დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.11.2018 ძალადაკარგული 28.02.2025
ნომერი
№258/04
სარეგისტრაციო კოდი
220010020.18.011.016356
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №258/04

2018 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 52​3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-18 პუნქტის, აგრეთვე 30-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესი.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
+



დაგროვებითი საპენსიო სქემის  საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების  ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს მოთხოვნებს იმ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალურ საკრედიტო რეიტინგთან დაკავშირებით, რომლებშიც შესაძლოა განთავსდეს დაგროვებითი საპენსიო სქემის საპენსიო აქტივები (შემდგომში – საპენსიო აქტივები); ასევე ადგენს მოთხოვნებს საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის, ვადებისა და პროცედურების მიმართ.

2. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით, სსიპ – საპენსიო სააგენტო შეიმუშავებს და საქართველოს ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის კონკრეტულ მეთოდოლოგიას.


+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები.

+
მუხლი 3. მოთხოვნები საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების  მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგის მიმართ
1. იმ ფინანსურ  ინსტრუმენტებს,  რომლებშიც  შესაძლებელია  განხორციელდეს  საპენსიო აქტივების ინვესტირება, უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი შემდეგი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებული საჯაროდ ხელმისაწვდომი რეიტინგი: Standard & Poors (S&P), Moody’s, Fitch და Scope Ratings. თუ მითითებული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგები განსხვავებულია, მხედველობაში მიიღება საშუალო რეიტინგი.

2. ამ  მუხლის  პირველი  პუნქტის  შესაბამისად  მინიჭებული  საკრედიტო  რეიტინგი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა)  საქართველოს  რეზიდენტი  ემიტენტების  მიერ  გამოშვებული  საინვესტიციო  ფინანსური ინსტრუმენტებისთვის,   ფინანსური  ინსტრუმენტის  ან  ემიტენტის  საკრედიტო  რეიტინგის  მაჩვენებელი არ უნდა იყოს ქვეყნის რეიტინგზე ერთი საფეხურით დაბალ საკრედიტო რეიტინგზე ნაკლები. ქვეყნის რეიტინგზე ერთი საფეხურით დაბალი  საკრედიტო რეიტინგის მქონე ფინანსური ინსტრუმენტები არ უნდა აჭარბებდეს მთლიანი საპენსიო აქტივების 10 პროცენტს;

ბ) საქართველოს არარეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის,   ფინანსური   ინსტრუმენტის   ან  ემიტენტის   საკრედიტო   რეიტინგის  მაჩვენებელი უნდა აღემატებოდეს „BBB-“/„Baa3”-ს;

გ) საქართველოს არარეზიდენტ ორგანიზაციაში ფულადი სახსრებისა და დეპოზიტების განთავსების შემთხვევაში, ორგანიზაციის რეიტინგი უნდა აღემატებოდეს “A-” ან „A3”-ს.

3. ამ მუხლის  მეორე პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული  მოთხოვნა არ ვრცელდება საქართველოში ლიცენზირებულ  კომერციულ  ბანკებში განთავსებულ  ფულად სახსრებსა და დეპოზიტებზე,  თუ აღნიშნულ კომერციულ ბანკებს მინიჭებული აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი.

4. დაუშვებელია საპენსიო აქტივების 5 პროცენტზე მეტის ინვესტირება ერთი ემიტენტის ან ერთი ჯგუფის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (გარდა ფულადი სახსრებისა და საბანკო დეპოზიტებისა). დაუშვებელია ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული ერთი ემისიის ფარგლებში გამოშვებული ფასიანი ქაღალდების 20 პროცენტზე მეტის ფლობა, აგრეთვე ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდების 10 პროცენტზე მეტის ფლობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული, არანაკლებ АА- (ან მისი ეკვივალენტური) საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ემიტირებულ ფასიან ქაღალდებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №160/04 - ვებგვერდი, 09.09.2020 წ.


+
მუხლი 4. საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლა
1.    შეფასების    დღისთვის,    მთლიანი    საპენსიო    აქტივების ღირებულება  განისაზღვრება,    როგორც    საპენსიო    სქემის მფლობელობაში არსებული ყველა აქტივის ღირებულების ჯამი.

2. საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებას წარმოადგენს სხვაობა საპენსიო აქტივების მთლიან ღირებულებასა და საპენსიო სქემის მთლიან ვალდებულებებს შორის.

3. საპენსიო სქემის ვალდებულებები შესაძლოა იყოს შემდეგი:

ა) საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული გადასახდელები;

ბ) საპენსიო სქემის მონაწილეებზე საპენსიო აქტივების განაწილებასა და მათი ინდივიდუალური საპენსიო    ანგარიშების დახურვასთან დაკავშირებული გადასახდელები;

გ) საპენსიო განაცემები; 

დ)  სპეციალიზებული   დეპოზიტარისა   და  აქტივების  მმართველი  კომპანიის  მომსახურებასთან დაკავშირებული გადასახდელები;

ე) ადმინისტრაციული და სხვა სახის გადასახდელები, რომლებიც დაკავშირებულია საპენსიო სქემის ფუნქციონირებასთან.

4. საპენსიო  აქტივების  წმინდა ღირებულების  გამოთვლა  უნდა ხდებოდეს ყოველი სამუშაო დღისთვის. ყოველი სამუშაო დღის   კალკულაცია უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს მომდევნო 2 სამუშაო დღისა.

