„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.02.2021 ბოლო ცვლილება 30.12.2025
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
360010010.22.033.017435
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №24

2021 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 



+
მუხლი 1
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ (შემდგომში – ინსტრუქცია), თანდართულ დანართებთან ერთად.

2. ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად:

ა) 2020 წლის და შემდგომი წლების ფინანსური ანგარიშგება მოამზადონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებმა;

ბ) 2021 წლის და შემდგომი წლების ფინანსური ანგარიშგება მოამზადონ საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებმა.

3. წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული ფორმით, ფინანსური ანგარიშგება კონტროლირებულმა ერთეულებმა მაკონტროლებელ ერთეულებს, ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავმა დაწესებულებებმა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტსა“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს – სახაზინო სამსახურს“ წარუდგინონ  მათ მიერ დადგენილ ვადებში. ხოლო ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს – სახაზინო სამსახურმა“,  წლიური ფინანსური ანგარიშგება წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

+
მუხლი 2
+
მუხლი 3
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, გარდა ამ ბრძანების მე-2 მუხლისა.

2. ამ ბრძანების მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
+




ინსტრუქცია

საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ინსტრუქციის მიზანი

1. წინამდებარე ინსტრუქცია საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე განსაზღვრავს საბიუჯეტო ორგანიზაცი(ებ)ის (შემდგომში – „ერთეულ(ებ)ის“) ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის მეთოდოლოგიურ საფუძვლებს.

2. ინსტრუქციის მიზანია  სახელმწიფო  სახსრების  სწორი  და  გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგების უზრუნველსაყოფად საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ერთიანი უნიფიცირებული ფინანსური ანგარიშგების და განმარტებითი შენიშვნების ფორმების განსაზღვრა.

3. აღნიშნული ინსტრუქცია მომზადებულია შემდეგი საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე:

ა) სსბასს 1 – ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;

ბ) სსბასს 2 – ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგება;

გ) სსბასს 3 – სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები;

დ) სსბასს 4 – უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები;

ე) სსბასს 5 – ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები;

ვ) სსბასს 9 – შემოსავალი გაცვლითი ოპერაციებიდან;

ზ) სსბასს 12 – მატერიალური მარაგები;

თ) სსბასს 13 – იჯარა;

ი) სსბასს 14 – ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენები;

კ) სსბასს 16 – საინვესტიციო ქონება;

ლ) სსბასს 17 – ძირითადი აქტივები;

მ) სსბასს 19 – ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები;

ნ) სსბასს 20 – დაკავშირებულ მხარეთა შესახებ განმარტებითი შენიშვნები;

ო) სსბასს 21 – ფულადი სახსრების არწარმომქმნელი აქტივების გაუფასურება;

პ) სსბასს 23 – შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან (გადასახადები და ტრანსფერები);

ჟ) სსბასს 24 – ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ფინანსურ ანგარიშგებაში;

რ) სსბასს 26 – ფულადი სახსრების წარმომქმნელი აქტივების გაუფასურება;

ს) სსბასს 31 – არამატერიალური აქტივები;

ტ) სსბასს 32 – შეღავათიანი მომსახურების შეთანხმებები: უფლების გადამცემი;

უ) სსბასს 34 – ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება;

ფ) სსბასს 35 – კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება;

ქ) სსბასს 36 – ინვესტიციები მეკავშირე ერთეულებსა და ერთობლივ საქმიანობებში;

ღ) სსბასს 37 – ერთობლივი შეთანხმებები;

ყ) სსბასს 39 – დაქირავებულთა სარგებელი.

მუხლი 2. მოქმედების სფერო

1. წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის ერთიან წესებს, პირობებსა და ფორმებს, რომლებიც სავალდებულოა გამოსაყენებლად როგორც მაკონტროლებელი, ასევე კონტროლირებული ერთეულებისთვის.

2. ერთეულები ფინანსურ ანგარიშგებებს ამზადებენ სსბასს-ების მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმების შესაბამისად, საანგარიშგებო ვალუტაში.

