საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.01.2017 ძალადაკარგული 11.12.2019
ნომერი
№08
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016460
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №08

2017 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №107 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება. 
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანება. 
+
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 31 იანვრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბუთხუზი
+



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს

გენერალური ინსპექციის

დებულება

 

თავი I

ზოგადი დებულებები


+
მუხლი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური  ინსპექციის სტატუსი და ანგარიშვალდებულება
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. გენერალური ინსპექცია არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი დეპარტამენტის სტატუსით, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით და მინისტრის ცალკეული დავალებებით.

3. გენერალური ინსპექციის საქმიანობა ეფუძნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის, კანონიერების, მიუკერძოებლობისა და საჯაროობის პრინციპებს.

4. გენერალური ინსპექცია დამოუკიდებელია ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების/ ფუნქციების განხორციელებისას და ანგარიშვალდებულია მხოლოდ მინისტრის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.

5. გენერალური ინსპექციის საქმიანობაში სხვა თანამდებობის პირების ჩარევა დაუშვებელია.

6. გენერალური ინსპექცია თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

7. გენერალურ ინსპექციას აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებითა და საქართველოს გერბის გამოსახულებით, ემბლემა, შტამპი და ბლანკი, რომელთა აღწერილობის/შენახვის/გამოყენების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

თავი II

გენერალური ინსპექციის ამოცანები და კომპეტენცია

მუხლი 2. გენერალური ინსპექციის ამოცანები

1. გენერალური ინსპექციის ამოცანებია:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში – სსიპ), სამინისტროს, მათ შორის სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ებში და სსიპ-ების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მართვაში არსებულ/ იურიდიულ პირებში (შემდგომში – სამინისტროს სისტემის სუბიექტები) საქართველოს კანონმდებლობის და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების, მათ შორის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;

ბ) სამინისტროს სისტემის სუბიექტებში სამხედრო/სპეციალური წოდების მქონე ან/და სამოქალაქო მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და რეაგირება;

გ) სამინისტროს სისტემის სუბიექტებში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აგრეთვე არსებული დარღვევების და ნაკლოვანებების გამოვლენის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

დ) ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს იმ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობა, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციებს;

ე) გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა და აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლა;

ვ) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების ან/და სხვა სამსახურებრივი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო გამჟღავნების შესაძლო არხების გამოვლენა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების/წინადადებების მომზადება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №107 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

მუხლი 3. გენერალური ინსპექციის კომპეტენცია

1. გენერალური ინსპექციის კომპეტენციაა:

ა) საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის სუბიექტების, მათი სტრუქტურული ერთეულების, მოსამსახურის/მოსამსახურეების საქმიანობის ან საქმიანობის ცალკეული მიმართულების ინსპექტირების/შემოწმების (მათ შორის, ფინანსური შემოწმების) ჩატარება და შესაბამისი დასკვნების, აგრეთვე სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით დისციპლინური ოქმების შედგენა;

ბ) გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაძლებლობების გამოყენება;

გ) მიმდინარე ინსპექტირება-შემოწმების ოპერატიული უზრუნველყოფა და ინსპექტირების ობიექტებში შესაძლო სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

დ) ინსპექტირება-შემოწმების შედეგად მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ინსპექტირების მასალების პროკურატურისთვის დადგენილი წესით გადაგზავნა;

ე) ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის განხორციელებისას მიღებული ინფორმაციის გამოკვლევა-დამუშავება და შემოწმების სუბიექტისათვის პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;

ვ) დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ მინისტრისათვის ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილი პირისათვის შესაბამისი რეკომენდაციების (დასკვნები) წარდგენა;

ზ) გამოვლენილი კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით, ინსპექტირება-შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალების განზოგადოება და სათანადო რეკომენდაციების და წინადადებების მინისტრისათვის წარდგენა;

თ) ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან, პროკურატურის ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობა;

ი) გენერალური   ინსპექციის   არასაიდუმლო/საიდუმლო  საქმისწარმოების უზრუნველყოფა,  აღრიცხვიანობა და არქივის წარმოება;

კ) ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და კომპეტენციის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოძიება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების და საჩივრების განხილვა;

მ) ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციების განხორციელების მიზნით, სამინისტროს სისტემის სუბიექტებისგან სათანადო ინფორმაციის, მათ შორის სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაციის გამოთხოვა, შეჯამება-აღრიცხვა და სისტემატიზაცია;

ნ) სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მოსამსახურეებისათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა;

ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობის შემოწმება მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით და სათანადო რეკომენდაციების/წინადადებების მომზადება;

პ) ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და კომპეტენციების განხორციელების მიზნით, სათანადო კვლევების ჩატარება და განზოგადებული ანგარიშების შედგენა;

ჟ) სტატისტიკური ფორმების/ინსტრუქციების შემუშავება და მინისტრისთვის მათი დასამტკიცებლად წარდგენა;

რ) საქართველოს კანონმდებლობის ან/და მინისტრის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

2. გენერალური ინსპექციის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

 

თავი III

დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები და მათი კომპეტენცია

მუხლი 4. გენერალური ინსპექციის სტრუქტურა

გენერალური ინსპექციის სტრუქტურული დანაყოფებია (შემდგომში – დანაყოფი):

ა) ინსპექტირების მთავარი სამმართველო:

ა.ა) სამოქალაქო  მიმართულებით ინსპექტირების სამმართველო;

ა.ბ) სამხედრო მიმართულებით ინსპექტირების სამმართველო.

