„საზღვაო დისციპლინური წესდების“ დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.12.2003 ძალადაკარგული 27.12.2023
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
310.020.000.11.115.006.248
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 149, 26/12/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (4)

6
,,საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის, გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების“, „საზღვაო დისციპლინარული წესდების“, „ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის შესახებ დებულების“, „სალოცმანო სამსახურის შესახებ დებულების“, „საზღვაო ინციდენტების გამოკვლების შესახებ დებულების“ და „ნავსადგურების, გემებისა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სხვა ობიექტების დაცვის სისტემის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 12 დეკემბრის №51 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
20.10.2009

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.020.000.11.115.006.248

საქართველო საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის

ბრძანება №51

2003 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის, გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების“, „საზღვაო დისციპლინური წესდების“ და „ნავსადგურების, გემებისა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სხვა ობიექტების დაცვის სისტემის შესახებ დებულების“დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №146 - სსმ III, №129, 22.10.2009 წ., მუხ.1490

„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ”, „ნომრატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) (ძალადაკარგულია - 17.09.2012, №020);

ბ) „საზღვაო დისციპლინური წესდება”;

გ) (ამოღებულია-20.10.2009,№146);

დ) (ამოღებულია-20.10.2009,№146);

ე) (ძალადაკარგულია-15.09.2009,№123);

ვ) „ნავსადგურების, გემებისა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სხვა ობიექტების დაცვის სისტემის შესახებ დებულება”.

საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №123 - სსმ III, №114, 18.09.2009 წ., მუხ.1301

საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №146 - სსმ III, №129, 22.10.2009 წ., მუხ.1490

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №020 - ვებგვერდი, 19.09.2012წ.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 დ. ცინცაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №123 - სსმ III, № 114, 18.09.2009 წ., მუხ.1301

2. საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №146 - სსმ III, №129, 22.10.2009 წ., მუხ.1490

3. საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №60- ვებგვერდი, 29.03.2011წ.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №020 - ვებგვერდი, 19.09.2012წ.

საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის, გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესები

(ძალადაკარგულია)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №020 - ვებგვერდი, 19.09.2012წ.

საზღვაო დისციპლინური წესდება

პრეამბულა

საზღვაო დისციპლინური წესდება მომზადებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტზე დგომის შესახებ 1995 წლის კონვენციის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და მართვის უსაფრთხოების საერთაშორისო კოდექსის, საქართველოს საზღვაო კოდექსის, მოთხოვნათა შესაბამისად და საზღვაო ტრადიციების გათვალისწინებით. წინამდებარე წესდება ცვლის “საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის და გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების წესების”, “საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესის”, „საზღვაო დისციპლინარული წესდების”, „ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის შესახებ დებულების”, „სალოცმანო სამსახურის შესახებ დებულების” და „საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 28 იანვრის № 10 ბრძანებას.

საზღვაო ტრანსპორტში დისციპლინის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ხშირად დისციპლინაზეა დამოკიდებული ეკიპაჟის, გემისა და ტვირთის უსაფრთხოება. მეზღვაურები გემზე, შეზღუდულ გარემოში, ერთი და იგივე პირების გარემოცვაში ცხოვრობენ, მუშაობენ და ისვენებენ, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და განაწყობს სტრესებისაკენ.

ქცევის დადგენილი ნორმები არ უნდა იქცეს მოხერხებულ საშუალებად პიროვნების დასჯისათვის. მათი დაცვა უნდა განაპირობებდეს გემზე საქმიან ატმოსფეროსა და ჯანსაღი მიკროკლიმატის შექმნას.

დისციპლინის დამყარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა თვითდისციპლინა, რაც გულისხმობს თითოეული მეზღვაურის კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას თავისი მოვალეობისადმი, ეკიპაჟის წევრთა ერთმანეთისადმი გულისხმიერ, კეთილგანწყობით დამოკიდებულებას, რაც აუცილებელი პირობაა მთელი ეკიპაჟის ეფექტური მუშაობისათვის.

 ბრძოლა თვითდისციპლინის დარღვევათა წინააღმდეგ უნდა ემყარებოდეს დისციპლინის შესახებ საყოველთაოდ ცნობილ ცნებებსა და წინამდებარე წესდების დებულებებს გონივრული ქცევის წესების შესახებ.