3. ერთეულებს, ერთიანი მეთოდოლოგიისა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დაცვით, უფლება აქვთ დეტალურად ჩაშალონ წინამდებარე ინსტრუქციით დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების და განმარტებითი შენიშვნების ფორმები. ამასთან, კონტროლირებულმა ერთეულმა ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას შესაძლებელია გამოიყენოს მაკონტროლებელი ერთეულის ფინანსური ანგარიშგების და განმარტებითი შენიშვნების ფორმებში აქტივების, ვალდებულებების, წმინდა აქტივების/კაპიტალის, შემოსავლების და ხარჯების ასახვისათვის გამოყენებული დეტალიზაციის დონე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

მუხლი 3. ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის მიზანი

1. სსბასს-ების მოთხოვნების გათვალისწინებით, წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმებით ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის მიზანია სახელმწიფო სახსრების შესახებ ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

2. სსბასს-ების შესაბამისად, ერთეულის ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგებისა და ფულადი სახსრების შესახებ ინფორმაციის წარდგენა დაეხმარება ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები

1. წინამდებარე ინსტრუქციის მიზნებისათვის, ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ანგარიშვალდებული ერთეული – საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციები;

ბ) მაკონტროლებელი ერთეული – საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული მხარჯავი დაწესებულებები;

გ) კონტროლირებული ერთეული – საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული მხარჯავი დაწესებულებების დაქვემდებარებაში მყოფი ერთეულები;

დ) საანგარიშგებო ვალუტა – ეროვნული ვალუტა (ლარი);

ე) საანგარიშგებო პერიოდი – საანგარიშგებო წელი – 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი;

ვ) ანგარიშგების თარიღი – საანგარიშგებო წლის 31 დეკემბერი;

ზ) ანგარიშგების წარდგენის თარიღი –  საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 აპრილი;

თ) ანგარიშგების თარიღის შემდგომი პერიოდი – საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე პერიოდი.

თავი II

ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა

მუხლი 5.  ფინანსური ანგარიშგების მომზადება

1. ერთეულებს ფინანსური ანგარიშგებების მომზადება ევალებათ სსბასს-ების მოთხოვნების გათვალისწინებით, წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმების შესაბამისად.

2. წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმები გამოიყენება როგორც ინდივიდუალური, ასევე კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად.

3. (ამოღებულია - 31.12.2021, №365).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

მუხლი 6. ფინანსური ანგარიშგების მომზადების ძირითადი პრინციპები

1. ფინანსური ანგარიშგების მომზადების ძირითადი პრინციპებია:

ა) სამართლიანი წარდგენა და სსბასს-ებთან შესაბამისობა;

ბ) ფუნქციონირებადი ერთეული;

გ) წარდგენის თანმიმდევრულობა;

დ) არსებითობა და აგრეგირება;

ე) ურთიერთგადაფარვა;

ვ) ინფორმაციის შესადარისობა.

2. ერთეულმა ფინანსური ანგარიშგება უნდა მოამზადოს აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ერთეულის მიერ ვერ ხდება ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპებიდან რომელიმე პრინციპის გათვალისწინება, ერთეულმა აღნიშნული ფაქტი უნდა გაამჟღავნოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.

მუხლი 7. კონსოლიდაცია

1. კონსოლიდიაციას დაქვემდებარებულ ერთეულებს შორის განხორციელებული ოპერაციები ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ამოითიშება და ანგარიშგება მომზადდება ისე, თითქოს ეს ოპერაციები საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა.

2. თუ კონტროლირებული ერთეული ანალოგიური ოპერაციებისა და სხვა მოვლენების აღიარებისთვის იყენებს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებისთვის განსაზღვრული სააღრიცხვო პოლიტიკისაგან განსხვავებულ სააღრიცხვო პოლიტიკას, მაკონტროლებელმა ერთეულმა კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას უნდა გააკეთოს ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი კორექტირება.

მუხლი 8. ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე და წარდგენაზე პასუხისმგებლობა

1. ფინანსური ანგარიშგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (IPSAS) და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებაზე პასუხისმგებელია ბუღალტერი.

2. ფინანსური ანგარიშგების დანიშნულებისამებრ წარდგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ერთეულის ხელმძღვანელს ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელ პირს.

3. ერთეულის ფინანსურ ანგარიშგებას ხელს აწერს ბუღალტერი და ერთეულის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სხვა პირ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

მუხლი 9. ფინანსური ანგარიშგების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა

1. წინამდებარე ინსტრუქციით დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმების შესაბამისად, კონტროლირებული ერთეულები წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებს წარუდგენენ მაკონტროლებელ ერთეულებს, მაკონტროლებელი ერთეულების მიერ დადგენილ ვადებში, ხოლო მაკონტროლებელი ერთეულები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მომდევნო წლის 1 აპრილამდე.

