მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.10.2015 ბოლო ცვლილება 13.06.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№536
სარეგისტრაციო კოდი
010110020.10.003.018922
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (21)

წინა ცვლილებები (20)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №536

2015 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობა (დანართი №1).

2. დამტკიცდეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულება (დანართი №2).

+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



დანართი №1
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №560 - ვებგვერდი, 02.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №609 - ვებგვერდი, 07.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 21.01.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 იანვრის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 20.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 16.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის დადგენილება №263 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის  დადგენილება №65 - ვებგვერდი, 08.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 მარტის დადგენილება №137 - ვებგვერდი, 27.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №432 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №87 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5  დეკემბრის დადგენილება №599 - ვებგვერდი, 06.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №807 – ვებგვერდი, 28.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მარტის დადგენილება №143 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 18 აპრილის დადგენილება №202 – ვებგვერდი, 18.04.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 იანვრის დადგენილება №22 – ვებგვერდი, 20.01.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 თებერვლის დადგენილება №47 – ვებგვერდი, 24.02.2025წ.
 

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობა


1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარე.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი − საბჭოს წევრი.

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი − საბჭოს წევრი.

6. საქართველოს იუსტიციის მინისტრი − საბჭოს წევრი.

7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − საბჭოს წევრი.

8. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი − საბჭოს წევრი.

9. საქართველოს კულტურის მინისტრი − საბჭოს წევრი.

10. საქართველოს სპორტის მინისტრი − საბჭოს წევრი.

11. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − საბჭოს წევრი.

12. ირაკლი ქადაგიშვილი − საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, №9 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დელეგატი, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი.

13. პაატა კვიჟინაძე − საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, №20 საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების დელეგატი, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი.

14. დავითი შერაზადიშვილი − საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, №13 ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების დელეგატი, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი.

15. ანზორ ბოლქვაძე − საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი, №29 ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების დელეგატი, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი.

16. სამველ მანუკიან − საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი, №18 ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების დელეგატი, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი.

17. ზაურ დარგალი − საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი, №12 მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების დელეგატი, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი.

18. გოჩა ენუქიძე − საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, №30 ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დელეგატი, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი.

19. მაია ბითაძე − საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი.

20. ზაზა ლომინაძე − საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, №19 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დელეგატი, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი.

21. გელა სამხარაული − საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი.

22. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე − საბჭოს წევრი.

23. ილია ბეგიაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე − საბჭოს წევრი.

24. მზია გიორგობიანი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.

25. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − საბჭოს წევრი.

26. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთიანი რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს უფროსი − საბჭოს წევრი.

27. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − საბჭოს წევრი.

28. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული − საბჭოს წევრი.

29. ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული − საბჭოს წევრი.

30. ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული − საბჭოს წევრი.

31. დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული − საბჭოს წევრი.

32. აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული − საბჭოს წევრი.

33. ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული − საბჭოს წევრი.

34. გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული − საბჭოს წევრი.

35. ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული − საბჭოს წევრი.

36. ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული − საბჭოს წევრი.

37. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი − საბჭოს წევრი.

38. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი − საბჭოს წევრი.

39. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი − საბჭოს წევრი.

40. მესტიის მუნიციპალიტეტის მერი − საბჭოს წევრი.

41. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი − საბჭოს წევრი.

42. ხულოს მუნიციპალიტეტის მერი − საბჭოს წევრი.

43. თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძე − ექსპერტი − საბჭოს წევრი.

44. ავთანდილ არაბული − ექსპერტი − საბჭოს წევრი.


+
დანართი №2
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს (შემდგომში - საბჭო) უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს.

2. საბჭო წარმოადგენს კოლეგიურ სათათბირო ორგანოს.

3. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. საბჭოს უფლებამოსილებები

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და მისი განხორციელების მიზნით, საბჭო:

ა) განიხილავს დასახლების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში (შემდგომში - ნუსხა) შეტანის/ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხს;

ბ) მიმართავს საქართველოს მთავრობას დასახლების ნუსხაში შეტანის/ნუსხიდან ამოღების წინადადებით;

გ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ნუსხას;

დ) განიხილავს დასახლების საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარისათვის მიკუთვნების საკითხს და შესაბამისი წარდგინებით მიმართავს საქართველოს მთავრობას;

ე) განიხილავს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას;

ვ) განიხილავს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამებს;

ზ) რეკომენდაციებს აძლევს შესაბამის სამინისტროებს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და პროგრამების განხორციელებისა და შესრულების საკითხებზე;

თ) მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობასა და შესაბამის სამინისტროებს მიმართავს წინადადებებით;

თ​1) განიხილავს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, საქართველოს ფინანსთა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან შეთანხმებით წარდგენილი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალს;

ი) უფლებამოსილია, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, ადმინისტრაციული ორგანოების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით;

კ) უფლებამოსილია, მოამზადოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტები;

ლ) უფლებამოსილია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად ან/და საკითხის შესასწავლად;

მ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების მომზადების მიზნით, უფლებამოსილია, შექმნას მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი;

ნ) ადგენს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრიდან 1500 მეტრის სიმაღლემდე და გამონაკლის შემთხვევაში, 800 მეტრს ქვევით მდებარე დასახლებას;

ო) ამზადებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გამოყენების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებს, დარგობრივი სამინისტროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;

პ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს  მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის (შემდგომში - ფონდი) განკარგვის წესს;

ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23  დეკემბრის  დადგენილება №644  - ვებგვერდი, 25.12.2015წ.

მუხლი 4. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები.

3. საქართველოს პარლამენტის წევრების, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერისა და ექსპერტების, გარდა ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებისა, და სახელმწიფო რწმუნებულის საბჭოს შემადგენლობაში შეყვანა დასაშვებია მხოლოდ მათი თანხმობით.

4. საბჭოს წევრ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოს პარლამენტის წევრს, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს, სახელმწიფო რწმუნებულს, ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდებათ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

5. საბჭოს წევრ ექსპერტს უფლებამოსილება უწყდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ;

გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) გარდაცვალების შემთხვევაში;

ე) მისი კანდიდატურის წარმდგენი პირის განცხადების საფუძველზე;

ვ) (ამოღებულია - 21.02.2025, №47);

6. საბჭოს სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, სხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტებმა. აღნიშნულ პირთა მოწვევას უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 თებერვლის დადგენილება №47 – ვებგვერდი, 24.02.2025წ.

მუხლი 5. საბჭოს მუშაობის წესი

1. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი, გარდა ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომის შემთხვევისა.

1​​1. საბჭო საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით). სხდომის ელექტრონული ფორმით მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავჯდომარე.

2. საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს მიერ განსაზღვრული საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

3. საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს სხდომის ოქმის გაფორმებას.

4. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

5. საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით, ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომისას − საბჭოს წევრების უმრავლესობის მიერ ელექტრონული ფოსტით პოზიციის დადასტურების შემთხვევაში. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.

6. საბჭოს წევრს უფლება აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. საბჭოს წევრის განსხვავებული აზრი ან/და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი უნდა აისახოს საბჭოს სხდომის ოქმში.

7. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება საოქმო გადაწყვეტილების სახით, რომელიც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში. საბჭოს სხდომის ელექტრონული ფორმით ჩატარების შემთხვევაში, საბჭოს წევრების მიერ ელექტრონული ფოსტით წარდგენილი პოზიცია დაერთვება საბჭოს სხდომის ოქმს. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.

8. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, როგორც წესი  სამ თვეში ერთხელ თავისი ინიციატივით ან საბჭოს წევრის შუამდგომლობით. საბჭო უფლებამოსილია, საბჭოს სხდომის ოქმში განსაზღვროს საბჭოს მომდევნო სხდომის თარიღი.

9. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან არანაკლებ საბჭოს 5 (ხუთი) წევრის შუამდგომლობით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 1 მაისის დადგენილება №219 - ვებგვერდი, 02.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 თებერვლის დადგენილება №47 – ვებგვერდი, 24.02.2025წ.

მუხლი 6. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო).

მუხლი 7. დასახლების ნუსხის დამტკიცება, დასახლების ნუსხაში შეტანა/ნუსხიდან ამოღება

1. მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას საბჭოს წინადადებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზემოთ მდებარე დასახლებების ნუსხას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის/ცნობის საფუძველზე, საბჭოს განსახილველად წარუდგენს სამინისტრო.

