საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.04.2018 ძალადაკარგული 02.02.2021
ნომერი
№2-300
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.023.016489
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-300

2018 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :


+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
+



საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის  დეპარტამენტის დებულება

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


+
მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა;

ბ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების  შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია;

გ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა;

დ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოებისათვის/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება;

ე) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ევროკავშირის რეგულაციებთან, გადაწყვეტილებებსა და დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევი დოკუმენტების განხილვა და დასკვნის მომზადება;

ვ) გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სექტორებში ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;

ზ) საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში შემუშავებული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაბამისობის ცხრილების მომზადება;

თ) საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია;

ი) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროპული ინტეგრაციის საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავება;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


+
მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

დ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს, მეორადი სტრუქტურული ერთეულის/სამმართველოს  ხელმძღვანელსა და დეპარატმენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს, მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე;

ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების საქმიანობას;

გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;

დ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 25 ივნისის მბრძანება №2-494 - ვებგვერდი, 27.06.2018წ.


+
მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველო;

ბ) სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 25 ივნისის მბრძანება №2-494 - ვებგვერდი, 27.06.2018წ.


+
მუხლი 5. სამმართველოების კომპეტენციები
1. გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს კომპეტენცია:

ა) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

ბ) წინადადებების შემუშავება გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით;

გ) ევროკავშირის გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან/და ასეთი აქტების მომზადებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა;

დ) დასკვნისა და შესაბამისობის ცხრილის მომზადება, სამინისტროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით გარემოს დაცვის მიმართულებით შემუშავებული სამართლებრივი აქტების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი დასკვნების მომზადება სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას/ჰარმონიზაციას;

ვ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, გარემოს დაცვის მიმართულებით განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია;

ზ) მოხსენებების და ანგარიშების მომზადება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობის მიზნით;

თ) გარემოს დაცვის მიმართულებით, ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოებას;

ი) საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე გარემოს დაცვის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

ბ) წინადადებების შემუშავება სოფლის მეურნეობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით;

გ) ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან/და ასეთი აქტების მომზადებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა;

დ) დასკვნისა და შესაბამისობის ცხრილების მომზადება სამინისტროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით სოფლის მეურნეობის მიმართულებით შემუშავებული სამართლებრივი აქტების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი დასკვნების მომზადება სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას/ჰარმონიზაციას;

ვ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია;

ზ) მოხსენებების და ანგარიშების მომზადება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობის მიზნით;

თ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 25 ივნისის მბრძანება №2-494 - ვებგვერდი, 27.06.2018წ.


+
მუხლი 6. სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს ხელმძღვანელი:

ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის დავალებებს.

3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 25 ივნისის მბრძანება №2-494 - ვებგვერდი, 27.06.2018წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №2-300, 30.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016489 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4158620-1/