ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.07.2019 ძალადაკარგული 10.10.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№338
სარეგისტრაციო კოდი
130000000.10.003.021356
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №338

2019 წლის 17 ივლისი

 ქ. თბილისი

 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 196 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები, სოციალური დაცვის გარანტიები“.
მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 7 ივნისიდან.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2020 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები, სოციალური დაცვის გარანტიები

თავი I

ზოგადი დებულებანი


მუხლი 1. რეგულირების  სფერო

ეს წესი განსაზღვრავს და აწესრიგებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში (შემდგომში – საბჭოს აპარატი) მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესსა და პირობებს,  სოციალური დაცვის გარანტიებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საბჭოს აპარატის მოსამსახურე – მოხელე, რომელიც ინიშნება საბჭოს აპარატის საშტატო თანამდებობაზე, ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საბჭოს აპარატში დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;

გ) ახლო ნათესავი – პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, აგრეთვე მშობლის ან შვილის გერები;

დ) ხელმძღვანელი – საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და მათი მოადგილები, საბჭოს აპარატის უფროსი და მოადგილე.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.

მუხლი 3. სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები

1. საბჭოს აპარატში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი და  სხვა კანონები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, პრემიერ-მინისტრისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის (შემდგომში – საბჭოს მდივანი) ან მის მიერ უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტები.

2. საბჭოს აპარატის საქმიანობის რეგულირებისას აპარატზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე, 75-ე და 103-ე მუხლები.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.

მუხლი 4. სამსახურის პრინციპები

საბჭოს აპარატში სამსახურს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების პატივისცემის, მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის, შრომისთვის წახალისების, თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და უნარის გათვალისწინებით, მათი სამსახურებრივი დაწინაურების პრინციპები.

მუხლი 5. მოსამსახურის უფლებები

1. მოსამსახურეს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვს:

ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლებითაც განსაზღვრულია მისი უფლება-მოვალეობები;

ბ) დადგენილი წესით, მიიღოს ყველა ინფორმაცია და მასალა, რომლებიც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვის;

გ) დადგენილი წესით, დაწინაურდეს  შესაბამის თანამდებობაზე;

დ) გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები, რომლებიც, საბჭოს აპარატის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, ატაროს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

3. მოსამსახურეს სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა საბჭოს აპარატის უფროსის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.

მუხლი 6.  მოსამსახურის მოვალეობები

1. მოსამსახურე ვალდებულია:

ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესითა და უფლებამოსილი პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, ასევე სხვა სამართლებრივი აქტებით;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განუხრელად შეასრულოს ხელმძღვანელობის დავალებები, გარდა ისეთი დავალებებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

გ) დაიცვას ნებისმიერი სახის ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები;

დ) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რაც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;

ე) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას. აკრძალულია სამსახურებრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის კერძო ინტერესებისათვის გამოყენება.

2. დაუშვებელია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი სარგებლის მისაღებად.

3. მოსამსახურე ვალდებულია, სპეციალური მოთხოვნის გარეშე შეასრულოს იმ სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ან უკავშირდება მის სამსახურებრივ ადგილს.

4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის სამოქალაქო ტანსაცმელში ღიად, თვალსაჩინოდ ტარება დაუშვებელია.

5. საბჭოს აპარატის მოსამსახურე ვალდებულია, შეასრულოს უშუალო უფროსის ან სხვა ზემდგომი პირების დავალება სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით. საბჭოს აპარატის მოსამსახურემ ზემდგომი უფროსის დავალება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უშუალო უფროსს.

6. დაუშვებელია, წინასწარი შეცნობით, საბჭოს აპარატის მოსამსახურის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში, მოსამსახურემ უარი უნდა თქვას ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე და იმოქმედოს კანონის ფარგლებში.  მოსამსახურეზე, რომელიც უარს ამბობს უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, არ გავრცელდება არანაირი დისციპლინური ან სხვა სახის სანქცია.

7. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამასთან, დგება უკანონო ბრძანების ან მითითების გამცემი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

8. მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის ეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

9. (ამოღებულია - 09.08.2019, №386).

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.

მუხლი 61. პროფესიული მომზადება და საგანმანათლებლო პროგრამები

1. საბჭოს აპარატის ინიციატივით, მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება სხვადასხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელთანაც საბჭოს აპარატს შეიძლება, გაფორმებული ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოსამსახურეს უნარჩუნდება ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო), ნამსახური წლებისათვის ხელფასზე ყოველთვიური დანამატი.

