ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.06.2018 ბოლო ცვლილება 12.03.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№345
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.020661
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
3 +
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №345

2018 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

 

ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის  შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები“.

 

+
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ტექნიკური რეგლამენტის – ვეტერინარული პრეპარატების წარმოების, შენახვის, გადაზიდვის, აღრიცხვისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №436 დადგენილება;

ბ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული სამსახურების (ვეტერინარული აფთიაქები, სავაჭრო ობიექტები, კლინიკები, კოსმეტიკური კაბინეტები და სხვა ობიექტები) ტიპობრივი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის №2-215 ბრძანება;

გ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული ლაბორატორიების (სადიაგნოსტიკო განყოფილების) ტიპობრივი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 4 მაისის №2-74 ბრძანება.

+
მუხლი 3
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული   „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების“ პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს  2018 წლის პირველი სექტემბრიდან.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების“ პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის პირველი  იანვრიდან.

+
მუხლი 4
1. ფარმაცევტული წარმოების ნებართვა, რომელიც გაცემულია სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ამ დადგენილების ამოქმედებამდე, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგაც.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების“ 3​1 მუხლის მოქმედება გავრცელდეს ამავე დადგენილების ამოქმედების შემდეგ რეგისტრირებულ ვეტერინარულ პრეპარატებზე.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №391 - ვებგვერდი, 27.07.2022 წ.


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
+



ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების – ვეტერინარული პრეპარატების საწარმოს, ვეტერინარული აფთიაქის, ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტის, ვეტერინარული სამკურნალოს (კლინიკის), ვეტერინარული კოსმეტიკური კაბინეტის, ზოომაღაზიისა და ცხოველთა თავშესაფრის საქმიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

2. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელმა ბიზნესოპერატორებმა უნდა დაიცვან ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიწისზედა და წყლის ცხოველების კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

3. ვეტერინარულ აფთიაქში, ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტში, ვეტერინარულ სამკურნალოში (კლინიკაში), ვეტერინარულ კოსმეტიკურ კაბინეტში, თავშესაფარში ვეტერინარული საქმიანობა უნდა განახორციელოს მხოლოდ ვეტერინარმა ან/და ვეტერინარმა ტექნიკოსმა.

4. ზოომაღაზიებში ვეტერინარული საქმიანობა ვეტერინარის ან/და ვეტერინარი ტექნიკოსის გარდა შეიძლება განახორციელოს მეცხოველემაც.

5. იმ შემთხვევაში, თუ ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორი ახორციელებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ რამდენიმე საქმიანობას, ის ვალდებულია, დაიცვას ამ საქმიანობებთან დაკავშირებული ამ დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნები.

6. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის/ საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

7. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი –სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

8. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ხელი შეუწყოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში.

9. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს ნარჩენების მართვა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ვეტერინარული პრეპარატების საწარმო – ობიექტი, სადაც ხორციელდება ვეტერინარული პრეპარატის სერიული წარმოება ან/და დაფასოება;

ბ) ვეტერინარული აფთიაქი/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტი – ობიექტი, სადაც ხორციელდება ვეტერინარული პრეპარატების, ცხოველთა საკვებისა და საკვებდანამატების, ცხოველთა ჰიგიენური და მოვლის საშუალებებისა და ვეტერინარული დანიშნულების საგნებისა და აქსესუარების რეალიზაცია;

გ) ვეტერინარული სამკურნალო (კლინიკა) – ობიექტი, სადაც ხორციელდება სამკურნალო-პროფილაქტიკური საქმიანობა, ქირურგიული და გინეკოლოგიური ოპერაციები, ასევე სხვა სახის ვეტერინარული მომსახურება;

დ) ვეტერინარული კოსმეტიკური კაბინეტი – ობიექტი, სადაც ხორციელდება ცხოველთა კოსმეტიკური მომსახურება;

ე) ზოომაღაზია – ობიექტი, სადაც ხორციელდება ცხოველის, მათ შორის, ფრინველის, ცხოველთა საკვებისა და საკვებდანამატის, ცხოველთა ჰიგიენური და მოვლის საშუალებების, ვეტერინარული დანიშნულების საგნებისა და აქსესუარების რეალიზაცია;

ვ) ცხოველთა თავშესაფარი – ობიექტი, სადაც ხორციელდება მიუსაფარი შინაური ბინადარი ცხოველების მუდმივი მოვლა-შენახვა;

ზ) ვეტერინარული დანიშნულების საგნები – ვეტერინარული მომსახურებისა და ცხოველთა მოვლისათვის გამოსაყენებელი საგნები, ასევე ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ინსტრუმენტები, მოწყობილობები, დანადგარები, ტექნიკა, შესახვევი მასალა და სხვა;

თ) ვეტერინარი − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 

ი) ვეტერინარი ტექნიკოსი − პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული დიპლომი ან სერტიფიკატი;

კ) ფალსიფიცირებული ვეტერინარული პრეპარატი – დადგენილი შემადგენლობის ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით მიზანმიმართულად არასწორად ეტიკეტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი;

ლ) ვადაგასული ვეტერინარული პრეპარატი – ფარმაკოპეის სტანდარტით, დადგენილი სტანდარტით ან სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ვარგისიანობის ვადაგასული პრეპარატი;

მ) უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატი – ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების, ლაბორატორიული გამოკვლევით სტანდარტთან შეუსაბამო, ჰერმეტულობის, პირველადი შეფუთვის დარღვევისა და სხვა დეფექტის მქონე ვეტერინარული პრეპარატი;

ნ) ტექნოლოგიური რეგლამენტი − მწარმოებლის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია ცალკე აღებულ საწარმოში კონკრეტული ვეტერინარული პრეპარატის წარმოების:

ნ.ა) ტექნოლოგიური პროცესი;

ნ.ბ) ტექნიკური საშუალებები;

ნ.გ) ნედლეული და მასალები, მათი ხარისხი და ხარჯის ნორმები;

ნ.დ) მუშაობის უსაფრთხოების, შრომის დაცვის, გარემოს დაცვისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №391 - ვებგვერდი, 27.07.2022 წ.

