სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.12.2018 ბოლო ცვლილება 28.02.2026
ნომერი
№366
სარეგისტრაციო კოდი
010340020.22.027.016866
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №366

2018 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

პენიტენციური კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №980 - ვებგვერდი, 26.01.2024წ.


1. დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანება;

ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №57 ბრძანება;

გ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის №39 ბრძანება.

3. ამ დებულების ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებათა გატარება დაევალოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.
4. ეს ბრძანება, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 22 თებერვლიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის ბრძანება №380 - ვებგვერდი, 14.02.2019 წ.


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
+



სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტატუსი, ატრიბუტიკა და იურიდიული მისამართი

1.  სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, პენიტენციური კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს სახელმწიფოს.

4.  სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0186, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №18.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №980 - ვებგვერდი, 26.01.2024წ

 

მუხლი 2. სამსახურის მიერ გამოსაყენებელი ატრიბუტიკა

1. სამსახურს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

2. სამსახურის მიერ სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.

3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამსახურის ბლანკებსა და სამსახურის ადმინისტრაციულ შენობათა შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებათა ბლანკებსა და შენობების შესასვლელების აბრებზე.

4. სამსახურს აქვს ემბლემა (დანართი №1). სამსახურის ემბლემა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურის ბლანკებსა და სამსახურის ადმინისტრაციულ შენობათა შესასვლელების აბრებზე, სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებათა ბლანკებსა და შენობების შესასვლელების აბრებზე, სამსახურის სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობებსა და სავიზიტო ბარათებზე, სამსახურებრივ ფორმებზე, სამსახურის ბეჭდვით გამოცემებსა და ბეჭდებზე, საკანცელარიო ნივთებზე, სუვენირებსა და სხვა საგნებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 12 მარტის ბრძანება №389 - ვებგვერდი, 12.03.2019 წ.

 

მუხლი 3. სამსახურის ფინანსები და ქონება

1. სამსახური ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

3. სამსახურს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.

4. სამსახურის ქონებას შეადგენს მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და ფინანსური რესურსები.

 

მუხლი 4. სამსახურის ანგარიშვალდებულება

1. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.

2. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად/ბათილად ცნოს სამსახურის ხელმძღვანელის აქტები და მოქმედებები მიზანშეუწონლობის მოტივით, ან თუ ისინი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.

3. მინისტრი უფლებამოსილია სამსახურის ხელმძღვანელის აქტები ძალადაკარგულად ცნოს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით.

4. სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს მინისტრისა და სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა ინფორმირება სამსახურის გამგებლობის სფეროში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

5. სამსახური ვალდებულია სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს/თანამდებობის პირებს მიაწოდოს ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.

თავი II

სამსახურის მმართველობის სფერო, ამოცანები და უფლებამოსილება

მუხლი 5.  სამსახურის ამოცანები

სამსახურის ამოცანებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება;

ბ) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი უფლებების დაცვა;

გ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვა;

დ) პენიტენციური დაწესებულების დაცვა;

ე) პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა;

ვ) პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ზ) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №980 - ვებგვერდი, 26.01.2024წ

 

მუხლი 6. სამსახურის უფლებამოსილება

სამსახურის უფლებამოსილებებია:

ა) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დასაცავად თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება (მათ შორის, პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგის შესრულების ზედამხედველობა) და ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;

ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ესკორტირება (პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას, გადაყვანისას და ექსტრადიციისას);

გ) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავება და განხორციელება;

დ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დასაცავად კრიზისული ვითარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მართვისას ინტერვენციის, სპეციალური ან/და სხვა ღონისძიებების განხორციელება;

ე) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე სამსახურის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის უზრუნველყოფა;

ვ) პენიტენციური დაწესებულების საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა, შესაბამისი მონაცემების დამუშავება და ანალიზი;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება;

თ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესახებ მონაცემების დამუშავება და სათანადო მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;

ი) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმისა და ბრალდებულთა რეესტრის/მსჯავრდებულთა რეესტრის წარმოება;

კ) პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი, პენიტენციურ დაწესებულებაში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება;

ლ) პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;

მ) სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ნ) სამსახურის მატერიალური და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა (მათ შორის, სამსახურის ბალანსზე რიცხული ობიექტების დაცვა), შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და განხორციელება;

ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

პ) მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №980 - ვებგვერდი, 26.01.2024წ

