულია - 06.07.2017, №31);

9. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წარმომადგენლობით ხარჯებად ითვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილით განსაზღვრული ხარჯები.

10. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოსგან შესასყიდ მხოლოდ იმ საქონელზე, მომსახურებაზე ან სამუშაოზე, რომლის მისაწოდებლად, გასაწევად ან შესასრულებლად გადასახდელი საფასურის ოდენობა დადგენილია საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტით.

11. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია მხოლოდ იმ წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 6 ივლისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 07.07.2017 წ.

მუხლი 4​1. სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელება

1. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმებით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ერთობლივად.
2. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელების თაობაზე იდება წერილობით ფორმით, რომელსაც ხელს აწერენ შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ან მათ მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები. იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი შესყიდვა ხორციელდება ერთ სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, ერთობლივი შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ზემდგომი თანამდებობის პირის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
3. თუ გამარტივებული შესყიდვა ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვასთან ერთად იტვირთება სისტემის SMP მოდულში. გამარტივებული შესყიდვის სხვა საფუძვლით განხორციელების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია შეთანხმებას ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ტვირთავს ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციასთან ერთად.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ პირობებს:
ა) გამარტივებული შესყიდვის განხორციელების საფუძველსა და პირობებს;
ბ) მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პირობებს;
გ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების წესს;
დ) მითითებას იმ შემსყიდველი ორგანიზაციის შესახებ, რომელიც უფლებამოსილია წარადგინოს მიმართვა სისტემის SMP მოდულში – თუ გამარტივებული შესყიდვა თანხმდება სააგენტოსთან.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები ასევე უნდა აისახოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში. ამასთან, ხელშეკრულებიდან მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, თუ რომელ შემსყიდველ ორგანიზაციას განეკუთვნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული უფლება-მოვალეობა.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაძლებელია შეიცავდეს დამატებით პირობებს, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.

მუხლი 5. სააგენტოსთან შეთანხმება, პროცესის საჯაროობა

1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვის განხორციელებამდე, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისისა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ხელშეკრულების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეათანხმოს სააგენტოსთან.

2. გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოსთან თანხმდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის (შემდგომში – სისტემა) მეშვეობით, მომართვის სისტემის SMP მოდულში წარდგენის გზით, რის შედეგადაც მომართვას ავტომატურად ენიჭება სტატუსი „განიხილება“.

2​1. მომართვა (მათ შორის, დაზუსტებული მომართვა), რომელიც სააგენტოს წარედგინება 18:00 საათის შემდეგ ან უქმე და დასვენების დღეებში, წარდგენილად ითვლება მომდევნო სამუშაო დღეს.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვა უნდა იყოს დასაბუთებული, კერძოდ, უნდა დასტურდებოდეს გამარტივებული შესყიდვის ჩატარების საფუძველი და მომართვის ამ საფუძვლისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა.

4. შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის საფუძვლიანობა და მისი დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა მოწმდება ამ წესის დანართით განსაზღვრული კითხვარით, რომელიც გენერირებულია სისტემის SMP მოდულში.

5. შემსყიდველი ორგანიზაციის სააგენტოსადმი მომართვა საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ამასთან, სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებლებს ან სტუმრებს (თუ ისინი სისტემაში სტუმრის სტატუსით შესვლის შემდეგ, დამატებით გაივლიან ავტორიზაციას Facebook-ის ანგარიშის მეშვეობით) აქვთ შესაძლებლობა, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, წარადგინონ მოსაზრება შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვაზე.

6. იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან შესყიდვის დაყოვნება, ალბათობის მაღალი ხარისხით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ სიკეთე(ებ)ს, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაიწყოს შესყიდვის პროცედურები, რაზეც იგი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ მიმართავს სააგენტოს ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.

7. თუ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვა ხორციელდება ერთობლივად, სისტემის SMP მოდულში მომართვას წარადგენს ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ წესის 4​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებაში ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ასეთ შემთხვევაში, მომართვის შესაბამის ველში მიეთითება ერთობლივი შესყიდვის მონაწილე სხვა შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის რეკვიზიტებიც.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვის ჩატარების საფუძველი და მომართვის ამ საფუძვლისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა უნდა დასტურდებოდეს ერთობლივი შესყიდვის მონაწილე ყველა შემსყიდველ ორგანიზაციასთან მიმართებით.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 30 მარტის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 01.04.2016 წ.