გემის ეკიპაჟის ეფექტური და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფისათვის საჭიროა გაიცეს მოკლე, მკაფიო, საფუძვლიანი ბრძანებები. ასეთ ბრძანებას ადამიანი ხალისით ასრულებს. თუ ბრძანება გაუგებარი ან ბუნდოვანია, პასუხად მოთხოვნაზე ბრძანების ადრესატს უნდა მიეცეს გასაგები, დამაჯერებელი განმარტება ბრძანებასთან დაკავშირებით.

განმეორებით, ან განზრახ უარის თქმა ბრძანების შესრულებაზე, ან სხვა ანტისაზოგადოებრივი ქმედება არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.

წინამდებარე წესდების დაცვა განაპირობებს ზღვაოსნობის გადაქცევას საჭირო, სასიამოვნო და უსაფრთხო საქმედ ყველა იმათთვის, ვინც მეზღვაურობა თავის პროფესიად აირჩია. საჭიროა გვახსოვდეს, რომ ზოგჯერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დარღვევა შეიძლება გახდეს მიზეზი გემზე სახიფათო მდგომარეობის შექმნისა.

 

თავი I. ჩვეულებრივ (ნორმალურ) პირობებში მოქცევის ზოგადი წესები

    მუხლი 1. წესდების მოქმედება

წინამდებარე წესდება ვრცელდება საქართველოს დროშით მცურავ სამოქალაქო გემების მეზღვაურებზე, იმის მიუხედავად, თუ ვისი კუთვნილებაა და რა დანიშნულებისაა გემი.

    მუხლი 2. მოვალეობების შესრულება

1. პუნქტუალურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ეკიპაჟის სწრაფი და ეფექტური მუშაობისათვის, ასევე კოოლეგებისათვის ზედმეტი საქმის თავიდან ასაცილებლად. აქ იგულისხმება გემზე დროული გამოცხადება, გემიდან გათავისუფლების შემდეგ დროულად დაბრუნება, ვახტაზე გამოცხადება და ა. შ. ნავსადგურიდან გასვლის მომენტში გემის ბორტზე არყოფნა ითვლება ერთ-ერთ განსაკუთრებით სერიოზულ დარღვევად, რადგანაც იგი გემის შეჩერების მიზეზი ხდება.

2. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება:

ა) ეკიპაჟის ყოველი წევრი ვალდებულია მაქსიმალური მონდომებით შეასრულოს მასზე კომპანიის მიერ დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები ნაოსნობის უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო კოდექსის შესაბამისად;

ბ) ეკიპაჟის წევრს უფლება აქვს მიიღოს სწორი და კონკრეტული ინფორმაცია იმაზე, თუ ვის ემორჩილება იგი თანამდებობრივად და რა მოვალეობების შესრულება ეკისრება. თუ ეკიპაჟის წევრს დაებადა ეჭვი რაიმე საკითხთან დაკავშირებით, უნდა გაარკვიოს თანამდებობრივი დაქვემდებარების შესაბამისად;

გ) ეკიპაჟის წევრი ვალდებულია უსიტყვოდ შეასრულოს ყველა ბრძანება და განკარგულება მისი მოვალეობის ფარგლებში.

3. ნაოსნობის პერიოდში გემი მეზღვაურისათვის წარმოადგენს როგორც სამუშაო, ასევე საცხოვრებელ ადგილსაც. ამიტომ იმის მიუხედავად, ერთ პირს ეკუთვნის საცხოვრებელი კაიუტა და გემზე არსებული კეთილმოწყობილობა, თუ რამდენიმეს, იქ უნდა სუფევდეს წესრიგი და სისუფთავე.

    მუხლი 3. აკრძალული საქციელი

1. თამბაქოს წევა სახიფათოა ყველა გემზე, განსაკუთრებით კი ტანკერებზე. გემზე თამბაქოს მოწევის წესი, აგრეთვე ღია ცეცხლის, არასტანდარტული ელექტროხელსაწყოების გამოყენება დგინდება გემებზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების შესაბამისად.

2. ალკოჰოლური სასმელების მიღება გემზე კატეგორიულად აკრძალულია.

3. გარეშე პირთა გემზე მიპატიჟება უნდა ხდებოდეს კაპიტნის ნებართვით, გემის წესებისა და ნავსადგურების ადმინისტრაციის მიერ დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში.