2. მაკონტროლებელმა ერთეულებმა კონტროლირებულ ერთეულებს შესაძლებელია წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებთან ერთად დამატებით მოთხოვონ შუალედური ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა, შესაბამისი პერიოდულობით.

3. მაკონტროლებელმა ერთეულებმა კონსოლიდირებულ (ნაერთ) წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებთან ერთად სახაზინო სამსახურში შესაძლებელია წარადგინონ სხვა დამატებითი ანგარიშები (ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები, აუდიტის დასკვნები და ა.შ), რომლებიც დაეხმარება ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის სწორად აღქმაში და ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში.

4. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დადგენილი ფორმით, განსაზღვრულ ვადებში შესაძლებელია მომზადდეს სალიკვიდაციო ფინანსური ანგარიშგება, რომლის წარდგენა უნდა მოხდეს დანიშნულებისამებრ.

5. მაკონტროლებელი ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების მონაცემების საფუძველზე, სახაზინო სამსახური ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 ივლისამდე ქვეყნდება სახაზინო სამსახურის ვებგვერდზე www.treasury.ge

თავი III

ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურა

მუხლი 10. ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმები

1. ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმები ასახავს საანგარიშგებო პერიოდში მომხდარ ყველა ეკონომიკურ მოვლენას, რომელიც ცვლის ერთეულის აქტივებს, ვალდებულებებს, წმინდა აქტივებს/კაპიტალს, შემოსავლებსა და ხარჯებს.

2. წინამდებარე  ინსტრუქციის  შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმებში შესაბამისი ჩანაწერების შეტანის საფუძველს წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები.

3. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები შესაბამისი პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება ფულად გამოსახულებაში.

4. ფინანსური ანგარიშგების ფორმებია:

ა) ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება;

ბ) ფინანსური შედეგების ანგარიშგება;

გ) წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება;

დ) ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება;

ე) ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება.

5. (ამოღებულია - 31.12.2021, №365).

6. ფინანსური ანგარიშგების ფორმებში ასახული აქტივები, ვალდებულებები, კაპიტალი, შემოსავლები და ხარჯები ერთეულმა უნდა განმარტოს განმარტებითი შენიშვნების ფორმებში.

7. ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმებში აქტივები, ვალდებულებები, წმინდა აქტივები/კაპიტალი, შემოსავლები და ხარჯები წარმოდგენილია ფინანსური ანგარიშგების არსებითობის და აგრეგირების პრინციპის გათვალისწინებით. არსებითი მუხლები დეტალურადაა მოცემული, ხოლო არაარსებითი – აგრეგირებულადაა წარმოდგენილი.

8. ფინანსური ანგარიშგების ფორმებში წარმოდგენილ აქტივების, ვალდებულებების, წმინდა აქტივების/კაპიტალის, შემოსავლების და ხარჯების თითოეულ ჩანაწერს გააჩნია შესაბამისი კოდი (შიფრი), რომელსაც ასევე შეიძლება შეესაბამებოდეს შესაბამისი განმარტებითი შენიშვნა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

თავი IV

ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმები

მუხლი 12. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება

1. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მომზადება ხდება ვერტიკალური ფორმატით და მასში აისახება აქტივები, ვალდებულებები და წმინდა აქტივები/კაპიტალი.

2. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში მიეთითება როგორც საანგარიშგებო წლის მონაცემები ასევე, საანგარიშგებო წლის წინა წლის მონაცემები. ამასთან, წინა წლის მონაცემების ცვლილება დაუშვებელია ერთეულის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილების გარეშე, გარდა კანონმდებლობის შესაბამისად ერთეულის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და სხვ. შემთხვევებისა.

3. აქტივები და ვალდებულებები ფინანსურ ანგარიშგებაში გამიჯნულია გრძელვადიან და მოკლევადიან მუხლებად.

4. (ამოღებულია - 31.12.2021, №365).

5. (ამოღებულია - 31.12.2021, №365).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

მუხლი 13. ფინანსური შედეგების ანგარიშგება

1. ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში აისახება ერთეულის მიერ მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ა) საგადასახადო შემოსავლები;

ბ) შიდა და გარე ტრანსფერებით შემოსავლები;

გ) გაცვლითი ოპერაციებიდან შემოსავლები;

დ) შიდა და გარე ტრანსფერებით ხარჯები;

ე) გაცვლითი ოპერაციებით ხარჯები;

ვ) კურსთაშორის სხვაობით შემოსავლები და ხარჯები;

ზ) სხვადასხვა შემოსავლები და ხარჯები

2. ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში შემოსავლები და ხარჯები წარმოდგენილია როგორც საანგარიშგებო პერიოდისათვის, ასევე, შესადარისობის უზრუნველსაყოფად, წინა საანგარიშგებო პერიოდისათვის.