მუხლი 6. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის ცნობება

1. გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შესაბამისად, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, თანამდებობის პირს ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილებისა და მომართვის სააგენტოში წარდგენის შესახებ.

2. საწარმო, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ამ მუხლის პირველი პუნქტის განსაზღვრულ ინფორმაციას წარუდგენს, შესაბამისად, დამფუძნებელს, მნიშვნელოვანი წილის მფლობელს ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა ან წილის 100%-იან მმართველს.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით არსებული შემსყიდველი ორგანიზაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას წარუდგენს, შესაბამისად, დამფუძნებელს ან კონტროლის განმახორციელებელ პირს ან ორგანოს.

4. ინფორმაციას არ წარადგენს ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელსაც არ ჰყავს, შესაბამისად, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, თანამდებობის პირი ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო.

მუხლი 7. სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება

1. ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო იხილავს, აკმაყოფილებს თუ არა წარდგენილი მომართვა ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, რის შედეგადაც, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას თანხმობის გაცემის ან გაცემაზე უარის შესახებ.

2. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას აგრეთვე იხილავს შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვაზე დაინტერსებული პირების მიერ გამოხატულ მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას მომართვის დაზუსტება, თუ იგი არ შეესაბამება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებითა და დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ შეიცავს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ინფორმაციას ან დოკუმენტს. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვას ენიჭება სტატუსი „დასაზუსტებელია“.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას მომართვის დასაზუსტებლად განესაზღვრება ერთი სამუშაო დღე, რა პერიოდშიც სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადის დინება ჩერდება. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია დადგენილ ვადაში არ დააზუსტებს მომართვას, მას ავტომატურად ენიჭება სტატუსი „განუხილველი“, ხოლო თუ შემსყიდველი ორგანიზაცია დააზუსტებს მომართვას, იგი მას ანიჭებს სტატუსს „დაზუსტებულია“. მომართვა განუხილველი დარჩება აგრეთვე, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია არასრულყოფილად დააზუსტებს მას, რა დროსაც მომართვას მიენიჭება სტატუსი „განუხილველი“.

5. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ წარდგენილი მომართვა არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო დასაბუთებულ უარს უცხადებს შემსყიდველ ორგანიზაციას თანხმობის მიცემაზე. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცის მომართვას ენიჭება სტატუსი „უარყოფილია“.

6. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ წარდგენილი მომართვა აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას თანხმობის გაცემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცის მომართვას ენიჭება სტატუსი „თანხმობა გაცემულია“.

7. სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გაიხმოს მომართვა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცის მომართვას ენიჭება სტატუსი „გახმობილია“.

8. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით ხელშეკრულების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადების უფლება შემსყიდველ ორგანიზაციას წარმოეშობა მხოლოდ სააგენტოს თანხმობის მიღების შემთხვევაში.

9. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების დასადგენად, ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციას საქართველოს მთავრობისთვის, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა მხოლოდ სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ.

10. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო უარს განაცხადებს თანხმობის გაცემაზე, შემსყიდველ ორგანიზაციას არ აქვს უფლება, დადოს ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით და იგი ვალდებულია, შესყიდვა განახორციელოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

11. ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო, ამ მუხლით დადგენილი წესით, ამოწმებს შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების კანონიერებას. კანონიერების დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მართლზომიერად ცნობს შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას (რა დროსაც მომართვას ენიჭება სტატუსი „თანხმობა გაცემულია“), ხოლო დაუდასტურებლობის შემთხვევაში – მოსთხოვს შემსყიდველ ორგანიზაციას შესყიდვის დაწყებული პროცედურების დაუყოვნებლივ შეჩერებასა და მისი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვას (რა დროსაც მომართვას ენიჭება სტატუსი „უარყოფილია“). ამასთან, შემყიდველ ორგანიზაციას დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.

12. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გასაჩივრება არ იწვევს სააგენტოს გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.

მუხლი 7​1. ცვლილება გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში

1. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული სააგენტოს თანხმობის მიღების შემდეგ, გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. სააგენტოსთან შეთანხმებას ექვემდებარება ცვლილება, რომლის შედეგად იზრდება ხელშეკრულების შესრულების ვადა ან/და იცვლება შესყიდვის ობიექტი (კლასიფიკატორი).