ბ) სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო:

ბ.ა) სამოქალაქო  მიმართულებით სამსახურებრივი შემოწმების  სამმართველო:

ბ.ბ) სამხედრო მიმართულებით  სამსახურებრივი შემოწმების  სამმართველო.

გ)  ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო:

გ.ა) საქმისწარმოების განყოფილება;

გ.ბ) სტატისტიკური აღრიცხვისა და კვლევების განყოფილება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

მუხლი 5. ინსპექტირების მთავარი სამმართველო

ინსპექტირების  მთავარი სამმართველო:

ა) საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სუბიექტების ან მათი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ან საქმიანობის ცალკეული მიმართულების ინსპექტირებას (მათ შორის, ფინანსურ შემოწმებას), ამ მიზნით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და იყენებს სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაძლებლობებს;

ბ)   ინსპექტირების   შედეგების   საფუძველზე   ადგენს   შესაბამის დასკვნებს (მათ შორის, მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე), შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს, აგრეთვე პრევენციულ ღონისძიებებს;

გ) ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ მასალებს სათანადო რეაგირებისათვის გადაუგზავნის საქართველოს მთავარ პროკურატურას;

დ) მოიპოვებს ინფორმაციას სამინისტროს სისტემის სუბიექტების, მოსამსახურეების მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით, აგრეთვე მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ;

ე) ახორციელებს სამინისტროს სისტემის სუბიექტებში მიმდინარე ინსპექტირების ოპერატიულ უზრუნველყოფასა და ინსპექტირების ობიექტში/ობიექტებში შესაძლო სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას;

ვ) სამინისტროს სისტემის სუბიექტებში ამოწმებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მდგომარეობას მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს;

ზ) სამინისტროს სისტემის სუბიექტების, მოსამსახურეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით, ატარებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და ამზადებს სათანადო რეკომენდაციებს/წინადადებებს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს;

ი) გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებით ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით შემოწმების ღონისძიებებს;

კ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

მუხლი 6. სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო

სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამართალდარღვევის, მათ შორის დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის და პრევენციის მიზნით, სამინისტროს სისტემის მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით შემოწმებას (მათ შორის, ფინანსურ შემოწმებას), ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და ამ მიზნით იყენებს სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაძლებლობებს;

ბ) სამსახურებრივი შემოწმების   შედეგების   საფუძველზე   ადგენს   შესაბამის დასკვნებს (მათ შორის, მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე), შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს, აგრეთვე პრევენციულ ღონისძიებებს;

გ) სამსახურებრივი შემოწმების  შედეგად გამოვლენილ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ მასალებს სათანადო რეაგირებისათვის გადაუგზავნის საქართველოს მთავარ პროკურატურას;

დ)  მოიპოვებს     ინფორმაციას     სამინისტროს     სისტემის     სუბიექტების, მოსამსახურეების მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით, აგრეთვე მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ;

ე) ახორციელებს სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობისას ოპერატიულ უზრუნველყოფასა და შესაძლო სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას;

ვ) ამოწმებს სამინისტროს სისტემის სუბიექტებში მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მდგომარეობას მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს;

ზ) სამინისტროს სისტემის სუბიექტების მოსამსახურეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით, ატარებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და ამზადებს სათანადო რეკომენდაციებს/წინადადებებს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს;

ი) გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებით ახორციელებს სამინისტროს სისტემის სუბიექტების ან მათი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ან საქმიანობის ცალკეული მიმართულების ინსპექტირებას;

კ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

მუხლი 7. (ამოღებულია)

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

მუხლი 10. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო

ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს:

ა) გენერალური ინსპექციის არასაიდუმლო და საიდუმლო საქმისწარმოებას, აწარმოებს არასაიდუმლო და საიდუმლო დოკუმენტების არქივს;

ბ)   გენერალურ   ინსპექციაში   შემოსული   და   გენერალური   ინსპექციიდან გასული კორესპონდენციის შესრულების მონიტორინგს;

გ) გენერალური ინსპექციისათვის ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის განხორციელებისათვის საჭირო ხელის შემწყობი ღონისძიებების ორგანიზებას;

დ) გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;

ე) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების საქმეების აღრიცხვასა და კონტროლის ორგანიზებას;

ვ) ოპერატიული აღრიცხვიანობისა და კონტროლის ორგანიზებას;

