მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.09.2015 ბოლო ცვლილება 04.07.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№461
სარეგისტრაციო კოდი
340080000.10.003.018847
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №461

2015 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“.
+
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი პროგრამული კოდის ასიგნებებიდან.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 12.02.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №75 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 17.01.2020წ.

+
მუხლი 3. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23  ოქტომბრის  დადგენილება № 546  - ვებგვერდი, 27.10.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №75 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.


+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

+
მუხლი 1.     ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“  (შემდგომში − პროგრამა) წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას, რომელიც ხორციელდება საქართველოში თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების პირველად წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისათვის.

 2.  პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა.

3. პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის აღჭურვილობის თანადაფინანსება.

4. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.

 

მუხლი 2.  ტერმინთა განმარტება

ა) მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი (შემდგომში − კოოპერატივი) – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;

ბ) პოტენციური ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს;

გ) ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმდა თანადაფინანსების ხელშეკრულება;

დ) ხელშეკრულება − ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც პროგრამის ფარგლებში განსაზღვრავს მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს;

ე) (ამოღებულია - 10.10.2019, №489);

ვ) (ამოღებულია - 10.10.2019, №489).

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 12.02.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.

 

მუხლი 3.  პროგრამის კომპონენტები

პროგრამის კომპონენტებია:

ა) თანადაფინანსება;

ბ) ტექნიკური მხარდაჭერა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23  ოქტომბრის  დადგენილება № 546  - ვებგვერდი, 27.10.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 12.02.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №75 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.

 

მუხლი  4. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.

 

მუხლი 5. ტექნიკური მხარდაჭერა

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი მიიღებს ტექნიკურ მხარდაჭერას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 12.02.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.

 

მუხლი 6. თანადაფინანსება

1. პროგრამა ითვალისწინებს კოოპერატივებისათვის შემდეგი აღჭურვილობის თანადაფინანსებას:

ა) ხის (რუტის − 10-ჩარჩოიანი, ორი ბუდისა და ორი საკუჭნაო კორპუსით, დაკომპლექტებული 20 ბუდის ჩარჩოთი; დადანის − 10-ჩარჩოიანი, ორი ბუდისა და ერთი საკუჭნაო კორპუსით, დაკომპლექტებული 20 ბუდის ჩარჩოთი) ან/და პენოპოლისტიროლის (ორსართულიანი პოლისტიროლის მასალის დადანბლანტის სკა) სკა;

ბ) თაფლის საწური (ციბრუტი);

გ) თაფლის შესანახი ავზი;

დ) ფიჭის  ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით;

ე) ფიჭის  ანათლის ავზი;

ვ) ელექტროდენის ძაბვის გადამყვანი 220V-დან 12V-ზე.

2. პროგრამა ითვალისწინებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 70%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა, ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით.

3. ბენეფიციარები, რომელთა მეპაიეების არანაკლებ 50%-ს შეადგენენ ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან დევნილები, მიიღებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს  30 000 ლარისა, ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით.

4. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში პროგრამის განმახორციელებელი კოოპერატივები მიიღებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს  30 000 ლარისა, ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით.

5. თითოეულ ბენეფიციარს თანადაფინანსების მიღება შეუძლია მხოლოდ შემდეგი მიზნობრიობით:

ა) საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობის შესყიდვის მიზნით, მაგრამ არაუმეტეს 100 ცალისა;

ბ) ერთი ცალი არანაკლებ 12-ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი);

გ) თაფლის შესანახი ავზ(ებ)ი, რომელთა ჯამური ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 2 200 ლიტრს;

დ) ერთი ცალი ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით;

ე) ერთი ცალი ფიჭის ანათლის ავზი;

ვ) ერთი ცალი ელექტროდენის ძაბვის გადამყვანი 220V-დან 12V-ზე.

6. ბენეფიციარი, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა სკები, დამატებით სკების მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გაზარდოს მის საკუთრებაში არსებული სკების რაოდენობა მოთხოვნილის იდენტური ოდენობით.

7. სააგენტო უზრუნველყოფს  როგორც ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული, ისე თანადაფინანსებით შესყიდული სკების აღრიცხვას/რეგისტრაციას, რომლის წესს დაადგენს სააგენტო.

