ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.02.2017 ბოლო ცვლილება 12.09.2025
ნომერი
№28/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.017282
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)

შემდგომი ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №28/ნ

2017 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესი“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა
+



დანართი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესი

+
თავი I
ზოგადი დებულებანი

+
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ეს წესი არეგულირებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდეგში – სკოლა) სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევისა და გრიფის მინიჭების (შემდეგში − გრიფირება) წესსა და პირობებს.

2. გრიფირების მიზანია ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების განხორციელების ხელშეწყობა მოსწავლეების ხარისხიანი სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის გზით.


+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტორი/თანაავტორი (შემდეგში – ავტორი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შეიქმნა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი;

ბ) მოსაზრების განხილვა − განმცხადებლის მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზიაზე საკუთარი წერილობითი მოსაზრების წარდგენის, განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესი;

გ) საავტორო უფლების მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასკოლო სახელმძღვანელოზე გააჩნია ავტორის ქონებრივი უფლებები;

დ) სასკოლო სახელმძღვანელო (შემდეგში – სახელმძღვანელო) − ავტორის შეხედულებით „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში − ეროვნული სასწავლო გეგმა), მასში შემავალი საგნობრივი სასწავლო გეგმის/გეგმების მიხედვით ერთი ან ერთდროულად რამდენიმე კლასისათვის შედგენილი საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც განკუთვნილია ამავე ეროვნული სასწავლო გეგმითა და შესაბამისი საგნობრივი სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. სახელმძღვანელოს სახეებია: მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი, ელექტრონული რესურსი მოსწავლის ან მასწავლებლის წიგნისათვის;

ე)  სახელმძღვანელოს კომპლექტი (შემდეგში − კომპლექტი) − ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნისა და კონკრეტული კლასისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს ერთი ან ერთზე მეტი სახე (ნაკრები);

ვ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი − განმცხადებლის მიერ, გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილი სახელმძღვანელო/სერია;

ზ) სერია – ერთი და იმავე კონცეფციის შესაბამისად აგებული ერთი საგნის რამდენიმე კლასისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების ერთობლიობა ზოგადი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში;

თ)  სახელმძღვანელოს მაკეტის ანკეტა (შემდეგში − ანკეტა) − დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული სახელმძღვანელოს მაკეტის შესახებ. ანკეტის რეკვიზიტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდეგში − მინისტრი);

ი)  რეცენზენტი – პირი (მასწავლებელი, დარგის მეცნიერი, ფილოლოგი (ქართული ენის), ფსიქოლოგი ან სხვა სპეციალისტი), რომელიც შესაბამისი კრიტერიუმების გამოყენებით ახორციელებს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირებას;

კ) მასწავლებლის წიგნი – მასწავლებლისათვის განკუთვნილი მეთოდური რესურსი, რომელიც გამოიყენება ერთი ან ერთდროულად რამდენიმე კლასის საგნობრივი სასწავლო გეგმის შესაბამისად სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისათვის;

ლ) მოსწავლის რვეული – კონკრეტული კლასისა და საგნობრივი სასწავლო გეგმის დაძლევის ხელშესაწყობად მოსწავლისათვის განკუთვნილი ამოცანების, სავარჯიშოების, ტესტების ან/და კროსვორდების კრებული, რომელშიც მოსწავლეს საჭიროებისამებრ ჩაწერის, ჩახატვის, ჩახაზვის, ამოჭრის, გაფერადების ან ჩაწებების შესაძლებლობა აქვს;

მ) მოსწავლის წიგნი – კონკრეტული კლასის საგნობრივი სასწავლო გეგმის დაძლევის ხელშესაწყობად მოსწავლისათვის განკუთვნილი საგანმანათლებლო რესურსი;

ნ) საგნობრივი სასწავლო გეგმა – ეროვნული სასწავლო გეგმით კონკრეტული საგნისთვის დადგენილი მოთხოვნები, რომლებშიც წარმოდგენილია ამ საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები, საგნის სწავლების ორგანიზება, საგნობრივი სტანდარტები საფეხურების მიხედვით და საგნობრივი წლიური პროგრამები, რომლებშიც ნაჩვენებია სტანდარტის მოთხოვნების მიღწევის ერთ-ერთი გზა;

ო)  სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმი-სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შინაარსობრივი და ტექნიკური მახასიათებლების შესაფასებლად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მოთხოვნები ან/და ინდიკატორები;

პ)  რეცენზია − რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კრიტერიუმებთან  შესაბამისობის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებითა და სავალდებულო რეკომენდაციით/მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ჟ) განმცხადებელი −  ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდეგში − სამინისტრო) წარუდგენს გრიფირების განაცხადს კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების თხოვნით;

რ) გრიფირების განაცხადი (შემდეგში − განაცხადი) − განმცხადებლის მიერ კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების მიზნით სამინისტროში წარდგენილი ელექტრონული განცხადება. განაცხადის რეკვიზიტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი;

ს) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია − სახელმძღვანელო/სერია, რომელსაც მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს გრიფი. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია სასწავლო პროცესში წარმოადგენს ძირითად საგანმანათლებლო რესურსს;

ტ)  რეცენზირება − პროცესი, რომლის დროსაც დგინდება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაბამისობა ამ მუხლის „ო“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ კრიტერიუმებთან;

უ) საბეჭდი ფაილი – სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ერთი სრული, გამოსაცემად გამზადებული (რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციების/მითითებების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისად კორექტირებული) ელექტრონული ვერსია PDF ფორმატში, DPI − არანაკლებ 3 600, შესაბამის ელექტრონულ რესურსთან ერთად;

ფ) შესარჩევი ერთეული − კომპლექტი, რომელსაც გრიფირების გამოცხადებისას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი;

ქ) მოსაზრებების განმხილველი კომისია − განმცხადებელთა მოსაზრებების მიღებისა და განხილვის მიზნით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი კომისია;