3. შემოსავლების და ხარჯების სხვაობით მიღებული ფინანსური შედეგი აისახება ნამეტის ან დეფიციტის სახით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

მუხლი 14. წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება

1. წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების შესახებ ანგარიშგება ასახავს საანგარიშგებო პერიოდში ერთეულის კაპიტალის ზრდას/კლებას. წმინდა აქტივების/კაპიტალის საწყისი და საბოლოო ნაშთების შედარების გზით წარდგენილი ინფორმაცია მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის კაპიტალის ზრდაზე/კლებაზე მოქმედი ფაქტორების გასაანალიზებლად.

2. ერთეულმა წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებაში უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) წმინდა აქტივების/კაპიტალის საწყისი ნაშთი;

ბ) სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებით ან/და წინა პერიოდ(ებ)ის არსებითი შეცდომების გასწორებით გამოწვეული კაპიტალის ზრდა/კლება;

გ) წმინდა აქტივების/კაპიტალის გადაანგარიშებული საწყისი ნაშთი;

დ) წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებები:

დ.ა) დამფუძნებლების შენატანები;

დ.ბ) პერიოდის ნამეტი/დეფიციტი;

დ.გ) დამფუძნებლებზე გადახდილი თანხები

ე) წმინდა აქტივების/კაპიტალის საბოლოო ნაშთი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

მუხლი 15. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება

1. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მიზანია ანგარიშგების თარიღისათვის ფულადი სახსრების წყაროების და გამოყენების შესახებ, ასევე, ფულადი სახსრების ნაშთების შესახებ სააღრიცხვო მონაცემებზე ინფორმაციის მიწოდება საანგარიშგებო პერიოდში საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ფულადი სახსრების ნაკადების სახით.

1​1. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება უნდა მომზადდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთეულების მიერ, რომლებიც სსბასს-ების მოთხოვნების შესაბამისად, აკონტროლებენ და მართავენ ფულად სახსრებს:

ა) სახაზინო სამსახურის მიერ, ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციების კუთვნილ ფულად სახსრებთან დაკავშირებით;

ბ) უცხო ქვეყნებში საქართველოს საელჩოების და წარმომადგენლობების და შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ;

გ) მუნიციპალიტეტების და ავტონომიური რესპუბლიკების მიერ, ხაზინის ერთიან ანგარიშზე ადგილობრივი ბიუჯეტების ორგანიზაციების კუთვნილ ფულად სახსრებთან დაკავშირებით;

დ) სხვა ერთეულების მიერ, რომლებიც სსბასს-ების მოთხოვნების შესაბამისად, აკონტროლებენ და მართავენ ფულად სახსრებს.

2. ერთეული ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას ამზადებს პირდაპირი მეთოდის შესაბამისად, რაც გულისხმობს ფულადი შემოსულობების და გადახდების მთლიანი ნაკადების აღრიცხვას საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობებიდან.

3. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში ფულადი სახსრების ნაკადების დაჯგუფება საოპერაციო, საინვესტიციო და ფინანსური საქმიანობების მიხედვით, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეაფასოს თითოეული საქმიანობის გავლენა ერთეულის ფინანსურ მდგომარეობაზე, საქმიანობის სახეებს შორის თანაფარდობა და ერთეულის ფულადი სახსრების ნაშთები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

მუხლი 16. ბიუჯეტის და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება

1. ბიუჯეტის და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგების წარდგენა ხდება მრავალსვეტიანი ფორმატის სახით, სადაც ცალ-ცალკე სვეტებში მიეთითება შემოსულობების და გადასახდელების დამტკიცებული წლიური ბიუჯეტი, დაზუსტებული გეგმური მაჩვენებლები, დაზუსტებული გეგმური მაჩვენებლის ფაქტობრივი შესრულება, ფაქტობრივი შესრულების პროცენტი დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრულ ასიგნებებთან მიმართებით.