მუხლი 3. ვეტერინარული პრეპარატების საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. ქვეყანაში ვეტერინარული პრეპარატის წარმოება უნდა განხორციელდეს ავტორიზაციის საფუძველზე. წარმოების ავტორიზაცია ასევე მოითხოვება ექსპორტისთვის განკუთვნილი ვეტერინარული პრეპარატების წარმოებისთვისაც.

2. ვეტერინარული პრეპარატების წარმოების ავტორიზაცია მოითხოვება როგორც მთლიანი, ასევე ნაწილობრივი წარმოებისა და დაფასოების, შეფუთვის ან წარდგენის სხვადასხვა პროცესისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პროცესები ხორციელდება მხოლოდ საცალო მიწოდებისთვის ვეტერინარული აფთიაქიდან.

3. დაუშვებელია საქართველოში არარეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატის წარმოება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი მზადდება რეგისტრაციისთვის, ექსპერიმენტული კვლევისა და ექსპორტისათვის.

4. ვეტერინარული პრეპარატების წარმოების ავტორიზაციის მოპოვების მიზნით, განმცხადებელმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

ა) თავის განკარგულებაში უნდა ჰქონდეს წარმოებისთვის შესაფერისი და სათანადო შენობები, ტექნიკური მოწყობილობა და კონტროლის საშუალებები, რომლებიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს პროდუქტის წარმოებასა და კონტროლთან, ასევე შენახვასთან დაკავშირებით;

ბ) მუდმივად უნდა სარგებლობდეს ერთი კვალიფიციური პირის მომსახურებით მაინც.

5. ვეტერინარული პრეპარატების წარმოების ავტორიზაციის მოპოვების მიზნით, ავტორიზაციის მაძიებელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს.

6. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა)  ბიზნესოპერატორის საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი, ეკონომიკური საქმიანობის ადგილი (მისამართი), ეკონომიკური საქმიანობის სახე (სექცია, განყოფილება, ჯგუფი, კლასი, ქვეკლასი);

ბ)  ვეტერინარული პრეპარატები და ფარმაცევტული ფორმები, რომლებიც უნდა იქნეს წარმოებული და ადგილი, სადაც მათი წარმოება და/ან კონტროლი განხორციელდება.

7. განცხადებას თან უნდა ახლდეს:

ა) ფარმაცევტული წარმოებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი), სათავსების დანიშნულებისა და განთავსების მითითებით. საწარმოო ფართობი უნდა იყოს იზოლირებული და გამოიყენებოდეს მხოლოდ ფარმაცევტული წარმოებისთვის;

ბ) ინფორმაცია ფარმაცევტული საქმიანობისათვის პასუხისმგებელი პირების შესახებ;

გ) სამკურნალო საშუალების ტექნოლოგიური რეგლამენტი.

8. განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის ინსპექტირება, ამ მუხლის  მე-4 და მე-6 პუნქტებში მითითებული მონაცემების სიზუსტის გადამოწმების მიზნით.

9. ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის გაცემის ან ავტორიზაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ინსპექტირების დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში.

10. სააგენტო გასცემს ავტორიზაციას იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

11. თუ ინსპექტირების შედეგებით დადგენილი იქნება, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა ნაწილობრივ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და, ამასთანავე, არ არსებობს ავტორიზაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, სააგენტო ბიზნესოპერატორს აძლევს მითითებებს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად.

12. გონივრული ვადის გასვლის შემდგომ, სააგენტო ახორციელებს განმეორებით ინსპექტირებას, რომლის საფუძველზე:

ა) ბიზნესოპერატორს არ ენიჭება ავტორიზაცია და უწყდება საქმიანობა იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა სრულად არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ)  ბიზნესოპერატორს ენიჭება ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

13. ავტორიზაცია ვრცელდება მხოლოდ განცხადებაში განსაზღვრულ შენობებზე, ვეტერინარულ პრეპარატსა და ფარმაცევტულ ფორმებზე.

14. იმ შემთხვევაში, თუ წარმოების ავტორიზაციის მფლობელი ითხოვს ცვლილებას ამ მუხლის  მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებში, ამ მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურისთვის საჭირო დრო არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. გამონაკლის შემთხვევებში აღნიშნული ვადა შესაძლოა, გაგრძელდეს 90 დღემდე.

15. სააგენტომ შესაძლოა, მოსთხოვოს განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად მიწოდებული მონაცემებისა და ასევე კვალიფიციური პირის შესახებ, რა დროსაც ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული ვადის დენა ჩერდება მოთხოვნილი დამატებითი მონაცემების წარდგენამდე.