ღ) ელექტორნული რესურსი მასწავლებლის ან მოსწავლის წიგნისათვის − საგნობრივი სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების პროცესის მიზნებისათვის მოსწავლის ან მასწავლებლისათვის განკუთვნილი კონკრეტული კლასის/კლასების აუდიო/ვიდეო მასალა, სავარჯიშოების კრებული, თვალსაჩინოება ან ნებისმიერი სხვა რესურსი ციფრულ ფორმატში;

ყ)  გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის განახლება − გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შინაარსობრივი ან/და სხვა ხასიათის ცვლილება სასწავლო პროცესში მისი დანერგვის შედეგების ან სხვა საჭიროების (არქეოლოგიური აღმოჩენა, სამეცნიერო ინოვაცია და სხვა) საფუძველზე;

შ)  სალიცენზიო ხელშეკრულება − სამინისტროსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის ამ წესისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადებული ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულება გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლების შესახებ;

ჩ)  გარანტორი − პირი, რომელიც უზრუნველყოფს განმცხადებლის მიერ ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალობას და მის გასაჯაროებას სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით;

ც) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა − მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან/სერიებიდან სკოლის მიერ სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის არჩევა;

ძ) გადამუშავება − სპეციალური საჭიროებებდან გამომდინარე დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს სახელმძღვანელოს/სერიის ბრაილის ფორმატში გადაყვანას, გახმოვანებას, თარგმნას და სხვა;

წ) (ამოღებულია - 01.11.2018, №46/ნ);

ჭ) საავტორო ჰონორარი – გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ჩვეულებრივი ლიცენზიით სარგებლობის უფლების (რეპროდუცირება, გავრცელება/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება) გადაცემისათვის, საბაზისო (ფიქსირებული) ან საბაზისო (ფიქსირებული) და გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ტირაჟის ოდენობის მიხედვით, გრიფის მოქმედების ვადით, საავტორო უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფინანსური სარგებელი;

ხ) საიდენტიფიკაციო ჭდე − გრიფმინიჭებული მოსწავლის წიგნის, მოსწავლის რვეულის და მასწავლებლის წიგნის „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის” პროგრამის (შემდეგში – პროგრამა) ფარგლებში ნაბეჭდი ეგზემპლარის მაიდენტიფიცირებელი და განმასხვავებელი ნიშანი უნიკალური ნუმერაციით;

ჯ) სახელმძღვანელოს/სერიის ვებგვერდი – საავტორო უფლების მფლობელის მიერ შექმნილი და ადმინისტრირებადი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის უსაფრთხო და სანდო ინფორმაციის შემცველი აქტიური ვებგვერდი, რომელიც გამოიყენება ამ წესით განსაზღვრული მიზნებისათვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 11 მაისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 11.05.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.


+
მუხლი 3. ინტერესთა კონფლიქტი
1. გრიფირებისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით აკრძალულია:

ა) განმცხადებელი, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საავტორო უფლების მფლობელი ან ავტორი იყოს სამინისტროს ან მისი სისტემის (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების) თანამდებობის პირი ან ამ თანამდებობის პირის ნათესავი;

ბ) რეცენზენტი იყოს განმცხადებელი, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საავტორო უფლების მფლობელი ფიზიკური პირი ან ავტორი, მათი ნათესავი, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი იმ სუბიექტის თანამშრომელი, რომელსაც ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაევალა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შექმნა;

გ) რეცენზენტი და მოსაზრებების განმხილველი კომისიის წევრები იყვნენს ერთი და იგივე პირები ან ერთმანეთის ნათესავები;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირად ჩაითვლება ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს სისტემის (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების) თანამდებობის პირი, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების) სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:

ა) პირდაპირი ხაზის (აღმავალი, დამავალი) ნათესავი;

ბ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები;

გ) მეუღლე;

დ) მეუღლის და-ძმა და მათი შვილები;

ე) მეუღლის აღმავალი ხაზის ნათესავი.

4. გრიფირების მიმდინარეობისას, ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ განაცხადონ ამის შესახებ. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) რეცენზენტის აცილება;

ბ) რეცენზიის გაუქმება;

გ) განაცხადის განუხილველად დატოვება, თუკი დასტურდება ინტერესთა კონფლიქტის ფაქტის არსებობის განზრახი დაფარვა;

დ) მოსაზრებების განმხილველი კომისიის წევრის აცილება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი რეცენზირებისთვის გადაეცემა სხვა რეცენზენტს.

6. . ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის განმეორებითი რეცენზირების დროის უკმარისობის გამო თუ რეცენზიის გაუქმება საფრთხეს უქმნის გრიფირებას ან სამინისტროს მიერ სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებაზე გადაწყვეტილების მიღებას, ეს რეცენზია მხედველობაში არ მიიღება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.


+
მუხლი 4. გრიფირების პრინციპები
1. ამ წესით რეგულირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:

ა) საჯაროობა (შესაბამისი სპეციფიკის გათვალისწინებით);

ბ) თანამშრომლობა;

გ) კომპეტენტურობა;

დ) ობიექტურობა;

ე) თანასწორობა;

ვ) კეთილსინდისიერება;

ზ) კორექტულობა;

თ) კოლეგიურობა;

ი) კანონიერება;

კ) სამართლიანობა.

2. დაინტერესებული პირებისათვის გრიფირებასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.


+
მუხლი 5. გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა
1.  გრიფირების პროცესის წარმართვისათვის სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში - მართვის სისტემა) ქმნის გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემას, უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას, უსაფრთხოებას, პერიოდულ განახლებას, მასში დაცული ინფორმაციის კონფიდენციალობას, გრიფირებასთან დაკავშირებული სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის წარმოებასა და სამინისტროსთვის მიწოდებას.

2. გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მუშაობისა და უსაფრთხოების დაცვის წესს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციოს სისტემის უფროსი.

3. განმცხადებელს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაზე ხელმისაწვდომობა უწყდება გრიფირების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.