2. ბიუჯეტის და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგების მიზნებისათვის, დამტკიცებული ბიუჯეტი ასახავს ერთი საბიუჯეტო პერიოდის მანძილზე მოსალოდნელ შემოსულობებს და გადასახდელებს, რომლებიც დამტკიცებულია საკანონმდებლო ორგანოს მიერ. დამტკიცებული ბიუჯეტი განსხვავდება მოსალოდნელი ფინანსური ინფორმაციისგან, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს პროგნოზის, გეგმის ან ორივეს კომბინაციის სახით.

3. საბოლოო (დაზუსტებული) ბიუჯეტი მოიცავს საბიუჯეტო პერიოდში ერთეულის ან ღონისძიების დასაფინანსებლად თავდაპირველად გამოყოფილი თანხების ყველა ნებადართულ ცვლილებას ან შესწორებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

მუხლი 17. განმარტებითი შენიშვნები

1. ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნების წარდგენა საჭიროა დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნებისთვის, რათა დაეხმაროს მომხმარებელს როგორც ერთეულის ფინანსური მდგომარეობის და ფინანსური შედეგების, ასევე აქტივების მართვის ხარისხის და რესურსების გამოყენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებაში.

2. განმარტებითი შენიშვნები მოიცავს ცხრილებს და ასევე, ტექსტურ ინფორმაციას. ასევე, შეიძლება მოიცავდეს იმ მუხლების შესახებ ინფორმაციასაც, რომლებიც არ აკმაყოფილებს ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარების კრიტერიუმებს.

3. ერთეულებს წინამდებარე ინსტრუქციით თანდართული განმარტებითი შენიშვნების ფორმების შევსების გარდა, რეკომენდაცია ეძლევათ სსბასს-ების შესაბამისად მოამზადონ ასევე სხვა დამატებითი განმარტებითი შენიშვნები, შესაბამისი ნუმერაციის მითითებით, რაც დაეხმარება ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის უკეთ აღქმაში.

4. შენიშვნა 1-ში – სააღრიცხვო პოლიტიკები და სხვა განმარტებითი შენიშვნები -აისახება ერთეულის მიერ არჩეული სააღრიცხვო პოლიტიკების და სხვა ზოგადი განმარტებების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რაც აუცილებელია ფინანსური ანგარიშგების სწორად გასაგებად. კერძოდ:

ა) ინსტრუქციების და სტანდარტების ჩამონათვალი, რის შესაბამისადაც მომზადდა ფინანსური ანგარიშგება, ასევე, სტანდარტების და ინსტრუქციების ის ჩანაწერები, რომელთა გათვალისწინება ვერ მოხდა ფინანსური ანგარიშგების მომზადების/წარდგენის დროს; ასევე, ამ გადახრების გამომწვევი მიზეზები;

ბ) ძირითადი სააღრიცხვო პოლიტიკების აღწერილობები;

გ) სააღრიცხვო პოლიტიკების ცვლილებების აღწერილობა, რომლებიც აისახა ახალი სააღრიცხვო პოლიტიკის რესტროსპექტული გამოყენების სახით, ასევე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარისი ინფორმაცია;

დ) არსებითი შეცდომების აღწერილობა, რომლებიც გასწორდა რეტროსპექტული გადაანგარიშების შედეგად; ასევე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარისი ინფორმაცია;

ე) არაარსებითი შეცდომების აღწერილობა, რომლებიც გასწორდა პერსპექტიულად, მიმდინარე პერიოდის ანგარიშგებაში;

ვ) არსებითი არამაკორექტირებელი მოვლენის შესახებ ინფორმაცია, ფინანსური შედეგის წინასწარ შეფასებასთან ერთად, ან შესაბამისი მიზეზების მითითებით, თუ რატომ ვერ მოხერხდა ფინანსური შედეგების წინასწარი შეფასება.

5. შენიშვნა 2-ში – ფულადი სახსრები და ეკვივალენტები – აისახება ინფორმაცია ეროვნული და უცხოური ვალუტის მიხედვით ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების და მათი ეკვივალენტების შესახებ, ასევე, კომერციულ ბანკებში განთავსებული ფულადი სახსრების და მათი ექვივალენტების შესახებ.