16. ვეტერინარული პრეპარატების წარმოების ავტორიზაციის მფლობელი ვალდებულია:

ა) ჰყავდეს შესაბამისი განათლების მქონე პერსონალი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით წარმოებასთან, ასევე კონტროლთან დაკავშირებით;

ბ) განკარგოს რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს ცვლილება ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრულ მონაცემებში;

დ) დაუშვას სააგენტოს წარმომადგენლები ნებისმიერ დროს თავის შენობებში;

ე) დაიცვას სამკურნალო საშუალების ტექნოლოგიური რეგლამენტი  „ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციის, წარმოების ავტორიზაციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის №112 დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართ №1-ით − „ვეტერინარული პრეპარატის გამოცდასთან დაკავშირებული ქიმიური, ფარმაცევტული და ანალიტიკური სტანდარტები, უსაფრთხოების და ნაშთის განმსაზღვრელი ტესტები, წინაკლინიკური და კლინიკური გამოცდა“ განსაზღვრული GMP-ის სტანდარტის პრინციპებისა და სახელმძღვანელო მითითებების ძალაში შესვლამდე, რომელიც გამოქვეყნებულია ევროკომისიის მიერ, „სამკურნალო საშუალებების მარეგულირებელი წესები ევროკავშირში“, ტომი 4; 

ვ) აწარმოოს მის მიერ წარმოებული და მიწოდებული ყველა ვეტერინარული პრეპარატის დეტალური ჩანაწერები. ჩანაწერებში უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია:

ვ.ა) თარიღი;

ვ.ბ) ვეტერინარული პრეპარატის დასახელება;

ვ.გ) მიწოდებული რაოდენობა;

ვ.დ) მიმღების სახელი, გვარი და მისამართი;

ვ.ე) წარმოების სერიის ნომერი.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოს მიერ შემოწმებისთვის, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში.

18. კვალიფიციურ პირს უნდა ჰქონდეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

19. კვალიფიციური პირი, ვეტერინარული პრეპარატების წარმოების ავტორიზაციის მფლობელთან სამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით, პასუხისმგებელია, უზრუნველყოს, რომ ქვეყანაში წარმოებული ვეტერინარული პრეპარატის თითოეული სერია წარმოებულ და შემოწმებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობისა და რეგისტრაციის მოთხოვნების შესაბამისად.

20. კვალიფიციურმა პირმა ვეტერინარული პრეპარატის თითოეული საწარმოო სერიის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიტანოს სპეციალურ რეესტრში ან ამ მიზნით წარდგენილ ეკვივალენტურ დოკუმენტში. რეესტრი ან ეკვივალენტური დოკუმენტი უნდა ექვემდებარებოდეს განახლებას ყველა ჩატარებული ოპერაციის მიხედვით და ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოს წარმომადგენლებისათვის, სულ მცირე, ხუთი წელი.

21. თუ ავტორიზაციის მფლობელი პირადად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, წარმოების ავტორიზაციის მფლობელს შეუძლია, პირადად იკისროს ამ მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

22. ვეტერინარული პრეპარატების საწარმოს მიერ დამზადებული ვეტერინარული პრეპარატების ყველა სერია ექვემდებარება შიდა საწარმოო კონტროლს (ლაბორატორიულ კვლევას), რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ჩანაწერებით ან/და დოკუმენტებით.

23. ვეტერინარული პრეპარატების საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) შენობის კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების, საჭიროების შემთხვევაში, დეზინფექციის საშუალებას შესაბამისი ნორმების დაცვით;

ბ) შესაბამისი ინვენტარისა და მოწყობილობების დასუფთავება უნდა ხორციელდებოდეს საწარმოს მიერ დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად;

გ) ყველა ვეტერინარული პრეპარატის წარმოება უნდა ხორციელდებოდეს შესაბამისი ტექნოლოგიური რეგლამენტის მიხედვით.

24. ვეტერინარული პრეპარატების შენახვისას:

ა) შესანახი სათავსი უზრუნველყოფილი უნდა იყოს კარადით, ქვეშსადებითა და თაროთი, მათი განლაგება ხელს არ უნდა უშლიდეს ნორმალურ განათებას. ამასთანავე, თაროებს შორის მანძილი უნდა უზრუნველყოფდეს ვეტერინარულ პრეპარატებთან თავისუფალ მისვლას;

ბ) გათვალისწინებული უნდა იქნეს სინათლის, ჰაერის, ტენის, სითბოსა და სხვა ფაქტორების ვეტერინარულ პრეპარატზე არახელსაყრელი ზემოქმედების რისკი;

გ) გათვალისწინებულ უნდა იქნეს ფიზიკურ-ქიმიური თავსებადობა ვეტერინარულ პრეპარატებს შორის;

დ) გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცეცხლსაშიშროება და აალების რისკი;

ე) საჭირო ტემპერატურული რეჟიმის დასაცავად, იმუნოლოგიური ვეტერინარული პრეპარატების შენახვისათვის, სათავსი აღჭურვილი უნდა იყოს კარადა-მაცივრით ან/და სამაცივრე ოთახით. იმუნოლოგიური ვეტერინარული პრეპარატები უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე, სახეობების მიხედვით;

ვ) შესანახ სათავსში ტემპერატურის, ჰაერის ტენიანობის შემოწმება და აღრიცხვა უნდა ხდებოდეს სისტემატურად;