+
მუხლი 6. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირების ეტაპები
1. გრიფირების ეტაპებია:

ა) I ეტაპი − გრიფირების გამოცხადება;

ბ) II ეტაპი − განაცხადების რეგისტრაცია;

გ) III ეტაპი − რეცენზირება/მოსაზრების განხილვა;

დ) IV ეტაპი − გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი გრიფირების მომდევნო ეტაპზე გადადის მხოლოდ წინა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.


+
თავი II
გრიფირების გამოცხადება

+
მუხლი 7. გრიფირების გამოცხადება
1.  გრიფირება ცხადდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება გრიფირების პირობები (შესარჩევი ერთეულები, განაცხადის რეგისტრაციის და სხვა ვადები, საავტორო ჰონორარის ოდენობა და ა.შ.).

2.  გრიფირება შეიძლება გამოცხადდეს როგორც სახელმძღვანელოს სერიაზე, ისე ცალკეული საგნის კლასის/კლასების სახელმძღვანელოზე/სახელმძღვანელოებზე.

3. სამინისტრო უზრუნველყოფს გრიფირების გამოცხადების შესახებ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას შემდეგ ვებგვერდზე: www.mes.gov.ge.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.


+
თავი III
განაცხადების რეგისტრაცია

+
მუხლი 8. განაცხადების მიღება/შემოწმება
1.  განაცხადების რეგისტრაციის ეტაპზე წარმოებს განაცხადების სამინისტროში მიღება და შესაბამისობის დადგენა ამ წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის მოთხოვნებთან. სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ იმ განაცხადების მიმართ, რომლებსაც დაუდგინდათ შეუსაბამობა (ხარვეზი) და მის აღმოსაფხვრელად განსაზღვრულ ვადაში იგი არ გამოსწორდა. ამით სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი კარგავს გრიფირების შემდეგ  ეტაპზე  მონაწილეობის  მიღების უფლებას.

2. განმცხადებელი განაცხადს სამინისტროს წარუდგენს (არეგისტრირებს) გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის საშუალებით, შემდეგ მისამართზე www.grifireba.emis.ge. განაცხადს რეგისტრაციისას ენიჭება უნიკალური კოდი. განმცხადებელი უფლებამოსილია განაცხადის წარდგენის შემდეგ მასში ცვლილება შეიტანოს მხოლოდ სამინისტროს მიერ დადგენილი ხარვეზის საფუძველზე. ინფორმაცია განმცხადებლის, რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის შესახებ აისახება სამინისტროს საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში.

3. გრიფირებაში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს:

ა) განაცხადი (შევსებული ელექტრონულად, შესაბამისი რეკვიზიტების დაცვით, პრინციპით: ერთი შესარჩევი ერთეული − ერთი განაცხადი);

ბ) ანკეტა (შევსებული ელექტრონულად, პრინციპით: ერთი სახელმძღვანელოს მაკეტი − ერთი ანკეტა);

გ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის:

გ.ა) (ამოღებულია - 01.11.2018, №46/ნ);

გ.ბ) ორი ნაბეჭდი ეგზემპლარი იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის იდენტიფიცირება;

გ.გ) ფერადი ვერსიის ელექტრონული ეგზემპლარი (PDF ფორმატში, სასურველია DPI − არაუმეტეს 600), შესაბამისი ელექტრონული რესურსით (არსებობის შემთხვევაში) იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის იდენტიფიცირება, ამასთან ყოველ გვერდზე წარწერით „Don’t Copy“;

დ) ავტორის/საავტორო უფლების მფლობელის თანხმობა (ელექტრონულად და მატერიალურად (დედანი)) მასზედ, რომ:

დ.ა)  სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი წარდგენილ იქნეს გრიფის მინიჭებაზე, ხოლო გრიფის მინიჭების შემთხვევაში − სალიცენზიო ხელშეკრულებით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სამინისტროს გადასცეს აღნიშნული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ჩვეულებრივი ლიცენზიით სარგებლობის უფლება, კერძოდ: რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლება;

დ.ბ) განახორციელოს ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-18 მუხლით გათვალისწინებული ცვლილებები/კორექტურა;

დ.გ) (ამოღებულია - 01.11.2018, №46/ნ);

ე) პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ატვირთული ელექტრონულად), თუკი განმცხადებელი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ავტორი ფიზიკური პირია, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერი (ატვირთული ელექტრონულად) და ინფორმაცია (ატვირთული ელექტრონულად), რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და მის ქონებას არ ადევს ყადაღა/აკრძალვა. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა რეგისტრაციის ფაქტის, ასევე იმის შესახებ, რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის (სათავო ოფისის) რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და მის ქონებას არ ადევს ყადაღა/აკრძალვა. ასეთ შემთხვევაში ცნობა დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მას თან უნდა ერთოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;“;

ვ) განმცხადებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ელექტრონულად) და წარმომადგენლის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ელექტრონულად), თუ განმცხადებელს განაცხადი შემოაქვს წარმომადგენლის მეშვეობით ან განმცხადებლი იურიდიული პირია). არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში − შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი მსგავსი დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი (ელექტრონულად და მატერიალურად (დედანი));

ზ)  არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში − თავისი რეგისტრაციის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა (ატვირთული ელექტრონულად და მატერიალურად (დედანი)) მასზედ, რომ არ ხორციელდება ამ იურიდიული პირის (სათავო ოფისი) რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და მის ქონებას არ ადევს ყადაღა/აკრძალვა. იგი დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და თან უნდა ერთოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;

თ) (ამოღებულია - 09.11.2017, №184/ნ).