4. გემზე ნარკოტიკული ნივთიერებების არასანქციონირებულ შენახვაში, მოხმარებასა და გავრცელებაში შემჩნეული ეკიპაჟის ნებისმიერი წევრი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება სამსახურიდან, აეკრძალება საზღვაო ტრანსპორტზე შემდგომი მუშაობა.

5. გემზე კატეგორიულად იკრძალება ცეცხლსასროლი (საბრძოლო) იარაღის შენახვა. აღნიშნულ ქმედებას მოჰყვება გემიდან ჩამოწერა.

 6. მეზღვაური ეკიპაჟის სხვა წევრებს უნდა ეპყრობოდეს ზრდილობიანად და კეთილგანწყობით. მეზღვაურის ანტისაზოგადოებრივ საქციელს შეიძლება მოჰყვეს ეკიპაჟის წევრთა გაღიზიანება, ხოლო თუ ასეთ საქციელს ადგილი აქვს ექსტრემალურ სიტუაციაში, იგი შეიძლება გახდეს საფრთხის მიზეზი როგორც ხალხის, ასევე გემისათვისაც. ანტისაზოგადოებრივ საქციელად შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ სპირტიანი სასმელების მიღება, არამედ უზომო ხმაური, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, სხვების შეურაცხმყოფელი პირადი ჩვევები და სხვა.

 

თავი II. ქცევის ნორმები საგანგებო მდგომარეობაში

    მუხლი 4. ქცევის ნორმები საგანგებო მდგომარეობაში

ნებისმიერ საგანგებო მდგომარეობაში, როცა ეკიპაჟის წევრებს, მგზავრებს, გემსა და ტვირთს საფრთხე ემუქრება, კაპიტანი ან სხვა მეთაური უფლებამოსილია მოითხოვოს ბრძანების დაუყოვნებლივ, უსიტყვოდ შესრულება. ამ წესიდან არ არსებობს გამონაკლისი. ბრძანების შეუსრულებლობა მიიჩნევა წინამდებარე წესდების დებულებათა მეტად სერიოზულ დარღვევად, რის შედეგადაც დამნაშავე გათავისუფლდება სამუშაოდან და აეკრძალება საზღვაო ტრანსპორტზე მუშაობა.

 

თავი III. დისციპლინარული სასჯელი

    მუხლი 5. დისციპლინური სასჯელის სახეობები

1. ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობიდან გამომდინარე, მეზღვაური შეიძლება დაისაჯოს შემდეგნაირად, მას გამოეცხადება:

ა) არაოფიციალური (სიტყვიერი) გაფრთხილება უმნიშვნელო დარღვევებისათვის;

ბ) ოფიციალური გაფრთხილება;

გ) საყვედური;

დ) მკაცრი საყვედური;

ე) დროებით ჩამოერთვას პროფესიული ვარგისიანობის დამადასტურებელი საბუთები და ჩამოეწეროს გემიდან;

ვ) დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან, საზღვაო ტრანსპორტზე მუშაობის უფლების ჩამორთმევით.

    მუხლი 6. სერიოზული დარღვევები

ქვემოთ ჩამოთვლილ დარღვევებს, თუ კაპიტანი უეჭველად მიიჩნევს, შედეგად მოჰყვება გემიდან დამრღვევის ჩამოწერა დაუყოვნებლივ ან ნაოსნობის დამთავრების შემდეგ (სიტუაციიდან გამომდინარე). ამასთან, შესაძლებელია საქმე განსახილველად გადაეცეს სასამართლოს:

ა) ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებზე თავდასხმა;

ბ) გემსა და გემის კუთვნილ ქონებაზე შეგნებულად ზარალის მიყენება;

გ) ქურდობა ან ნაქურდალის შენახვა;

დ) ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა;

ე) შეგნებულად ან არაერთგზის უარის თქმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

ვ) ნარკოტიკების მიღება, შენახვა და გავრცელება;

ზ) საქციელი, რომლის შედეგადაც საფრთხე ექმნება გემს;

თ) ისეთი ქცევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საზღვაო ინციდენტი;

ი) ნორმალური ნაოსნობისათვის ხელის შეშლის მიზნით გემზე შეთქმულების მოწყობა;