3. სააგენტოსთან შეთანხმებას არ ექვემდებარება ცვლილება, როდესაც:

ა) მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს თოთხმეტი დღით იზრდება ხელშეკრულების შესრულების თავდაპირველი ვადა;

ბ) შესყიდვის ობიექტის (კლასიფიკატორის) შეუცვლელად, იზრდება შესყიდვის (ხელშეკრულების) ღირებულება ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად;

გ) მცირდება შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა.

4. დაუშვებელია შესყიდვის ღირებულების გაზრდა მის თავდაპირველ ღირებულებაზე 10%-ზე მეტი ოდენობით.

5. ცვლილება სააგენტოსთან თანხმდება და მასთან დაკავშირებით სათანადო გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-5–მე-7 მუხლების შესაბამისად.

6. თუ შესყიდვები განხორციელებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებაში ხელშეკრულების შესრულების ვადის გაზრდასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის შესახებ სააგენტოს თანხმობის მიღების შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, დადგენილი წესით, ამ ცვლილების შესათანხმებლად მიმართოს, შესაბამისად, საქართველოს მთავრობას, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 30 მარტის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 01.04.2016 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 03.11.2016 წ.

მუხლი 8. კანონის პრინციპების დაცვა. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები

1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, დაიცვას კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული პრინციპები, აგრეთვე მე-8 მუხლით დადგენილი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები.

2. თუ მიმწოდებელი არის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ინტერესთა კონფლიქტი დგება იმ შემთხვევაში, თუ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირსა და მიმწოდებელს შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობა, გარდა იმავე ნაწილის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ურთიერთობისა.

3. მიმწოდებლის შერჩევაში მონაწილე ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში იტვირთება ხელშეკრულებასთან  ერთად.

4. ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელი ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში იტვირთება ხელშეკრულების შესრულების/ შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელ ფიზიკურ პირს არ ევალება ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის დადასტურება, თუ აღნიშნული მას, როგორც მიმწოდებლის შერჩევაში მონაწილეს, უკვე დადასტურებული აქვს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.03.2018 წ.

მუხლი 9. ხელშეკრულების დადება

1. გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე ხელშეკრულება იდება ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნებისა და მიმწოდებელთან მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით.

2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებისას აგრეთვე დაცული უნდა იყოს ის პირობები, რომლებზეც სააგენტომ შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვაზე გასცა თანხმობა.

3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ხელშეკრულება უნდა დადოს სააგენტოს თანხმობის მიღებიდან გონივრულ ვადაში.

4. ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემის CMR მოდულში უნდა აიტვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულებასთან ერთად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში);

4​1. გამარტივებული შესყიდვის ერთობლივად განხორციელების შემთხვევაში, თითოეული შემსყიდველი ორგანიზაცია დამოუკიდებლად ტვირთავს დადებულ ხელშეკრულებას სისტემის CMR მოდულში. ამასთან, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის CMR მოდულში ხელშეკრულების ღირებულებად უთითებს ამ ხელშეკრულების ფარგლებში მის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობას.

5. (ამოღებულია - 29.10.15 №15).

6. (ამოღებულია - 29.10.15 №15).

7. გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით გაერთიანებულ ერთ ან რამდენიმე მიმწოდებელთან. ამხანაგობასთან დაკავშირებული საკითხები, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, წესრიგდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 22 ივლისის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 26.07.2016 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.

მუხლი 10. ხელშეკრულების პირობები

1. ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. ხელშეკრულებას არ სჭირდება თარგმნა, თუ იგი იდება ერთ დოკუმენტად, პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზე .

2. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მხარეთა ზუსტ დასახელებასა და რეკვიზიტებს;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის სისტემის SMP მოდულში რეგისტრაციის ნომერს – თუ გამარტივებული შესყიდვა თანხმდება სააგენტოსთან;

გ) გამარტივებული შესყიდვის სამართლებრივ საფუძველს – კანონის შესაბამის ნორმას;

დ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს);

ე) ხელშეკრულების ღირებულებას;

ვ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან/და სამუშაოს შესრულების ვადას;

ზ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში);

თ) ანგარიშსწორების წესს, აგრეთვე წინასწარი ანგარიშსწორების პირობებს (გამოყენების შემთხვევაში);

ი) სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – შესასრულებელი სამუშაოს გონივრულ საგარანტიო ვადას;

კ) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები.

4. ხელშეკრულების მოქმედება, სულ მცირე, 30 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდებისთვის, მომსახურების გაწევისთვის ან სამშენებლო სამუშაოს შესრულებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.

5. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:

ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გამარტივებული შესყიდვებისას;

ბ) ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვისას;

გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვისას;

დ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით სახელმწიფო შესყიდვისას.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს სახელმწიფო შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;

ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას;

გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას;

დ) მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს.

7. ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.

8. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული შესყიდვის (ხელშეკრულების) მიმართ შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული პირობები, აგრეთვე ასეთი ხელშეკრულების მიმართ ამ წესის მე-11 მუხლის პირველი და 1​1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გავრცელების საკითხი.

9. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, კონკრეტული შესყიდვის (ხელშეკრულების) მიმართ შეიძლება დადგინდეს ამ წესის მე-11 მუხლის პირველი და 1​1 პუნქტებით, ასევე მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გავრცელების საკითხი ან/და მათგან განსხვავებული პირობები, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს მართავს/ფლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაცია.

10. კანონისა და ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.

მუხლი 11. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

1. თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

1​1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-ის ჩათვლით.

2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია განთავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით, აგრეთვე, თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი.

3. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.

4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას შესაძლებელია წარედგინოს ხელშეკრულების დადების შემდეგ.

5. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნული გადაწყვეტილება (არსებობის შემთხვევაში) უნდა აიტვირთოს სისტემაში ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად.

6. (ამოღებულია - 15.06.17, №21).

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.03.2018 წ.

მუხლი 12. ანგარიშსწორების პირობები

1. ანგარიშსწორების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით, კანონითა და ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარი ანგარიშწორებისას გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) მიმწოდებლისათვის წინასწარ გადასახდელი თანხა ჩაირიცხება საამისოდ განკუთვნილ ცალკე საბანკო ანგარიშზე და ამ თანხის გამოყენება მოხდება შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლით ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში. საამისოდ ცალკე საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული წინასწარ გადასახდელი თანხის კონტროლი შესაძლებელია მოიცავდეს თანხის განკარგვის წინასწარ კონტროლს, დადგენილი ზღვრული ოდენობის თანხის განკარგვის წინასწარ კონტროლს და გახარჯული თანხის შემდგომ კონტროლს, თუ შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ)  კონკრეტული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება აღემატება 30 000 000 მილიონ ლარს. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით;

გ) (ამოღებულია - 10.12.2015, №26);

დ) (ამოღებულია - 15.06.17, №21).

3​1. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარი ანგარიშსწორებისას გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებელი აგრეთვე თავისუფლდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

4. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების შესახებ მიმწოდებელს უნდა ეცნობოს ხელშეკრულების დადებამდე გონივრული ვადით ადრე.

5. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის გარანტიას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

6. მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები გამოიყენოს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

7. დაუშვებელია წინასწარი ანგარიშსწორება წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს კანონითა და ამ მუხლით გათვალისწინებული მისი წარდგენისაგან გათავისუფლების საფუძვლები.

8.  შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნული გადაწყვეტილება (არსებობის შემთხვევაში) უნდა აიტვირთოს სისტემაში ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად.

9. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან ერთად ან მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, თუ წინასწარი ანგარიშსწორება გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 10 დეკემბრის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 11.12.2015 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.03.2018 წ.

მუხლი 13. ცვლილება ხელშეკრულებაში

1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით და, დადგენილი წესით, აიტვირთოს სისტემის CMR მოდულში ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.

2. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა. ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნა არ ვრცელდება ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვაზე.

4. დაუშვებელია ხელშეკრულებაში მიმწოდებლის ჩანაცვლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ორგანიზაციის შერწყმა, გაყოფა და სხვ.).

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.

მუხლი 14. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი დაავალოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ფუნქციაა მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, გასაწევი ან/და გაწეული მომსახურების, შესრულებული ან/და შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და ვალდებულების შესრულების ვადების დაცვის ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

3. ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი შესაძლებელია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე.

4. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტი მიიღება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე.

5. მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის/მათ შრომის ანაზღაურებასა და ხარჯებს უზრუნველყოფს თავად შემსყიდველი ორგანიზაცია, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოფხვრასთან და ხელახალ კონტროლთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.

მუხლი 15. ალტერნატიული შესყიდვა

1. კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვისას, შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განხორციელდეს შესყიდული საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვა განსხვავებული მიმწოდებლისაგან.