4. გრიფირების განაცხადის წარმოდგენით განმცხადებელი ადასტურებს, რომ:

ა) ეთანხმება ამ წესის პირობებს და აცხადებს, რომ გრიფირების მიმდინარეობისას, ისევე, როგორც გრიფის მოქმედების (იმ შემთხვევაში, თუკი მის მიერ წარმოდგენილ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს მიენიჭება გრიფი) მთელი პერიოდის განმავლობაში დაიცავს ამ წესის მოთხოვნებს;

ბ) თანახმაა, სამინისტრომ გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილ განაცხადში, ანკეტაში და შესაბამის დოკუმენტებსა და მასალებში მითითებული ინფორმაციის სისწორე და შეუსაბამობის დადასტურების შემთხვევაში მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება გრიფის მინიჭების ან სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) თანახმაა, გრიფირებაში მონაწილეობის მისაღებად მის მიერ წარმოდგენილი განაცხადი და მისი დანართები გრიფირების დასრულების შემდეგაც დარჩეს სამინისტროში საქმისწარმოების წესებით გათვალისწინებული ვადით;

დ)  თანახმაა, მის მიერ განაცხადით წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, სალიცენზიო ხელშეკრულებით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სამინისტროს გადასცეს აღნიშნული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ჩვეულებრივი ლიცენზიით სარგებლობის უფლება, კერძოდ: რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლება;

ე)  (ამოღებულია - 01.11.2018, №46/ნ);

ვ) თანახმაა, მის მიერ განაცხადით წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში ითანამშრომლოს სამინისტროსთან გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავების დაკვეთის შესასრულებლად, ხოლო დაკვეთის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში − ამ სახელმძღვანელოზე შესაბამისი უფლება ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით მიზნობრივად გადასცეს სამინისტროს ან სამინისტროს მიერ შერჩეულ მესამე პირს;

ზ)  თანახმაა, მის მიერ განაცხადით წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, მასწავლებლებისათვის თავისუფლად და შეუზღუდავად ხელმისაწვდომი გახადოს მასწავლებლის წიგნი ელექტრონულ ფორმატში და მასწავლებლის/მოსწავლის წიგნის ელექტრონული რესურსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

თ) თანახმაა, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ანონიმურ ეგზემპლარში ანონიმურობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის საფუძველზე სამინისტრომ მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მხედველობაში იღებს, რომ შედეგად სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი გრიფირების შემდგომ ეტაპზე მონაწილეობის უფლებას კარგავს;

ი) განაცხადის წარდგენის მომენტში არ იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში და გრიფირების განმავლობაში ამ საკითხის მიმართ იხელმძღვანელებს კეთილსინდისიერებისა და თანამშრომლობის პრინციპებით;

კ) თანახმაა, სამინისტროს წარუდგინოს გრიფმინჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ვებგვერდი ამ წესით დადგენილი პერიოდისათვის.

5. გრიფირებაში მონაწილეობის მისაღებად, გარდა ამ მუხლით დადგენილი დოკუმენტაციისა და მასალებისა, სავალდებულოა განაცხადი ერთდროულად აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) თითოეული სახელმძღვანელოს მაკეტი − მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, ელექტრონული რესურსი მოსწავლის წიგნისათვის უნდა იყოს განკუთვნილი საგნის ერთი კლასისთვის. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მასწავლებლის წიგნზე/მასწავლებლის წიგნის ელექტრონულ რესურსზე/პირველი კლასის უცხოური ენის საგნის სახელმძღვანელოს მაკეტზე. ამ შემთხვევაში დასაშვებია ერთი სახელმძღვანელო შეესაბამებოდეს ერთდროულად არაუმეტეს ორ კლასს;

ბ) სახელმძღვაელოს/სერიის მაკეტი წარმოდგენილი უნდა იყოს შესარჩევი ერთეულების შესაბამისად;

გ) სერიის მაკეტის წარმოდგენის შემთხვევაში გრიფის მინიჭებისთვის დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მასში შემავალი თითოეული სახელმძღვანელოს მაკეტი;

დ)  გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელო არ უნდა შეიცავდეს (ნებისმიერი ფორმით) მითითებას ან/და მოთხოვნას იმ საგანმანათლებლო რესურსის შესახებ, რომელიც შექმნილია ან მომავალში შეიქმნება გრიფირებისთვის წარმოსადგენი სახელმძღვანელოს მაკეტის კომპლექტს მიღმა და მისი გამოუყენებლობა შექმნის სირთულეებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს დამოუკიდებლად გამოყენებისა და სასწავლო პროცესის წარმართვის საკითხში;

ე)  განაცხადის სამინისტროში რეგისტრაციის დროისათვის არ უნდა მიმდინარეობდეს საავტორო უფლების მფლობელი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და არც მის ქონებას არ უნდა ედოს ყადაღა/აკრძალვა;

ვ) (ამოღებულია - 01.06.2017, №88/ნ).

6. განმცხადებელი ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ამ მუხლში მატერიალური ფორმით მოთხოვნილი დოკუმენტაცია სამინისტროს გადასცეს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის იდენტურობის დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის იდენტური, სამინისტრო უფლებამოსილია განმცხადებელს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს ამ ხარვეზის აღმოფხვრის ვადა. ამ დოკუმენტების არ/ვერ წარმოდგენის ან სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში განაცხადის რეგისტრაცია ჩაითვლება ბათილად.

7. განმცხადებელი უფლებამოსილია სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაფასებლად გადაცემამდე წერილობითი განცხადებით მოითხოვოს მის განაცხადზე წარმოების შეწყვეტა. საქმისწარმოების ინტერესებიდან გამომდინარე, განაცხადი დანართებითურთ რჩება სამინისტროში.

8. განმცხადებელი განაცხადების რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, გარანტორს წარუდგენს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში ტირაჟის ოდენობის მიხედვით დასაანგარიშებელ საავტორო ჰონორარზე მისთვის მისაღები ფასდაკლების (პროცენტულ) ოდენობას. აღნიშნული ფასდაკლება ძალაშია გრიფის მოქმედების ვადის განმავლობაში.

9. (ამოღებულია - 01.11.2018, №46/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.


