საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.01.2009 ძალადაკარგული 27.12.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 30/01/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (20)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (14)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №10

2009 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანდართული დებულება.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დანიშვნამდე ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ შესაბამისი აქტების გამოცემამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის გადაცემული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას.

4. დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

პირველი ვიცე-პრემიერის

მოვალეობის შემსრულებელი         ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება  №18-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.201

2. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება  №25-სსმ III, №20, 20.02.2009წ; მუხ.243

3. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის დადგენილება  №62-სსმ III, №38, 27.03.2009წ; მუხ.435

4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 აპრილის დადგენილება  №85-სსმ III, №54, 05.05.2009წ; მუხ.617

5. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება  №134-სსმ III, №93, 28.07.2009წ; მუხ.992

6. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის დადგენილება  №139-სსმ III, №97, 06.08.2009წ; მუხ.1069

7. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №228-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1831

8. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება  №201-სსმ III, №89, 21.07.2010წ; მუხ.1293

9. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის დადგენილება  №354-სსმ III, №154, 25.11.2010წ; მუხ.2184

10. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №360-სსმ III, №155, 29.11.2010წ; მუხ.2198

11. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №499- ვებგვერდი, 30.12.2011წ.

12. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილება №238 - ვებგვერდი, 06.07.2012წ.

13. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №484 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.

14. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილება №38 – ვებგვერდი, 04.03.2013წ.

საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 81​2 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და ახორციელებს ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს.

2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

4. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.

5. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.

6. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მის კომპეტენციას განეკუთვნება.

7. სამინისტროს ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №12.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის დადგენილება  №354-სსმ III, №154, 25.11.2010წ; მუხ.2184

    მუხლი 2. სამინისტროს მმართველობის სფერო და ამოცანები

1.  სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება: რეგიონული განვითარების პოლიტიკა, საქართველოში წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონიძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, საქართველოში (ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) მყარი ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

2. კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს ამოცანებია:

ა) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული სფეროებისა და დარგების განვითარების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, კონცეფციების და სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, მიღების შემდეგ მათი განხორციელების კოორდინაცია და კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგი;

ბ) მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის, ცენტრალური, რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და გადანაწილების საკითხებზე წინადადებების შემუშავება;

გ) საქართველოს რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის წინადადებების შემუშავება, რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; თვითმმართველი ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, მათ შორის, ცხოვრებისა და დასაქმების დონის ანალიზი და პროგნოზირება; საქართველოში წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია, საქართველოში (ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) მყარი ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;

დ) ადგილობრივი და უცხოური წყაროებით დაფინანსებული რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია და მათი შესრულების ეფექტიანობის შეფასება კომპეტენციის ფარგლებში;

ე) თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებისა და ხარჯების ანალიზი, ბიუჯეტთაშორისი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე წინადადებების მომზადება;

ვ) საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, ტრანსფერების განაწილებისა და მათი მიზნობრივი გამოყენების თაობაზე, აგრეთვე გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად წინადადებების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობაში მონაწილეობა;

თ) თვითმმართველი ერთეულის შექმნის, გაუქმების ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენი წინადადებების მომზადება;

ი) სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების საქმიანობის კოორდინაცია და კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგი;

კ) სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხების კოორდინაცია;

ლ) სამხედრო-სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, სამობილიზაციო და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა;

მ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამხედრო სამსახურების მიერ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია;

ნ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სხვა სახის სამუშაოების განხორციელების კოორდინაცია;

ო) (ამოღებულია);

პ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

ჟ) (ამოღებულია);

რ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს რეგიონებისა და თვითმმართველი ერთეულების საერთაშორისო, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ს) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა, საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და მათ რეგიონალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

ს​1) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ტ) იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებათა მართვის პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია, რომელთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილები მართვის უფლებით გადაეცა სამინისტროს;

უ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებებისა და ამოცანების განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 აპრილის დადგენილება  №85-სსმ III, №54, 05.05.2009წ; მუხ.617

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №228-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1831

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება  №201-სსმ III, №89, 21.07.2010წ; მუხ.1293

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის დადგენილება  №354-სსმ III, №154, 25.11.2010წ; მუხ.2184

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №499- ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №484 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.

