პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.04.2017 ბოლო ცვლილება 23.05.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№199
სარეგისტრაციო კოდი
010320000.10.003.019908
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №199

2017 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

 

პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ

+
მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 104-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი.  
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
+



პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი 

+
მუხლი 1. რეგულირების სფერო

 1. პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს.

2. ეს წესი ასევე არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 2. მობილობის მიზანი

მობილობის მიზანია  საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა  და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მობილობა – საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე;

ბ) საჯარო დაწესებულება – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულება;

გ) რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია/შერწყმა – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა;

დ) მოხელეთა რეზერვი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირთა წრე, რომლებიც ინარჩუნებენ მოხელის სტატუსს და  სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით;

ე) შტატების შემცირება – საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირება ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმება;

ვ) ტოლფასი თანამდებობა – იმავე რანგისა და კატეგორიის თანამდებობა, რომლის სამუშაო აღწერილობა/ფუნქცია-მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები იდენტურია ან უმეტესწილად მსგავსია.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 22.05.2020წ.

მუხლი 4. მობილობის საფუძველი და მობილობას დაქვემდებარებული პირები

1. მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო  შტატების შემცირება.

2. მობილობას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.

მუხლი 5. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია

1. რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეულის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად მიიჩნევა საჯარო დაწესებულების არავაკანტური შტატების გადაადგილება (როდესაც იცვლება თანამდებობ(ებ)ის ფუნქცია, იერარქიული რანგი ან/და კატეგორია) ან/და შემცირება.

2. რეორგანიზაციად არ მიიჩნევა საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში:

ა) თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგის ან/და კატეგორიის ცვლილების გარეშე სტრუქტურული ერთეულის/თანამდებობის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა, საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის/თანამდებობისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება;

ბ) თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგის ან/და კატეგორიის ცვლილებით ან მის გარეშე საჯარო დაწესებულების ვაკანტური შტატების გადაადგილება ან/და შემცირება;

გ) ინსტიტუციური მოწყობის ცვლილების გარეშე საშტატო ერთეულის დამატება.

3. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.

4. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი გამოსცემს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის დაწყების შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო).

6. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია სრულდება ამ საჯარო დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტში ან/და საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილებების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მაისის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 17.05.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 22.05.2020წ.

მუხლი 6. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია

1. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია გულისხმობს ამ საჯარო დაწესებულების გაუქმებას.                     

2. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ინიციირება ხდება იმავე წესებისა და პროცედურების დაცვით, რაც განსაზღვრულია საჯარო დაწესებულების დაფუძნებისათვის. საჭიროების შემთხვევაში, ლიკვიდაციის აქტით განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ლიკვიდაციის პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებები.

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, რომელიც, როგორც წესი, არის ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.

4. ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული  მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება ბიუროს.

5. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია ხორციელდება მისი დაფუძნების სამართლებრივი აქტის თანაბარი ან იერარქიულად ზემდგომი იურიდიული სამართლებრივი აქტით და სრულდება ამ აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ლიკვიდაციის აქტში სავალდებულოა, აღინიშნოს ლიკვიდირებული საჯარო დაწესებულების სრული ან ნაწილობრივი უფლებამონაცვლე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.

მუხლი 7. საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა

1. საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა გულისხმობს  2 ან 2-ზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანებას.

2. საჯარო დაწესებულების შერწყმის ინიციირება ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესისა და პროცედურების დაცვით, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე ან საერთო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება ბიუროს.

4. საჯარო დაწესებულების შერწყმა ხორციელდება მისი დაფუძნების სამართლებრივი აქტის თანაბარი ან იერარქიულად ზემდგომი სამართლებრივი აქტით და სრულდება ამ აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით, ხოლო თუ ხორციელდება ისეთი საჯარო დაწესებულებების შერწყმა, რომლებიც სხვადასხვა სახის სამართლებრივი აქტებით არის დაფუძნებული – უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტით.

5. საჯარო დაწესებულებების შერწყმისას განისაზღვრება იმ საჯარო დაწესებულებების უფლებამონაცვლე, რომელთა შერწყმაც განხორციელდა.

მუხლი 8. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცედურა და ვადები

1. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა)  საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დაგეგმვა;

ბ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისათვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადება და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება;

გ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობა.

3. ამ მუხლით განსაზღვრული თითოეული ეტაპის შესახებ დგება შესაბამისი დოკუმენტი. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის ეტაპის შესახებ ინფორმაცია ან/და დოკუმენტი წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით ეგზავნება ბიუროს.

4. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესში საჯარო დაწესებულებას უფლება აქვს, მეთოდური დახმარებისათვის მიმართოს ბიუროს, ხოლო ბიურო ვალდებულია, აღმოუჩინოს მას მეთოდური დახმარება, კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 22.05.2020წ.

მუხლი 9. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დაგეგმვა

1. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დაგეგმვა იწყება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე. დაგეგმვის ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია,  შეიმუშაოს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა, განსაზღვროს პასუხისმგებელი პირი.

2. დაგეგმვის ეტაპი გრძელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს ერთი თვისა.

მუხლი 10.  საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისათვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადება და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება

1. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისათვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავების ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების პროექტები და რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის პროექტი. საშტატო ნუსხის პროექტის შემუშავების პროცესში, როდესაც ხდება საჯარო დაწესებულებაში შესამცირებელ შტატზე დასაქმებული მოხელის უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა, აუცილებელია ამ მოხელის თანხმობა.

