„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.02.2021 ბოლო ცვლილება 30.12.2025
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
360010010.22.033.017435
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №24

2021 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 



+
მუხლი 1
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ (შემდგომში – ინსტრუქცია), თანდართულ დანართებთან ერთად.

2. წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული ფორმით იხელმძღვანელონ ერთეულებმა როგორც ინდივიდუალური, ასევე, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას/წარდგენისას.

3. წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული ფორმით, ფინანსური ანგარიშგება კონტროლირებულმა ერთეულებმა მაკონტროლებელ ერთეულებს, ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავმა დაწესებულებებმა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტსა“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს – სახაზინო სამსახურს“ წარუდგინონ  მათ მიერ დადგენილ ვადებში. ხოლო ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს – სახაზინო სამსახურმა“,  წლიური ფინანსური ანგარიშგება წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.08.2022წ.
+
მუხლი 2
+
მუხლი 3
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, გარდა ამ ბრძანების მე-2 მუხლისა.

2. ამ ბრძანების მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
+




ინსტრუქცია

საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ინსტრუქციის მიზანი

1. წინამდებარე ინსტრუქცია საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე განსაზღვრავს საბიუჯეტო ორგანიზაცი(ებ)ის (შემდგომში – „ერთეულ(ებ)ის“) ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის მეთოდოლოგიურ საფუძვლებს.

2. ინსტრუქციის მიზანია  სახელმწიფო  სახსრების  სწორი  და  გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგების უზრუნველსაყოფად საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ერთიანი უნიფიცირებული ფინანსური ანგარიშგების და განმარტებითი შენიშვნების ფორმების განსაზღვრა.

3. აღნიშნული ინსტრუქცია მომზადებულია შემდეგი საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე:

ა) სსბასს 1 – ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;

ბ) სსბასს 2 – ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგება;

გ) სსბასს 3 – სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები;

დ) სსბასს 4 – უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები;

ე) სსბასს 5 – ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები;

ვ) სსბასს 9 – შემოსავალი გაცვლითი ოპერაციებიდან;

ზ) სსბასს 12 – მატერიალური მარაგები;

თ) სსბასს 13 – იჯარა;

ი) სსბასს 14 – ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენები;

კ) სსბასს 16 – საინვესტიციო ქონება;

ლ) სსბასს 17 – ძირითადი აქტივები;

მ) სსბასს 19 – ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები;

ნ) სსბასს 20 – დაკავშირებულ მხარეთა შესახებ განმარტებითი შენიშვნები;

ო) სსბასს 21 – ფულადი სახსრების არწარმომქმნელი აქტივების გაუფასურება;

პ) სსბასს 23 – შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან (გადასახადები და ტრანსფერები);

ჟ) სსბასს 24 – ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ფინანსურ ანგარიშგებაში;

რ) სსბასს 26 – ფულადი სახსრების წარმომქმნელი აქტივების გაუფასურება;

ს) სსბასს 31 – არამატერიალური აქტივები;

ტ) სსბასს 32 – შეღავათიანი მომსახურების შეთანხმებები: უფლების გადამცემი;

უ) სსბასს 34 – ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება;

ფ) სსბასს 35 – კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება;

ქ) სსბასს 36 – ინვესტიციები მეკავშირე ერთეულებსა და ერთობლივ საქმიანობებში;

ღ) სსბასს 37 – ერთობლივი შეთანხმებები;

ყ) სსბასს 38 – სხვა ერთეულებში წილების გამჟღავნება (მოქმედებს მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის);

შ) სსბასს 39 – დაქირავებულთა სარგებელი;

ჩ) სსბასს 40 –  საჯარო სექტორის ერთეულთა გაერთიანებები (მოქმედებს მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №437 - ვებგვერდი, 31.12.2024წ .

მუხლი 2. მოქმედების სფერო

1. წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის ერთიან წესებს, პირობებსა და ფორმებს, რომლებიც სავალდებულოა გამოსაყენებლად როგორც მაკონტროლებელი, ასევე კონტროლირებული ერთეულებისთვის.