    მუხლი 3. სამინისტროს სისტემა

სამინისტროს სისტემას შეადგენენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

    მუხლი 4. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები

1. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მინისტრის აპარატი (დეპარტამენტი);

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

დ) რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტი;

დ​1) იურიდიული დეპარტამენტი;

ე) თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტი;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

ზ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახური;

ი) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;

კ) ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტი;

ლ) ეკონომიკური დეპარტამენტი.

2. სტრუქტურულ ერთეულში მინისტრის ადმინისტრაციული აქტით შეიძლება შეიქმნას სამმართველოები ან/და განყოფილებები.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება  №18-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.201

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება  №25-სსმ III, №20, 20.02.2009წ; მუხ.243

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება  №134-სსმ III, №93, 28.07.2009წ; მუხ.992

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №228-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1831

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება  №201-სსმ III, №89, 21.07.2010წ; მუხ.1293

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის დადგენილება  №354-სსმ III, №154, 25.11.2010წ; მუხ.2184

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება  №360-სსმ III, №155, 29.11.2010წ; მუხ.2198

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №499- ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილება №38 – ვებგვერდი, 04.03.2013წ.

    მუხლი 5. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები

სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:

ა) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;

ბ) ამოღებულია;

გ) ამოღებულია.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №228-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1831

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება  №201-სსმ III, №89, 21.07.2010წ; მუხ.1293

    მუხლი 6. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:

ა) ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი;

ბ) ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი;

გ) ამოღებულია;

დ) საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 აპრილის დადგენილება  №85-სსმ III, №54, 05.05.2009წ; მუხ.617

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის დადგენილება  №139-სსმ III, №97, 06.08.2009წ; მუხ.1069

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება  №201-სსმ III, №89, 21.07.2010წ; მუხ.1293

    მუხლი 7. სამინისტროს ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.

2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი.

3. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს სამინისტროსა და მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;

ვ) ადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სტრუქტურას და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

ზ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

თ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელებას, გამოითხოვს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებსა და ინფორმაციას, აუქმებს ან აჩერებს მათ არამართლზომიერ გადაწყვეტილებებს, ამტკიცებს წლიურ ბალანსს და ნიშნავს დამოუკიდებელ აუდიტორს წლიური ბალანსის შესამოწმებლად;

ი) მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს დებულების პროექტს;

კ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს და ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს;

ლ) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას;

მ) (ამოღებულია – 28.12.2012, №484);

ნ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ამტკიცებს საავტომობილო გზების შეკეთების, მოვლა-შენახვის, საექსპლუატაციოდ მიღების, ამ სფეროში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოების მომწესრიგებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;

ო) მონაწილეობს მთავრობის სხდომების მუშაობაში;

პ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;

ჟ) პასუხისმგებელია საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისათვის კომპეტენციის ფარგლებში;

რ) უზრუნველყოფს სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების მიერ საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენილი ანგარიშების შესწავლას და შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას; სათანადო საფუძვლის არსებობისას საქართველოს მთავრობას წარუდგენს აგრეთვე წინადადებებს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტების გაუქმების შესახებ;

ს) საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს საქართველოს პარლამენტში წარსადგენად თვითმმართველი ერთეულის შექმნა-გაუქმების ან/და მათი ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ;

ტ) კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი სამსახურებისა და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ მობილიზაციის, მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სამხედრო-სავალდებულო და სამხედრო-სარეზერვო სამსახურში გაწვევის საკითხებს, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ სფეროსთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების შემდეგ ახორციელებს მათი აღსრულების მონიტორინგს;

უ) აუქმებს თავისი პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს, ასევე აუქმებს მითითებულ თანამდებობის პირთა აქტებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;

ფ) უზრუნველყოფს საავტომობილო გზების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებას, კოორდინაციასა და კონტროლს, ასევე წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონიძიებათა განხორციელებას, აგრეთვე საქართველოში (ქ.თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) მყარი ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

ქ) (ამოღებულია);

ღ) უფლებამოსილია, რომ სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს პირველ მოადგილეს;

ყ) ერთ-ერთ მოადგილეს ავალებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელებას;

შ) გამოსცემს ბრძანებებს კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად;

ჩ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

4. მინისტრს ჰყავს 4 მოადგილე (მათ შორის, ერთი პირველი), რომელთაც მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5. მინისტრის არყოფნისას მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას.

