საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.09.2017 ბოლო ცვლილება 28.02.2026
ნომერი
№242
სარეგისტრაციო კოდი
120260080.22.027.016742
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №242

2017 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე


1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბარამიძე
+




დებულება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ

      

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს დებულება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – იუსტიციის სამინისტრო) და იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომ –აღსრულების ეროვნული ბიურო) აღსრულების პოლიციის სამმართველოს მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესსა და პირობებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
 

მუხლი 2. სპეციალური წოდებების კატეგორიები

სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება;

გ) უფროსი სპეციალური წოდება;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
 

მუხლი 3. სპეციალური წოდებები

1. იუსტიციის სამინისტროში (გარდა გენერალური ინსპექციისა) წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

1​1. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი, იუსტიციის ლეიტენანტი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი, იუსტიციის კაპიტანი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის მაიორი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის პოლკოვნიკი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის გენერალ-მაიორი, იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი.

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის რიგითი, იუსტიციის უმცროსი სერჟანტი, იუსტიციის სერჟანტი, იუსტიციის უფროსი სერჟანტი, იუსტიციის ზემდეგი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი, იუსტიციის ლეიტენანტი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი, იუსტიციის კაპიტანი;

გ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის მაიორი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის პოლკოვნიკი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 4 იანვრის ბრძანება  №970 - ვებგვერდი, 05.01.2024 წ.

 

მუხლი 4. სპეციალური წოდების მინიჭება

1. სპეციალური წოდება ენიჭება მოსამსახურეს მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად.

2. აკრძალულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.

3.  პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობაზე დასანიშნ/დანიშნულ პირს სპეციალური წოდება, მისი არქონის შემთხვევაში, მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.

3​1. საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილესა და მინისტრის მოადგილეებს პირველადი/მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭებათ მათი ნების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, კანონით დადგენილ ვადებში და წესით. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დაწესებულებიდან სამინისტროში გადმოსვლისას წოდების გათანაბრება ხდება ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ნების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

4.  სპეციალური წოდების მქონე პირი (მათ შორის, სამინისტროს/სამინისტროს გენერალური ინსპექციის, აღსრულების ეროვნული ბიუროს ან სამინისტროს სისტემაში შემავალი/მმართველობის სფეროში მოქმედი სხვა დაწესებულების ყოფილი მოსამსახურე, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვა დაწესებულებიდან გადმოსული მოსამსახურე ან სხვა პირი) სამსახურში მიღებისას თანამდებობაზე ინიშნება მისთვის მინიჭებული ბოლო სპეციალური წოდებით, ხოლო თუ ეს წოდება სამინისტროში/სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ან აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაწესებული წოდებისგან განსხვავებულია, – შესაბამისი სპეციალური წოდებით. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს სპეციალური წოდება მიენიჭება ამ დებულების შესაბამისი დანართით განსაზღვრული დასაკავებელი/დაკავებული თანამდებობისთვის დადგენილი ზღვრული სპეციალური წოდების მიუხედავად.

5.  იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებს საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი), ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი.

6. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს მოსამსახურეებს, ნომენკლატურის ფარგლებში, უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ხოლო უფროს სპეციალურ წოდებასს – მინისტრი. მორიგი საშუალო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების უფლებამოსილება აქვს, აგრეთვე, მინისტრს.

7. (ამოღებულია - 26.10.2020, №647).

8.  იმ მოხელეს, ვისი მიზეზითაც მოხდება მოსამსახურისთვის მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლო შეჩერება ან/და დაგვიანება, დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

9. (ამოღებულია - 26.10.2020, №647).

10.  მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება ანდა სისხლისსამართლებრივი დევნა, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, დისციპლინური წარმოების დასრულებამდე ან მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, დისციპლინური წარმოების ან სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის შესახებ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს კომპეტენციის ფარგლებში აცნობებს გენერალური ინსპექცია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №940 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 4 იანვრის ბრძანება  №970 - ვებგვერდი, 05.01.2024 წ.
 