ზ) შესანახი სათავსი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სავენტილაციო სისტემით;

თ) ერთისა და იმავე დასახელების ვეტერინარული პრეპარატები უნდა ინახებოდეს სერიის მიხედვით, ვარგისიანობის ვადის გათვალისწინებით;

ი) დაცული უნდა იქნეს ეტიკეტით ან/და თანმხლები ინსტრუქციით განსაზღვრული პირობები;

კ) შენახვისას და ტრანსპორტირებისას ტარაზე დატანილ უნდა იქნეს ინფორმაცია პროდუქციის სახელწოდების, რაოდენობის, დამზადების სერიის ნომრის, თარიღის, ვარგისიანობის ვადისა და დამამზადებელი საწარმოს შესახებ;

ლ) არ უნდა იქნეს დარღვეული საწარმოო შეფუთვის (პირველადი შეფუთვა) მთლიანობა.

25. ვეტერინარული პრეპარატების საწარმოში წარმოებულ ვეტერინარული პრეპარატის ხარისხზე/უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი.

26. სააგენტომ ვეტერინარული პრეპარატების წარმოების ავტორიზაციის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიტანოს მონაცემთა ბაზაში.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №391 - ვებგვერდი, 27.07.2022 წ.

მუხლი 3​1. ვეტერინარული პრეპარატების ეტიკეტირება და ანოტაცია

1. ჰომეოპათიური ვეტერინარული პრეპარატის გარდა, ვეტერინარული პრეპარატის რეგისტრაციის დროს სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს ვეტერინარული პრეპარატის პირველადი და მეორეული შეფუთვა. შეფუთვაზე წარდგენილ უნდა იქნეს ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციისთვის წარდგენილ დოკუმენტებსა და მონაცემებს, გამოსახული უნდა იყოს გარკვევით და გასაგებად:

ა) ვეტერინარული პრეპარატის დასახელება, მოქმედების ძალა და ფარმაცევტული ფორმა. ზოგადი (გენერიკული) დასახელება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ვეტერინარული პრეპარატი შეიცავს მხოლოდ ერთ აქტიურ სუბსტანციას და მისი სახელი არის სავაჭრო დასახელება;

ბ) რაოდენობრივად და თვისობრივად გამოხატული აქტიური სუბსტანციების თითოეულ ერთეულზე ან მიღების ფორმის შესაბამისად კონკრეტულ მოცულობაზე ან წონაზე განაცხადი, ზოგადი დასახელებების გამოყენებით;

გ) წარმოების სერიის ნომერი;

დ) რეგისტრაციის მფლობელის/მწარმოებლის სახელი ან საფირმო დასახელება და იურიდიული ან/და ფაქტობრივი მისამართი;

ე) ცხოველის სახეობები, რომელთათვისაც არის განკუთვნილი ვეტერინარული პრეპარატი, მეთოდი და, საჭიროების შემთხვევაში, მიღების გზა, დოზა;

ვ) ლოდინის პერიოდი ვეტერინარული პრეპარატისთვის, რომელიც ენიშნება სასურსათო დანიშნულების ცხოველის სახეობებს, ყველა გამიზნულ სახეობას და სხვადასხვა სასურსათო ნედლეულისთვის (ხორცი და სუბპროდუქტი, კვერცხი, რძე, თაფლი), მათ შორის, მათთვისაც, რომელთა ლოდინის პერიოდი ნულის ტოლია;

ზ) შენახვის ვადა;

თ) შენახვის სპეციალური წესები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ი) სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოუყენებელი ვეტერინარული პრეპარატების ან ასეთი პრეპარატების გამოყენების შედეგად მიღებული ნარჩენი მასალების განკარგვის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში, ასევე მიეთითება ადგილზე არსებულ ნებისმიერ შეგროვების სისტემაზე;

კ) სხვა ინფორმაცია (მონაცემები), რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის დაცვისთვის, მათ შორის, ნებისმიერი სიფრთხილის განსაკუთრებული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებით და სხვა გაფრთხილებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ლ) სიტყვები: „მხოლოდ ცხოველის  სამკურნალოდ“ ან „მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისთვის“.

2.  იმ   შემთხვევაში,  თუ   ვეტერინარული  პრეპარატის  რეგისტრაციის  დროს  პირველადი და მეორეული შეფუთვა წარმოდგენილია უცხო ენაზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ − „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები, ინფორმაციის სახით, წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე.

3. ამპულების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები მითითებულ უნდა იქნეს მეორეულ შეფუთვაზე. თუმცა, პირველად შეფუთვაზე საჭიროა მხოლოდ შემდეგი მონაცემების მითითება:

ა) ვეტერინარული პრეპარატის დასახელება;

ბ) აქტიური სუბსტანციების რაოდენობა;

გ) მიღების/დანიშვნის გზა;

დ) წარმოების სერიის ნომერი;

ე) შენახვის ვადა;

ვ) სიტყვები: „მხოლოდ ცხოველის სამკურნალოდ“/„მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისთვის“;

ზ) რაოდენობა (მოცულობა ან/და დოზა).

4. ერთჯერადი დოზის შემცველი მცირე პირველადი შეფუთვის შემთხვევაში, გარდა ამპულებისა, რომლებზეც შეუძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემების მითითება, განსაზღვრული მოთხოვნები გავრცელდება მეორეულ შეფუთვაზე.