5. ამ მუხლის შესაბამისად გამოთვლილი საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება უნდა ეცნობოს სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რომელიც ვალდებულია, შეამოწმოს გამოთვლების შესაბამისობა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტითა და საინვესტიციო   პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე სსიპ - საპენსიო სააგენტოს მიერ შემუშავებული წესებით/მეთოდოლოგიით დადგენილ მოთხოვნებთან.

6.  საპენსიო   აქტივების   წმინდა ღირებულება,   სულ  მცირე, კვარტალში ერთხელ, უფასოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საპენსიო სქემის ნებისმიერი მონაწილისთვის.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №160/04 - ვებგვერდი, 09.09.2020 წ.


+
მუხლი 5. სსიპ – საპენსიო სააგენტოს აქტივების შეფასების მეთოდოლოგია
1. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, სსიპ საპენსიო სააგენტომ უნდა შეიმუშაოს კონკრეტული მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობითაც განახორციელებს საპენსიო აქტივების შეფასებას და რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) უნდა ეფუძნებოდეს შეფასების საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, როგორებიცაა, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, აგრეთვე სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის მიერ შემუშავებული, საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობასთან დაკავშირებული გლობალური სტანდარტებით (GIPS) განსაზღვრული შეფასების პრინციპები;

ბ) უნდა მოიცავდეს საპენსიო აქტივების შეფასების მეთოდოლოგიას აქტივის თითოეული ტიპისთვის, რომელშიც განახორციელდება საპენსიო აქტივების ინვესტირება;

გ) უნდა მოიცავდეს შეფასების პროცესში ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიკაციისა და მართვის მექანიზმებს.

2. სსიპ – საპენსიო სააგენტოს მიერ უნდა ხორციელდებოდეს საპენსიო აქტივების შეფასების მეთოდოლოგიის კანონმდებლობასა და საბაზრო პირობებთან შესაბამისობის პერიოდული გადახედვა.

3. სსიპ – საპენსიო სააგენტოს უნდა გააჩნდეს პოლიტიკა და პროცედურები, რათა უზრუნველყოს შეფასებისას დაშვებული შეცდომების პრევენცია, აღმოჩენა და გასწორება.  


+
მუხლი 6. მოთხოვნები აქტივების შეფასების მეთოდოლოგიის მიმართ
1. საპენსიო აქტივების შეფასება უნდა მოხდეს სამართლიანი ღირებულებით.

2. საპენსიო აქტივების შეფასების კონკრეტული მეთოდოლოგიის განსაზღვრისას, სსიპ – საპენსიო სააგენტოს მიერ გამოყენებული უნდა იქნეს შეფასების შემდეგი იერარქია:

ა) თუ შეფასების თარიღისთვის შესაფასებელი აქტივი ან მისი იდენტური აქტივი აქტიურად ივაჭრება საფონდო ბირჟაზე ან სხვა ორგანიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე, მაშინ საპენსიო აქტივი უნდა შეფასდეს შეფასების დღისთვის საფონდო ბირჟაზე ან ორგანიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე დაფიქსირებული შესყიდვის, დახურვის ან საშუალო ფასით;

ბ) თუ  ამ  პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებული   მეთოდის  გამოყენებით  შეფასება  შეუძლებელია, აქტივის  შეფასება  უნდა განხორციელდეს შეფასების   საერთაშორისოდ   აღიარებული   პრინციპების შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, ჩაითვლება, რომ აქტივი საფონდო ბირჟაზე ან ორგანიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე აქტიურად ივაჭრება, თუ ბირჟაზე/პლატფორმაზე აღნიშნულ აქტივზე გარიგება დაიდო უკანასკნელი 20 სავაჭრო დღის განმავლობაში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, ფასიან ქაღალდებთან მიმართებით, თუ საფონდო ბირჟაზე ან სხვა ორგანიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე დაფიქსირებული ფასი მათ რეალურ ღირებულებას არ ასახავს, სსიპ – საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია შეფასებისთვის გამოიყენოს აქტივის სამართლიანი ღირებულების დადგენის სხვა მეთოდები.

5. საპენსიო  სქემაში შემავალი ფულადი სახსრები  და დეპოზიტები  აქტივების  ღირებულების  გამოთვლისას აღირიცხება მათი ნომინალური ღირებულებით, შეფასების თარიღისთვის დარიცხული სარგებლის და გაუფასურების რეზერვის ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

6. საპენსიო სქემაში შემავალი უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები მათი ღირებულების გამოთვლისას აღირიცხება შეფასების თარიღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

7. აქტივების შეფასებაში მითითებული უნდა იყოს ყველა ის დაშვება, რომელიც გამოყენებულ იქნა შეფასების პროცესში.

8. აქტივების შეფასების მეთოდოლოგია, მისი პოლიტიკა/პროცედურები, მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების ჩათვლით, უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №160/04 - ვებგვერდი, 09.09.2020 წ.


+
მუხლი 7. გარდამავალი დებულება
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ერთი ემიტენტის ან ერთი ჯგუფის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (გარდა ფულადი სახსრებისა და საბანკო დეპოზიტებისა) საპენსიო აქტივების ინვესტირების ლიმიტია 15 პროცენტი. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული, არანაკლებ АА- (ან მისი ეკვივალენტური) საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ემიტირებულ ფასიან ქაღალდებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №160/04 - ვებგვერდი, 09.09.2020 წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“, №258/04, 30.11.2018, სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016356 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4378917-1/