პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2015 ბოლო ცვლილება 02.07.2025
ნომერი
№1007
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.034.016500
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1007

2015 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32​1 მუხლის მე-4 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის თანდართული წესი.
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
+



დანართი
პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესი 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის  წესი განსაზღვრავს პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის დანიშვნის, დაქვემდებარების, უფლებამოსილებისა და ფინანსური უზრუნველყოფის, ასევე მათ აპარატებთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. პოლიციის ატაშე და მეკავშირე ოფიცერი თავიანთი საქმიანობისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ვალდებული არიან, დაიცვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პოლიციის ატაშე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი;

ბ) მეკავშირე ოფიცერი – სამინისტროს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში მივლინებული პირი;

გ)  დიპლომატიური წარმომადგენლობა – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციასა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისას წარმოადგენს საქართველოს;

დ) უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი – სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით მინიჭებული აქვს პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის (გარდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრისა) და მათი  აპარატების საქმიანობის კოორდინაციის ფუნქცია;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (შემდგომში – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი) – ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრის საქმიანობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 12 ივნისის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 13.06.2019წ.

მუხლი 3. პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის დანიშვნა/დაქვემდებარება

1.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სამუშაოდ შეიძლება მიავლინოს პოლიციის ატაშე, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერი, რომლებიც შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და სამართალდამცავ სფეროში წარმოადგენენ საქართველოს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2.პოლიციის ატაშე და მეკავშირე ოფიცერი ინიშნებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით,  უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.

3. პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს უმაღლესი განათლებისა და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირებს, რომლებიც ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენასა და უცხოურ ენას.

4. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით პოლიციის ატაშე შეიძლება აკრედიტებულ იქნეს ორ ან ორზე მეტ სახელმწიფოში.

5. პოლიციის ატაშე და მეკავშირე ოფიცერი იმყოფებიან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოპერატიულ დაქვემდებარებაში, კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში.

5​​1.ბელგიის სამეფოში მივლინებულ პოლიციის ატაშეს შეიძლება დაეკისროს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მეკავშირე ოფიცრის უფლებამოსილებები. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი ახორციელებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრის უფლებამოსილებებს, ამ საქმიანობის კოორდინაციას უზურუნველყოფს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი, ხოლო თუ აღნიშნული პირი ახორციელებს პოლიციის ატაშის უფლებამოსილებებს  –  კოორდინაციას უზრუნველყოფს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

6.პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრისათვის შესაბამისი დავალებებისა და მითითებების გაცემასა და კოორდინაციაზე უფლებამოსილი პირები არიან:

ა)საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის კურატორი მინისტრის მოადგილე ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ უფლებამოსილი სხვა თანამდებობის პირი;

ბ)დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოპერატიული დაქვემდებარების ფარგლებში;

გ)უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირები.

7.ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრისთვის შესაბამისი დავალებებისა და მითითებების გაცემასა და კოორდინაციაზე უფლებამოსილი პირები არიან:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ უფლებამოსილი სხვა თანამდებობის პირი;

ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოპერატიული დაქვემდებარების ფარგლებში;

გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 12 ივნისის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 13.06.2019წ.

მუხლი 4. პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის უფლებამოსილება

პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის უფლებამოსილებაა:

ა)შესაბამის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობა სამართალდაცვითი კუთხით;

ბ)საქართველოსა და შესაბამის ადგილსამყოფელ სახელმწიფოს სამართალდამცავ უწყებებს/საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის  ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობის განმტკიცებისათვის ხელშეწყობა;

გ)რეკომენდაციების მომზადება შესაბამისი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ უწყებებთან/საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის მიზნით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ინტერესების წარმოდგენა და დაცვა;

ე) სამართალდაცვით სფეროში ურთიერთანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული სამინისტროს უფლებამოსილი პირებისგან მიღებული დავალებებისა და მითითებების შესრულება;

ვ) მათი საქმიანობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის ანგარიშის წარდგენა;

ვ​​1) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრის მიერ საკუთარი საქმიანობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისთვის ანგარიშის წარდგენა;

ზ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში/საერთაშორისო ორგანიზაციაში აკრედიტებულ სამართალდამცავ-დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობა;

თ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს/საერთაშორისო ორგანიზაციის სამართალდაცვითი სფეროს შესწავლა, შესაბამისი ღია საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მოპოვება, დამუშავება და სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის ინფორმირება, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რეკომენდაციების მიწოდება, აგრეთვე შესაბამისი კონსულტაციების წარმართვა;

ი) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის სამართალდაცვით საკითხებში ხელშეწყობა; 

კ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში/საერთაშორისო ორგანიზაციაში სამინისტროს წარმომადგენელთა ვიზიტების მომზადებასა და განხორციელებაში  მონაწილეობა (საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკისა და რეკომენდაციების მომზადება) და საპროტოკოლო უზრუნველყოფა (ვიზიტის პროგრამა, შეხვედრები);

ლ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში/საერთაშორისო ორგანიზაციაში სამსახურებრივი მივლინებით მყოფი სამინისტროს მოსამსახურეებისათვის კოორდინაციის გაწევა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენა;

მ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში/საერთაშორისო ორგანიზაციაში სწავლების მიზნით მივლინებული სამინისტროს მოსამსახურეების მონიტორინგი და მათ წინაშე წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტაში ხელშეწყობა;

ნ) სამართალდაცვით სფეროში ოფიციალურ მიღებათა ორგანიზება;

ო) პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის აპარატების მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ზედამხედველობა, მათთვის დავალებებისა და მითითებების მიცემა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელით სამართლებრივ დოკუმენტებზე ხელმოწერა;

ჟ) სამართალდაცვით სფეროში შესაბამის შეხვედრებში, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობა;

რ) შესაბამისი უწყებების მიწვევით მიღებებსა და სხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე დასწრება;

ს)საქართველოს პოლიციის საიუბილეო დღესასწაულებთან დაკავშირებით მიღებების მოწყობა, საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ტ) სამსახურებრივი და ფინანსური ანგარიშვალდებულების შესრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

უ) საქართველოს კანონმდებლობით  განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 12 ივნისის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 13.06.2019წ.