5. მეორეული შეფუთვის არარსებობის შემთხვევაში, ყველა მონაცემი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს მეორეულ შეფუთვაზე, უნდა მიეთითოს პირველად შეფუთვაზე ან წარმოდგენილი უნდა იყოს ანოტაციით.

6. ანოტაციის ჩართვა ვეტერინარული პრეპარატის შეფუთვაში სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით მოთხოვნილი ყველა ინფორმაციის გადატანა შესაძლებელი იქნება პირველად და მეორეულ შეფუთვაზე. ანოტაცია დაკავშირებული უნდა იყოს მხოლოდ იმ ვეტერინარულ პრეპარატთან, რომელშიც არის ჩართული. ანოტაცია შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

7. დასაშვებია ანოტაციის რამდენიმე ენაზე შედგენა იმ პირობით, რომ მოცემული ინფორმაცია ყველა ენაზე იდენტური იქნება.

8.  ვეტერინარული პრეპარატის ანოტაცია, ვეტერინარული პრეპარატის რეგისტრაციის დროს, უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან და უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ვეტერინარული პრეპარატის რეგისტრაციისთვის წარდგენილ დოკუმენტებსა და მონაცემებს:

ა) რეგისტრაციის მფლობელის ან წარმომადგენლის/მწარმოებლის სახელი ან საფირმო დასახელება და იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი;

ბ) ვეტერინარული პრეპარატის დასახელება, მოქმედების ძალა და ფარმაცევტული ფორმა. ზოგადი დასახელება მიეთითება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი შეიცავს მხოლოდ ერთ აქტიურ სუბსტანციას და მისი სახელი არის სავაჭრო დასახელება;

გ) თერაპიული ჩვენებები;

დ) ვეტერინარული პრეპარატის გამოყენებისას შესაძლო უკუჩვენებები და გვერდითი მოქმედებები;

ე) ცხოველთა სახეობები, რომელთათვისაც არის განკუთვნილი ვეტერინარული პრეპარატი, თითოეული სახეობისთვის განსაზღვრული დოზა, მიღების მეთოდი, გზა და, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაცია სწორი გამოყენებისათვის;

ვ) ლოდინის პერიოდი (იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ნულის ტოლია) სასურსათო დანიშნულების ცხოველებისთვის;

ზ) შენახვის სპეციალური წესები, ასეთის არსებობისას;

თ) უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის დაცვისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია (მონაცემები);

ი) სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოუყენებელი ვეტერინარული პრეპარატების ან/და მიღებული ნარჩენი მასალების განკარგვის შესახებ, ასეთის არსებობისას.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №391 - ვებგვერდი, 27.07.2022 წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №512 – ვებგვერდი, 31.10.2022წ.

 

მუხლი 4. ვეტერინარული აფთიაქის, ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. ვეტერინარული აფთიაქი, ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) განთავსებული უნდა იყოს იზოლირებულ შენობაში ან შენობაში –იზოლირებულად. ჰქონდეს ვენტილაცია, შენობის კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების საშუალებას;

ბ) სარეალიზაციოდ დაშვებული უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატები. არ უნდა მოხდეს ვადაგასული, ფალსიფიცირებული და უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების რეალიზაცია;

ბ​1) საბოლოო მომხმარებლისთვის განკუთვნილი ვეტერინარული პრეპარატის პირველად ან მეორეულ შეფუთვაზე 3​1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ − „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები მითითებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო, თუ ვეტერინარულ პრეპარატს არ აქვს მეორეული შეფუთვა, ზემოაღნიშნული ინფორმაცია საბოლოო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ქართულ ენაზე ანოტაციის (ინსტრუქციის) სახით;

გ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვეტერინარული პრეპარატების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში ან ელექტრონული ფორმით, სადაც აღნიშნული უნდა იყოს ვეტერინარული პრეპარატის დასახელება, რაოდენობა, მიღების თარიღი, მიმწოდებლის დასახელება, სერიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა;

დ) ვეტერინარული პრეპარატების მიღების, შენახვისა და გაცემის დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს სამი წლის განმავლობაში;

ე) ვეტერინარი/ვეტერინარი ტექნიკოსი საქმიანობის განხორციელებისას შემოსილი უნდა იყოს სპეციალურ ტანსაცმელში;

ვ) დაუშვებელია გაცემული ვეტერინარული პრეპარატების უკან მიღება.

2. ვეტერინარული პრეპარატების შენახვისას დაცული უნდა იქნეს ამ წესის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის მოთხოვნები.

3. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიებში შეტანილი ნივთიერებების შენახვის წესი რეგულირდება „ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის №2-107 ბრძანებით.