8. ბენეფიციარს, ამ პროგრამის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია, თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 12.02.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №75 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.

 

მუხლი 7.  პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები

1.  პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირობებს და უნდა შეასრულოს პროგრამის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.

2. პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იმ პოტენციურ ბენეფიციარს, რომელიც მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენისას აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) საქმიანობას ახორციელებს მეფუტკრეობის დარგში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად;

ბ) საქმიანობას ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კოოპერატივის წესდების შესაბამისად;

გ) მეპაიეთა რაოდენობა იმ მაღალმთიან დასახლებებში, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ არის 5-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 11-ზე ნაკლები;

დ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი კოოპერატივის მეპაიეები არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მეპაიეთა  რაოდენობა იმ    მაღალმთიან    დასახლებებში,    რომლებზეც    ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ უნდა იყოს 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე − 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ნაკლები;

ე) არ გააჩნია  საგადასახადო დავალიანება;

ვ) სკების მოთხოვნის შემთხვევაში, იმ მაღალმთიან დასახლებებში, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, საკუთრებაში აქვს არანაკლებ 30-ისა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე რეგისტრირებული კოოპერატივების შემთხვევაში − არანაკლებ 60 სკისა;

ზ) თაფლის საწურების (ციბრუტების), თაფლის შესანახი ავზების, ფიჭის ასათლელი დანის ელექტროგამაცხელებლით, ფიჭის ანათლის ავზისა და ელექტროდენის ძაბვის გადამყვანის 220V-დან 12V-ზე მოთხოვნის შემთხვევაში, იმ დასახლებებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს  კანონის მოქმედება, საკუთრებაში    აქვს  არანაკლებ 200, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე − არანაკლებ 400 ფუტკრის სკისა;

თ) პოტენციურ ბენეფიციარს, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა თაფლის საწური (ციბრუტი) ან/და თაფლის შესანახი ავზი, განმეორებით იმავე აღჭურვილობის მოთხოვნის შემთხვევაში, იმ დასახლებებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, საკუთრებაში აქვს არანაკლებ 400, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე − არანაკლებ 800 ფუტკრის სკისა.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 12.02.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №75 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №172 - ვებგვერდი, 03.04.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.

 

მუხლი  8. თანადაფინანსების გაცემის პროცედურა

1. პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადი მიიღება ელექტრონული ფორმით.

2. განაცხადის მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის  დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 12.02.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №75 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.

 

მუხლი 9.  ბენეფიციარის ვალდებულებები და თანადაფინანსების გაცემის წინაპირობა

1. ბენეფიციარი  ვალდებულია:

ა) დაიცვას პროგრამის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მეპაიეთა მინიმალური რაოდენობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5  წლის განმავლობაში;

ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში უზრუნველყოს თანადაფინანსებით შესყიდულ სკებში ფუტკრის ოჯახების განთავსება;

გ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში არ დაუშვას თანადაფინანსების შესყიდული აღჭურვილობის გასხვისება, გარდა განმახორციელებლის წინასწარი ნებართვით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით გასხვისებისა;

დ) საკუთრებაში არსებულ სკებზე არ დაუშვას რეგისტრაციის ნომრის წაშლა ან/და რაიმე სახის ხელყოფა, რომლის შემდგომაც არ იქნება შესაძლებელი მისი ამოკითხვა.

2. თანადაფინანსების გაცემის წინაპირობაა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესასყიდი აღჭურვილობის ღირებულების 30%-ის, ხოლო მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ   შემთხვევებში   − 20%-ის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 12.02.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №75 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.

 

მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.

 

მუხლი  11.  პროგრამის მონიტორინგი

1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო, მის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

2. ბენეფიციარმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, უნდა წარადგინოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა საინვესტიციო ღირებულების მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს ფულადი სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი (საგადახდო დავალება ან/და სალაროს ჩეკი).

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.

 

მუხლი  12. პროგრამის კოორდინაცია

1. პროგრამის კოორდინაციას ახდენს სამინისტრო.

2. პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის წარმართვას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №461, 07.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 340080000.10.003.018847 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2975887-6/