2. ალტერნატიული შესყიდვის მეშვეობით მიღებული საკომუნიკაციო მომსახურების მოცულობა უნდა იყოს თანაზომიერი იმ საკომუნიკაციო მომსახურებისა, რომლის ალტერნატივასაც წარმოადგენს ალტერნატიული მომსახურება.

3. ალტერნატიული შესყიდვა შესაძლოა განხორციელდეს რამდენიმე ალტერნატიული მიმწოდებლისგან.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, აცნობოს ამის თაობაზე მიმწოდებელს, რომელთანაც დადებულია ხელშეკრულება იმ საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვაზე, რომლის ალტერნატივასაც წარმოადგენს ალტერნატიული მომსახურება.

მუხლი 15​1. გამარტივებული შესყიდვა პრეისკურანტის საფუძველზე

1. გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.

2. გამარტივებული შესყიდვა პრეისკურანტის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრული მომსახურებისა და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საცხებ-საპოხი მასალის შესყიდვის მიზნით.

3. პრეისკურანტის ჯამური ღირებულება და პრეისკურანტში მოცემული მომსახურების ერთეულების ღირებულება განისაზღვრება ხელშეკრულებით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის ჯამური ღირებულების 10%-ს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.

მუხლი 16. გარდამავალი დებულებები

1. ამ წესის ამოქმედებამდე გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ინარჩუნებს ძალას.

2. (ამოღებულია - 15.06.17, №21).

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.

დანართი

შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასების კითხვარი

1. ექსკლუზიური უფლებამოსილება

● გთხოვთ მიუთითოთ, რომელი პირის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს შესასყიდი საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება.

● გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

● გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

● გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

● რა არის შესყიდვის ობიექტი?

● რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

● რა მეთოდით დადგინდა პირის ექსკლუზიური უფლებამოსილება?

● რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?

● რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება?

● აღემატება თუ არა შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს? (კი/არა)

●  [თუ აღემატება] ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

●  [თუ აღემატება] როგორ განისაზღვრა ქვეყნის გარეთ გონივრული ტერიტორიული ფარგლები?

●  [თუ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

●  [თუ არ აღემატება] ქვეყნის შიგნით ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

●  [თუ არ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

● რამდენად შესაძლებელია, რომ შესყიდვის ობიექტი დანაწევრდეს ცალკეულ კომპონენტებად და იმგვარად იქნეს შესყიდული? (კი/არა)

●  [თუ არ არის შესაძლებელი დანაწევრება] რატომ არ შეიძლება დანაწევრდეს შესყიდვის ობიექტი?

●  [თუ არ არის შესაძლებელი დანაწევრება] რატომ არ შეიძლება შესყიდვა დანაწევრებული კომპონენტების მიხედვით?

●  [თუ შესაძლებელია დანაწევრება] რატომ არ შეიძლება დანაწევრებული კომპონენტების სხვადასხვა პირისგან შესყიდვა?

● როგორ განისაზღვრება ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადები?

● რამდენად გონივრულია ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადა, იმ თვალსაზრისით, რომ ამ პერიოდში ბაზარზე შესაძლებელია გაჩნდეს საქონლის მომწოდებელი, მომსახურების გამწევი ან სამშენებლო სამუშაოს შემსრულებელი სხვა პირი ან/და მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?

● გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება[1].

 

2. გადაუდებელი აუცილებლობა

● გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

● გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

● რა არის შესყიდვის ობიექტი?

● რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

● რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა?

● რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული?

● რა რეალური საფრთხე ექმნება შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?

● ხომ არ აყენებს ვითარება მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას? რატომ?

● ხომ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეული ტენდერისთვის/კონკურსისთვის სტატუსის „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, „არ შედგა“ ან „შეწყვეტილია“ მინიჭების მიზეზით? (კი/არა)

●  [თუ გამოწვეულია] გთხოვთ მონიშნოთ ტენდერის/კონკურსის სტატუსი.

●  [თუ გამოწვეულია] გთხოვთ მიუთითოთ ტენდერის/კონკურსის ნომერი/ნომრები.

●  [თუ გამოწვეულია] ხელშეკრულების დადებით ხომ არ უარესდება სატენდერო/საკონკურსო პირობები? (კი/არა)

●  [თუ იცვლება პირობები] გთხოვთ დაასაბუთოთ, რატომ ვერ იქნება დაცული სატენდერო/საკონკურსო პირობები?

● გთხოვთ მიუთითოთ ვადა, რომელიც საჭიროა ვითარების აღმოსაფხვრელად.