2. ერთეულები ფინანსურ ანგარიშგებებს ამზადებენ სსბასს-ების მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმების შესაბამისად, საანგარიშგებო ვალუტაში.

3. ერთეულებს, ერთიანი მეთოდოლოგიისა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დაცვით, უფლება აქვთ დეტალურად ჩაშალონ წინამდებარე ინსტრუქციით დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების და განმარტებითი შენიშვნების ფორმები. ამასთან, კონტროლირებულმა ერთეულმა ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას შესაძლებელია გამოიყენოს მაკონტროლებელი ერთეულის ფინანსური ანგარიშგების და განმარტებითი შენიშვნების ფორმებში აქტივების, ვალდებულებების, წმინდა აქტივების/კაპიტალის, შემოსავლების და ხარჯების ასახვისათვის გამოყენებული დეტალიზაციის დონე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

მუხლი 3. ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის მიზანი

1. სსბასს-ების მოთხოვნების გათვალისწინებით, წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმებით ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის მიზანია სახელმწიფო სახსრების შესახებ ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

1​1. სახელმწიფო სახსრების შესახებ სრული და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მისაღებად, სახელმწიფო ერთეულები ვალდებული არიან ანგარიშგებაში ასახონ როგორც საკუთარი სახელით ფლობილი აქტივები, აღებული ვალდებულებები, მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები, ასევე, სახელმწიფოს სახელით ფლობილი აქტივები, აღებული ვალდებულებები, მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები (ადმინისტრირებადი კატეგორიები).

2. სსბასს-ების შესაბამისად, ერთეულის ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგებისა და ფულადი სახსრების შესახებ ინფორმაციის წარდგენა დაეხმარება ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.08.2022წ.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები

1. წინამდებარე ინსტრუქციის მიზნებისათვის, ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ანგარიშვალდებული ერთეული – საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციები;

ბ) მაკონტროლებელი ერთეული – ერთეული, რომელიც აკონტროლებს ერთ ან რამდენიმე  ერთეულს;

გ) კონტროლირებული ერთეული – ერთეული, რომელიც კონტროლირებულია მაკონტროლებელი ერთეულის მიერ;

დ) საანგარიშგებო ვალუტა – ეროვნული ვალუტა (ლარი);

ე) საანგარიშგებო პერიოდი – საანგარიშგებო წელი – 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი;

ვ) ანგარიშგების თარიღი – საანგარიშგებო წლის 31 დეკემბერი;

ზ) ანგარიშგების წარდგენის თარიღი – საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე;

თ) ანგარიშგების თარიღის შემდგომი პერიოდი – საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე პერიოდი;

ი) ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება –  კონტროლირებული ერთეულის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგება, ასევე, იმ ერთეულის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგება, რომელსაც არ გააჩნია კონტროლირებული ერთეულ(ებ)ი;

კ) კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება – ეკონომიკური ერთეულის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგება, რომელშიც მაკონტროლებელი ერთეულის და მისი კონტროლირებული ერთეულ(ებ)ის აქტივები, ვალდებულებები, წმინდა აქტივები/კაპიტალი, შემოსავალი, ხარჯები და ფულადი სახსრების ნაკადები წარმოდგენილია როგორც ერთი ერთეულის.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.08.2022წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №437 - ვებგვერდი, 31.12.2024წ

თავი II

ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა

მუხლი 5.  ფინანსური ანგარიშგების მომზადება

1. ერთეულებს ფინანსური ანგარიშგებების მომზადება ევალებათ სსბასს-ების მოთხოვნების გათვალისწინებით, წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმების შესაბამისად.

2. წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმები გამოიყენება როგორც ინდივიდუალური, ასევე კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად:

ა) ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დანართი №2-ის  შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №437 - ვებგვერდი, 31.12.2024წ

მუხლი 6. ფინანსური ანგარიშგების მომზადების ძირითადი პრინციპები

1. ფინანსური ანგარიშგების მომზადების ძირითადი პრინციპებია:

ა) სამართლიანი წარდგენა და სსბასს-ებთან შესაბამისობა;

ბ) ფუნქციონირებადი ერთეული;

გ) წარდგენის თანმიმდევრულობა;

დ) არსებითობა და აგრეგირება;

ე) ურთიერთგადაფარვა;

ვ) ინფორმაციის შესადარისობა.