+
თავი IV
რეცენზირება/მოსაზრებების განხილვა

1
მუხლი 9. რეცენზირება, რეცენზენტის ანონიმურობა
1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირება მოიცავს:

ა) შინაარსობრივ რეცენზირებას, რომლის დროსაც დგინდება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაბამისობა შემდეგ შინაარსობრივ კრიტერიუმებთან:

ა.ა) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან;

ა.ბ) შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლის ენობრივი განათლების დონესთან;

ა.გ) შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლის კოგნიტურ/პიროვნულ/ემოციურ და ფსიქოსოციალურ განვითარების დონესთან;

ა.დ)  სერიის კონცეპტუალური ერთიანობის ხედვასთან (სერიულად გამოცხადების შემთხვევაში);

ა.ე) განაცხადის მიღებამდე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა კრიტერიუმებთან;

ბ)  ტექნიკურ რეცენზირებას, რომლის დროსაც დგინდება სახელმძღვანელოს/სერიის (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული) მაკეტის შესაბამისობა ტექნიკურ კრიტერიუმებთან.

2. (ამოღებულია - 01.11.2018, №46/ნ).

3. განმცხადებელი ვალდებულია, რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაბამისი ცვლილება (შინაარსობრივი, ტექნიკური), თუკი აღნიშნულზე პირდაპირ რეკომენდაციას/მითითებას შეიცავს რეცენზია ან უფლებამოსილია დასაბუთებული მოსაზრებით მიმართოს მოსაზრებების განმხილველ დროებით კომისიას. კორექტირებული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი მიეწოდება შესაბამის (შინაარსობრივ ან ტექნიკურ) რეცენზენტთა საგნობრივ ჯგუფს კორექტირების ავთენტურობის დასადგენად. განმცხადებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობისა ან  მოსაზრებების განმხილველი დროებითი კომისიისათვის მიუმართაობის შემთხვევაში, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი აღარ განიხილება გრიფირების შემდეგ ეტაპზე.

4. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირებას ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფი.

5. რეცენზენტთა ერთი საგნობრივი ჯგუფი აფასებს გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილი ერთი და იმავე საგნის და კლასის/კლასების ყველა სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიულ მაკეტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის ნახევარზე მეტი შუამდგომლობს, რომ ერთი და იმავე საგნის და კლასის/კლასების ერთზე მეტი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირებისათვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული დრო ვერ უზრუნველყოფს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ხარისხიან რეცენზირებას.

6. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესი დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. რეცენზენტის ვინაობა, გარდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალოდ მონაწილე სამინისტროს/სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისა, ყველასათვის კონფიდენციალურია ამ წესით დადგენილი ვადის განმავლობაში. პირი, რომლისთვისაც აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა ამ ვადაში ვალდებულია არ გაახმაუროს ან არ გამოიყენოს ეს ინფორმაცია გრიფირების მიზნების საწინააღმდეგოდ.

8.  ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ინფორმაცია საჯაროვდება სახელმძღვანელოს/სერიისთვის გრიფის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ.

9. (ამოღებულია - 01.06.2017, №88/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.


+
მუხლი 9​1. (ამოღებულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.


+
მუხლი 10. მოსაზრებების განხილვა 
1.  განმცხადებელი, უფლებამოსილია რეცენზიის გაცნობის შემდეგ, თითოეულ რეცენზიასთან დაკავშირებით მოსაზრებების განმხილველ დროებით კომისიას წარუდგინოს (ელექტრონულად) თავისი დასაბუთებული მოსაზრებები.

2.  მოსაზრებების წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, ასევე, გადაწყვეტილების შესრულების ვადები და მოსაზრებების განმხილველი დროებითი კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. განმცხადებლის მოსაზრებების განხილვაში, შესაბამისი რეცენზენტის/რეცენზენტების გარდა, მოსაზრებების განმხილველი დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ჩართულ იქნენ შესაბამისი საგნის/დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები, რომლებიც არ მონაწილეობენ კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში.

4. მოსაზრებების წარდგენა და განხილვა წარიმართება რეცენზენტისა და განმცხადებლის ვინაობის კონფიდენციალობის დაცვით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.


+
თავი V
გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გასაჩივრება

+
მუხლი 11. გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების საფუძველია შემდეგი პირობების ერთობლიობა:

ა) სახელმძღვანელოს/სერიის თითოეულმა სახელმძღვანელოს მაკეტმა შინაარსობრივი რეცენზირებისას გადალახა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესით კრიტერიუმებისათვის ან/და ინდიკატორებისათვის დადგენილი მაქსიმალური ჯამური ქულებისთვის განსაზღვრული მინიმალური ზღვარი (ბარიერი) და სრულად აკმაყოფილებს სახელმძღვანელოს/სერიისათვის დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი სრულად აკმაყოფილებს ტექნიკური კრიტერიუმებს − მოთხოვნებს;

გ) განმცხადებლის მიერ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტში ასახულია რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები/მითითებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. გადაწყვეტილება გრიფის მინიჭების ან გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ  ვებგვერდზე:  www.mes.gov.ge. გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება განაცხადის რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.

3. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აღინიშნება:

ა) (ამოღებულია - 01.06.2017, №88/ნ);

ბ) საგნობრივი ჯგუფი;

გ) საგანი;

დ) საგნის სტატუსი (სავალდებულო/არჩევითი);

ე) კლასი;

ვ) სექტორი (ქართულენოვანი თუ არაქართულენოვანი (სომხური, რუსული, აზერბაიჯანული));

ზ) სახელმძღვანელოს დასახელება;

თ) განმცხადებელი;

ი) ავტორი/ავტორები;

კ) სახელმძღვანელოს ენა;

ლ) კომპლექტის შემადგენლობა;

მ) სხვა რაიმე არსებითი მახასიათებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. გრიფირების განმავლობაში განმცხადებელს ეკრძალება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირებისათვის წარმოდგენილ რედაქციაში შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის კორექტირება, გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ან/და მოსაზრებების განმხილველი დროებითი კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების შესრულებისას.

