საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.09.2017 ბოლო ცვლილება 28.02.2026
ნომერი
№242
სარეგისტრაციო კოდი
120260080.22.027.016742
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №242

2017 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე


1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბარამიძე
+




დებულება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ

      

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს დებულება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – იუსტიციის სამინისტრო) და იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომ –აღსრულების ეროვნული ბიურო) აღსრულების პოლიციის სამმართველოს მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესსა და პირობებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
 

მუხლი 2. სპეციალური წოდებების კატეგორიები

სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება;

გ) უფროსი სპეციალური წოდება;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
 

მუხლი 3. სპეციალური წოდებები

1. იუსტიციის სამინისტროში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის რიგითი, იუსტიციის უმცროსი სერჟანტი, იუსტიციის სერჟანტი, იუსტიციის უფროსი სერჟანტი, იუსტიციის ზემდეგი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი, იუსტიციის ლეიტენანტი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი, იუსტიციის კაპიტანი;

გ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის მაიორი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის პოლკოვნიკი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
 

მუხლი 4. სპეციალური წოდების მინიჭება

1. სპეციალური წოდება ენიჭება მოსამსახურეს მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად.

2. აკრძალულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.

3.  პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობაზე დასანიშნ/დანიშნულ პირს სპეციალური წოდება, მისი არქონის შემთხვევაში, მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.

3​1. საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილესა და მინისტრის მოადგილეებს პირველადი/მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭებათ მათი ნების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, კანონით დადგენილ ვადებში და წესით. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დაწესებულებიდან სამინისტროში გადმოსვლისას წოდების გათანაბრება ხდება ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ნების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

4. ყოფილი მოსამსახურე, სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში, აგრძელებს მუშაობას განთავისუფლებამდე მინიჭებული წოდებით.

5.  იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებს საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი), ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი.

6. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს მოსამსახურეებს, ნომენკლატურის ფარგლებში, უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ხოლო უფროს სპეციალურ წოდებასს – მინისტრი. მორიგი საშუალო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების უფლებამოსილება აქვს, აგრეთვე, მინისტრს.

7. (ამოღებულია - 26.10.20, №647).

8. იმ მოხელეს, ვისი მიზეზითაც მოხდება მოსამსახურისთვის მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლო შეჩერება ან/და დაგვიანება, დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

9. (ამოღებულია - 26.10.20, №647).

10. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ანდა სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე. მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ან სამსახურებრივი მოკვლევის მიმდინარეობის შესახებ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს კომპეტენციის ფარგლებში აცნობებს გენერალური ინსპექცია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №940 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.

 

მუხლი 5. სპეციალური წოდებების მინიჭების თანმიმდევრობა

1. სპეციალური წოდებების მინიჭება წარმოებს თანმიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით, გარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის პირველადი საშუალო სპეციალური წოდების  მინიჭების შემთხვევისა, რის შესახებაც აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსი, შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით (რომელშიც მიეთითება ინფორმაცია მოსამსახურის შეფასების შედეგების, მისი დამსახურების, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების ან/და სხვა მიღწევების თაობაზე) მიმართავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს.

2. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით, სპეციალური წოდებით სამსახურის ვადის გასვლისა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში.

3. მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები განისაზღვრება ამ დებულებით (№1 და №2 დანართები).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
 

მუხლი 6. სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადები

1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება:

ა.ა) უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი იურისტი – 1 წელი;

ა.ბ) ლეიტენანტი, III კლასის იურისტი – 2 წელი;

ა.გ) უფროსი ლეიტენანტი, II კლასის იურისტი – 3 წელი;

ა.დ) კაპიტანი, I კლასის იურისტი – 3 წელი.

ბ) უფროსი სპეციალური წოდება:

ბ.ა) მაიორი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი – 4 წელი;

ბ.ბ) ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის მრჩეველი – 5 წელი;

ბ.გ) პოლკოვნიკი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი – 5 წელი.

2. უმცროს და უმაღლეს სპეციალურ წოდებათა მისაღებად სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა არ განისაზღვრება.

 

მუხლი 7. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება

მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება:

ა) შეფასების შედეგების მიხედვით;

ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის;

გ) კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, წახალისების წესით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
 

მუხლი 8. სხვა საჯარო დაწესებულებიდან გადმოსულ მოსამსახურეთათვის წოდების მინიჭება

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებიდან გადმოსულ მოსამსახურეს, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.

 

მუხლი 9. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესი

1. (ამოღებულია - 26.10.20, №647).

2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის ვადა განისაზღვრება ერთი წლით.

3. იმ მოსამსახურის მიმართ, რომელსაც ჩამოერთვა სპეციალური წოდება, მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ვადის ათვლა დაიწყება სპეციალური წოდების ჩამორთმევის ვადის გასვლიდან მეორე დღეს.

4. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლო წესით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
 

მუხლი 10.  სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. ნომენკლატურის ფარგლებში სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, ასევე, სპეციალური წოდებების თანამიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი და აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახური.

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს მოსამსახურეთათვის უფროსი სპეციალური წოდების მისანიჭებლად შესაბამისი წარდგინების იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის გაგზავნას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახური, წოდების მინიჭების ვადის დადგომამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
 

მუხლი 11. სოციალური უზრუნველყოფის გარანტიები

სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

დანართი №1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატი

1. მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები – იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

2.  მოხელის პირველი რანგის თანამდებობები − დეპარტამენტის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №940 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.

3.  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე), გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №757 - ვებგვერდი, 01.09.2021 წ.
4. სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), გენერალური ინსპექციის შესაბამისი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (კოორდინატორი ნოტარიატის მიმართულებით), შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი შიდა აუდიტორი (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) – იუსტიციის მრჩეველი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №757 - ვებგვერდი, 01.09.2021 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 7 მარტის ბრძანება №895 - ვებგვერდი, 07.03.2023 წ.
5.  უფროსი სპეციალისტი (მათ შორის, გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი და შიდა აუდიტორი), გარდა პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა (კოორდინატორისა ნოტარიატის მიმართულებით) – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №757 - ვებგვერდი, 01.09.2021 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №940 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.

6. უმცროსი სპეციალისტი – I კლასის იურისტი.

 

დანართი №2

აღსრულების ეროვნული ბიურო

1. I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსი) და II რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე) – იუსტიციის პოლკოვნიკი.

2. II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აღსრულების პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსი) - იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

3. III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აღსრულების პოლიციის სამმართველოს განყოფილების ჯგუფის უფროსი) - იუსტიციის მაიორი.

4. III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აღსრულების პოლიციელი) და IV რანგის II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (აღსრულების პოლიციელი) – იუსტიციის კაპიტანი.

5. IV რანგის III კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (აღსრულების პოლიციელი) – იუსტიციის ზემდეგი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 2 ივნისის ბრძანება №832 - ვებგვერდი, 02.06.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №863 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.
 

დანართი №3 (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.


  

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №242, 19.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 120260080.22.027.016742 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3806301-6/