მუხლი 5. პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის აპარატები

1.ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან/საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეთანხმებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შეიძლება შეიქმნას პოლიციის ატაშეს აპარატი, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციაში - მეკავშირე ოფიცრის აპარატი, რომლებიც არ წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების შემადგენელ ნაწილს.

2. პოლიციის ატაშეს აპარატს ხელმძღვანელობს პოლიციის ატაშე, ხოლო მეკავშირე ოფიცრის  აპარატს -  მეკავშირე ოფიცერი.

3. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის აპარატების სტრუქტურასა და საშტატო განრიგს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით.

4. პოლიციის ატაშეს/მეკავშირე ოფიცერს შეიძლება ჰყავდეს დიპლომატიური სტატუსის არმქონე პოლიციის ატაშეს მოადგილე/უმცროსი მეკავშირე ოფიცერი, რომელიც:

ა) უფლებამოსილების ფარგლებში პოლიციის ატაშესთან/მეკავშირე ოფიცერთან შეთანხმებით ხელს აწერს პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის აპარატების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

ბ) აკონტროლებს აპარატის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებს;

გ) უზრუნველყოფს აპარატის ეფექტიან ფუნქციონირებას;

დ) აპარატის ხელმძღვანელის დროებით არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობებს;

ე) ახორციელებს პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულებას.

მუხლი 6. როტაცია და უფლებამოსილების შეწყვეტა

1. პოლიციის ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატების უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები წარიგზავნებიან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში/საერთაშორისო ორგანიზაციაში როტაციის წესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და მოსამსახურის ვადაზე ადრე გამოწვევა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეების, მეკავშირე ოფიცრებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში, გამოწვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საკითხების დარეგულირების მიზნით, მოსამსახურის გამოწვევა შესაძლებელია მოსამსახურის მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან მივლინების ვადის ამოწურვის თარიღიდან არა უმეტეს 20 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

4. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის ან ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში, თუ გამოწვევა არ უკავშირდება თანამდებობის პირის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებას, თანამდებობის პირი ინიშნება სამინისტროში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, ხოლო შესაბამისი ვაკანსიის არარსებობის შემთხვევაში, მისივე თანხმობით ირიცხება სამინისტროს კადრების განკარგულებაში.

5. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა მოსამსახურემ მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ ერთი წელი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში შეამციროს მითითებული ვადა ან არ მიიღოს იგი მხედველობაში ამ მუხლის 5​1 ან 5​2 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას.

5​1. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია პოლიციის ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატების უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები საქართველოში დაბრუნების გარეშე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნოს იმავე სახელმწიფოში.

5​2. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ ან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია პოლიციის ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატების უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები საქართველოში დაბრუნების გარეშე დანიშნოს ახალ თანამდებობაზე ან როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნოს სხვა სახელმწიფოში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩაითვლება როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის ამოწურვის შემდეგ მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის დრო.

7. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების დიპლომატიური სტატუსი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 24.01.2022წ.

მუხლი 7. პოლიციის ატაშის, მეკავშირე ოფიცრის აპარატების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით, უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ პოლიციის ატაშეს/მეკავშირე ოფიცრის აპარატში არადიპლომატიურ თანამდებობაზე შეიძლება დანიშნულ ან ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებულ იქნენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები (ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი).

მუხლი 8. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების  ფინანსური უზრუნველყოფა

1. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების მოსამსახურეთა მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები, სამივლინებო და აპარატის შენახვის ხარჯები, აგრეთვე პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის, მათი აპარატების მოსამსახურეთა და ოჯახის წევრთა პირველადი საყოფაცხოვრებო მოწყობის მიზნით ანაზღაურებადი ერთჯერადი თანხები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

3. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8​1. დამატებითი ღონისძიებები

1. პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის, სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის ან მათ მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში უფლებამონაცვლე პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის წარგზავნამდე, მათ სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება დროებით სარგებლობაში გადაეცემა იმავე ქვეყანაში მყოფ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას.

2. პოლიციის ატაშე და მეკავშირე ოფიცერი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების წარმოქმნისთანავე უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელშიც აისახება:

ა) მოძრავი ქონების გადაცემის თარიღი, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მარკა, მოდელი, სახელმწიფო ნომერი, გამოშვების წელი და ვინ-კოდი) და ზოგადი აღწერა ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის შესახებ;

ბ) მოძრავი ქონების მიმღებისა და გადამცემის სახელი, გვარი და თანამდებობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება სავალდებულოა ავტოსატრანსპორტო საშუალების გადმოცემისას.

4. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის დროებით გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვა-უსაფრთხოების ხარჯები (პარკირება, დაზღვევა და სხვა შესაბამისი ხარჯები) შეიძლება ანაზღაურდეს სამინისტროს მიერ, შესაბამისი მომართვის საფუძველზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 25 თებერვლის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 25.02.2022წ.

მუხლი 9. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, თანამდებობის გაუქმება

პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის აპარატების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია, პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის თანამდებობის გაუქმება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“, №1007, 31.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.016500 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3136095-3/