საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.06.2016 ძალადაკარგული 26.06.2025
ნომერი
№01-110
სარეგისტრაციო კოდი
150140000.22.030.016145
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-110

2016 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №01-31 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 13 ივნისიდან.

საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი
+




საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; სამინისტროს პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ საზოგადოებისა და მასმედიისათვის ინფორმაციის მიწოდება; შესაბამის ტერიტორიულ და ფუნქციურ დეპარტამენტებთან ერთად საინფორმაციო მასალების მომზადება, დამუშავება და გავრცელება; სამინისტროს წარმომადგენლების ბრიფინგებისა და ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა და ორგანიზება; ადგილობრივ და უცხოურ მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, აკრედიტაცია და სხვა ტექნიკური ხასიათის მხარდაჭერის აღმოჩენა; სამინისტროს სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ყოველდღიური მონიტორინგი და მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სპეციალური საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება; საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე მთავრობის შესაბამის ერთეულებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის შესახებ ყოველდღიური საინფორმაციო მასალების მომზადება და ინფორმაციის გაშუქება (სამინისტროს საინფორმაციო არხებზე განთავსება/მედიაში გავრცელება);

ბ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეების აქტივობების შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება, სამინისტროს ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში განთავსება/მედიაში გავრცელება;

გ) სამინისტროს ვებგვერდის ყოველდღიური მართვა/განვითარება;

დ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შინაარსობრივი/ტექნიკური/ვიზუალური უზრუნველყოფა და ორგანიზება, შესაბამისი დეპარტამენტების ჩართულობით;

ე) მედიისთვის საჭირო საინფორმაციო პროდუქტების მომზადება და მიწოდება, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ჩართულობით; 

ვ) მედიასთან სამინისტროს წარმომადგენელთა (მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები)  კომუნიკაციის დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) მედიის მხრიდან შემოსულ ოპერატიულ შეკითხვებზე პასუხების უზრუნველყოფა, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინაციით;

თ) სამინისტროდან გასული საინფორმაციო მასალების, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ საკითხებსა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციების ყოველდღიური მონიტორინგის უზრუნველყოფა;

ი) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების  საქმიანობის შესახებ მედიაში ინფორმაციის გავრცელება და განთავსება;

კ) საქართველოში მოქმედ ინგლისურენოვან გამოცემებში სამინისტროს საქმიანობს შესახებ ინფორმაციის გავრცელება;

ლ) სოციალური ქსელების (Facebook, Twitter) ყოველდღიური მართვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-191 - ვებგვერდი, 30.10.2020წ.

მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – ხელმძღვანელი), რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და  სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის (შემდგომში – დირექტორატი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.

3. ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში აკეთებს განცხადებებს და კომენტარებს სამინისტროს სახელით;

გ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;

დ) დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ;

ე) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას, უფლებამოსილია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ზ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესს;

თ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგენს მინისტრს;

ი) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;

კ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;

ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომელთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;

მ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;

ნ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს.

4. ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;

გ) მინისტრის, მინისტრის მოადგილის, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს;

დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, მინისტრის მოადგილის, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის წინაშე;

ე) ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

6. ხელმძღვანელის ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, ხელმძღვანელის წარდგინებით, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ერთ-ერთ მოადგილეს.

7. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-191 - ვებგვერდი, 30.10.2020წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 4 მარტის ბრძანება №01-252 - ვებგვერდი, 05.03.2025წ.

მუხლი 4. დასკვნითი დებულებანი

დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №01-110, 10.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 150140000.22.030.016145 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3305911-2/