სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.09.2018 ბოლო ცვლილება 29.12.2025
ნომერი
№218/04
სარეგისტრაციო კოდი
220010020.18.011.016345
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №218/04

2018 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 52​2 მუხლის მე-3 პუნქტის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №226/04 - ვებგვერდი, 23.12.2020 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 1 მაისის ბრძანება №109/04 - ვებგვერდი, 02.05.2025 წ.

+
მუხლი 1
დამტკიცდეს სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი
+



სესხის გამცემი სუბიექტისთვის  ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.

2. სესხის გამცემი სუბიექტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.

3. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისათვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

4. სესხის გამცემი სუბიექტებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

5. სესხის გამცემი სუბიექტებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

7. სესხის გამცემი სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმება, მფლობელს არ ათავისუფლებს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან.


+
მუხლი 2. სესხის გამცემი სუბიექტის დარღვევები და სანქციები
1. სესხის გამცემი სუბიექტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების ან/და მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, სესხის გამცემი სუბიექტი დაჯარიმდება:

ა) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა – გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) ფინანსური ანგარიშგების დადგენილი ფორმითა ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) სესხის გამცემ სუბიექტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობა ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. აღნიშნული მოთხოვნების განმეორებით დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ასეთი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) ბუღალტრული აღრიცხვის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

ე) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ მომსახურების გაწევისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით“ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა:

ე.ა) მომხმარებელთა პრეტენზიების ამსახველ ყოველთვიურ ანგარიშგებაში არსებითი ხასიათის შეცდომების ან პრეტენზიის მიუთითებლობის შემთხვევაში გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე.ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საფინანსო პროდუქტის რეკლამირების/შეთავაზების დროს ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ რეკლამირებულ/შეთავაზებულ საფინანსო პროდუქტზე;

ე.გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით გაფორმებულ თითოეულ დოკუმენტზე გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ე.დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით მომხმარებლისათვის საკომისიოს და/ან პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე.ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ვადის დარღვევით მიწოდების შემთხვევაში გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე.ე​​1) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართ №8-ში მოცემული სტატისტიკური მონაცემების ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დაგვიანებით წარმოდგენა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას - 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე.ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანების სხვა ნებისმიერი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე​1) მომხმარებელთა უფლებების დაცვის თაობაზე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, ასეთი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე​2) მომხმარებელთა უფლებების დაცვის თაობაზე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ასეთი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სესხის გამცემი სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ზ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებიდან“ გამომდინარე, ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სესხის გამცემი სუბიექტი დაჯარიმდება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ასეთი მოთხოვნის დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

თ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების მასშტაბური დარღვევის შემთხვევაში, სესხის გამცემი სუბიექტი დაჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობითთ

ი) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 17 თებერვლის №14/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსით“ დადგენილი ნებისმიერი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას - 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

კ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სესხის გამცემი სუბიექტი დაჯარიმდება 1 000  (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ლ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესიდან“ გამომდინარე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში სესხის გამცემი სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

მ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესიდან“ გამომდინარე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების განმეორებით ან მრავალჯერადი შეუსრულებლობის შემთხვევაში სესხის გამცემი სუბიექტი დაჯარიმდება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

1​1. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №194/04 ბრძანების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

1​2. სესხის გამცემი სუბიექტის მიერ მომსახურების გაწევისას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა:

ა) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევით გაფორმებულ თითოეულ დოკუმენტზე, მათ შორის, უსამართლო სტანდარტული პირობით/პირობებით გაფორმებულ თითოეულ ხელშეკრულებაზე, გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უსამართლო კომერციული საქმიანობა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა ნებისმიერი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

2. მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის, ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებითა ან/და წერილობითი მითითებებით აკრძალული ოპერაციების წარმოების შემთხვევაში სესხის გამცემი სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. აღნიშნული მოთხოვნების განმეორებით დარღვევა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ივლისის ბრძანება №135/04 - ვებგვერდი, 10.07.2020 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 29 ივლისის ბრძანება №108/04 - ვებგვერდი, 30.07.2021 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №168/04 - ვებგვერდი, 22.11.2021 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 4 მაისის ბრძანება №50/04  - ვებგვერდი, 05.05.2022 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 18 იანვრის ბრძანება №8/04 - ვებგვერდი, 18.01.2024წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 23 იანვრის ბრძანება №13/04 - ვებგვერდი, 24.01.2024წ.
 

მუხლი 2​1. ფულადი ჯარიმები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისათვის

1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობით გამოწვეული დარღვევები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) განსაკუთრებით მძიმე დარღვევები;

ბ) მძიმე დარღვევები;

გ) ნაკლებად მძიმე დარღვევები.