3. ხევის, მთიულეთის, პანკისის ხეობის, მაღალმთიანი აჭარის, გუდამაყრის ხეობის, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის, ლეჩხუმის ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში მდებარე დასახლებების ნუსხაში შეტანის მიზნით, ამ პუნქტში განსაზღვრულ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებების ნუსხას საბჭოს განსახილველად წარუდგენს სამინისტრო.

4. დასახლების ნუსხაში შეტანის/ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველად საბჭოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება აქვს:

ა) მუნიციპალიტეტს;

ბ) სახელმწიფო რწმუნებულს;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;

დ) სამინისტროს.

5. დასახლების ნუსხაში შეტანის/ნუსხიდან ამოღების შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული.

6. დასახლების ნუსხაში შეტანის შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ამ დებულების საფუძველზე დადგენილ კრიტერიუმებთან მაღალმთიანი დასახლების შესაბამისობის თაობაზე დასაბუთებას.

7. დასახლების ნუსხიდან ამოღების შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს დასახლების ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობისა და მის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ამ დებულების საფუძველზე დადგენილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის თაობაზე დასაბუთებას.

8. დასახლების ნუსხაში შეტანის შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა/ინფორმაცია, დასახლების ზღვის დონიდან „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიმაღლეზე მდებარეობის შესახებ;

ბ) დასახლების სახელწოდება.

9. დასახლების ნუსხაში შეტანის შუამდგომლობა ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ცნობასთან/ინფორმაციასთან ერთად, საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, რეგისტრირდება სამინისტროში.

10. დასახლების ნუსხაში შეტანის თაობაზე შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობასთან, ამ დებულებასა და ამ დებულების საფუძველზე დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას განიხილავს საბჭო.

11. თუ დასახლების ნუსხაში შეტანის შუამდგომლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე ამ დებულების საფუძველზე დადგენილ კრიტერიუმებს, საბჭო წინადადებით მიმართავს საქართველოს მთავრობას დასახლების ნუსხაში შეტანის თაობაზე.

12. თუ დასახლების ნუსხაში შეტანის შუამდგომლობა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე ამ დებულების საფუძველზე დადგენილ კრიტერიუმებს, სამინისტრო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სამინისტროსთვის წარუდგენლობის შემთხვევაში, შუამდგომლობა არ განიხილება.

14. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტრო საბჭოს წინადადებას განსახილველად უგზავნის საქართველოს მთავრობას.

15. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო დასახლების ნუსხიდან ამოღების შუამდგომლობას მიიჩნევს დასაბუთებულად, საბჭო შესაბამისი წინადადებით მიმართავს საქართველოს მთავრობას. საბჭოს წინადადებას საქართველოს მთავრობას განსახილველად უგზავნის სამინისტრო.

16. საბჭოს ინიციატივას დასახლების ნუსხაში შეტანის/ნუსხიდან ამოღების შესახებ შუამდგომლობის სახით ამზადებს სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 თებერვლის დადგენილება №47 – ვებგვერდი, 24.02.2025წ.

მუხლი  8.  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დასახლების ნუსხაში შეტანის/ნუსხიდან ამოღების თაობაზე

1. დასახლების ნუსხაში შეტანის/ნუსხიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში დასახლების შეტანით/ნუსხიდან ამოღებით.

2. დასახლების ნუსხაში შეტანის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საქართველოს მთავრობის დადგენილება, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული სოციალური შეღავათების მიღების მიზნებისათვის, უნდა ამოქმედდეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყებისთანავე.

3. საქართველოს მთავრობის დადგენილება დასახლების ნუსხიდან ამოღების თაობაზე ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

4. საქართველოს მთავრობის დადგენილება, დასახლების ნუსხაში შეტანის თაობაზე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული სოციალური შეღავათების მიღების მიზნებისათვის, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, იმ დასახლების ნუსხაში შეტანის შემთხვევაში, რომელიც:

ა) ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით;

ბ) მიეკუთვნება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეს.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის დადგენილება №281 - ვებგვერდი, 27.06.2016წ.