6. შენიშვნა 2ა-ში – მიმდინარე ინვესტიციები და მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებები – აისახება ინფორმაცია მიმდინარე ინვესტიციებისა და მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებების მიმართ გამოყენებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე; საანგარიშგებო პერიოდში წარმოქმნილი მიმდინარე ინვესტიციების (მათ შორის, სესხების და ფასიანი ქაღალდების) შესახებ, სახაზინო ოპერაციებით, საგადასახადო და საპენსიო სქემასთან დაკავშირებული მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებების შესახებ, საქონლისა და მომსახურების გაყიდვებიდან მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებების შესახებ, თანამშრომლებისა და ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებების შესახებ და ა.შ ამასთან, მიმდინარე ინვესტიციების და მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებების თითოეული კატეგორიისათვის აისახება მთლიანი ნაშთი და დაგროვილი გაუფასურების ზარალის/საეჭვო მოთხოვნის ანარიცხის გათვალისწინებით მიღებული საბალანსო ღირებულებები.

7. შენიშვნა 3-ში – მატერიალური მარაგები – აისახება ინფორმაცია: მატერიალური მარაგების მიმართ გამოყენებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე, მატერიალური მარაგების ღირებულებასა და დაგროვილი ღირებულების შემცირების გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, ასევე, საანგარიშგებო პერიოდში მატერიალური მარაგების მიღების/გასვლის გათვალისწინებით, ღირებულების საწყის და საბოლოო ნაშთებზე; მატერიალური მარაგების დაგროვილი ღირებულების შემცირების საწყის და საბოლოო ნაშთებზე საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

8. შენიშვნა 4-ში – სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივები – აისახება ინფორმაცია წინასწარი გადახდებით და სხვა არაფულადი მოთხოვნებით წარმოქმნილი მოკლევადიანი აქტივების მიმართ გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, ასევე, საანგარიშგებო პერიოდის და წინა საანგარიშგებო პერიოდის მონაცემები წინასწარი გადახდებით და სხვა არაფულადი მოთხოვნებით წარმოქმნილი მოკლევადიანი აქტივების თითოეული კატეგორიისათვის.

9. შენიშვნა 5-ში – გრძელვადიანი ფინანსური აქტივები – აისახება ინფორმაცია გრძელვადიანი ფინანსური აქტივების მიმართ გამოყენებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე, გრძელვადიანი ფინანსური აქტივების მთლიან ნაშთებსა და საბალანსო ღირებულების საწყისსა და საბოლოო ნაშთებზე, დაგროვილი გაუფასურების ზარალის გათვალისწინებით. ასევე, ინფორმაცია გრძელვადიანი ფინანსური აქტივების საანგარიშგებო პერიოდში მოძრაობაზე.

10. შენიშვნა 6-ში – ძირითადი აქტივები – აისახება ინფორმაცია ძირითადი აქტივების მიმართ გამოყენებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე, ძირითადი აქტივების ღირებულებასა და დაგროვილი ცვეთის და დაგროვილი გაუფასურების ზარალის გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, ასევე, საანგარიშგებო პერიოდში ძირითადი აქტივების მიღების/გასვლის გათვალისწინებით, ღირებულების საწყის და საბოლოო ნაშთებზე, დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის საწყის და საბოლოო ნაშთებზე საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

11. შენიშვნა 7-ში – საინვესტიციო ქონება – აისახება ინფორმაცია საინვესტიციო ქონების მიმართ გამოყენებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე, საინვესტიციო ქონების ღირებულებასა და დაგროვილი ცვეთის და დაგროვილი გაუფასურების ზარალის გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, ასევე, საანგარიშგებო პერიოდში საინვესტიციო ქონების მიღების/გასვლის გათვალისწინებით, ღირებულების საწყის და საბოლოო ნაშთებზე, დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის საწყის და საბოლოო ნაშთებზე საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

12. შენიშვნა 8-ში – არამატერიალური აქტივები – აისახება ინფორმაცია არამატერიალური აქტივების მიმართ გამოყენებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე, არამატერიალური აქტივების ღირებულებასა და დაგროვილი ამორტიზაციის და დაგროვილი გაუფასურების ზარალის გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, ასევე, საანგარიშგებო პერიოდში არამატერიალური აქტივების მიღების/გასვლის გათვალისწინებით, ღირებულების საწყის და საბოლოო ნაშთებზე, დაგროვილი ამორტიზაციისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის საწყის და საბოლოო ნაშთებზე საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

