საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.09.2000 ძალადაკარგული 13.04.2004
ნომერი
№343
სარეგისტრაციო კოდი
200.012.004.445
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 90, 04/10/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №343

2000 წლის  29 სექტემბერი  

ქ. თბილისი  

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ო” ქვეპუნქტის და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. მაჭავარიანი

 

 საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამართლებრივი სტატუსი

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია (შემდგომში  „ინსპექცია“) წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.

2. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, ინსპექცია მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.

3. ინსპექციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბიუჯეტო და სპეციალური სახსრების ანგარიშები შესაბამის მომსახურე ხაზინაში.

მუხლი 2. ინსპექციის ბიუჯეტი

1. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ბიუჯეტსა და მის პროექტში ინსპექციის ბიუჯეტი გამოიყოფა ცალკე მუხლად.

2. ინსპექციას თავისი საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების, მატერიალური უზრუნველყოფის, თანამშრომელთა ანაზღაურების დონის და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უფლება აქვს გამართოს მოლაპარაკებები, შესაბამისი პროგრამებით, გრანტების და სხვა სახის დახმარების მიღების შესახებ.

მუხლი 3. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა სამართლებრივი აქტების, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და ამ დებულებების შესაბამისად.

მუხლი 4. ინსპექციის დებულების დამტკიცება

ინსპექციის დებულებას, ინსპექციის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.

მუხლი 5. ინსპექციის ფუნქციები

ინსპექციის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მუშაობის ეფექტიანობის შემოწმება, მათ მიერ დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასა და კანონიერების დაცვაზე კონტროლი და ზედამხედველობა;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დისციპლინური (სამსახურებრივი მოკვლევა), ადმინისტრაციული, სამოქალაქო-სამართლებრივი დევნა და მათი თავიდან აცილება;

გ) საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საქმიანობის ფორმების, მეთოდების, პროცედურების რაციონალიზაციის, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების, მათ შორის კორუფციული სამართალდარღვევების ხელშემწყობი მიზეზების დადგენის და პრევენციის მიზნით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის, მათ მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების სამართლებრივი დევნის პროცესში მოპოვებული მასალების და ინფორმაციის, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების და შედარებითი სამართლის წყაროების ანალიზი და განზოგადება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, მოქმედ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტების მომზადება;

დ) ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილება და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი ეთიკის წესების შემუშავება, დახვეწა და მათ შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

ე) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოებისადმი ნდობის ამაღლება, მათი საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების პრევენციისა და აღმოფხვრის სფეროში მხარდაჭერის მოპოვება.

მუხლი 6. ინსპექციის დამოუკიდებლობა

1. ინსპექციის დამოუკიდებლობა მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას უზრუნველყოფილია კანონმდებლობით.

2. დაუშვებელია საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების კანონით გაუთვალისწინებელი ჩარევა ინსპექციის და ინსპექციაში დასაქმებული სახელმწიფო მოსამსახურეების საქმიანობაში.

    თავი II

ინსპექციის უფლებამოსილება

მუხლი 7. ინსპექციის უფლებამოსილება

კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით ინსპექცია:

ა) საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მუშაობის ეფექტიანობის შემოწმების, მათ მიერ დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასა და კანონიერების დაცვაზე კონტროლისა და ზედამხედველობის მიზნით დამოუკიდებლად ან საგადასახადო შემოსავლების მინისტრის დავალებით ატარებს საფინანსო-სამეურნეო, ადმინისტრაციულ და სხვა სახის, მათ შორის კომპლექსურ შემოწმებებს;

ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების საქმიანობის გეგმური შემოწმებების პერიოდულობისა და რიგგარეშე შემოწმებების ჩატარების შესახებ;

გ) ამოწმებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის მომწესრიგებელი კანონმდებლობით განსაზღვრული წესების, მათ შორის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, მოქმედებათა შეზღუდვას და სხვა ნორმების დაცვას;