● გთხოვთ მიუთითოთ, თუ როდის დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება და რა ღონისძიებები გაატარეთ სააგენტოში მომართვის წარდგენამდე?

● გთხოვთ მიუთითოთ შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა, რომელიც საჭიროა შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად.

● რით დასტურდება, რომ შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა არ აღემატება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესყიდვის მოცულობას?

● რა ვადაა საჭირო ხელშეკრულების გასაფორმებლად?

● გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება[2].

● გთხოვთ ატვირთოთ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ფოტოსურათი, ექსპერტის დასკვნა, ინსპექტირების აქტი და სხვ.).

 

3. გადაუდებელი აუცილებლობა (თუ იგი ეფუძნება წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტს)

● გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

● გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

● გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

● რა არის შესყიდვის ობიექტი?

● რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

● რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა?

● რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული?

● რა რეალური საფრთხე ექმნებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?

● ხომ არ აყენებდა ვითარება მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას? რატომ?

● გთხოვთ მიუთითოთ, ალბათობის მაღალი ხარისხით, შესყიდვის დაყოვნება რა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთეებს?

● გთხოვთ მიუთითოთ, თუ როდის დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება და რა ღონისძიებები გაატარეთ სააგენტოში მომართვის წარდგენამდე?

● გთხოვთ მიუთითოთ ვითარების აღმოსაფხვრელად შესყიდული საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა.

● რით დასტურდება, რომ შესყიდული საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა არ აღემატება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესყიდვის მოცულობას?

● გთხოვთ ატვირთოთ დადებული ხელშეკრულება, თუ იგი ჯერ არ არის ატვირთული სისტემის CMR მოდულში.

● გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება[3].

● გთხოვთ ატვირთოთ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ფოტოსურათი, ექსპერტის დასკვნა, ინსპექტირების აქტი და სხვ.).

 

4. მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილება ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა

● გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

● გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

● გთხოვთ აღწეროთ მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტი.

● ატვირთულია თუ არა სისტემაში თავდაპირველი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება? (კი/არა)

●  [თუ ატვირთულია] გთხოვთ მიუთითოთ სატენდერო/საკონკურსო განცხადების ან ხელშეკრულების CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი.

●  [თუ ხელშეკრულება დადებულია სისტემის ან სისტემის CMR მოდულის შექმნამდე] გთხოვთ ატვირთოთ ხელშეკრულება.

● რა არის შესყიდვის ობიექტი?

● რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

● რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის ღირებულება?

● რატომ იქნება გამოწვეული შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესება ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის შეუძლებლობა, თუ ხელშეკრულება არ დაიდება თავდაპირველ მიმწოდებელთან ან მის ქვეკონტრაქტორთან? რატომ ვერ გაფორმდება ხელშეკრულება სხვა მიმწოდებელთან?

● გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება[4].

 

5. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება

● გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდ(ებ)ი.

● გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება.

● მოკლედ აღწერეთ ჩასატარებელი ღონისძიება.

● რატომ ატარებს ღონისძიება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს?

● რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი?

● რა პერიოდია გათვალისწინებული ღონისძიების ჩასატარებლად?

● გთხოვთ მიუთითოთ ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო შესყიდვის ობიექტ(ებ)ის ჩამონათვალი, ოდენობა (მოცულობა).

● რატომ გამოიწვევს ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებული შესყიდვის ობიექტების ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა ამ ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას, ჩაშლას ან/და მისი უწყვეტად ჩატარების ხელშეშლას?

● გთხოვთ ატვირთოთ საქართველოს მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტის პროექტი.

●გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება[5].

 

6. ცვლილება გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში

● გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

● გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

● გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

● გთხოვთ მიუთითოთ თავდაპირველი მომართვის SMP ნომერი.

● გთხოვთ დეტალურად აღწეროთ, თუ რა სახის ცვლილება შეგაქვთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებაში?

● რატომ ვერ იქნებოდა გათვალისწინებული შესაცვლელი საკითხები თავდაპირველი მომართვისას?

● გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება[6].

● გთხოვთ ატვირთოთ საქართველოს მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტის პროექტებში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

[1] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

[2] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

[3] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

[4] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

[5] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

[6] კითხვარს აგრეთვე აქვს დამატებითი ველი დამატებითი ინფორმაციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტის ასატვირთად.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 03.11.2016 წ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 16.06.2017 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“, №13, 17.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2951669-8/