4. ვეტერინარული პრეპარატის მეორეული და პირველადი შეფუთვის დაშლისა და დაფასოების გზით, მომხმარებლის ინდივიდუალური საჭიროებისათვის შესაბამისი რაოდენობით ვეტერინარული პრეპარატის ხელახალი შეფუთვისა და ხელახალი ეტიკეტირების განხორციელებისათვის სავალდებულო პირობებია:

ა) ვეტერინარული პრეპარატის ორიგინალური შეფუთვის დაშლისა და დაფასოების გზით შესაბამისი რაოდენობით/დოზით სამკურნალო საშუალების გაცემა ნებადართულია ვეტერინარულ აფთიაქში;

ბ) ვეტერინარულ აფთიაქში შესაბამისი რაოდენობით/დოზით ვეტერინარული პრეპარატის ხელახალი შეფუთვა და ხელახალი ეტიკეტირება ნებადართულია მხოლოდ რეალიზაციის მომენტში;

გ) დაუშვებელია შუშხუნა ტაბლეტების რეალიზაცია ორიგინალური პირველადი შეფუთვის დაშლით;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში, აფთიაქმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ვეტერინარული პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციის ქართულენოვანი ვერსიის მიწოდება;

ე) აფთიაქმა (სპეციალიზებულმა სავაჭრო ობიექტმა) თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს ინფორმაცია, მოთხოვნის შემთხვევაში, ქართულენოვანი ინსტრუქციის მომხმარებელზე გაცემის შესაძლებლობის შესახებ; 

ვ) ორიგინალური პირველადი და მეორეული შეფუთვის (სხვადასხვა მასალის კონტეინერები),   დაშლისა და დაფასოების გზით,   შესაბამისი რაოდენობით/დოზით ვეტერინარული პრეპარატის ხელახალ შეფუთვასა და ხელახალ ეტიკეტირებას ექვემდებარება მხოლოდ მკვრივი წამლის ფორმები: ტაბლეტები, კაფსულები, ბოლუსები და ფხვნილები;

ზ) ვეტერინარული პრეპარატის ხელახალი შეფუთვა და ხელახალი ეტიკეტირება უნდა განხორციელდეს პრეპარატის ინსტრუქციის შესაბამისი გარემო პირობების დაცვით (ტემპერატურა, ტენიანობა);

თ) ვეტერინარული პრეპარატის ხელახალ შეფუთვასა და ხელახალ ეტიკეტირებას ვეტერინარი/ვეტერინარი ტექნიკოსი ახორციელებს ნიღბისა და ხელთათმანის მეშვეობით;

ი) ხელახალ შესაფუთ მასალად გამოყენებული უნდა იქნეს ორიგინალური პირველადი შესაფუთი მასალის ანალოგიური ან საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული შესაფუთი მასალა, რაც უზრუნველყოფს მწარმოებლის მიერ რეკომენდებული შენახვის პირობების დაცვას;

კ) ხელახალი შეფუთვის ეტიკეტზე დატანილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ვეტერინარული პრეპარატის სავაჭრო დასახელება, დოზა, სერიის ნომერი, მწარმოებლის მიერ მინიჭებული ვარგისობის ვადა, პრეპარატის გამოყენების რეკომენდებული ვადა, შენახვის განსაკუთრებული პირობები, მოთხოვნის შემთხვევაში, მწარმოებელი ქვეყანა ან/და მწარმოებელი;

ლ) ხელახალი შეფუთვით ვეტერინარული პრეპარატის გამოყენების რეკომენდებულ ვადად განისაზღვრება რეალიზაციიდან 6 თვე. თუ ვარგისობის ვადა რეალიზაციის მომენტისათვის  ნაკლებია 6 თვეზე, მაშინ ვეტერინარული პრეპარატის გამოყენების რეკომენდებულ ვადად განისაზღვრება მწარმოებლის მიერ მინიჭებული ვარგისობის ვადა;

მ) აფთიაქიდან (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტიდან) ხელახალი შეფუთვით ვეტერინარული პრეპარატის გაცემისას, ვეტერინარი/ ვეტერინარი ტექნიკოსი ვალდებულია, მომხმარებელს გააცნოს ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, პრეპარატის გამოყენების რეკომენდებული ვადის, შენახვის განსაკუთრებული პირობებისა და მითითებების (ასეთის არსებობისას) შესახებ.

5. ვეტერინარული პრეპარატის მეორეული და პირველადი შეფუთვის დაშლისა და დაფასოების გზით, მომხმარებლის ინდივიდუალური საჭიროებისათვის შესაბამისი რაოდენობით ვეტერინარული პრეპარატის  რეალიზაციის პირობებია:

ა) მხოლოდ ორიგინალური მეორეული შეფუთვის დაშლასა და ორიგინალური პირველადი შეფუთვით გაცემას ექვემდებარება ამპულა, ფლაკონი, პაკეტი, წინასწარ შევსებული შპრიცი, კარტრიჯი, ფირფიტა/ბლისტერი;

ბ) ფირფიტის/ბლისტერის დაჭრა არ განიხილება ორიგინალური პირველადი შეფუთვის დარღვევად;

გ) მხოლოდ ორიგინალური მეორეული შეფუთვის დაშლითა და ორიგინალური პირველადი შეფუთვით შესაბამისი ოდენობით დაფასოებული ვეტერინარული პრეპარატი არ საჭიროებს ხელახალ შეფუთვასა და ხელახალ ეტიკეტირებას;