2. ერთეულმა ფინანსური ანგარიშგება უნდა მოამზადოს აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ერთეულის მიერ ვერ ხდება ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპებიდან რომელიმე პრინციპის გათვალისწინება, ერთეულმა აღნიშნული ფაქტი უნდა გაამჟღავნოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.

მუხლი 7. კონსოლიდაცია

1. კონსოლიდიაციას დაქვემდებარებულ ერთეულებს შორის განხორციელებული ოპერაციები ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ამოითიშება და ანგარიშგება მომზადდება ისე, თითქოს ეს ოპერაციები საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა.

2. თუ კონტროლირებული ერთეული ანალოგიური ოპერაციებისა და სხვა მოვლენების აღიარებისთვის იყენებს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებისთვის განსაზღვრული სააღრიცხვო პოლიტიკისაგან განსხვავებულ სააღრიცხვო პოლიტიკას, მაკონტროლებელმა ერთეულმა კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას უნდა გააკეთოს ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი კორექტირება.

მუხლი 8. ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე და წარდგენაზე პასუხისმგებლობა

1. ფინანსური ანგარიშგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (IPSAS) და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებაზე პასუხისმგებელია ბუღალტერი.

2. ფინანსური ანგარიშგების დანიშნულებისამებრ წარდგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ერთეულის ხელმძღვანელს ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელ პირს.

3. ერთეულის ფინანსურ ანგარიშგებას ხელს აწერს ბუღალტერი და ერთეულის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სხვა პირ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

მუხლი 8​1. ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა

წინამდებარე ინსტრუქციის მიზნებისათვის, სახელმწიფო ერთეულებმა შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებები უნდა წარუდგინონ:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა, ასევე, მუნიციპალიტეტებმა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს – საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკების მხარჯავმა დაწესებულებებმა, შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურს – მათ მიერ დადგენილ ვადებში;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურმა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს – საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე;

დ) სხვა ერთეულებმა – შესაბამის მაკონტროლებელ ერთეულებს – მათ მიერ დადგენილ ვადებში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.08.2022წ.

მუხლი 9. ფინანსური ანგარიშგების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა

1. წინამდებარე ინსტრუქციით დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმების შესაბამისად, კონტროლირებული ერთეულები წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებს წარუდგენენ მაკონტროლებელ ერთეულებს, მაკონტროლებელი ერთეულების მიერ დადგენილ ვადებში, ხოლო მაკონტროლებელი ერთეულები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მომდევნო წლის 1 აპრილამდე.

2. მაკონტროლებელმა ერთეულებმა კონტროლირებულ ერთეულებს შესაძლებელია წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებთან ერთად დამატებით მოთხოვონ შუალედური ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა, შესაბამისი პერიოდულობით.

3. მაკონტროლებელმა ერთეულებმა კონსოლიდირებულ (ნაერთ) წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებთან ერთად სახაზინო სამსახურში შესაძლებელია წარადგინონ სხვა დამატებითი ანგარიშები (ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები, აუდიტის დასკვნები და ა.შ), რომლებიც დაეხმარება ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის სწორად აღქმაში და ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში.

4. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დადგენილი ფორმით, განსაზღვრულ ვადებში შესაძლებელია მომზადდეს სალიკვიდაციო ფინანსური ანგარიშგება, რომლის წარდგენა უნდა მოხდეს დანიშნულებისამებრ.

5. სახელმწიფო ბიუჯეტის მაკონტროლებელი ერთეულების შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებების მონაცემების საფუძველზე, სახაზინო სამსახური ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 ივლისამდე ქვეყნდება სახაზინო სამსახურის ვებგვერდზე www.treasury.ge.

6. სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არ კონსოლიდირდება სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოები, ხაზინის ელექტრონულ სისტემაში მათ სრულ ინტეგრაციამდე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.08.2022წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №437 - ვებგვერდი, 31.12.2024წ

თავი III

ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურა

მუხლი 10. ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმები

1. ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმები ასახავს საანგარიშგებო პერიოდში მომხდარ ყველა ეკონომიკურ მოვლენას, რომელიც ცვლის ერთეულის აქტივებს, ვალდებულებებს, წმინდა აქტივებს/კაპიტალს, შემოსავლებსა და ხარჯებს.