6. მინისტრი უფლებამოსილია, თავისი ბრძანებით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი, უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის დადგენილება  №62-სსმ III, №38, 27.03.2009წ; მუხ.435

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №228-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1831

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება  №201-სსმ III, №89, 21.07.2010წ; მუხ.1293

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის დადგენილება  №354-სსმ III, №154, 25.11.2010წ; მუხ.2184

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილება №238 - ვებგვერდი, 06.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №484 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.

    მუხლი 8. სამინისტროს პერსონალი

1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:

ა) მინისტრი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები;

გ) სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები.

2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები).

4. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვა-ლეობათა შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებზე;

დ) ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ერთეულის მუშაობისათვის;

ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ერთეულის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად უშუალოდ ზედამხედველობს სტრუქტურულ ერთეულს;

ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების, მათი წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;

თ) ასრულებს ამ დებულებითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.

    მუხლი 9. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ამოცანები და  კომპეტენცია

სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) მინისტრის აპარატი – მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა; სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა; სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომებისა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზება და სხდომის ოქმის წარმოება; მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულება;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სამინისტროს განთავსების ადგილის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირება და მართვა; სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების კონტროლი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, ატესტაციების ორგანიზება და ატესტაციის შედეგების ასახვა პირად საქმეებში; სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა კოორდინაცია;

გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი – „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად და დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში შიდა აუდიტის განხორციელება; ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; სამინისტროს ან/და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; სამინისტროს ან/და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა; წინასწარი კონტროლის ღონისძიებათა განხორციელება მინისტრის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი; სამინისტროს სისტემის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი; სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა; სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა; სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, დაწესებულების სისტემის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება; სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

დ) რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტი – ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და რეგიონული მმართველობის სისტემების რეფორმირების შესახებ წინადადებების შემუშავება; რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალურ, საკადრო და საინფორმაციო უზრუნველყოფის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; წინადადებების შემუშავება დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის პროცესის სტრატეგიისა და მისი ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის, მართვის სისტემის ოპტიმიზაციისა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის საქმიანობის მონიტორინგი; მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად; წინადადებების მომზადება რეგიონული საინოვაციო პოლიტიკის, რეგიონული საინოვაციო სისტემების განვითარებისა და დანერგვის და საინოვაციო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის საკითხების თაობაზე; ინოვაციების სფეროში საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის შეფასება და მის საფუძველზე რეგიონული კლასტერების განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით წინადადებების შემუშავება; წინადადებების მომზადება თვითმმართველი ერთეულის შექმნისა და გაუქმების, ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე; ახალი ტექნოლოგიების სტიმულირებისათვის საჭირო აქტივობების წარმართვა; ინოვაციების სფეროში კვლევა-განვითარების ინსტიტუციების შექმნისათვის ხელშეწყობა;

დ​1) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება და გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაცია; სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენის უზრუნველყოფა; სხვა უწყებებიდან შემოსული, ასევე სამინისტროს სისტემაში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ დასკვნების მომზადება; სამინისტროს წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოში; მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროში შემოსული განცხადება-საჩივრების განხილვა-რეაგირებისა და სამინისტროს სახელით დასადებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფა; სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ანგარიშების შესწავლა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების წარდგენა; სათანადო საფუძვლების არსებობისას სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტების გაუქმების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა;

