სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.09.2018 ბოლო ცვლილება 29.12.2025
ნომერი
№218/04
სარეგისტრაციო კოდი
220010020.18.011.016345
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №218/04

2018 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე ორგანული კანონის 52​2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


+
მუხლი 1
დამტკიცდეს სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი
+



სესხის გამცემი სუბიექტისთვის  ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.

2. სესხის გამცემი სუბიექტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.

3. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისათვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

4. სესხის გამცემი სუბიექტებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

5. სესხის გამცემი სუბიექტებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

7. სესხის გამცემი სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმება, მფლობელს არ ათავისუფლებს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან.


+
მუხლი 2. სესხის გამცემი სუბიექტის დარღვევები და სანქციები
1. სესხის გამცემი სუბიექტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების ან/და მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, სესხის გამცემი სუბიექტი დაჯარიმდება:

ა) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა – გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) ფინანსური ანგარიშგების დადგენილი ფორმითა ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) სესხის გამცემ სუბიექტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციისა ან/და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობა ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;             

დ) ბუღალტრული აღრიცხვის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

ე) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ მომსახურების გაწევისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით“ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა:

ე.ა) მომხმარებელთა პრეტენზიების ამსახველ ყოველთვიურ ანგარიშგებაში არსებითი ხასიათის შეცდომების  ან პრეტენზიის მიუთითებლობის შემთხვევაში გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე.ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საფინანსო პროდუქტის რეკლამირების/შეთავაზების დროს ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ რეკლამირებულ/შეთავაზებულ საფინანსო პროდუქტზე;

ე.გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით გაფორმებულ თითოეულ დოკუმენტზე გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ე.დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით მომხმარებლისათვის საკომისიოს და/ან პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე.ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ვადის დარღვევით მიწოდების შემთხვევაში გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე.ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების სხვა ნებისმიერი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

 2. მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის, ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებითა ან/და წერილობითი მითითებებით აკრძალული ოპერაციების წარმოების შემთხვევაში სესხის გამცემი სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ივლისის ბრძანება №135/04 - ვებგვერდი, 10.07.2020 წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“, №218/04, 27.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016345 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4334464-1/