ზ) გენერალური ინსპექციის ამოცანებისა და კომპეტენციების შესრულების მიზნით, სამინისტროს სისტემის სუბიექტებისგან შესაბამისი სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაციის გამოთხოვას, მათ შეჯამება-აღრიცხვას და სისტემატიზირებას;

თ) სამინისტროს სისტემის სუბიექტებისგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას, სათანადო კვლევების ჩატარებას, განზოგადებული ანგარიშების შედგენას და შესაბამისი რეკომენდაციების გენერალური ინსპექციის უფროსისათვის მიწოდებას;

ი) სტატისტიკური ფორმების/ინსტრუქციების შემუშავებას და მინისტრისთვის მათ დასამტკიცებლად წარდგენას;

კ) „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირებას (შემოსული ინფორმაციის მიღება, რეგისტრაცია, დამუშავება, ადრესატის განსაზღვრა) და  საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციის გაწევას;

ლ) გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლას;

მ) ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს იმ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობას, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციებს;

ნ) გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

 

თავი IV

გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება

მუხლი 11. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა

1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. გენერალური ინსპექციის უფროსი:

ა) წარმოადგენს გენერალურ ინსპექციას;

ბ) ხელმძღვნელობს და წარმართავს გენერალური ინსპექციის საქმიანობას, აწესრიგებს დანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისთვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება გენერალურ ინსპექციის კომპეტენციას;

დ) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის დანაყოფებისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლს;

ე) ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის დანაყოფებს შორის და აძლევს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს;

ვ) იღებს გადაწყვეტილებებს გენერალური ინსპექციის ამოცანასა და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს და ამტკიცებს ინსპექტირების/შემოწმების დასკვნებს;

თ) მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის მუშაობის წარმართვისათვის;

ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

კ) გენერალურ ინსპექციაში დროებითი მოვალეობის შემსრულებლებად დასანიშნ კანდიდატებს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს მინისტრს, უზრუნველყოფს სასწავლო კურსებზე გასაგზავნ გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა დადგენილი წესით წარდგენას;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს გენერალურ ინსპექციაში დასანიშნი შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურის კანდიდატების წარდგენას, პირის შტატგარეშე ან დამხმარე მოსამსახურედ მიღებისას განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების დამატებით პირობებს;

მ) მინისტრის წინაშე შუამდგომლობს გენერალური ინსპექციის ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის შესასრულებლად საჭირო ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყოფის თაობაზე;

ნ) მინისტრს წარუდგენს გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ო) განსაზღვრავს შესამოწმებელ სუბიექტს, საგანს და ვადას;

პ) ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას;

ჟ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალური ინსპექციის წლიური ინსპექტირების გეგმას.

3. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს 2 (ორი) მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეების საკურატორო სფეროს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი.

5. გენერალური ინსპექციის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ასეთი აქტის არარსებობის შემთხვევაში გენერალური ინსპექციის მოხელე ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული წესის დაცვით.

6. გენერალური ინსპექციის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს:

ა) კალენდარული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, უფრო ადრე დანიშნული გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ხოლო მეორე ექვსი თვის განმავლობაში, უფრო გვიან დანიშნული გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;

ბ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, გენერალური ინსპექციის უფროსის შესაბამისი მოადგილის არყოფნის დროს, სამსახურში მყოფი გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;

გ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, გენერალური ინსპექციის უფროსის ორივე მოადგილის არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული გენერალური ინსპექციის მოხელე.

7. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე:

ა) ზედამხედველობას უწევს საკურატორო სფეროში შემავალ დანაყოფს, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს საკურატორო სფეროში შემავალი ქვედანაყოფების შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;

გ) ითანხმებს საკურატორო სფეროში შემავალი ქვედანაყოფის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) პასუხისმგებელია გენერალური ინსპექციის უფროსის წინაშე საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფის მუშაობის წარმართვისათვის და უზრუნველყოფს მის კონტროლს;

ე) ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის უფროსის წინაშე;

ვ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას;

ზ) ხელს აწეს ან/და ვიზირებას უკეთებს საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფის მიერ მომზადებულ კორესპონდენციას.

8. დანაყოფს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი. თავის მხრივ დანაყოფის უფროსი:

ა) წარმოადგენს დანაყოფს;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს დანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;

გ) გეგმავს დანაყოფის საქმიანობას და იღებს გადაწყვეტილებებს დანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გენერალური ინსპექციის უფროსთან ან კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით;

დ) ხელმოწერით ან ვიზირებით ითანხმებს დანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ანგარიშვალდებულია დანაყოფის საქმიანობის წარმართვისათვის და უზრუნველყოფს მის კონტროლს;

ვ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ მასზე დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებას;

თ) ახორციელებს კონტროლს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/განყოფილების მუშაობაზე, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე.

9. დანაყოფის უფროსს საშტატო ნუსხის შესაბამისად ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“, №08, 27.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016460 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3560650-2/