თავი III

სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი

მუხლი 7. გენერალური დირექტორი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი (შემდგომში – გენერალური დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. გენერალური დირექტორი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და წყვეტს სამსახურის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) წარმოადგენს სამსახურს და ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესრულებაზე სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზედამხედველობს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა საქმიანობას;

ე)  მინისტრს დასანიშნად წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურებს;

ვ) მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებს;

ზვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეებს;

თ)  კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის მოსამსახურეს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;

ი) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სამსახურის საშტატო ნუსხას;

კ) (ამოღებულია - 25.01.2024, №980);

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმიისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებსა და ინსტრუქციებს;

მ) მინისტრს წარუდგენს სამსახურის მოსამსახურეებს სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;

ნ)  მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პენიტენციური დაწესებულების დებულების პროექტს;

ო) წყვეტს სამართლებრივ დავას სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის;

პ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის ხარჯთაღრიცხვას;

ჟ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის საქმისწარმოების წესს;

რ) წელიწადში არანაკლებ ორჯერ, ასევე, მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;

ს) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ტ) კანონით დადგენილი წესით, სამსახურებრივად ზედამხედველობს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამსახურის თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს;

უ) კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხებს;

ფ) ძალადაკარგულად/ბათილად ცნობს სამსახურის თანამდებობის პირთა სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს მთავრობის, მინისტრისა და სხვა ნორმატიულ აქტებს, აგრეთვე გენერალური დირექტორის სამართლებრივ აქტებს;

ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჩერებს სამსახურის თანამდებობის პირთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას; გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;

ღ) მინისტრთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებასა და მისი გაგრძელების, აგრეთვე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დამოუკიდებლად შემოღებული განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ;

ყ) მინისტრის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას კრიზისული ვითარების მართვის პროცესში სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალურ ღონისძიებათა (ინტერვენციების) რაზმების ჩართვის შესახებ;

შ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სამსახურის გენერალურ დირექტორს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე თავისი უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეზე/მოადგილეზე ან სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №980 - ვებგვერდი, 26.01.2024წ

 

მუხლი 8.  გენერალური დირექტორის მოადგილეები

1. გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. გენერალური დირექტორის პირველ მოადგილესა და მოადგილეს გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მოადგილე. სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის საკურატორო სფეროები განისაზღვრება მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებით. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული უფლებამოსილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გადასცეს პირველ მოადგილეს/მოადგილეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 10 იანვრის ბრძანება №372 - ვებგვაერდი, 11.01.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №980 - ვებგვერდი, 26.01.2024წ

 

მუხლი 9. სამსახურის თანამდებობის პირები

1. სამსახურის თანამდებობის პირები არიან სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება გენერალურ დირექტორს ან კურატორ გენერალური დირექტორის მოადგილეს.

3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) აკონტროლებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

დ) ხელს აწერს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;

ე) წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას;

ვ) გენერალურ დირექტორსა და კურატორ გენერალური დირექტორის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;

თ) შუამდგომლობს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ი)  ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №980 - ვებგვერდი, 26.01.2024წ

თავი IV

სამსახურის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფები

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №980 - ვებგვერდი, 26.01.2024წ

მუხლი 10.  სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მეშვეობით.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) პენიტენციური დეპარტამენტი;

ბ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

დ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ე) სამედიცინო დეპარტამენტი;

ვ) ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ზ) მონიტორინგის დეპარტამენტი.

3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებითა და სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, ხოლო სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია – პენიტენციური დეპარტამენტისა და ამ სტრუქტურული ერთეულის დებულებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 10 იანვრის ბრძანება №372 - ვებგვაერდი, 11.01.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №980 - ვებგვერდი, 26.01.2024წ
 

მუხლი 11. პენიტენციური დაწესებულება

1. პენიტენციური დაწესებულება არის მინისტრის სამართლებრივი აქტით შექმნილი დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში.

2.   პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი, აგრეთვე პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით. პენიტენციური დაწესებულების დებულებას სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №980 - ვებგვერდი, 26.01.2024წ.

 

 

მუხლი 12. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები და მათი სტრუქტურული ერთეულები

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამსახურის სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურის ადამიანური რესურსების მართვა;

გ) სამსახურის საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

დ) სამსახურის საარქივო საქმიანობის უზრუნველყოფა;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ვ) (ამოღებულია - 22.11.19 №460);

ზ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა და კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან სამსახურის საქმიანობის კოორდინაცია;

თ) სამსახურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;

ი) სამსახურის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა)  სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

გ) საქმისწარმოების სამმართველო;

დ) (ამოღებულია - 22.11.19 №460);

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ანალიტიკის განყოფილება.

3. ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურის ფუნქციონირებისა და მისი ამოცანების ჯეროვნად შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე სხვადასხვა მომსახურებების განსაზღვრა და შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფა;

გ) სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;

დ) სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა, გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, გამოყენების კონტროლი და კომპეტენციის ფარგლებში განკარგვა.

4. ეკონომიკური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველო;

ბ) შესყიდვების სამმართველო;

გ) საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;

დ) ქონების მართვის სამმართველო;

ე) მომარაგების სამმართველო;

ვ) ინფრასტრუქტურული განვითარების სამმართველო.

5. სამედიცინო დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, და ამ მიზნით, პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებების შესაბამისად, მათი დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა;

ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და კონტროლი; 

გ) პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე ზრუნვა.

6. სამედიცინო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული სერვისების სამმართველო;

ბ) სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველო.

7. ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანაა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხების განმხილველი სამსახურის ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა.

8. (ამოღებულია - 25.01.2024, №980).

9. (ამოღებულია - 26.08.20 №601). 

10. მონიტორინგის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა)  სამსახურის მოსამსახურეთა და სამსახურში მიღებულ სამხედრო მოსამსახურეთა – წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი და დარღვევებზე რეაგირება;

ბ) სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის კონტროლი და დარღვევებზე რეაგირება;

გ) სამსახურსა და პენიტენციურ დაწესებულებებში ხარვეზებისა და პრობლემების გამოვლენა და მათზე რეაგირება;

დ) სამსახურის სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის ფარგლებში ხარვეზებისა და პრობლემების გამოვლენა, მათზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ე) სამსახურის გამგებლობის სფეროში სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავებისა და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა;

ვ) სამსახურის სისტემაში სამსახურის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; შიდა აუდიტორული საქმიანობისა და სამსახურის სისტემის მდგომარეობის შესახებ გენერალური დირექტორის პერიოდული ინფორმირება.

11. მონიტორინგის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო;

ბ) თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის სამმართველო;

გ) მომსახურების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამმართველო;

დ) (ამოღებულია - 22.11.19 №460);

ე) სტატისტიკის სამმართველო;

ვ) შიდა კონტროლისა და აუდიტის სამმართველო.

12. პენიტენციური დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვისა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ)  პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული პენიტენციური კოდექსით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების უშუალო შესრულება;

გ) (ამოღებულია - 10.01.19 №372);

დ) სამსახურისა და სამსახურისადმი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღების საქმიანობისა და მოქალაქეთა სატელეფონო მომსახურების უზრუნველყოფა.

12​​1. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა)  მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ზრუნვა და ამ მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, მათ შორის, დანაშაულთა პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობა;
ბ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება

13. პენიტენციური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) უსაფრთხოების მთავარი სამმართველო;

ბ)  გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველო;

გ) ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველო;

დ) (ამოღებულია - 10.01.19 №372).

14. პენიტენციური დაწესებულებები ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში და ისინი იქმნება მინისტრის სამართლებრივი აქტით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 10 იანვრის ბრძანება №372 - ვებგვაერდი, 11.01.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №460 - ვებგვერდი, 22.11.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №601 - ვებგვერდი, 26.08.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №634 - ვებგვერდი, 30.09.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება №638 - ვებგვერდი, 06.10.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 ივნისის ბრძანება №732 - ვებგვერდი, 01.07.2021 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №980 - ვებგვერდი, 26.01.2024წ.

თავი V

სამსახურის საბჭოები და კომისია

მუხლი 13. სამსახურის საბჭოები და კომისია

1. (ამოღებულია - 25.01.2024, №980).

2. სამსახურთან იქმნება სამსახურის ადგილობრივი საბჭო – სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. ადგილობრივი საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა, აგრეთვე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3.  სამსახურის საკოორდინაციო საბჭო იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთაგან კანდიდატების შერჩევისა და ადგილობრივი საბჭოს წევრებად წარდგენის, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან კანდიდატის შერჩევისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულთა პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრად წარდგენის მიზნით. საკოორდინაციო საბჭოს უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

4. სამსახურთან არსებობს სამსახურის ფსიქიატრიული კომისია, რომლის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №980 - ვებგვერდი, 26.01.2024წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №366, 22.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.027.016866 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4421112-9/