5. გრიფირების ჩაშლის (სამინისტროში არცერთი განაცხადი არ დარეგისტრირებულა ან ამა თუ იმ მიზეზით განაცხადზე შეწყდა წარმოება ან განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს) შემთხვევაში მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) ხელახლა გამოაცხადოს გრიფირება ამავე სახელმძღვანელოზე/სერიაზე;

ბ) გამოიყენოს ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული უფლება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.


+
მუხლი 12. გრიფირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება
გრიფირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

+
მუხლი 13. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირება სპეციალური წესით
1.  სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირება სპეციალური წესით გულისხმობს მინისტრის უფლებამოსილებას მიიღოს გადაწყვეტილება ამ წესით დადგენილი გრიფირების ეტაპების გავლის გარეშე სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისათვის გრიფის მინიჭებაზე.

2. მინისტრი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოს/სერიისთვის გრიფის მინიჭება:

ა) ემსახურება სკოლებში სასწავლო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის მიზნებს;

ბ) გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან;

გ)  შეეხება სახელმძღვანელოს/სერიას, რომელიც შექმნილია მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაცემული დავალების საფუძველზე (სამსახურებრივი ნაწარმოები).

3. მინისტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისათვის გრიფის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის თანხმობით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის მიმართ ეს წესი ვრცელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ცალკეული შემთხვევისთვის დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.


+
თავი VI
უფლებამოსილებათა გამიჯვნა 

+
მუხლი 14. უფლებამოსილებათა გამიჯვნა
1. სამინისტრო:

ა) სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შემდეგ საავტორო უფლების მფლობელთან, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესითა და პირობებით,  დებს სალიცენზიო  ხელშეკრულებას და ახორციელებს  მისი შესრულების მონიტორინგს;

ბ) შეარჩევს გარანტორს, აწარმოებს მასთან მოლაპარაკებებსა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას, ასევე ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს;

გ) გაიღებს გარანტორის მომსახურების ხარჯებს;

დ)განსაზღვრავს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების მომსახურების შესყიდვისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, მათ შორის, სახელმძღვანელოს  ბეჭდვის პარამეტრებს (გამოსაყენებელი საღებავები, კინძვისა და ბეჭდვის ტიპი და სხვა);

ე) გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს/სერიას იყენებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა, მათ შორის, ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების დაცვით;

ვ) უფლებამოსილია, მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის რვეულის მასის შემცირების მიზნებისათვის, საავტორო უფლების მფლობელს მოსთხოვოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად;

ზ) სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ქმნის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრს, დაგეგმილი გრიფირების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და კოორდინაციას უწევს სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგებს  პოტენციური ავტორებისთვის;

თ) უფლებამოსილია განახორციელოს წინამდებარე წესით მინიჭებული უფლება-მოვალეობების მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის დელეგირება;

ი) წინამდებარე წესით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების მიზნით, გააჩნდეს წვდომა გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემასთან;

კ) უფლებამოსილია, ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები;

ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

2. სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (შემდეგომში - სააგენტო):

ა) ვალდებულია     განახორციელოს       გრიფმინიჭებული       სახელმძღვანელოს/სერიის რეპროდუცირების, გადამუშავების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების და დისტრიბუციის მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვა, დადოს შესაბამისი ხელშეკრულებები და განახორციელოს მათი შესრულების მონიტორინგი;

ბ) უფლებამოსილია, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე/სერიაზე (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი) განათავსოს საიდენტიფიკაციო ჭდე და გაიღოს შესაბამისი ხარჯი;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, გააჩნდეს წვდომა გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემასთან;

დ) ვალდებულია ყოველწლიურად დაამტკიცოს „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა“ და განსაზღვროს ამ პროგრამის ბენეფიციარები;

ე) უფლებამოსილია, ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები;

ვ) უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

3. მართვის სისტემა:

ა) წინამდებარე წესითა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სახელმძღვანელოს სერიის/მაკეტის რეცენზირების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფს რეცენზირების პროცესს;

ბ) უფლებამოსილია საავტორო უფლების მფლობელისგან მიიღოს საბეჭდი ფაილი და ატვირთოს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, შეამოწმოს იგი წინამდებარე წესით დამტკიცებული დანართის სახელმძღვანელოს დიზაინის შესაბამისობასთან და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მოითხოვოს მისი აღმოფხვრა;

გ) უფლებამოსილია წინამდებარე წესის ფარგლებში, განცხადებელს/საავტორო უფლების მფლობელს გაუწიოს ტექნიკური ხასიათის კონსულტაცია ან/და დახმარება;

დ) ვალდებულია უზრუნველყოს სკოლების მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ელექტრონული შერჩევის ტექნიკური მხარდაჭერა;

ე) სახელმძღვანელოების ბეჭდვის მიზნებიდან გამომდინარე, ვალდებულია ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად, განახორციელოს სკოლების მიერ შერჩეული გრიფმინიჭებული  სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ ინფორმაციის ადმინისტრირება, ანალიზი, რანჟირება და სამინისტროსთვის  ან/და სააგენტოსთვის მიწოდება;

ვ) ვალდებულია სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოს შერჩეულ რეცენზენტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება;

ზ) უფლებამოსილია  ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები;

თ) უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

4. საავტორო უფლების მფლობელი:

ა) ყოველწლიურად უზრუნველყოფს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ნაბეჭდი გამოცემების ხელმისაწვდომობას კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის,  მათი  არჩევანის  გათვალისწინებით.  ამ  მიზნით  იგი  უფლებამოსილია  მართვის სისტემისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობების შესახებ კლასებისა და სკოლების მიხედვით;

ბ) ახორციელებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის მარკეტინგს, ხოლო სამინისტრო ხელს უწყობს საჯარო სკოლებში ამ სახელმძღვანელოზე/სერიაზე ინფორმაციის გავრცელებას (პრესითა და ელექტრონული საშუალებებით) და მასწავლებლებთან შესაბამის ავტორ-გამომცემლების შეხვედრების ორგანიზებას.