მუხლი 5. სპეციალური წოდებების მინიჭების თანმიმდევრობა

1. სპეციალური წოდებების მინიჭება წარმოებს თანმიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით, გარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის პირველადი საშუალო სპეციალური წოდების  მინიჭების შემთხვევისა, რის შესახებაც აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსი, შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით (რომელშიც მიეთითება ინფორმაცია მოსამსახურის შეფასების შედეგების, მისი დამსახურების, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების ან/და სხვა მიღწევების თაობაზე) მიმართავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს.

2. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით, სპეციალური წოდებით სამსახურის ვადის გასვლისა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში.

3. მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები განისაზღვრება ამ დებულებით (№1–№2 დანართები).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 4 იანვრის ბრძანება  №970 - ვებგვერდი, 05.01.2024 წ.

 

მუხლი 6. სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადები

1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება:

ა.ა) უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი იურისტი – 1 წელი;

ა.ბ) ლეიტენანტი, III კლასის იურისტი – 2 წელი;

ა.გ) უფროსი ლეიტენანტი, II კლასის იურისტი – 3 წელი;

ა.დ) კაპიტანი, I კლასის იურისტი – 3 წელი.

ბ) უფროსი სპეციალური წოდება:

ბ.ა) მაიორი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი – 4 წელი;

ბ.ბ) ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის მრჩეველი – 5 წელი;

ბ.გ) პოლკოვნიკი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი – 5 წელი.

2. უმცროს და უმაღლეს სპეციალურ წოდებათა მისაღებად სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა არ განისაზღვრება.

 

მუხლი 7. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება

მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება:

ა) შეფასების შედეგების მიხედვით;

ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის;

გ) კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, წახალისების წესით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
 

მუხლი 8.  (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 9 მაისის ბრძანება №1001 - ვებგვერდი, 10.05.2024 წ.

 

მუხლი 9.  (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 4 იანვრის ბრძანება  №970 - ვებგვერდი, 05.01.2024 წ.

 

მუხლი 10.  სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. ნომენკლატურის ფარგლებში სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, ასევე, სპეციალური წოდებების თანამიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი და აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი.

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს მოსამსახურეთათვის უფროსი სპეციალური წოდების მისანიჭებლად შესაბამისი წარდგინების იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის გაგზავნას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, წოდების მინიჭების ვადის დადგომამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №977 - ვებგვერდი, 26.01.2024წ.

 

მუხლი 11. სოციალური უზრუნველყოფის გარანტიები

სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

დანართი №1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატი

1. მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები – იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

2. დეპარტამენტის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი –იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

3.  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

4. სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი შიდა აუდიტორი (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) – იუსტიციის მრჩეველი.

5. უფროსი სპეციალისტი (მათ შორის, შიდა აუდიტორი) – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

6. უმცროსი სპეციალისტი – I კლასის იურისტი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №757 - ვებგვერდი, 01.09.2021 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №940 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 4 იანვრის ბრძანება  №970 - ვებგვერდი, 05.01.2024 წ.

დანართი №1​1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია

1. გენერალური ინსპექციის უფროსი – იუსტიციის  გენერალ-ლეიტენანტი.

2.  გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი, გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი.

3. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ-გამომძიებელი და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

4. უფროსი სპეციალისტი – იუსტიციის მაიორი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 4 იანვრის ბრძანება  №970 - ვებგვერდი, 05.01.2024 წ.

დანართი №2

აღსრულების ეროვნული ბიურო

1. I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსი) და II რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე) – იუსტიციის პოლკოვნიკი.

2.  II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აღსრულების პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსი) და II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (თბილისის განყოფილების უფროსის მოადგილე) – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

3. III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აღსრულების პოლიციის სამმართველოს განყოფილების ჯგუფის უფროსი) - იუსტიციის მაიორი.

4. III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აღსრულების პოლიციელი) და IV რანგის II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (აღსრულების პოლიციელი) – იუსტიციის კაპიტანი.

5. IV რანგის III კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (აღსრულების პოლიციელი) – იუსტიციის ზემდეგი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 2 ივნისის ბრძანება №832 - ვებგვერდი, 02.06.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №863 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №977 - ვებგვერდი, 26.01.2024წ.
 
 

დანართი №3 (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №647 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ.


  

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №242, 19.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 120260080.22.027.016742 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3806301-9/