კ) ბრძანების შეუსრულებლობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ბრძანება დაკავშირებულია ხალხისა და გემის უსაფრთხოებასთან;

ლ) ძილი ვახტზე. ვახტზე მდგომი პირის წასვლა სამუშაო ადგილიდან, თუ აღნიშნულმა ქმედებამ საფრთხე შეუქმნა გემის და გემზე მყოფი ხალხის უსაფრთხოებას;

მ) სიმთვრალისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებით გამოწვეული უუნარობის შედეგად სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობა;

ნ) თამბაქოს მოწევა, ღია ცეცხლისა და აკრძალული ელექტროხელსაწყოების გამოყენება გემის ნებისმიერ ნაწილში, როცა გემს ხანძარსაშიში ტვირთი გადააქვს;

ო) ეკიპაჟის სხვა წევრების დაშინება, იძულება, მათთვის დაბრკოლების შექმნა;

პ) საქციელი, რომლის შედეგადაც ხდება უსაფრთხო, ეფექტურ მუშაობაზე ეკიპაჟის წევრთა ყურადღების სერიოზული შესუსტება;

ჟ) ეკიპაჟის წევრის ისეთი ქმედება ეკიპაჟის სხვა წევრთა მიმართებაში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტრავმა ან სხვა დაზიანება გემის ტექნიკურ მოწყობილობებთან;

რ) საქციელი, რომელიც სერიოზულად აფერხებს გემზე დასვენებასა და კულტურულ გართობას;

ს) ნაოსნობის პერიოდში გემზე გარეშე პირთა მიწვევასა და გემზე ყოფნაზე ხელშეწყობა.

    მუხლი 7. უმნიშვნელო დარღვევები

უმნიშვნელო დარღვევად ითვლება:

ა) მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ის სამართალდარღვევები, რომლებიც არ იწვევს მძიმე შედეგებს და არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად პიროვნების სამსახურიდან დათხოვნისათვის;

ბ) უმნიშვნელო გადაცდომა, რაც სამსახურებრივი მოვალეობებისადმი წინადუხედავ, დაუდევარ დამოკიდებულებასა და გაუგონრობაში გამოიხატება;

გ) არადამაკმაყოფილებელი მუშაობა;

დ) სამუშაო ადგილზე დაგვიანება;

ე) სამუშაოს მოწყვეტა დათქმულ დროზე ადრე;

ვ) სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზის გარეშე;

ზ) სამუშაო ადგილიდან ან გემიდან უნებართვოდ წასვლა;

თ) აგრესიული ან შფოთიანი საქციელი, თუ ის არ გამოიწვევს მძიმე შედეგებს.

    მუხლი 8. დისციპლინური სასჯელი უმნიშვნელო დარღვევებზე

1. უმნიშვნელო დარღვევებზე განსაზღვრულია:

ა) კაპიტანზე რანგით დაბლა მდგომი პირის მიერ არაოფიციალური გაფრთხილების გამოცხადება;

ბ) უშუალო უფროსის მიერ ოფიციალური გაფრთხილების გამოცხადება, რომელიც დაფიქსირდება წერილობით;

გ) გაფრთხილება, რომელსაც უცხადებს კაპიტანი, ფორმდება ოფიციალურად და შეიტანება ბრძანებების წიგნში;

დ) საყვედური, რომელსაც უცხადებს კაპიტანი და შეიტანება ბრძანებების წიგნში.

2. ოფიციალური გაფრთხილების შემთხვევაში მეზღვაურს უნდა ეცნობოს იმ შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს განმეორებით დარღვევას.

    მუხლი 9. დისციპლინური წესდების დარღვევასთან დაკავშირებული საქმის განხილვა

1. მეზღვაური, რომელმაც პირველად დაარღვია წესდება, გასაუბრებისათვის უნდა მიიწვიოს მეთაურთა უფროსმა ან უმცროსი შემადგენლობის წარმომადგენელმა (კაპიტნის გადაწყვეტილებით), თუ მეთაურისათვის ნათელი გახდება, რომ დამატებითი დისციპლინური ღონისძიების გატარება საჭირო არ არის და ჩადენილი სამართალდარღვევის მიმართ მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად საკმარისია არაოფიციალური გაფრთხილება, მაშინ მეთაურთა შემადგენლობის წარმომადგენელი შემოიფარგლება ამგვარი გაფრთხილებით.