13. შენიშვნა 9-ში – შეღავათიანი მომსახურების შეთანხმებები – აისახება ინფორმაცია შეღავათიანი მომსახურების შეთანხმებებით აქტივების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, შეღავათიანი შეთანხმებებით მიღებული აქტივების ღირებულებასა და დაგროვილი ცვეთის/ამორტიზაციის და დაგროვილი გაუფასურების ზარალის გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსა და დასაწყისისათვის საბალანსო ღირებულებების, დაგროვილი ცვეთის/ამორტიზაციის და დაგროვილი გაუფასურების ზარალის ცვლილებების შესახებ, ასევე, ინფორმაცია შეღავათიანი მომსახურების შეთანხმებებით წარმოქმნილი ვალდებულებების საწყის და საბოლოო ნაშთებზე საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

14. შენიშვნა 10-ში – ფინანსური იჯარით აქტივები და ვალდებულებები – აისახება ინფორმაცია ფინანსური იჯარით მიღებული აქტივების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, მოიჯარის მიერ ფინანსური იჯარით მიღებული აქტივების ღირებულებასა და დაგროვილი ცვეთის/ამორტიზაციის და დაგროვილი გაუფასურების ზარალის გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსა და დასაწყისისათვის საბალანსო ღირებულებების, დაგროვილი ცვეთის/ამორტიზაციის და დაგროვილი გაუფასურების ზარალის ცვლილებების შესახებ, ასევე, ინფორმაცია ფინანსური იჯარის ხელშეკრულებით წარმოქმნილი ვალდებულებების საწყის და საბოლოო ნაშთებზე საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით,

15. შენიშვნა 11-ში – სხვა არაფინანსური გრძელვადიანი  აქტივები – აისახება ინფორმაცია სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების ღირებულებასა და დაგროვილი ცვეთის და დაგროვილი გაუფასურების ზარალის გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, ასევე, საანგარიშგებო პერიოდში სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მიღების/გასვლის გათვალისწინებით, ღირებულების საწყის და საბოლოო ნაშთებზე, დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის საწყის და საბოლოო ნაშთებზე საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

16. შენიშვნა 12-ში – მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები – აისახება ინფორმაცია მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებების საწყისი და საბოლოო ნაშთების შესახებ, მათი ზრდის/კლების შესახებ საკასო და სხვა ოპერაციების შედეგად და სასესხო ხელშეკრულებების მოკლე აღწერილობების შესახებ.

17. შენიშვნა 13-ში – კრედიტორული დავალიანებები, ანარიცხები და სხვა ვალდებულებები – აისახება ინფორმაცია კრედიტორული დავალიანებების, ანარიცხების და სხვა ვალდებულებების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, მოკლევადიანი და გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებების საწყის და საბოლო ნაშთებზე, მოკლევადიანი და გრძელვადიანი ანარიცხების საწყის და საბოლოო ნაშთებზე, საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, ასევე, სხვა ვალდებულებების შესახებ წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად.

18. შენიშვნა 14-ში – შემოსავლები გადასახადებიდან, გრანტებიდან და სხვა – აისახება ინფორმაცია არაგაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი შემოსავლის აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, საანგარიშგებო პერიოდში არაგაცვლითი ოპერაციებით მიღებული შემოსავლების შესახებ, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, თითოეული მნიშვნელოვანი კატეგორიის მიხედვით, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლების შესახებ, გრანტებით, სხვა გარე ტრანსფერებით და შიდა ტრანსფერებით წარმოქმნილი შემოსავლების შესახებ, შესაბამისი წყაროების გათვალისწინებით და სხვა არაგაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი შემოსავლების შესახებ.

19. შენიშვნა 15-ში – შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებიდან – აისახება ინფორმაცია გაცვლითი ოპერაციებით მიღებული შემოსავლის აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, საანგარიშგებო პერიოდში აღიარებული გაცვლითი ოპერაციებით მიღებული შემოსავლების შესახებ წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, შესაბამისი წყაროების გათვალისწინებით, საკუთრებიდან შემოსავლების, საქონლისა და მომსახურების გაყიდვებით მიღებული შემოსავლების, გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების გაყიდვებით მიღებული შემოსავლების და გაცვლითი ოპერაციებით სხვა შემოსავლების მიხედვით.

20. შენიშვნა 16-ში – საეჭვო (უიმედო) მოთხოვნების/გაუფასურების/ღირებულების შემცირების ხარჯები და უკუგატარებით შემოსავლები – აისახება ინფორმაცია სხვადასხვა შემოსავლების აღიარებასთან დაკავშირებით სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საანგარიშგებო პერიოდში აღიარებული სხვადასხვა შემოსავლების შესახებ, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, თითოეული მნიშვნელოვანი კატეგორიის მიხედვით, წყაროების გათვალისწინებით.