დ) ხელმძღვანელობს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მუშაობის ეფექტიანობის შემოწმებას და ამ მიზნით თანამშრომლობს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს შესაბამის ორგანოებთან, მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სახელმწიფო მოსამსახურეებთან;

ე) იღებს და განიხილავს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოებში, მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემოსულ წერილებს, განცხადებებს და სხვა სახის კორესპონდენციას, მათ შორის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, სახაზინო დაწესებულებათა საჩივრებს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მოქმედებაზე (უმოქმედობაზე), უფლებამოსილია მოითხოვოს ამ წერილების, განცხადებების და სხვა კორესპონდენციის ასლები, დააწესოს კონტროლი მათ განხილვაზე და წარდგინებებით მიმართოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეებს, რომელთაც სამსახურებრივად ევალებათ მათი განხილვა;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე დისციპლინური (სამსახურებრივი მოკვლევა), სასამართლოში ადმინისტრაციული და სამოქალაქო-სამართლებრივი სარჩელის აღძვრის შესახებ;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმართავს დისციპლინურ წარმოებას (სამსახურებრივ მოკვლევას) საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი გადაცდომის გამოვლენილ ფაქტებზე;

თ) საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების მიერ სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობისას სახელმწიფოს სახელით აღძრავს ადმინისტრაციულ ან სამოქალაქო-სამართლებრივ სარჩელს სასამართლოში და მონაწილეობს მის განხილვაში როგორც მხარე ან მესამე პირი;

ი) უფლებამოსილია ადგილზე გაეცნოს, გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტური მასალა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების სტრუქტურული ქვედანა ყოფებისა და საჯარო მოსამსახურეებისაგან;

კ) უფლებამოსილია გამოიძახოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეები და შესაბამისი წესით მიიღოს მათგან წერილობითი ან ზეპირი ახსნა-განმარტება.

ლ) საექსპერტო დასკვნის მიღების ან კონსულტაციის მიზნით უფლებამოსილია მოიწვიოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების შესაბამისი საჯარო მოსამსახურეები და მოითხოვოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისაგან კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე საჯარო მოსამსახურეების გამოცხადების უზრუნველყოფა;

მ) საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საქმიანობის ფორმების, მეთოდების, პროცედურის რაციონალიზაციის, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენის და პრევენციის მიზნით შეისწავლის, აანალიზებს და განაზოგადებს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის, მათ მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების სამართლებრივი დევნის პროცესში მოპოვებულ მასალებს და ინფორმაციას, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებას და შედარებითი სამართლის წყაროებს, ამზადებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს და მოქმედ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტებს;

ნ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოთხოვნით და წარდგინებით მიმართავს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეებს;

ო) საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის დონის, მათდამი საზოგადოების ნდობის ამაღლების, ერთობლივი პროგრამების გან ხორციელების მიზნით კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გადასახადის გადამხდელებთან, არასამთავრობო სექტორის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან;

პ) ახორციელებს კანომდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

მუხლი 8. ინსპექციის მოთხოვნა

1. ინსპექცია თავის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებზე საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეებს მიმართავს მოთხოვნით:

ა) მისთვის აუცილებელი ინფორმაციის და დოკუმენტური მასალის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე;

ბ) ინსპექციაში (ინსპექციის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურესთან) გამოცხადების და/ან წერილობითი ან ზეპირი ახსნა-განმარტების მიღების თაობაზე;

გ) სხვა მოქმედების შესრულების თაობაზე.

2. ინსპექციის მოთხოვნა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა და საჯარო მოსამსახურემ უნდა შეასრულოს მოთხოვნაში მითითებულ ვადაში.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

 მუხლი 9. ინსპექციის წარდგინება

1. ინსპექცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების სტრუქტურულ ქვედაყოფს და საჯარო მოსამსახურეს მიმართავს   წარდგინებით კანონ - მდებლობის დარღვევის, მისი გამომწვევი მიზეზების და ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრის, კანონმდებლობის დამრღვევ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების შეფარდების თაობაზე.

2. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოს შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა და საჯარო მოსამსახურემ ინსპექციის მიერ განსაზღვრულ ან არა უგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში უნდა აცნობოს ინსპექციას წარდგინების განხილვის შედეგებისა და მიღებული ღონისძიებების შესახებ.

3. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა და საჯარო მოსამსახურემ უნდა აცნობოს ინსპექციას წარდგინების განხილვის თარიღი და დრო განხილვამდე არა უგვიანეს ერთი სამუშაო დღით ადრე, ხოლო ინსპექციის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს წარდგინების განხილვის პროცედურაში.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

მუხლი 10. ინსპექციის რეკომენდაცია

1. ინსპექციას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, საგადასახადო შემოსავლების მინისტრს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების სტრუქტურულ ქვედანაყოფს და საჯარო მოსამსახურეს რეკომენდაციით საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის,  საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საქმიანობის ფორმების, მეთოდების, პროცედურის რაციონალიზაციის თაობაზე.

2. ინსპექციის რეკომენდაციის განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები. 

თავი III

ინსპექციის ხელმძღვანელობა

მუხლი 11. ინსპექციის უფროსი, ინსპექციის უფროსის უფლება-მოვალეობები

1. ინსპექციის საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელსაც საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ინსპექციის უფროსი:

ა) პერსონალურად პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის, საგადასახადო შემოსავლების მინისტრის წინაშე და ანგარიშვალდებულია ინსპექციის მიერ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) კანონმდებლობით, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და ამ დებულებით, მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) მოქმედებს ინსპექციის სახელით და წარმოადგენს ინსპექციას სახაზინო დაწესებულებებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობებში;

დ) ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს, ამტკიცებს ინსპექციის რეგლამენტს, შინაგანაწესს და ინსპექციის საქმიანობის მარეგულირებელ ინსტრუქციებს;

ე) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების, საფინანსო-სამეურნეო, ადმინისტრაციული და სხვა სახის, მათ შორის კომპლექსური შემოწმების ჩატარების შესახებ;

ვ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური (სამსახურებრივი მოკვლევა), წარმოების განხორციელების შესახებ;

თ) მოთხოვნით და წარდგინებით მიმართავს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებს;

ი) საგადასახადო შემოსავლების მინისტრს, სამინისტროს ბიუჯეტის პროექტში შესატანად, წარუდგენს წინადადებებს ინსპექციის ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურისა და საერთო მოცულობის შესახებ;

კ) საგადასახადო შემოსავლების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსპექციის ხარჯთაღრიცხვას;

ლ) განკარგავს ინსპექციისათვის ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებსა და სპეცსახსრების თანხებს;

მ) საგადასახადო შემოსავლების მინისტრთან ათანხმებს ინსპექციის საშტატო რიცხოვნობასა და სტრუქტურას;

ნ) საგადასახადო შემოსავლების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს თავისი მოადგილეების კანდიდატურებს;

ო) საგადასახადო შემოსავლების მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის სამმართველოების უფროსებს;

პ) თანამდებობაზე ნიშნავს და კანონით დადგენილი წესით თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს, ამ მუხლის მეორე პუნქტის „ნ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად წყვეტს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების დისციპლინარული პასუხისმგებლობის და წახალისების საკითხებს;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს მოადგილეების, ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების და ინსპექციის საჯარო მოსამსახურეთა პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ამტკიცებს მათ თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

ს) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს ინსპექციის საქმიანობის შედეგების შესახებ;

ტ)  ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

მუხლი 12. ინსპექციის უფროსის მოადგილეები

1. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები.

2. ინსპექციის უფროსის მოადგილეები ხელს უწყობენ ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაში და ასრულებენ ინსპექციის უფროსის დავალებებს. მოადგილეების უფლებამოსილებას განსაზღვ - რავს ინსპექციის უფროსი.

3. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

მუხლი 13. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები

1. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები თანამდებობებზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან ინსპექციის უფროსის მიერ, თუ კანონმდებლობით და ამ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების უფლებამოსილება განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და ინსპექციის უფროსის ბრძანებებით.

