საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.06.2017 ბოლო ცვლილება 16.02.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№298
სარეგისტრაციო კოდი
120020000.10.003.020007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №298

2017 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებთან სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრისა და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოების, გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ლაშა დარსალია − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი;

მალხაზ მიქელაძე − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი − კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ლევან წურწუმია − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე − კომისიის წევრი;

დიანა ბალარჯიშვილი − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მრჩეველი − კომისიის წევრი, პასუხისმგებელი მდივანი;

ნუგზარ დუნდუა − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი;

ზვიად გორელიშვილი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ს/პ ვიცე-პოლკოვნიკი − კომისიის წევრი, ექსპერტი;

კარლო ცქიტიშვილი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო- სადემარკაციო სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი;

ირმა გაბუნია − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო- სადემარკაციო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა  ინსპექტორი − კომისიის წევრი;

ლევან მაჭავარიანი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი − კომისიის წევრი;

მინდია გრძელიძე − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო საბაჟო, სანიტარიულ-ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი;

მერაბ არახამია − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე −  კომისიის წევრი, ექსპერტი;

ირაკლი გოცაძე − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი, ექსპერტი;

გალაქტიონ ხახუბია − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის სამუშაო კომპონენტის (გეოდეზია-კარტოგრაფიის მიმართულებით) ხელმძღვანელი − კომისიის წევრი, ექსპერტი;

გრიგოლ კობიაშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი;

ნოდარ ხორბალაძე − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრაფიული სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი −  კომისიის წევრი, ექსპერტი;

თედო გორგოძე − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრაფიული სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ანალიტიკური განყოფილების უფროსი − კომისიის წევრი, ექსპერტი;

ზვიად ზვიადაძე − შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი −  კომისიის წევრი;

მაია ზავრაშვილი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი −  კომისიის წევრი;

გიზო ჭელიძე − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი −  კომისიის წევრი;

გიორგი ლილუაშვილი − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე − კომისიის წევრი.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 მაისის დადგენილება №220 – ვებგვერდი, 14.05.2019წ.

+
მუხლი 2
დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
+



დანართი
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) არის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისო საკოორდინაციო ორგანო, რომელიც იქმნება საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე საქართველოს პოზიციის შემუშავების, მოლაპარაკებათა წარმართვის, შესაბამისი სამუშაოების ორგანიზების, აგრეთვე მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით.

2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.

მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის წარმართვა, აგრეთვე მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და ამ მიზნით საქართველოს სახელით მოლაპარაკებების წარმოება, ქართული მხარის საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე წამოჭრილი პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობა და ამ მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ორგანოებისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

გ) პერიოდულად სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის მიმდინარეობის, აგრეთვე მეზობელ  სახელმწიფოებთან  საქართველოს  სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებული საკითხებისა და საზღვარზე წამოჭრილი სირთულეების ანალიზი. პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს მთავრობისათვის რეკომენდაციების მომზადება;

დ) სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით, საჭიროების შესაბამისად,  სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება.

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმოს და განახორციელოს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებული სამუშაოები;

ბ) აწარმოოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის შესაბამის კომისიებთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციასთან, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით;

გ) განსაზღვროს აზერბაიჯანულ, სომხურ მხარეებთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებული პროცედურები და ამ პროცედურების ფარგლებში ხელი მოაწეროს შეხვედრის ოქმებსა და სხვა დოკუმენტებს;

დ) მოამზადოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიმართოს საქართველოს სახელმწიფო უწყებებს, ორგანიზაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საჭირო საინფორმაციო და დოკუმენტური მასალის მიწოდების, დახმარების აღმოჩენის, კონკრეტული საკითხის განხილვისა და პოზიციის დაფიქსირების, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესზე უარყოფითი გავლენის მქონე საქმიანობის კორექტირების, შეჩერებისა და ნაკლოვანებათა გამოსწორება/აღმოფხვრის შესახებ;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მიიწვიოს საქართველოს სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაინტერესებული პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები;

ზ)   მიმართოს  საქართველოს  შესაბამის   სახელმწიფო უწყებებს, ორგანიზაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში მონაწილეობის მიზნით თავიანთი წარმომადგენლის მივლინების შესახებ;

თ) მიმართოს საქართველოს უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს, ორგანიზაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციასთან, აგრეთვე მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით საჭირო სამუშაოების შესრულებისა და ამ სამუშაოებისათვის მასალის შეძენის, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ;

ი) პერიოდულად   მოახსენოს საქართველოს მთავრობას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მიმდინარეობის, აგრეთვე მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებული საკითხებისა და საზღვარზე წამოჭრილი სირთულეების შესახებ. მოამზადოს რეკომენდაციები  პრობლემების  გადაწყვეტის  მიზნით  გასატარებელი  ღონისძიებების შესახებ;

კ) საჭიროების შესაბამისად, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) ქმნის უწყებათაშორის სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფებს;

ე) დამოუკიდებლად ადგენს საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოების მიზნით;

ვ) წარმოადგენს კომისიას საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე;

ზ) პირადად ან კომისიის წევრზე უფლებამოსილების დელეგირებით, აწარმოებს კონსულტაციებს შესაბამის ექსპერტებთან, რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;

თ) უფლებამოსილია, წარადგინოს საქართველოს პოზიცია საზოგადოების წინაშე კომისიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

2. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის უფლებამოსილებას.

3. კომისიის პასუხისმგებელი მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომისა და შეხვედრების გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენასა და სხდომათა მასალების შენახვაზე.

მუხლი 5. კომისიის სხდომის ჩატარების წესი

1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით.

2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში − თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში − კომისიის თავმჯდომარის დავალებით − კომისიის ერთ-ერთი წევრი.

3. სხდომა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის შემადგენლობის ერთი მესამედის თანხმობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5. დაუშვებელია კომისიის წევრის მიერ  საკუთარი უფლებამოსილების დელეგირება უცხო პირზე.

6. კომისიის გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის პასუხისმგებელი მდივანი. ოქმში ასევე უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის კენჭისყრაში მონაწილეობის  შესახებ  თავშეკავების  ან უარის თქმის მიზეზი  (თუ კომისიის წევრი  ამის შესახებ სხდომაზე განაცხადებს), აგრეთვე − სხდომაზე გამოთქმული ყველა განსხვავებული აზრი.

მუხლი 6. ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხები

კომისიის საქმიანობის კოორდინაციას, ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №298, 22.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 120020000.10.003.020007 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3710484-1/