21. შენიშვნა 17-ში – დარიცხული ხარჯები, გრანტები და სუბსიდიები – აისახება ინფორმაცია ხარჯების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, ასევე, საანგარიშგებო პერიოდში გაცვლითი და არაგაცვლითი ოპერაციებით, ასევე, ცვეთით და ამორტიზაციით წარმოქმნილი ხარჯების თითოეული მნიშვნელოვანი კატეგორიის შესახებ წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, წყაროების გათვალისწინებით.

22. შენიშვნა 18-ში – სხვადასხვა შემოსავლები და ხარჯები – აისახება ინფორმაცია სხვადასხვა ხარჯების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ ასეთის არსებობის შემთხვევაში. საანგარიშგებო პერიოდში აღიარებული სხვადასხვა ხარჯების შესახებ, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, თითოეული მნიშვნელოვანი კატეგორიის მიხედვით, წყაროების გათვალისწინებით.

23. შენიშვნა 19-ში – ფულადი სახსრები გადასახადებიდან – აისახება  ინფორმაცია საანგარიშგებო პერიოდში საგადასახადო შემოსავლებით წარმოქმნილი ფულადი სახსრების შესახებ წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად.

24. შენიშვნა 20-ში – საოპერაციო საქმიანობებიდან წმინდა ფულადი სახსრების მოძრაობის შეჯერება (შედარება) ნამეტთან/(დეფიციტთან) – აისახება არაპირდაპირი მეთოდით ფულადი სახსრების მოძრაობა საოპერაციო საქმიანობისათვის.

25. შენიშვნა 21-ში – ფაქტობრივი თანხებისა და საოპერაციო, საინვესტიციო და ფინანსური საქმიანობებიდან წმინდა ფულადი სახსრების მოძრაობის შეჯერება (შედარება) – აისახება ინფორმაცია ბიუჯეტის საკასო შესრულებასა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ შესაბამისი საქმიანობების მიხედვით, ასევე განსხვავებებზე ბიუჯეტის ფაქტობრივ თანხებსა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების ფაქტობრივ თანხებს შორის, შედარების მეთოდის საფუძველზე.

26.ერთეული ფინანსურ ანგარიშგებას თან დაურთავს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირების დასკვნას იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება უტყუარად ასახავს ერთეულის ფინანსურ მდგომარეობას, ფინანსურ შესრულებასა და ფულადი სახსრების მოძრაობას;

ბ) დასტურს იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებით საკითხში, ემთხვევა ფინანსური ანგარიშგების შედგენის წინამდებარე წესის მოთხოვნებს, გარდა იმ მოთხოვნებისა, საიდანაც გადახვევა აუცილებელი გახდა იმისათვის, რომ მომზადებულიყო უტყუარი ფინანსური ანგარიშგება;

გ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი მოთხოვნიდან მოხდა გადახვევა, როგორია გადახვევის ბუნება, სააღრიცხვო პოლიტიკის აღწერის ჩათვლით, მიზეზს, რის გამოც ამ წესის მოთხოვნით აღრიცხვა იქნებოდა შეცდომაში შემყვანი, და მის მაგივრად დაწესებული პროცედურის აღწერას;

დ) წესიდან გადახვევის ფინანსური ზეგავლენის შესახებ ინფორმაციას ერთეულის აქტივებზე, ვალდებულებებზე, წმინდა აქტივებზე/კაპიტალზე, ფულადი სახსრების მოძრაობაზე – საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, ან მტკიცებულებას იმისას, რომ აღნიშნულის გაანგარიშება შეუძლებელია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

მუხლი 18.   ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენები

1. ერთეულმა ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმები უნდა დააკორექტიროს იმ მაკორექტირებელი მოვლენების შედეგად, რომლებიც იძლევა მტკიცებულებებს ანგარიშგების თარიღისათვის არსებულ პირობებზე.

2. ანგარიშგების თარიღის შემდგომი ისეთი მოვლენები, რომლებიც მიუთითებს იმ პირობებზე, რომლებიც წარმოიშვა ანგარიშგების თარიღის შემდგომ პერიოდში  (საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე), განიხილება არამაკორექტირებელ მოვლენებად. ამასთან, ერთეულს მოეთხოვება ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში გაამჟღავნოს შინაარსობრივად ან თანხობრივად არსებითი ასეთი მოვლენები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №24, 04.02.2021, სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.033.017435 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5089919-1/