5.  სკოლა ვალდებულია სასწავლო პროცესში ძირითად საგანმანათლებლო რესურსად, გრიფის ვადის მოქმედების განმავლობაში გამოიყენოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია (სერიის არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანში არ არის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო – სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელო/სერია (სერიის არსებობის შემთხვევაში).

6. პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე. სამინისტრო გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას უგზავნის სკოლასა და მართვის სისტემას.  მართვის სისტემა უზრუნველყოფს აღნიშნული თანხმობის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შესაბამის ველებზე სკოლის ხელმისაწვდომობას. ამ ვადის განმავლობაში, სკოლა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახავს ინფორმაციას გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლის შესახებ. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში პროგრამის ბენეფიციარი სკოლის მიერ შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიისა და მათი ცვლილების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შესაძლებელია მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით.

7. ერთი სკოლის ფარგლებში თითოეული კლასის ყველა პარალელში, აგრეთვე ყველა იმ კლასში, რომელსაც მოიცავს სერია უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.


+
თავი VII
სალიცენზიო ხელშეკრულება 

+
მუხლი 15. სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები
1. სამინისტრო, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების დაცვით, იღებს გადაწყვეტილებას საავტორო უფლების მფლობელთან გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მოქმედების ვადით სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების ან გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ.

2. მინისტრი სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებამდე საავტორო უფლების მფლობელებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განუსაზღვრავს ვადას სახელმძღვანელოს/სერიის ვებგვერდის (მოქმედი) შესახებ ინფორმაციის (მისამართი) წარმოსადგენად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.


+
თავი VIII
გრიფის მოქმედების ვადა და სახელმძღვანელოს/სერიის

გადამუშავება/განახლება


+
მუხლი 16. გრიფის მოქმედების ვადა 
გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მოქმედების ვადა განისაზღვრება შესაბამისი საგნობრივი სასწავლო გეგმის მოქმედების პერიოდით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.


+
მუხლი 17. სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავება  
1.  თითოეულ საგანში შინაარსობრივ რეცენზირებაში საუკეთესო შედეგების მქონე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია შესაძლებელია ითარგმნოს რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მოსწავლეებისთვის/მასწავლებლებისათვის. თარგმანი ხორციელდება პრინციპით: 1 საგანი − 1 სახელმძღვანელო/სერია. იგივე პრინციპი გამოიყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთათვის გადასამუშავებელი სახელმძღვანელოს განსასაზღვრად.

2. გრიფმინიჭებული ქართულენოვანი სახელმძღვანელოს/სერიის თარგმანი, თუკი მისი გამოყენება საქართველოს სკოლებში იგეგმება, თარგმანის ავთენტურობის შესამოწმებლად წარედგინება სამინისტროს.

3. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავება, ასევე, შეიძლება განხორციელდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

4. სამინისტროსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შესაძლებელია განხორციელდეს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ელექტრონული ვერსიების შექმნა, რისთვისაც სამინისტრო ადგენს სპეციალურ ტექნიკურ პარამეტრებს, გავრცელების პირობებს, წყაროს (ვებგვერდი), საავტორო უფლების მფლობელთან აწარმოებს მოლაპარაკებას ანაზღაურებასა და სხვა დამატებით პირობებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.


+
მუხლი 18. სახელმძღვანელოს/სერიის განახლება
1.  გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში ცვლილების ინიციატორი შეიძლება იყოს საავტორო უფლების მფლობელი, სამინისტრო ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირი, საავტორო უფლების მფლობელთან შეთანხმებით.

2. სახელმძღვანელოს/სერიის ბეჭდვის მიზნებისათვის შესაძლებელია განხორციელდეს სახელმძღვანელოს/სერიის ტექნიკური/კორექტურული და საგამომცემლო სპეციფიკის აუცილებლობით განპირობებული ცვლილებები.

3. დაუშვებელია სამინისტროს თანხმობის გარეშე გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში რაიმე ცვლილების (გარდა ტექნიკური/კორექტურული და საგამომცემლო სპეციფიკის აუცილებლობით განპირობებული ცვლილებებისა) შეტანა.

4. სავალდებულოა, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში რაიმე ცვლილების შეტანის შესახებ ინიციატივა იყოს არგუმენტირებული, სამეცნიერო ან პრაქტიკული მოსაზრებებით გამყარებული.

5. გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში საავტორო უფლების მფლობელი ვალდებულია განახლებული საბეჭდი ფაილი გადასცეს მართვის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს განახლებული საბეჭდი ფაილის გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში განთავსებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.


+
თავი IX
უფლებები და ვალდებულებები

+
მუხლი 19. სამინისტროს უფლებები და ვალდებულებები
1. სამინისტროს უფლება აქვს:

ა) განუხილველად დატოვოს განაცხადი, თუკი იგი არ აკმაყოფილებს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) საავტორო უფლების მფლობელთან აწარმოოს მოლაპარაკებები გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავების შესახებ;

გ) ამ წესით დადგენილ შემთხვევებში იშუამდგომლოს საქართველოს მთავრობის წინაშე კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიისათვის გრიფის მინიჭების შესახებ თანხმობის მისაღებად;

დ) გრიფირების პროცესის ადმინისტრირებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაავალოს სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ე) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე დამატებითი მოსაზრებების მოპოვების მიზნით, რეცენზირების ეტაპზე ჩართოს შესაბამისი საგნის/დარგის სპეციალისტები და განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობები;

ე ​1 ) (ამოღებულია - 01.11.2018, №46/ნ);

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

2. სამინისტრო ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ობიექტური რეცენზირება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.