2. თუკი დარღვევა შედარებით სერიოზულია ან უმნიშვნელო, მაგრამ განმეორებითი, მაშინ მიეცემა ოფიციალური გაფრთხილება, რომელიც გაფორმდება ბრძანებით ან განსახილველად გადაეცემა კაპიტანს. მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ყველა დარღვევა უნდა იქნეს განხილული კაპიტნის მიერ.

3. კაპიტანმა მასთან შესული ყველა საქმე უნდა განიხილოს დაუყოვნებლივ. კაპიტანი ვალდებულია აცნობოს მეზღვაურს მის მიმართ წაყენებული ბრალდების შესახებ, მოუსმინოს მეზღვაურს, მის და სხვა მოწმეებს და საქმის გულდასმით განხილვის შემდეგ გააკეთოს დასკვნა იმის შესახებ, დამნაშავეა თუ არა აღნიშნული პირი.

4. იმ შემთხვევაში, როცა კაპიტანს გამოაქვს დასკვნა დარღვევის ფაქტის არსებობის შესახებ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ხასიათდებოდა მეზღვაური მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე საქმესთან დაკავშირებულ გარემოებათა გათვალისწინებით, კაპიტანი იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის სახეობების, შესახებ მე-5 მუხლის შესაბამისად.

5. თუ კაპიტანს მიაჩნია, რომ დისციპლინის დამრღვევის გემზე შემდგომი ყოფნა არაკეთილსასურველია გემის ეკიპაჟის უსაფრთხო, ეფექტური მუშაობისათვის და უარყოფითად მოქმედებს ეკიპაჟის წევრთა ურთიერთდამოკიდებულებაზე, მას შეუძლია უახლოეს ნავსადგურში ჩამოწეროს მეზღვაური.

6. დარღვევასთან დაკავშირებული ყველა წვრილმანისა და გატარებულ ღონისძიებათა შესახებ კაპიტანი ჩანაწერს აკეთებს ბრძანებების წიგნში და ყველა საბუთის ასლებს აგზავნის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში.

7. დარღვევათა გამო მეზღვაურის გემიდან ჩამოწერისას მას ხელზე მიეცემა ბრძანების წიგნში ჩანაწერებისა და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში წარდგენილი მოხსენებითი ბარათის ასლები, რომელთა მიღებასაც იგი ხელის მოწერით ადასტურებს.

8. საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში მეზღვაურის გემიდან ჩამოწერის შესახებ მოხსენებითი ბარათის მიღების შემდეგ ადმინისტრაცია განიხილავს აღნიშნულ ფაქტს და გამოაქვს დასკვნა მეზღვაურის საზღვაო ტრანსპორტზე მუშაობის შემდგომი მიზანშეწონილობის შესახებ.

 

თავი IV. მეზღვაურის უფლებები

    მუხლი 10. მეზღვაურის უფლებები დისციპლინური წესდების დარღვევასთან დაკავშირებული საქმის განხილვისას

დისციპლინის დარღვევის ფაქტის განხილვის ყველა შემთხვევაში მეზღვაურს უფლება აქვს თან ახლდეს ერთი პიროვნება (ამხანაგი), რომელსაც შეუძლია მისცეს მეზღვაურს რჩევა-დარიგება ან გამოვიდეს მისი სახელით.

    მუხლი 11. მეზღვაურის უფლებების დაცვა

სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მეზღვაურს შეუძლია მიმართოს პირადი ინტერესების დამცველ ნებისმიერი ოფიციალური ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც აღნიშნულ საკითხს დააყენებს სანაოსნო კომპანიის ხელმძღვანელობის წინაშე. აღნიშნულ შემთხვევაში ორივე მხარის წარმომადგენელი ერთმანეთს უნდა შეხვდეს არა უგვიანეს ხუთი დღის ვადისა.

თავი V. წახალისება

    მუხლი 12. მეზღვაურის წახალისება

1. კაპიტანს თავისი კომპეტენციისა და გემთმფლობელის მიერ დაშვებული ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უფლება აქვს წაახალისოს მეზღვაური, რომელმაც თავი გამოიჩინა, ან კომპანიის ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობა აღძრას წახალისების შესახებ.