2. განსაკუთრებით მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) დადგენილ ვადებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ ყადაღასთან მიმართებაში;

ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის, ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის  მიზნებისათვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის (რომელიც  უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების, მათ შორის, დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენას და პირის ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით   და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში) არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

ე​​1) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთან ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებული ოპერაციების (გარიგების) გამოვლენის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) სესხის გამცემი სუბიექტის შემოწმების პროცესში, ეროვნული ბანკისთვის მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარუდგენლობა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის;

ზ) სესხის გამცემი სუბიექტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ხელის შეშლა, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

თ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად, სესხის გამცემი სუბიექტისთვის წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ფაქტზე;

ი) ადგილზე შემოწმების შედეგად, სესხის გამცემი სუბიექტისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ფაქტზე;

კ) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

3. მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) პირისთვის (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) სესხის გამცემი სუბიექტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის კლიენტს არ აქვს რისკი მინიჭებული – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

დ) რისკის შესაბამისად კლიენტის/ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის განუახლებლობა ან/და ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მიუღებლობა (გარდა პოლიტიკურად აქტიური პირისა) – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ე) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ვ) კლიენტისათვის რისკის მინიჭება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და სესხის გამცემი სუბიექტის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

ზ)  კლიენტთან მიმართებაში სესხის გამცემი სუბიექტი არ ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლას – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

თ) კლიენტის საქმიანობის არსის ან/და საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დაუდგენლობა – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

ი) სესხის გამცემ სუბიექტს არ აქვს შემუშავებული შიდა კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ან მის მიერ შემუშავებული/დანერგილი პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს  – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

კ) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ლ) სესხის გამცემი სუბიექტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების გაგზავნისას სესხის გამცემი სუბიექტის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად  წარდგენა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ არასწორად წარდგენილ ანგარიშგებასთან მიმართებაში;

მ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის ან სესხის გამცემი სუბიექტის ხელთ არსებული  დოკუმენტების/ინფორმაციის არასწორად წარდგენის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) სესხის გამცემი სუბიექტის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით ან/და სესხის გამცემი სუბიექტის ხელთ არსებული  ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადის გადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში.

4. ნაკლებად მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა)  პირების (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, მის მიერ განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღრიცხვისათვის ან/და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი)  ლარის  ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) სესხის გამცემი სუბიექტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ბ.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ბ.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისთვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

გ) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის 30 კალენდარულ დღემდე დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ე) ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების (გარდა შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა) არასწორად ან/და არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 

5. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭება სისტემატური დარღვევის სტატუსი და გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარმოუდგენლობა, თუ სესხის გამცემი სუბიექტი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას –10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით  წარმოუდგენელ ანგარიშგებაზე;

ბ) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის 30 დღემდე დაგვიანებით წარმოდგენა, თუ სესხის გამცემი სუბიექტი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-4 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ დაგვიანებით წარმოდგენილ ანგარიშგებაზე;

გ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების  დადგენილ ვადაში განმეორებით შეუსრულებლობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

დ) ადგილზე შემოწმების შედეგად სესხის გამცემი სუბიექტისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში განმეორებით შეუსრულებლობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

ე) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის აღურიცხაობის ფაქტის განმეორება იმავე პირთან ან/და ოპერაციებთან (გარიგებებთან) მიმართებაში უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე განმეორებით იმავე პირისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში, თუ სესხის გამცემი სუბიექტი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ზ) განმეორებით იმავე კლიენტის (ან/და კლიენტის სახელით მოქმედი პირის)  იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის შემთხვევაში, თუ სესხის გამცემი სუბიექტი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

6. თუ სესხის გამცემი სუბიექტის შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა ისეთი დარღვევა, რომლისთვისაც სესხის გამცემი სუბიექტის მიმართ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, ან/და გარკვეული დარღვევა/დარღვევები სესხის გამცემი სუბიექტისთვის ქმნის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სისტემურ რისკს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სესხის გამცემი სუბიექტი დააჯარიმოს 100 000 (ასი ათასი) ლარის  ოდენობით ან/და გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №226/04 - ვებგვერდი, 23.12.2020 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 15 ივლისის ბრძანება №101/04 - ვებგვერდი, 16.07.2021წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №168/04 - ვებგვერდი, 02.12.2022წ.

 

მუხლი 2​2. სხვა სანქციების გამოყენების წესი

1. დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის სესხის გამცემი სუბიექტის მიმართ ამ წესის 2​1 მუხლით განსაზღვრული ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, იმავე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სესხის გამცემი სუბიექტის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) სესხის გამცემ სუბიექტს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ სესხის გამცემმა სუბიექტმა შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;

გ) სესხის გამცემ სუბიექტს აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა;

დ) სესხის გამცემ სუბიექტს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები;   

ე) სესხის გამცემ სუბიექტს გაუუქმოს რეგისტრაცია.

2. ამ წესის 2​1 მუხლით გათვალისწინებული დარღვევების გამოვლენისას, დარღვევისა და არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სესხის გამცემი სუბიექტის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების ნაცვლად გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სანქციები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 1 მაისის ბრძანება №109/04 - ვებგვერდი, 02.05.2025 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“, №218/04, 27.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016345 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4334464-10/