2. წინამდებარე  ინსტრუქციის  შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმებში შესაბამისი ჩანაწერების შეტანის საფუძველს წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები.

3. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები შესაბამისი პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება ფულად გამოსახულებაში.

4. ფინანსური ანგარიშგების ფორმებია:

ა) ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება;

ბ) ფინანსური შედეგების ანგარიშგება;

გ) წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება;

დ) ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება;

ე) ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება.

5. (ამოღებულია - 31.12.2021, №365).

6. ფინანსური ანგარიშგების ფორმებში ასახული აქტივები, ვალდებულებები, კაპიტალი, შემოსავლები და ხარჯები ერთეულმა უნდა განმარტოს განმარტებითი შენიშვნების ფორმებში.

7. ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმებში აქტივები, ვალდებულებები, წმინდა აქტივები/კაპიტალი, შემოსავლები და ხარჯები წარმოდგენილია ფინანსური ანგარიშგების არსებითობის და აგრეგირების პრინციპის გათვალისწინებით. არსებითი მუხლები დეტალურადაა მოცემული, ხოლო არაარსებითი – აგრეგირებულადაა წარმოდგენილი.

8. ფინანსური ანგარიშგების ფორმებში წარმოდგენილ აქტივების, ვალდებულებების, წმინდა აქტივების/კაპიტალის, შემოსავლების და ხარჯების თითოეულ ჩანაწერს გააჩნია შესაბამისი კოდი (შიფრი), რომელსაც ასევე შეიძლება შეესაბამებოდეს შესაბამისი განმარტებითი შენიშვნა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

თავი IV

ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმები

მუხლი 12. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება

1. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მომზადება ხდება ვერტიკალური ფორმატით და მასში აისახება აქტივები, ვალდებულებები და წმინდა აქტივები/კაპიტალი.

2. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში მიეთითება როგორც საანგარიშგებო წლის მონაცემები ასევე, საანგარიშგებო წლის წინა წლის მონაცემები. ამასთან, წინა წლის მონაცემების ცვლილება დაუშვებელია ერთეულის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილების გარეშე, გარდა კანონმდებლობის შესაბამისად ერთეულის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და სხვ. შემთხვევებისა.

3. აქტივები და ვალდებულებები ფინანსურ ანგარიშგებაში გამიჯნულია გრძელვადიან და მოკლევადიან მუხლებად.

4. (ამოღებულია - 31.12.2021, №365).

5. (ამოღებულია - 31.12.2021, №365).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

მუხლი 13. ფინანსური შედეგების ანგარიშგება

1. ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში აისახება ერთეულის მიერ მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ა) საგადასახადო შემოსავლები;

ბ) შიდა და გარე ტრანსფერებით შემოსავლები;

გ) გაცვლითი ოპერაციებიდან შემოსავლები;

დ) შიდა და გარე ტრანსფერებით ხარჯები;

ე) გაცვლითი ოპერაციებით ხარჯები;

ვ) კურსთაშორის სხვაობით შემოსავლები და ხარჯები;

ზ) სხვადასხვა შემოსავლები და ხარჯები

2. ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში შემოსავლები და ხარჯები წარმოდგენილია როგორც საანგარიშგებო პერიოდისათვის, ასევე, შესადარისობის უზრუნველსაყოფად, წინა საანგარიშგებო პერიოდისათვის.

3. შემოსავლების და ხარჯების სხვაობით მიღებული ფინანსური შედეგი აისახება ნამეტის ან დეფიციტის სახით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

მუხლი 14. წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება

1. წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების შესახებ ანგარიშგება ასახავს საანგარიშგებო პერიოდში ერთეულის კაპიტალის ზრდას/კლებას. წმინდა აქტივების/კაპიტალის საწყისი და საბოლოო ნაშთების შედარების გზით წარდგენილი ინფორმაცია მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის კაპიტალის ზრდაზე/კლებაზე მოქმედი ფაქტორების გასაანალიზებლად.