დ) თუ ბლისტერის/ფირფიტის გაჭრის შემთხვევაში, ორიგინალურ პირველად შეფუთვაზე დატანილი მარკირება არ იძლევა მარკირებით გათვალისწინებული ინფორმაციის სრულად გაცნობის შესაძლებლობას, აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი) ვალდებულია,  მომხმარებელს მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია (სტიკერის, ეტიკეტის ან სხვა  ფორმით): ვეტერინარული პრეპარატის სავაჭრო დასახელება, დოზა, სერიის ნომერი, მწარმოებლის მიერ მინიჭებული ვარგისობის ვადა, შენახვის განსაკუთრებული პირობები, მოთხოვნის შემთხვევაში,  მწარმოებელი ქვეყანა ან/და მწარმოებელი. აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება არ არის სავალდებულო, თუ ბლისტერის/ფირფიტის მოჭრილი ფორმის რეალიზაცია ხდება ორიგინალური მეორეული შეფუთვით.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №391 - ვებგვერდი, 27.07.2022 წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №512 – ვებგვერდი, 31.10.2022წ.
მუხლი 5. ვეტერინარული სამკურნალოს (კლინიკის) საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. ვეტერინარული სამკურნალო (კლინიკა) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) განთავსებული უნდა იქნეს იზოლირებულ შენობაში ან შენობაში – იზოლირებულად. ჰქონდეს ვენტილაცია, კანალიზაცია, ცხელი და ცივი წყალმომარაგება, სანიტარიული კვანძი, ოთახების (სადაც ხდება ცხოველთა მიღება, მკურნალობა და სტაციონარული შენახვა) კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების/დეზინფექციის საშუალებას;

ბ) ცალკე უნდა იქნეს გამოყოფილი მიმღები, თერაპიული და ქირურგიული განყოფილებები (კაბინეტები). დიაგნოსტიკური განყოფილების (რენტგენის კაბინეტი, ლაბორატორია და სხვა) და სტაციონარის არსებობისას, შესაბამისი განყოფილებები უნდა იყოს იზოლირებული;

გ) არსებული სამედიცინო მოწყობილობები, ავეჯი, ინვენტარი უნდა შეესაბამებოდეს სამკურნალო საქმიანობასა და ტექნიკურ პირობებს, იყოს გამართულ მდგომარეობაში, ჰქონდეს ჰიგიენური საფარი, რაც უზრუნველყოფს მათ სველი წესით დასუფთავებასა და დეზინფექციას;

დ) სანიტარიულ-ტექნიკური ხელსაწყოები და მოწყობილობები (ონკანები, ნიჟარები, აბაზანები, უნიტაზები და სხვა) უნდა იწმინდებოდეს სისტემატურად, არ უნდა ჰქონდეს ბზარები და სხვა დეფექტები;

ე) ინსტრუმენტების, ხელსაწყოებისა და მოწყობილობების დასუფთავება, დეზინფექცია, სტერილიზაცია უნდა ხორციელდებოდეს სტანდარტის შესაბამისად;

ვ) გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოში რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატები. დაუშვებელია ვადაგასული, ფალსიფიცირებული და უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება;

ზ) ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, ზოონოზური, გადამდები და არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;

თ) ქირურგიული, გინეკოლოგიური, კოსმეტიკური და სხვა ვეტერინარული მომსახურება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;

ი) გადამდებ დაავადებებზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა ეცნობოს სააგენტოს;

კ) საჭიროების შემთხვევაში, პათოლოგიური მასალა უნდა იქნეს აღებული და ლაბორატორიაში გაგზავნილი შემდგომი გამოკვლევის მიზნით, შესაბამისი წესის დაცვით;

ლ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვეტერინარული პრეპარატების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში ან ელექტრონული ფორმით, სადაც აღნიშნული უნდა იყოს: ვეტერინარული პრეპარატის დასახელება, რაოდენობა, მიღების თარიღი, მიმწოდებლის დასახელება, სერიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა. მრავალდოზიანი ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებისას მიეთითოს პირველადი შეფუთვის დარღვევის წელი, თვე, რიცხვი და დრო;

მ) ვეტერინარმა/ვეტერინარმა ტექნიკოსმა თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებაზე უნდა აწარმოოს ჩანაწერები ელექტრონულად ან შესაბამის ჟურნალში, რომელიც უნდა ასახავდეს ვეტერინარული სამკურნალოს (კლინიკის) საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს;

ნ) ვეტერინარი/ვეტერინარი ტექნიკოსი საქმიანობის განხორციელებისას შემოსილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლით.

2. ვეტერინარული პრეპარატების შენახვისას დაცული უნდა იქნეს ამ წესის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის მოთხოვნები.

3. დაცული უნდა იქნეს ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №391 - ვებგვერდი, 27.07.2022 წ.

მუხლი 6. ცხოველთა თავშესაფრის საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. ცხოველთა თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) განთავსებული უნდა იყოს იზოლირებულად, საცხოვრებელი სახლებიდან მოშორებით და უნდა იყოს შემოსაზღვრული;

 ბ) ცხოველები მოთავსებულნი უნდა იყონ შენობაში ან ვოლიერებში;

 გ) ჰქონდეს ვენტილაცია, კანალიზაცია, ცხელი და ცივი წყალმომარაგება;

დ) შენობის ოთახების, ვოლიერის (სადაც ხდება ცხოველთა განთავსება და მომსახურება) კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების საშუალებასა და დეზინფექციას;

ე) არსებული მოწყობილობები, ავეჯი, ინვენტარი უნდა შეესაბამებოდეს საქმიანობასა და ტექნიკურ პირობებს, იყოს გამართულ მდგომარეობაში, ჰქონდეს ჰიგიენური საფარი, რაც უზრუნველყოფს მათ სველი წესით დასუფთავებასა და დეზინფექციას;

ვ) სანიტარიულ-ტექნიკური ხელსაწყოები და მოწყობილობები (ონკანები, ნიჟარები, აბაზანები, უნიტაზები და სხვა) უნდა იწმინდებოდეს, არ უნდა ჰქონდეს ბზარები და სხვა დეფექტები;