2. კომპანიის ხელმძღვანელობას უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გამოიყენოს წახალისების ყველა ცნობილი ფორმა.

 

ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის შესახებ დებულება

(ამოღებულია)

საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №146 - სსმ III, №129, 22.10.2009 წ., მუხ.1490

დებულება სახელმწიფო სალოცმანო სამსახურის შესახებ

(ამოღებულია)

საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №146 - სსმ III, №129, 22.10.2009 წ., მუხ.1490

დებულება საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის შესახებ

(ძალადაკარგულია)

საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №123 - სსმ III, №114, 18.09.2009 წ., მუხ.1301

 

დებულება ნავსადგურების, გემებისა და საზღვაო ტრანსპორტის სხვა ობიექტების დაცვის შესახებ

    მუხლი 1. საერთო დებულებები

არსებული დებულების მიზანს წარმოადგენს საზღვაო ნავსადგურებისა და საზღვაო ტრანსპორტის ობიექტების, მათ შორის, საზღვაო გემების დაცვის სისტემის შექმნა, რომელსაც საფუძვლად უდევს თანამშრომლობა სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი ადმინისტრაციებისა და საზღვაო ნაოსნობის წარმომადგენლებს შორის, საერთაშორისო გადაზიდვებისათვის გამოყენებული გემებისა და სანაოსნო საშუალებების დაცვასთან დაკავშირებული საფრთხის გამოსავლენად და ზომების მისაღებად ამგვარ შემთხვევათა თავიდან ასაცილებლად.

    მუხლი 2. ნავსადგურებისა და საზღვაო გემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები

საქართველოს ნავსადგურებში 1995 წლის სარეჟიმო დებულებით დამტკიცებული დაცვის რეჟიმი იცვლება არსებული დებულებით, რომელიც გემებისა და სანავსადგურო საშუალებათა დაცვის საერთაშორისო კოდექსისა და ზღვაში ადამიანის სიცოცხლის დაცვის 1974 წლის კონვენციაში 2002 წელს შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაშია მოყვანილი.

    მუხლი 3. ნავსადგურებისა და საზღვაო გემების დაცვის ამოცანები

ამ დებულების ძირითადი ამოცანა: საზღვაო გემებზე, სანავსადგურო საშუალებებსა და საზღვაო ტრანსპორტის სხვა ობიექტებზე ადამიანების არასანქცირებული შესვლების, გემებზე თუ სანავსადგურო საშუალებებზე აკრძალული იარაღის, აალებადი მოწყობილიობებისა თუ ფეთქებადი ნივთიერებების ატანის, ტვირთის დატაცების თავიდან აცილება და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სათანადო დაცვისათვის ხელის შეწყობა.

    მუხლი 4. დანიშნული ორგანო

დანიშნული ორგანო ნიშნავს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელისუფლების მარეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს საზღვაო ტრანსპორტზე და მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ზღვაში ადამიანის სიცოცხლის დაცვის 1974 წლის კონვენციაში 2002 წელს შეტანილი ცვლილებებისა და გემების და სანავსადგურო საშუალებათა დაცვის საერთაშორისო კოდექსის დებულებათა განხორციელების უზრუნველყოფაზე.

    მუხლი 5. დაცვის დონეები

უსაფრთხოების აუცილებელ ღონისძიებათა დადგენის მიზნით წესდება:

ა) დაცვის პირველი დონე – დაცვის ყოველდღიური, ჩვეულებრივი რეჟიმი არსებულ დებულებასთან შესაბამისად, რომლის დროსაც წესდება კონტროლი ნავსადგურსა და საზღვაო გემებზე ადამიანისა და ტვირთის გაშვებაზე. ამგვარი რეჟიმის დროს საშვს ადამიანებისათვის გასცემს საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია, კონტროლს კი აწარმოებენ სახელმწიფო უშიშროებისა და სასაზღვრო დაცვის ორგანოები. გემს ენიშნება ვახტაზე მდგომი პირი ნავსასდგურების დაცვის სამსახურიდან;