2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისათვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავების ეტაპი გრძელდება დაგეგმვის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

3. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დროს იმავე დაწესებულებაში შეიძლება, შეიქმნას კომისია შტატის შემცირების გამო გასათავისუფლებელ მოხელეთა იდენტიფიცირების მიზნით. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, საჭიროებების გათვალისწინებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, გაითვალისწინოს მოხელის კომპეტენცია, შეფასების შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა ობიექტური გარემოებები, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, ჩაატაროს გასაუბრება და დასაბუთებული შედეგები ასახოს სხდომის ოქმში.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის  15  მაისის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 17.05.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 22.05.2020წ.

მუხლი 11.  საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობა

1. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას  ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია,  რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები.

2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ითანამშრომლოს ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით.

3. მობილობის ეტაპი გრძელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დასრულებამდე 1 თვის განმავლობაში.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის  15  მაისის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 17.05.2018წ.

მუხლი 12. მობილობის განხორციელების წესი

1. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელე შესაძლებელია, მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

2. მობილობის პროცესი ხორციელდება კანონიერების, თანასწორობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებული სხვა პრინციპების შესაბამისად.

3. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას – სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ სხვა საჯარო დაწესებულებაში ვერ განხორციელდა პირის მობილობა ტოლფას თანამდებობაზე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას –  სხვა საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

4. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მობილობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში არსებულ სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობ(ებ)ის მოძიების თაობაზე.

5. საჯარო დაწესებულების მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში ბიურო ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოიძიებს ინფორმაციას საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული სხვა საჯარო დაწესებულების ტოლფასი ან/და დაბალი ვაკანტური თანამდებობის შესახებ და აცნობებს მას საჯარო დაწესებულებას. ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ვაკანტური თანამდებობების მოძიებისას ბიურო ხელმძღვანელობს ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული  ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის მობილობის საკითხს ათანხმებს ჯერ ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებასთან, ხოლო შემდგომ დაბალი ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებასთან. მობილობის შეთანხმების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას. თუ ამ პროცესის დასრულებამდე საჯარო დაწესებულებაში, სადაც მიმდინარეობს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა, მოხელის თანამდებობა გახდა ვაკანტური, ან საშტატო ნუსხას დაემატა ახალი საშტატო ერთეული, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ვაკანტურ თანამდებობაზე განახორციელოს შტატების შემცირების შედეგად გასათავისუფლებელი მოხელის მობილობა.

7. მოხელის მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით, რომელიც გაიცემა საჯარო დაწესებულების მიმართვიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღის  ვადაში. ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელესთან ჩაატაროს გასაუბრება. ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულების მიერ ამ პუნქტით დადგენილი ვადის ფარგლებში შეთანხმების შესახებ შეუტყობინებლობა მიიჩნევა უარის თქმად.

8. ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის შეთანხმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ერთი კვირის ვადაში აღნიშნულ ინფორმაციას ათანხმებს შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელესთან.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შტატების შემცირების შედეგად გასათავისუფლებელი მოხელის თანხმობის შემთხვევაში, მოხელე ინიშნება სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე და თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

10. საჯარო დაწესებულება ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულების შემდეგ ბიუროს აწვდის ინფორმაციას მობილობის განხორციელების ან მისი შეუძლებლობის შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის  15  მაისის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 17.05.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 22.05.2020წ.

მუხლი 13. მოხელეთა რეზერვი

1. მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელეს ეძლევა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 3 თვის ოდენობით და, სურვილის შემთხვევაში, ირიცხება მოხელეთა რეზერვში.

2. თუ მოხელე უარს განაცხადებს იმავე და სხვა საჯარო დაწესებულებაში შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, ეძლევა  კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობით და ირიცხება მოხელეთა რეზერვში.

3. მოხელეთა რეზერვში ირიცხება ასევე მოხელე, რომელიც პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მიზნით თავისუფლდება თანამდებობიდან. აღნიშნულ შემთხვევაში, მოხელე ვალდებულია, საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულში წარადგინოს შესაბამის პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც საჯარო დაწესებულება მიმართავს ბიუროს მოხელის რეზერვში ჩარიცხვის მიზნით.  აღნიშნულ შემთხვევაში, მოხელე ირიცხება მოხელეთა რეზერვში კომპენსაციის მიღების უფლების გარეშე.

4. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს კომპენსაცია ეძლევა  იმ საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან, საიდანაც გათავისუფლდა, ხოლო საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას – ლიკვიდირებული საჯარო დაწესებულების უფლებამონაცვლე საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.

5. მოხელე მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით ირიცხება.

6. მოხელეთა რეზერვის მართვას ახორციელებს ბიურო.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის  15  მაისის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 17.05.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 22.05.2020წ.

მუხლი 14. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა უფლებამოსილება

1. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით გამოცხადებულ დახურულ კონკურსში.

2. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაძლებელია, დაეკისროს დროებითი ფუნქციები საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში, მოხელეს მიეცემა დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შრომის ანაზღაურება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საჯარო დაწესებულება მიმართავს ბიუროს, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოხელეთა რეზერვში მოიძიებს ინფორმაციას შესაბამისი კომპეტენციის მქონე მოხელეების შესახებ და ერთი კვირის ვადაში უგზავნის მას საჯარო დაწესებულებას. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ბიუროს მიერ გადაგზავნილი რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან შეარჩიოს მისთვის ყველაზე უფრო მისაღები.

4. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელის მიერ შრომითი საქმიანობის დაწყება არ იწვევს რეზერვიდან მის ვადაზე ადრე ამორიცხვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის კონკურსის საფუძველზე საჯარო დაწესებულებაში მოხელის თანამდებობაზე დაინიშნება.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის  15  მაისის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 17.05.2018წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“, №199, 20.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.019908 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3645389-2/