3. თუ მოსამსახურე თეორიულ-პრაქტიკული სწავლების მიზნით მონაწილეობას მიიღებს საბჭოს აპარატის მიერ შეთავაზებულ სპეციალური მომზადების ან სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში, ასევე პარტნიორების მხარდაჭერით დაფინანსებულ პროგრამებში,  მათი დაფინანსების წყაროს მიუხედავად, მოსამსახურესა და საბჭოს აპარატს შორის შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება და მოსამსახურეს უფლება არა აქვს, საკუთარი ინიციატივით გათავისუფლდეს საბჭოს აპარატიდან აღნიშნული პროგრამის დასრულებიდან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. მოსამსახურის მიერ ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, მას შესაძლებელია, დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის, ასევე საბჭოს აპარატის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

4. თუ მოსამსახურესა და საბჭოს აპარატს შორის დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება და მას პროგრამის დასრულებიდან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა საბჭოს აპარატიდან დათხოვნა, მას შესაძლებელია, დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის, ასევე საბჭოს აპარატის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ნორმებისგან გამონაკლისი შეიძლება, განისაზღვროს მხოლოდ საბჭოს აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით საბჭოს მდივანთან შეთანხმებით.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №642 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.

თავი II

მოსამსახურეთა სამსახურში მიღება და თანამდებობრივი გადაყვანა

მუხლი 7. სამსახურში მიღების წესი

1. საბჭოს აპარატში სამუშაოდ მიიღება 21 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და თავისი პიროვნული თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძლებს  მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

2. საქართველოს მოქალაქეთა სამსახურში მიღება ხდება სპეციალური შემოწმების შემდგომ, კონკურსის გარეშე. სპეციალურ შემოწმებას ატარებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საბჭოს აპარატში მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე პირები.

4. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსამსახურეებად მიიღებიან სრული ზოგადი განათლების ან უმაღლესი განათლების მქონე პირები.

5. მოსამსახურეებს, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს/ითხოვს საბჭოს აპარატის უფროსი.

6. გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად პირი აპარატში შეიძლება მიღებულ იქნეს განსაზღვრული დროით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 

7. საბჭოს აპარატის უფროსს უფლება აქვს, საბჭოს აპარატში პირი მიიღოს გამოსაცდელი ვადით, არაუმეტეს ექვსი თვის ვადისა.

8. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე ხდება გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგების შეფასება.

9. გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგებით დასრულების შემთხვევაში, გამოიცემა სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე მიღების შესახებ. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან გამოსაცდელი ვადის გასვლის შემთხვევაში, პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან.

10. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება (გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების დროს) ან დაწინაურება, აგრეთვე მოვალეობის შესრულების დაკისრება. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი, საბჭოს აპარატის უფროსის თანხმობის გარეშე, არ დაიშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.

მუხლი 8. შეზღუდვები საბჭოს აპარატში მიღების დროს

საბჭოს აპარატში არ მიიღება:

ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

გ) პირი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით ან/და ფსიქიკური სნეულებით დაავადებული პირი;

ვ) სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების მქონე პირი;

ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება ახლო ნათესავს;

თ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;

ი) პირი, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.

მუხლი 9. შეუთავსებლობა

მოსამსახურის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 10. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაყვანა

1. (ამოღებულია - 09.08.2019, №386).

2. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაყვანა ხორციელდება:

ა) ზემდგომ თანამდებობაზე – სამსახურებრივი დაწინაურებით;

ბ) თანაბარ თანამდებობაზე – ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან სხვა სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;

გ) დაბალ თანამდებობაზე:

გ.ა) შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებისას;

გ.ბ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე;

გ.გ) პირადი თხოვნით;

გ.დ) დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის საფუძველზე.

3. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება საბჭოს აპარატის უფროსის მიერ საბჭოს მდივანთან შეთანხმებით. შესაბამისი ბრძანება მოსამსახურეს უნდა გააცნოს უშუალო ხელმძღვანელმა.

4. სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით,  შესაბამისი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უფლებამოსილ თანამდებობის პირს შეუძლია, თანამდებობიდან  გადააყენოს მოსამსახურე.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.

მუხლი 11. მოსამსახურის თანამდებობიდან დროებით გადაყენება

1. საბჭოს აპარატის მოსამსახურე, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანებით, შეიძლება გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება საბჭოს აპარატის მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

2. საბჭოს აპარატის მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში, უნდა აღდგეს დაკავებულ თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში, პირს შეიძლება, აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური, არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.

3. თანამდებობიდან გადაყენებულ პირს ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება.

მუხლი 111. მოვალეობის შესრულების დაკისრება

1. დროებით არმყოფი მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი უფლებამოსილია:

ა) არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი გადაუნაწილოს სხვა მოსამსახურეს/მოსამსახურეებს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა), მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;

ბ) არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი დააკისროს სხვა მოსამსახურეს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.