2. ერთეულმა წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებაში უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) წმინდა აქტივების/კაპიტალის საწყისი ნაშთის შესახებ;

ბ) წმინდა აქტივების/კაპიტალის გადაანგარიშებული ნაშთის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მოიცავს სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებით, წინა პერიოდ(ებ)ის არსებითი შეცდომების გასწორებით, ერთჯერადი გადაფასების და სხვა ცვლილებების შედეგად გამოწვეულ კაპიტალის ზრდას/კლებას;

გ) საწესდებო კაპიტალის შესახებ, რომელიც მოიცავს კაპიტალში შენატანების და კაპიტალის ამოღების შესახებ მონაცემებს;

დ) რეზერვების შესახებ, რომელიც მოიცავს ინვესტირებულ ერთეულში გადაფასების ან კურსთაშორის სხვაობის შედეგად კაპიტალის ზრდის/კლების მონაცემებს;

ე) წმინდა აქტივების/კაპიტალის საბოლოო ნაშთის შესახებ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.08.2022წ.

მუხლი 15. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება

1. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მიზანია ანგარიშგების თარიღისათვის ფულადი სახსრების წყაროების და გამოყენების შესახებ, ასევე, ფულადი სახსრების ნაშთების შესახებ სააღრიცხვო მონაცემებზე ინფორმაციის მიწოდება საანგარიშგებო პერიოდში საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ფულადი სახსრების ნაკადების სახით.

1​1. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება უნდა მომზადდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთეულების მიერ, რომლებიც სსბასს-ების მოთხოვნების შესაბამისად, აკონტროლებენ და მართავენ ფულად სახსრებს:

ა) სახაზინო სამსახურის მიერ, ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციების კუთვნილ ფულად სახსრებთან დაკავშირებით;

ბ) უცხო ქვეყნებში საქართველოს საელჩოების და წარმომადგენლობების და შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ;

გ) მუნიციპალიტეტების და ავტონომიური რესპუბლიკების მიერ, ხაზინის ერთიან ანგარიშზე ადგილობრივი ბიუჯეტების ორგანიზაციების კუთვნილ ფულად სახსრებთან დაკავშირებით;

დ) სხვა ერთეულების მიერ, რომლებიც სსბასს-ების მოთხოვნების შესაბამისად, აკონტროლებენ და მართავენ ფულად სახსრებს.

2. ერთეული ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას ამზადებს პირდაპირი მეთოდის შესაბამისად, რაც გულისხმობს ფულადი შემოსულობების და გადახდების მთლიანი ნაკადების აღრიცხვას საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობებიდან.

3. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში ფულადი სახსრების ნაკადების დაჯგუფება საოპერაციო, საინვესტიციო და ფინანსური საქმიანობების მიხედვით, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეაფასოს თითოეული საქმიანობის გავლენა ერთეულის ფინანსურ მდგომარეობაზე, საქმიანობის სახეებს შორის თანაფარდობა და ერთეულის ფულადი სახსრების ნაშთები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

მუხლი 16. ბიუჯეტის და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება

1. ბიუჯეტის და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგების წარდგენა ხდება მრავალსვეტიანი ფორმატის სახით, სადაც ცალ-ცალკე სვეტებში მიეთითება შემოსულობების და გადასახდელების დამტკიცებული წლიური ბიუჯეტი, დაზუსტებული გეგმური მაჩვენებლები, დაზუსტებული გეგმური მაჩვენებლის ფაქტობრივი შესრულება, ფაქტობრივი შესრულების პროცენტი დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრულ ასიგნებებთან მიმართებით.

2. ბიუჯეტის და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგების მიზნებისათვის, დამტკიცებული ბიუჯეტი ასახავს ერთი საბიუჯეტო პერიოდის მანძილზე მოსალოდნელ შემოსულობებს და გადასახდელებს, რომლებიც დამტკიცებულია საკანონმდებლო ორგანოს მიერ. დამტკიცებული ბიუჯეტი განსხვავდება მოსალოდნელი ფინანსური ინფორმაციისგან, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს პროგნოზის, გეგმის ან ორივეს კომბინაციის სახით.