+
მუხლი 20. საავტორო უფლების მფლობელის უფლებები და ვალდებულებები
1. საავტორო უფლების მფლობელს უფლება აქვს:

ა) გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციისა და იმ მასალებისა, რომლებიც წარმოადგენენ უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

ბ)  სამინისტროსგან მოითხოვოს სალიცენზიო ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის მისთვის მიწოდება და გაცნობის ხელშეწყობა;

გ) შეუზღუდავად და დამოუკიდებლად გამოსცეს და გაავრცელოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის;

დ) გადაამუშავოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია;

ე) მოითხოვოს საავტორო ჰონორარის გადახდა სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ოდენობით;

ვ) ამ წესითა და სალიცენზიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუფერხებელი შესრულების   მიზნით, სამინისტროს თანხმობით გრიფის  მინიჭების შემდეგ საკუთარი უფლება-მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს;

ვ​1) სამინისტროსგან მოითხოვოს და მიიღოს მათი მხრიდან ამ წესით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურება მათ არ ათავისუფლებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;

ვ​2) (ამოღებულია - 09.11.2017, №184/ნ);

ზ) განახორციელოს ამ წესით, სალიცენზიო ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

2. საავტორო უფლების მფლობელი ვალდებულია:

ა) (ამოღებულია - 01.06.2017, №88/ნ);

ბ) გარანტორს გადასცეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ინფორმაცია ფასდაკლების (პროცენტული) ოდენობის კონფიდენციალობის დაცვით;

გ) სახელმძღვანელოში არ დაუშვას რაიმე სახის სოციალური, პოლიტიკური ან/და კომერციული რეკლამის ან სასაქონლო (სავაჭრო) ნიშნის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი ემსახურება საგანმანათლებლო მიზნებს). რეკლამის გამოყენების დასაბუთება სავალდებულოა გამომდინარეობდეს საგანმანათლებლო მიზნებიდან და სათანადოდ იყოს არგუმენტირებული ავტორის მიერ;

დ) სამინისტროს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის ცნობილი ინფორმაცია გრიფირებაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ მისი აღმოჩენისთანავე;

ე) დაბეჭდოს/გამოსცეს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია იმ სახით, რა სახითაც იგი გრიფმინიჭებულია ან მისი გადამუშავება შეითანხმა სამინისტრომ;

ვ) სახელმძღვანელოს/სერია ან მისი მაკეტი გამოიყენოს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა, მათ შორის ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების დაცვით;

ზ)  საბეჭდი ფაილის შედგენისას გაითვალისწინოს ამ წესის დანართში განსაზღვრული მოთხოვნები;

თ) სამინისტროს დაინტერესების შემთხვევაში, მიიღოს მონაწილეობა    მოლაპარაკებებში და ითანამშრომლოს მასთან გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის  გადამუშავების საკითხზე. იმ შემთხვევაში, თუკი საავტორო უფლების მფლობელი ამა თუ იმ მიზეზით უარს იტყვის სახელმძღვანელოს/სერიის  გადამუშავების  ვალდებულების აღებაზე, იგი ვალდებულია აღნიშნული საავტორო უფლება მიზნობრივად, ლიცენზიის ხელშეკრულებით გადასცეს სამინისტროს მიერ შერჩეულ პირს. თარგმანთან დაკავშირებული დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროსა  და საავტორო  უფლების მფლობელს შორის გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულებით;

ი) ამ  წესით  განსაზღვრული  პირობების  შეუსრულებლობისათვის  (მათ  შორის,  გრიფმინიჭებული რედაქციისაგან განსხვავებული რედაქციით რეპროდუცირება, გრიფის მინიჭების შემდეგ ლიცენზიის ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა, საბეჭდ ფაილში არსებული ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოფხვრაზე უარის თქმა) სამინისტროს აუნაზღაუროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურება მას არ ათავისუფლებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;

კ)  სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებამდე, სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარმოადგინოს სახელმძღვანელოს/სერიის აქტიური ვებგვერდი (მისამართი), რომელსაც მიუთითებს მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნებში და უზრუნველყოფს ამ ვებგვერდის აქტიურობას, უსაფრთხოებასა და სანდოობას გრიფის მოქმედების ვადის განმავლობაში;

ლ) გადაუხადოს საავტორო ჰონორარი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ავტორებს და სახელმძღვანელოში შემავალი ნაწარმოების ავტორებს (იმ შემთხვევაში, თუ თავად არ არის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ან ამ სახელმძღვანელოში შემავალი ნაწარმოების ავტორი);

ლ​1) სამინისტროს მოთხოვნით, მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის რვეულის მასის შემცირების მიზნებისათვის, უზრუნველყოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად;

ლ​2) გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში განათავსოს ან მართვის სისტემას გადასცეს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს იდენტური საბეჭდი ფაილი. წარდგენილი ან ატვირთული საბეჭდი ფაილის გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოსთან იდენტურობასა და სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საავტორო უფლების მფლობელს;

ლ​3) შესაბამისი საგნის ერთი საფეხურის ფარგლებში ერთი კლასის სახელმძღვანელოს მაკეტისთვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს ამავე საფეხურის ფარგლებში შემდგომი კლასის/კლასების სახელმძღვანელოების შესარჩევად  გამოცხადებულ გრიფირებაში.

მ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 11 მაისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 11.05.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.


+
თავი X
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

+
მუხლი 21. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანება;

2. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებით გათვალისწინებული სამინისტროსა და საავტორო უფლების მფლობელის უფლებებები და ვალდებულებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების არსებობის ვადით.

3. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების საფუძველზე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების შესაბამისი ნორმები.

4. ყველა იმ სახელმძღვანელოს/სერიას, რომელსაც გრიფი „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების საფუძველზე აქვს მინიჭებული, გრიფის მოქმედების ვადა გაუგრძელდეთ იმავე საგანისა და კლასის სახელმძღვანელოსათვის მინისტრის მიერ ახალი გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სასწავლო წლის დაწყებამდე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“, №28/ნ, 16.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017282 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3580997-6/