2. მოსამსახურეს შეუძლია, უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში დასტურდება სამედიცინო დასკვნით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოსამსახურეს შეუძლია:

ა) ამავე დაწესებულებაში დროებით არმყოფი მოსამსახურის შეცვლის მიზნით შეასრულოს მისი მოვალეობა ამ მოსამსახურის არყოფნის ვადით;

ბ) ამავე დაწესებულებაში ვაკანტური თანამდებობის არსებობის გამო შეასრულოს მოსამსახურის მოვალეობა არაუმეტეს 1 წლისა.

4. მოსამსახურის მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ მოსამსახურის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა.

5. მოსამსახურეებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლიან მოსამსახურეს, საბჭოს აპარატის უფროსის თანხმობის შემთხვევაში, თავიანთი ხელფასის გარდა ეძლევათ დანამატი არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

6. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლის არმყოფ მოსამსახურეს, ეძლევა არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი სარგო.

7. ხელმძღვანელების დროებით არყოფნის შემთხვევაში, მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს უფლებამოსილი პირის ბრძანებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.

თავი III

სამსახურებრივი დისციპლინა

მუხლი 12. სამსახურებრივი დისციპლინა საბჭოს აპარატში

საბჭოს აპარატში სამსახურებრივი დისციპლინა გულისხმობს მოსამსახურის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, ფიცის, ხელშეკრულების პირობების, მუშაობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, უშუალო ან/და ზემდგომი უფროსის ბრძანებების, მითითებებისა და მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

მუხლი 13. ხელმძღვანელის მოვალეობები სამსახურებრივი დისციპლინის დასაცავად

1. ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებული მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე.

2. ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) შეუქმნას მოსამსახურეებს შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები;

ბ) მოსამსახურეებს ჩაუნერგოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე პასუხისმგებლობის გრძნობა;

გ) უზრუნველყოს ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებისას;

დ) პატივი სცეს მოსამსახურის პირად ღირსებას.

მუხლი 14.  წახალისება სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისთვის

1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, აგრეთვე საქმიანობაში მიღწეული დადებითი შედეგებისთვის მოსამსახურისთვის გათვალისწინებულია წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდო;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა;

ე) სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;

ვ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღწეული წარმატებებისა და ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის  მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.

3. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.

მუხლი 15. დისციპლინური  პასუხისმგებლობის  ზომის  გამოყენება

1. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო, მოსამსახურის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) თანამდებობრივი სარგოს დაკავება, არაუმეტეს 15 დღისა;

დ) სასტიკი საყვედური;

ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;

ვ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;

ზ) უფრო დაბალ თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით;

თ) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება/დათხოვნა.

2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა განისაზღვრება:

ა)  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 3 თვის ვადით;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 6 თვის ვადით;

გ)  ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში – 1 წლის ვადით.

3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება მოხსნილ იქნეს ვადაზე ადრე, თუ მოსამსახურემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ.

4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მოსამსახურის უშუალო უფროსს ან ზემდგომ თანამდებობის პირს დასაბუთებული წერილობითი ფორმით (წარდგინება), საბჭოს აპარატის უფროსთან  შეთანხმებით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.

მუხლი 16.  წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების წესი

1. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხორციელდება საბჭოს მდივნის ან საბჭოს აპარატის უფროსის მიერ. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თუ უშუალო უფროსი მიიჩნევს, რომ მოსამსახურე იმსახურებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას ან წახალისებას, იგი ზემდგომი უფროსის წინაშე წარადგენს შესაბამის შუამდგომლობას.

3. დაუშვებელია მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება მისი ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი.

4. (ამოღებულია - 09.08.2019, №386).

5. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება და შესაბამისი დოკუმენტაცია, არსებობის შემთხვევაში. წახალისების ან მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე  მოსამსახურეს ეცნობება პირადად.

6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა იყოს შეფარდებული გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება – არა უგვიანეს ერთი თვისა, დამრღვევის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად.

7. ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომის გამოყენება.

8. ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება, მორიგ წოდებაზე წარდგენა და წახალისება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური დანამატის გაცემა, გარდა ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.

თავი IV

სამსახურის გავლის პირობები

მუხლი 17. სამუშაო დროის ხანგრძლივობა

საბჭოს აპარატის მოსამსახურისთვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.

მუხლი 18. შვებულება

1. მოსამსახურისთვის დგინდება შემდეგი სახის ანაზღაურებადი შვებულებები:

ა) მორიგი ყოველწლიური;

ბ) მოკლევადიანი;

გ) სასწავლო;

დ) ორსულობისა და მშობიარობის გამო.

2. შვებულება მოსამსახურეს ეძლევა საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანებით. საბჭოს აპარატის უფროსს შვებულება ეძლევა საბჭოს მდივნის ბრძანებით.

3. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს შვებულება არ მიეცემა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების თაობაზე“, №338, 17.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.021356 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4617888-3/