მუხლი 9. დასახლების ისტორიულ-გეოგრაფიული მხარისათვის მიკუთვნების საკითხის განხილვა

ხევის, მთიულეთის, პანკისის ხეობის, მაღალმთიანი აჭარის, გუდამაყრის ხეობის, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის, ლეჩხუმის, რაჭის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარისათვის დასახლების მიკუთვნების საკითხის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, საბჭოს წარდგინებით, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას დასახლების ამ მუხლით განსაზღვრული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარისათვის მიკუთვნების თაობაზე, დასახლების ნუსხაში შეტანის გზით.

მუხლი 10. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება

1. მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით, სამინისტრო საქართველოს სამინისტროებსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან კოორდინაციით შეიმუშავებს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიასა (4 – 7 წელი) და სამოქმედო გეგმას (1-2 წელი) (შემდგომში – სტრატეგია და სამოქმედო გეგმა). სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განსახილველად წარედგინება საბჭოს.

2. საბჭოს მიერ, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საოქმო გადაწყვეტილებით მოწონების შემთხვევაში, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას. სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტრო.

3. სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს დადგენილებით.

4. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებას მონიტორინგს უწევს საბჭო, რაც გულისხმობს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვასა და სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების ანგარიშის მოსმენას.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №432 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.

მუხლი 11. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამის შემუშავება

1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დაამტკიცოს დარგობრივი პროგრამები (შემდგომში - პროგრამა).

2. პროგრამის პროექტს ამზადებს შესაბამის დარგში პოლიტიკის გამტარებელი სამინისტრო.

3. პროგრამა განსახილველად წარედგინება საბჭოს.

4. საბჭოს მიერ, პროგრამის საოქმო გადაწყვეტილებით მოწონების შემთხვევაში, შესაბამისი სამინისტრო პროგრამას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

5. პროგრამის შესრულებას მონიტორინგს უწევს საბჭო, რაც გულისხმობს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვასა და პროგრამის შესრულების თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების ანგარიშის მოსმენას.

მუხლი 12.  მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი

1. საბჭოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების მომზადებისა და დამუშავების მიზნით, საბჭო უფლებამოსილია, შექმნას მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - სამუშაო ჯგუფი).

2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში საბჭოს წევრების გარდა, შეიძლება მოწვეულ იქნენ ექსპერტები და სხვა პირები.

3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს საბჭო, რაც ფორმდება სხდომის ოქმით.

4. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის შეცვლა შესაძლებელია საბჭოს გადაწყვეტილებით.

5. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) საბჭოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების საბჭოსთვის განსახილველად მომზადება;

ბ) საბჭოსა და საბჭოს სხდომის თავმჯდომარის დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მუხლი 13. კრიტერიუმების დადგენა

1.  საბჭო საბჭოს საოქმო გადაწყვეტილებით ადგენს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრიდან 1500 მეტრამდე სიმაღლეზე ან 800 მეტრს ქვემოთ მდებარე დასახლებას.

2.  საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრიდან 1500 მეტრამდე სიმაღლეზე ან 800 მეტრს ქვევით მდებარე დასახლებას.

3.  საბჭო ზღვის დონიდან 800 მეტრიდან 1500 მეტრამდე სიმაღლეზე მდებარე და გამონაკლის შემთხვევაში, 800 მეტრს ქვემოთ მდებარე დასახლებებისათვის ადგენს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შეფასების განსხვავებულ მოთხოვნებს.

მუხლი 14. ფონდის განკარგვის წესი

1. ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების მიზნით, საბჭო უფლებამოსილია შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ფონდის განკარგვის წესის პროექტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ფონდის განკარგვის წესი განსახილველად წარედგინება საბჭოს.

3. საბჭოს მიერ ფონდის განკარგვის წესის განხილვისა და საოქმო გადაწყვეტილებით ფონდის განკარგვის წესის მოწონების შემთხვევაში, აღნიშნული წესი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

4. ფონდის განკარგვის წესს საქართველოს მთავრობა ამტკიცებს დადგენილებით.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15  მარტის  დადგენილება №120  - ვებგვერდი, 17.03.2016წ.

 მუხლი 15. გარდამავალი დებულებები

1. სამინისტრომ, 2015 წლის პირველ ნოემბრამდე, უზრუნველყოს „მაღალმთიანი დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის საბჭოსათვის წარდგენა.

2. ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში“ 2017 წლის პირველ იანვრამდე ასახულ დასახლებებზე.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის დადგენილება №281 - ვებგვერდი, 27.06.2016წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №536, 19.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.018922 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3021650-20/