ზ) ინსტრუმენტების, ხელსაწყოებისა და მოწყობილობების დასუფთავება, დეზინფექცია, სტერილიზაცია უნდა ხორციელდებოდეს სტანდარტის შესაბამისად;

თ) ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, ზოონოზური, გადამდები და არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები უნდა განხორციელდეს დადგენილი წესების შესაბამისად;

 ი) ქირურგიული და სხვა ვეტერინარული მომსახურება უნდა განხორციელდეს დადგენილი წესების შესაბამისად;

კ) გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოში რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატები. დაუშვებელია ვადაგასული, ფალსიფიცირებული და უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება;

ლ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ვეტერინარული პრეპარატების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში ან ელექტრონული ფორმით, სადაც აღნიშნული უნდა იყოს: ვეტერინარული პრეპარატის დასახელება, რაოდენობა, მიღების თარიღი, მიმწოდებლის დასახელება, სერიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა. მრავალდოზიანი ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებისას მიეთითოს პირველადი შეფუთვის დარღვევის დრო;

მ) კანონმდებლობის შესაბამისად, გადამდებ დაავადებებზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა- მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს;

ნ) ვეტერინარმა თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებაზე უნდა აწარმოოს ჩანაწერები ელექტრონულად ან შესაბამის ჟურნალში, რომელიც უნდა ასახავდეს თავშესაფრის საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს;

ო) ვეტერინარი/ვეტერინარი ტექნიკოსი შემოსილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლით;

პ) ვეტერინარული მომსახურების შედეგად მიღებული ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ვეტერინარული პრეპარატების შენახვისას დაცული უნდა იქნეს ამ წესის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის მოთხოვნები.

3. დაცული უნდა იქნეს ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №391 - ვებგვერდი, 27.07.2022 წ.

მუხლი 7. ვეტერინარული კოსმეტიკური კაბინეტის საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) განთავსებული უნდა იყოს იზოლირებულ შენობაში ან შენობაში – იზოლირებულად. ჰქონდეს ვენტილაცია, კანალიზაცია, ცხელი და ცივი წყალმომარაგება, შენობის ოთახების (სადაც ხდება ცხოველთა მიღება და მომსახურება) კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების საშუალებას;

ბ) გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოში რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატები. დაუშვებელია ვადაგასული, ფალსიფიცირებული და უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება;

გ) უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ვეტერინარული პრეპარატების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში ან ელექტრონული ფორმით, სადაც აღნიშნული უნდა იყოს: ვეტერინარული პრეპარატის დასახელება, რაოდენობა, მიღების თარიღი, მიმწოდებლის დასახელება, სერიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა. მრავალდოზიანი ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებისას მიეთითოს პირველადი შეფუთვის დარღვევის წელი, თვე, რიცხვი და დრო;

დ) კანონმდებლობის შესაბამისად, გადამდებ დაავადებებზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს;

ე) ვეტერინარმა/ვეტერინარმა ტექნიკოსმა თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებაზე უნდა აწარმოოს ჩანაწერები, ელექტრონულად ან შესაბამის ჟურნალში, რომელიც უნდა ასახავდეს ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტების საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს;

ვ) ვეტერინარი/ვეტერინარი ტექნიკოსი შემოსილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლით;

 ზ) ვეტერინარული მომსახურების შედეგად მიღებული ნარჩენების მართვა უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ვეტერინარული პრეპარატების შენახვისას დაცული უნდა იქნეს ამ წესის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის მოთხოვნები.

3. დაცული უნდა იქნეს ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №391 - ვებგვერდი, 27.07.2022 წ.

მუხლი 8. ზოომაღაზიის საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. ზოომაღაზია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) განთავსებული უნდა იყოს იზოლირებულ შენობაში ან შენობაში –იზოლირებულად, ჰქონდეს ვენტილაცია, წყალმომარაგება, ოთახების (სადაც ხდება ცხოველთა განთავსება) კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების საშუალებას;

ბ) უნდა მოხდეს ჯანმრთელი ცხოველების/ფრინველების რეალიზაცია და მოვლა-შენახვის პირობების დაცვა;

გ) ინვენტარი უნდა უზრუნველყოფდეს სარეალიზაციო ცხოველების მოვლა-შენახვისათვის და ბუნებრივი ქცევისთვის საჭირო პირობების შექმნას, რომელიც ითვალისწინებს ცხოველის საკვებისა და წყლის ხელმისაწვდომობას, დაავადებისაგან, ტკივილისაგან, შიშისა და სხვა სტრესფაქტორებისაგან დაცვას;

დ) დაუშვებელია ვეტერინარული პრეპარატების რეალიზაცია და ცხოველის მკურნალობა;

ე) კანონმდებლობის შესაბამისად, გადამდებ დაავადებებზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს;

ვ) ვეტერინარმა/ვეტერინარმა ტექნიკოსმა/მეცხოველემ თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებაზე ელექტრონულად ან შესაბამის ჟურნალში აწარმოოს ჩანაწერები, რომელიც უნდა ასახავდეს ზოომაღაზიის საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს;

ზ) ვეტერინარული მომსახურების შედეგად მიღებული ნარჩენების მართვა უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. დაცული უნდა იქნეს ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №345, 28.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020661 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4237932-1/