ე) თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტი –რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შედგენის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება დეპრესიული, მაღალმთიანი რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით; რეკომენდაციების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის არსებულ დისპროპორციათა შემცირების უზრუნველსაყოფად; წინადადებების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების, რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებათა განხორციელებისათვის; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათი რეალიზაციის მონიტორინგის განხორციელება, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციის ეფექტიანობის ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად სათანადო წინადადებების მომზადება ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად; სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის შესახებ სათანადო წინადადებების მომზადება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თვითმმართველობის განხორციელებასთან მიმართებაში საქართველოს მოქალაქეთა კანონით დადგენილი უფლებების დაცვის ხელშეწყობა; რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სფეროში უცხო სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და მათი დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება; წინადადებების შემუშავება რეგიონული პოლიტიკის სრულყოფის, თვითმმართველობის განვითარების, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიის სრულყოფის შესახებ; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური – მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; საზოგადოებასა და მედიის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო საშუალებებისათვის;

ზ)    მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახური – სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია; სამობილიზაციო ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; სამხედრო-სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; სამხედრო სამსახურში გაწვევის გეგმების დაყვანა სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებამდე და მისი რეალიზაციის გრაფიკის დადგენა; სამხედრო გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებზე კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა.

თ) (ამოღებულია);

ი) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური – სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და მათთან ურთიერთობის კოორდინაცია; დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამართვა, პროტოკოლური უზრუნველყოფა, სამინისტროს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა და შესაბამის ღონისძიებათა საქართველოში მოწყობა.

კ)   ინფრასტრუქტურის  განვითარების  დეპარტამენტი  – საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის, წყალმომარაგების სექტორის, ნაგავსაყრელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის, მოვლა- შენახვის, მყარი ნარჩენების უტილიზაციისა და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია- განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარების საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა; საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების სფეროში, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან მიმართებაში საერთაშორისო დახმარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში; საგზაო, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების სფეროში საერთაშორისო შეთანხმებათა პროექტების შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა;

ლ) ეკონომიკური დეპარტამენტი – სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა, სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შედგენის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა; პროგრამებისა და პროექტების რეალიზაციის ეფექტიანობის ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად სათანადო წინადადებების მომზადება; თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და მისი განაწილების შესახებ მომზადებული საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად წინადადებების მომზადება; ტერიტორიულ ჭრილში საბიუჯეტო პროცესის რეგულირების საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ბიზნესგეგმების პროექტების განხილვის, დამტკიცების, კორექტირების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიისათვის წარსადგენად იმ საწარმოების ბიზნესგეგმების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება, რომელთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილები მართვის უფლებით გადაეცა სამინისტროს; ფაქტობრივად მიღებული მოგების განაწილების თაობაზე საწარმოებიდან შესული წინადადებების, საწარმოებში ინვესტიციების დაბანდების, საწარმოების მიერ სესხებისა და კრედიტების აღების თაობაზე საკითხების განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება; მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, განსაზღვრული წესის შესაბამისად საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის, რეალიზაციის, სარგებლობის უფლებით გადაცემისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმებით განკარგვის საკითხების განხილვა და წინადადებების მომზადება; მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა, აგრეთვე საწარმოთა საფინანსო საქმიანობის კონტროლის ღონისძიებათა განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება  №18-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.201

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება  №25-სსმ III, №20, 20.02.2009წ; მუხ.243

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის დადგენილება  №62-სსმ III, №38, 27.03.2009წ; მუხ.435

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება  №134-სსმ III, №93, 28.07.2009წ; მუხ.992

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №228-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1831

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება  №201-სსმ III, №89, 21.07.2010წ; მუხ.1293

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის დადგენილება  №354-სსმ III, №154, 25.11.2010წ; მუხ.2184

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება  №360-სსმ III, №155, 29.11.2010წ; მუხ.2198

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №499- ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №484 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილება №38 – ვებგვერდი, 04.03.2013წ.

    მუხლი 10. დასკვნითი დებულება

სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №10, 30.01.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5284-14/