    თავი IV

ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ფუნქციები

მუხლი 14. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფები

ინსპექციის შემადგენლობაში შედიან შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველო;

ბ) კონტროლისა და აუდიტის სამმართველო;

გ) სამართლებრივ საკითხთა და ანალიზის სამმართველო;

დ) ინსპექციის აპარატი.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

მუხლი 15. სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველო

1. სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველო:

ა) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების გამოვლენის და მხილებულ პირთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს დისციპლინურ (სამსახურებრივი მოკვლევა) დევნას;

ბ) იხილავს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოებში შემოსულ წერილებს, განცხადებებს და სხვა სახის კორესპონდენციას, მათ შორის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, სახაზინო დაწესებულებათა საჩივრებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მოქმედებაზე (უმოქმედობაზე);

გ) დისციპლინური   დევნის (სამსახურებრივი მოკვლევა) წარმოების პროცესში ცალკეული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში აანალიზებს სამართალდარღვევების გამომწვევ და   ხელშემწყობ მიზეზებს.

2. სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

3. სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე.

4. სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოში იქმნება 2 განყოფილება, რომელთა ფუნქციებს გან - საზღვრავს ინსპექციის უფროსი.

5. სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს საქმიანობას აწესრიგებს სამმართველოს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

მუხლი 16. კონტროლისა და აუდიტის სამმართველო

1. კონტროლისა და აუდიტის სამმართველო:

ა) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მუშაობის ეფექტიანობის შემოწმების, მათ მიერ დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასა და კანონიერების დაცვაზე კონტროლისა და ზედამხედველობის მიზნით ატარებს საფინანსო-სამეურნეო, ადმინისტრაციულ და სხვა სახის, მათ შორის კომპლექსურ შემოწმებებს;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აანალიზებს შემოწმებების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების წარმომშობ და ხელშემწყობ მიზეზებს.

2. კონტროლისა და აუდიტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

3. კონტროლისა და აუდიტის სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე.

4. კონტროლისა და აუდიტის სამმართველოში იქმნება 3 განყოფილება, რომელთა ფუნქციებს განსაზღვრავს ინსპექციის უფროსი.

5. კონტროლისა და აუდიტის სამმართველოს საქმიანობას აწესრიგებს სამმართველოს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

მუხლი 17. სამართლებრივ საკითხთა და ანალიზის სამმართველო

1. სამართლებრივ საკითხთა და ანალიზის სამმართველო:

ა) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის, მათ მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების სამართლებრივი დევნის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების, უცხოური გამოცდილების და შედარებითი სამართლის მასალების შესწავლის, განზოგადებისა და ანალიზის შედეგად შეიმუშავებს წინადადებებს და რეკომენდაციებს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების საქმიანობის ფორმების, მეთოდების, პროცედურების რაციონალიზაციის, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენის და პრევენციის მიზნით;

ბ) კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი წესით სასამართლოში აღძრავს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლებრივ წარმოებას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო მოსამსახურეების მიერ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის განხორციელებისას სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების ან კანონმდებლობის დარღვევის სხვა ფაქტებზე, წარმოადგენს ინსპექციას სასამართლოში როგორც მხარე ან მესამე პირი;

გ) (ამოღებულია - 01.11.2001, №771);

დ) (ამოღებულია - 01.11.2001, №771).

2. სამართლებრივ საკითხთა და ანალიზის სამმართველო უშუალოდ ექვემდებარება ინსპექციის უფროსს.

3. სამართლებრივ საკითხთა და ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

4. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე.