3. საბოლოო (დაზუსტებული) ბიუჯეტი მოიცავს საბიუჯეტო პერიოდში ერთეულის ან ღონისძიების დასაფინანსებლად თავდაპირველად გამოყოფილი თანხების ყველა ნებადართულ ცვლილებას ან შესწორებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.

მუხლი 17. განმარტებითი შენიშვნები

1. ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნების წარდგენა საჭიროა დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნებისთვის, რათა დაეხმაროს მომხმარებელს როგორც ერთეულის ფინანსური მდგომარეობის და ფინანსური შედეგების, ასევე აქტივების მართვის ხარისხის და რესურსების გამოყენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებაში.

2. განმარტებითი შენიშვნები მოიცავს ცხრილებს და ასევე, ტექსტურ ინფორმაციას. ასევე, შეიძლება მოიცავდეს იმ მუხლების შესახებ ინფორმაციასაც, რომლებიც არ აკმაყოფილებს ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარების კრიტერიუმებს.

3. ერთეულებს წინამდებარე ინსტრუქციით თანდართული განმარტებითი შენიშვნების ფორმების შევსების გარდა, რეკომენდაცია ეძლევათ სსბასს-ების შესაბამისად მოამზადონ ასევე სხვა დამატებითი განმარტებითი შენიშვნები, შესაბამისი ნუმერაციის მითითებით, რაც დაეხმარება ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის უკეთ აღქმაში.

4. სსბასს-ებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც ერთეულის ხელმძღვანელი ან ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი დაასკვნის, რომ ამა თუ იმ სსბასს-ის რომელიმე მოთხოვნის შესრულება ეწინააღმდეგება სტანდარტებით განსაზღვრულ ფინანსური ანგარიშგების მიზანს, ერთეულმა ამ კონკრეტული მოთხოვნიდან უნდა გადაუხვიოს და ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში გაამჟღავნოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირების დასტური იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება სამართლიანად ასახავს ერთეულის ფინანსურ მდგომარეობას, მისი საქმიანობის ფინანსურ შედეგებსა და ფულადი სახსრების მოძრაობას;

ბ) დასტური იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება შეესაბამება ყველა სათანადო სსბასს-ს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლიანი წარდგენის უზრუნველსაყოფად მან გადაუხვია ამა თუ იმ კონკრეტული მოთხოვნიდან;

გ) იმ სტანდარტის სახელწოდება, რომელსაც ერთეულმა გადაუხვია, ამ გადახვევის არსი, რაც, თავის მხრივ, უნდა მოიცავდეს ამ სტანდარტის მიერ მოთხოვნილი მიდგომის აღწერას, მიზეზის ახსნას, თუ რატომ არ აკმაყოფილებს და ეწინააღმდეგება ეს მიდგომა მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში წინამდებარე სტანდარტით განსაზღვრულ ფინანსური ანგარიშგების მიზანს და ასევე მიდგომა, რომელიც გამოყენებულია ფინანსურ ანგარიშგებაში;

დ) ყოველი წარდგენილი საანგარიშგებო პერიოდისათვის ამგვარი გადახრის ფინანსური გავლენა ფინანსური ანგარიშგების თითოეულ მუხლზე, რომელიც წარდგენილი იქნებოდა სტანდარტის მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.08.2022წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 20 თებერვლის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 22.02.2024წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №437 - ვებგვერდი, 31.12.2024წ

მუხლი 18.   ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენები

1. ერთეულმა ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმები უნდა დააკორექტიროს იმ მაკორექტირებელი მოვლენების შედეგად, რომლებიც იძლევა მტკიცებულებებს ანგარიშგების თარიღისათვის არსებულ პირობებზე.

2. ანგარიშგების თარიღის შემდგომი ისეთი მოვლენები, რომლებიც მიუთითებს იმ პირობებზე, რომლებიც წარმოიშვა ანგარიშგების თარიღის შემდგომ პერიოდში  (საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე), განიხილება არამაკორექტირებელ მოვლენებად. ამასთან, ერთეულს მოეთხოვება ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში გაამჟღავნოს შინაარსობრივად ან თანხობრივად არსებითი ასეთი მოვლენები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №24, 04.02.2021, სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.033.017435 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5089919-6/