ბ) დაცვის მეორე დონე – დაცვასთან დაკავშირებით მაღალი საფრთხის მქონე შემთხვევასთან დაკავშირებული დაცვის რეჟიმი. ამგვარი დონის დროს, დროის გარკვეულ პერიოდზე მიიღება სანავსადგურო საშუალებებისა და საზღვაო გემების დაცვის დამატებითი სპეციალური ზომები. მკაცრდება ნავსადგურსა და საზღვაო გემებზე დაშვების კონტროლი. ასეთ რეჟიმს ადგენს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია საზღვაო ნავსადგურების ადმინისტრაციასთან, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით;

გ) დაცვის მესამე დონე – დაცვის რეჟიმი ნიშნავს დონეს, რომლის დროსაც დაცვასთან დაკავშირებული შემთხვევები, აშკარაა და გარდაუვალი, აგრეთვე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისას, ამგვარი დონის დროს იზღუდება შესვლა ნავსადგურებსა თუ განსაზღვრულ ტერმინალებზე, ძლიერდება ნავსადგურებისა და გემების დაცვა, შემოიღება დამატებითი დაცვა და პატრულირება სასაზღვრო ჯარებით, გემთან დგება სასზღვრო ჯარების გუშაგი.

    მუხლი 6. ნავსადგურის დაცვის გეგმა

1. ყოველ ნავსადგურსა თუ ცალკეულ ტერმინალს უნდა ჰქონდეს დაცვის გეგმა, შემუშავებული ღონისძიებათა მიღების უზრუნველყოფის მიზნით ნავსადგურების, სანავსადგურო საშუალებებისა თუ ტერმინალის, გემების, ტვირთის, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების, გემის მარაგის დაცვასთან დაკავშირებული საშიშროების შემთხვევების დასაცავად ნავსადგურისა თუ ტერმინალის ფარგლებში.

2. გეგმაში უნდა შედიოდეს კონკრეტული ღონისძიებები დაცვის სამი დონიდან თითოეულისათვის.

3. ნავსადგურებისა და ტერმინალების დაცვის გეგმას შეიმუშავებენ ნავსადგურებისა და ტერმინალების სამსახურის ხელმძღვანელები. გეგმა შეთანხმებულ უნდა იქნეს სახელმწიფო უშიშროებისა და სასაზღვრო ჯარების ორგანოებთან და აღიარებული მოწონებული საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ.

    მუხლი 7. პასუხისმგებლობა ნავსადურების, ტერმინალებისა და საზღვაო გემების დაცვაზე

1. საზღვაო ნავსადგურების ადმინისტრაციას პასუხისმგებლობა ეკისრება ნავსადგურებისა და ტერმინალების, საზღვაო გემების დაცვის ორგანიზებაზე ნავსადგურებში, ნავსადგურებისა და ტერმინალების დაცვის სამსახურების ძალების საშუალებით.

2. ნავსადგურების, ტერმინალებისა და საზღვაო გემების დაცვის ფუნქციათა კერძო კომპანიებისათვის გადაცემა დაუშვებელია.

3. ობიექტებისა და ნავსადგურების ადმინისტრაცია აუცილებელ ნაგებობებს აღჭურავს დაცვის, სასაზღვრო ჯარებისა და საბაჟოს თანამშრომელთა განსათავსებლად.

    მუხლი 8. ნავსადგურისა და ტერმინალის დაცვაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი

ყოველ ნავსადგურსა თუ ტერმინალს უნდა ჰყავდეს დაცვის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხს აგებს დაცვის ორგანიზებაზე, დაცვის გეგმის შემუშავებაზე, განხორციელებაზე, კორექტირებაზე და შესრულებაზე. იგი დაცვის შესაბამისი დონის განსახორციელებლად, ტვირთის შენახვის უზრუნველსაყოფად მჭიდრო ურთიერთკავშირს ამყარებს სასაზღვრო ჯარებთან, სახელწიფო უშიშროების ორგანოებთან, საბაჟოებთან და საქართველოს თაცდაცვის სამინისტროს სამხედრო საზღვაო ძალების უფროს სამხედრო-საზღვაო მეთაურებთან.

    მუხლი 9. გამშვები სისტემა

გამშვებ სისტემაში შედის:

ა) დაცვის ობიექტზე პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების გაშვების წესი;

ბ) ტვირთის, მატერიალური ფასეულობებისა, გემების ეკიპაჟის წევრთა პირადი ნივთების შემოტანა-გატანის და აგრეთვე მათი კონტროლის წესი;

გ) გამშვები რეჟიმის გასაძლიერებელი ღონისძიებები;

დ) კონტროლი საშვების მოქმედების ვადაზე, ზომათა მიღება გამოვლენილ ნაკლოვანებათა გამოსასწორებლად.