5. სამართლებრივ საკითხთა და ანალიზის სამმართველოს საქმიანობას აწესრიგებს სამმართველოს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 14 თებერვლის ბრძანება №75  - სსმIII, №15, 20.02.2001წ., მუხ.136

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

მუხლი 17​1. ინსპექციის აპარატი

1. ინსპექციის აპარატი:

ა) ახორციელებს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ, ინფორმაციულ და კოორდინაციულ უზრუნველყოფას;

ბ) უზრუნველყოფს ინსპექციის საქმისწარმოების ორგანიზაციას, ინსპექციაში შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას და საკონტროლო დავალებათა შესრულების ორგანიზაციას, კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ინსპექციის მოსამსახურეების პირადი საქმეების შედგენას, საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებასა და საარქივო საქმის წარმოებას;

გ) უზრუნველყოფს ინსპექციაში ჩასატარებელი თათბირების ორგანიზაციას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

დ) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მისი სისტემის ორგანოების საჯაროობისა და გამჭირვალობის დონის, მათდამი საზოგადოების ნდობის ამაღლების, ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიზნით კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საერთაშოროსო ორგანიზაციებთან, გადასახადის გადამხდელებთან, არასამთავრობო სექტორის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;

ე) უზრუნველყოფს ინსპექციის კომპიუტერიზაციას, ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულ ფუნქციონირებას, მის გაუმჯობესებასა და სრულყოფას, საპროექტო, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვას, ორგანიზებასა და შესრულების კონტროლს.

2. ინსპექციის უფროსის აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი.

3. აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე.

4. აპარატის უფროსს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი.

5. ინსპექციის აპარატის საქმიანობას აწესრიგებს აპარატის დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

მუხლი 18. ინსპექციის ბუღალტერია

1. ინსპექციის ბუღალტერია უზრუნველყოფს ინსპექციის ნაერთი ბალანსის და ბიუჯეტის შედგენას, საბუღალტრო აღრიცხვა - ანგარიშგებისა და საბუღალტრო საქმის წარმართვას.

2. ინსპექციის ბუღალტერიას ხელმძღვანელობს ინსპექციის მთავარი ბუღალტერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი.

3. ინსპექციის ბუღალტერია უშუალოდ ექვემდებარება გენერალური ინსპექციის უფროსს.

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №771 - სსმIII, №118, 02.07.2001წ., მუხ. 850

 მუხლი 19. საგანგებო ერთობლივი ჯგუფი

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების საჯარო მოსამსახურეების მიერ ჩადენილ განსაკუთრებით რთულ და მნიშვნელოვან საქმეებზე სამართლებრივი დევნის მიზნით ინსპექციის უფროსს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებისაგან შეუძლია შექმნას საგანგებო ერთობლივი ჯგუფი.

2. საგანგებო ერთობლივი ჯგუფის ხელმძღვანელს ნიშნავს ინსპექციის უფროსი.

3. ინსპექციის უფროსს უფლება აქვს საგადასახადო შემოსავლების მინისტრს მიმართოს წარდგინებით საგანგებო ერთობლივ ჯგუფში საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების სხვა საჯარო მოსამსახურეების შეყვანის თაობაზე.

მუხლი 20. ინსპექციის უფროსის სათათბირო ორგანო

1. ინსპექციის საქმიანობის სტრატეგიის, მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავების, ინსპექციის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვის მიზნით ინსპექციის უფროსის მოადგილეების, ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების, აგრეთვე ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირების შემადგენლობით იქმნება ინსპექციის უფროსის სათათბირო ორგანო  კოლეგია.

2. ინსპექციის სათათბირო ორგანოს სხდომების პერიოდულობას და საქმიანობის წესს განსაზღვრავს კოლეგიის რეგლამენტი, რომელსაც ამტკიცებს ინსპექციის უფროსი.

 მუხლი 21. გარე მონიტორინგის საბჭო

1. ამ დებულების მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ინსპექციასთან იქმნება გარე მონიტორინგის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან გადასახადის გადამხდელთა, არასამთავრობო სექტორის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების და საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობების მიერ მოვლენილი პირები.

2. გარე მონიტორინგის საბჭოს დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ინსპექციის უფროსის ბრძანებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №343, 29.09.2000, სარეგისტრაციო კოდი 200.012.004.445 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.11.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51502-2/