ე) დაცულ ტერიტორიაზე უკანონოდ შემსვლელ პირთა დაკავებისა და გამოვლენის წესი.

ვ) საკონტროლო გასავლელები ხალხის, სახმელეთო ტრანსპორტის ყველა სახეობის გასაშვებად, ტვირთისა და სხვა მატერიალური ფასეულობების შემოსატან-გასატანად.

    მუხლი 10. დაცვის აღჭურვილობა

1. დასაცავ ტერიტორიაზე უცხო პირების შეუღწევლობისა და დატაცებისაგან ტვირთის შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის დაცული ტერიტორია პერიმეტრის მიმართულებით აღჭურვილი უნდა იყოს გალავნითა და დაცვის სხვა შესაბამისი საიჟინრო-ტექნიკური საშუალებებით.

2. საკონტროლო გასასვლელები აღჭურვილი უნდა იქნან შესაბამისად , მათი განლაგების ადგილები შეთანხმებულ უნდა იქნეს სასაზღვრო ჯარებთან და საბაჟოებთან.

3. კონტეინერულ ტერმინალებსა და ძვირფასი გენერალური ტვირთის, სატრანსპორტო ტექნიკის შემნახველ ღია მოედნებს შესაძლებელია შემორტყმული ჰქონდეს გალავანი, რომელიც გამორიცხავს უცხო პირთა დაუბრკოლებელ შეღწევას.

4. დაცვითი სიგნალიზაციისა და ტელევიზიის მიმღებ მოწყობილობას აყენებენ ან დაცვის სამსახურის საყარაულო ნაგებობაში ან სადღეღამისო მორიგეობის დაცვის უახლოეს საგუშაგოზე.

5. საამშენებლო ნორმების მოთხოვნათა შესაბამისი ელექტროგანათება უნდა ჰქონდეთ დაცულ ტერიტორიას, დამცავი გალავნის პერიმეტრს, ნავმისადგომის მისადგომ ზოლს, გადასატვირთ-გადმოსატვირთი სამუშაოებისა და სასაწყობო ადგილებს, გასასვლელებს.

6. სასაწყობო ნაგებობები აღჭურვილ უნდა იქნეს სახანძრო დაცვის სიგნალიზაციით, საამშენებლო ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად.

7. საგუშაგო ნაგებობები, გამშვები პუნქტები და საგუშაგოები აღჭურვილ უნდა იქნეს დამოუკიდებელი სატელეფონო ან რადიოკავშირებით.

8. კადრების, სატვირთო და კომერციული სამსახურები, სამგზავრო მისადგომები უნდა მდებარეობდეს დაცული ტერიტორიის გარეთ.

9. სამოძრაო მარშრუტები აღჭურვილ უნდა იქნეს მაჩვენებლებით ქართულ და ინგლისურ ენებზე.

    მუხლი 11. სამსახურებრივი მოვალეობების შემსრულებელ პირთა დაშვება დაცვის ობიექტებზე

1. პირადი სამსახურებრივი მოწმობებით, ნავსადგურში, ტერმინალზე და ნავსადგურში მდგარ გემებზე, მიუხედავად გემის ეროვნული კუთვნილებისა, გასვლის უფლებით სარგებლობენ ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, ნაოსნობის უსაფრთხოების სამმართველოსა და სამართლებრივი სამმართველოს თანამშრომლები,სახელმწიფო საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელები, საქართველოს თაცდაცვის სამინისტროს სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლები ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში, ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის თანამშრომლები, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის თანამშრომლები.

2. მუდმივი საშვებით – საქართველოს სახელმწიფო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის პასუხისმგებელი თანამშრომლები, გემის აგენტები, ექსპედიტორები და კომპანიის სიურვეიერები.

3. ტვირთმიმღებები, ტვირთგამგზავნები და მათი წარმომადგენლები პორტის ტერიტორიაზე დაიშვებიან დროებითი საშვებით, რომლებიც გაიცემიან პორტის ან ტერმინალის დაცვის სამსახურის მიერ, საექსპედიტორო კომპანიის წერილის საფუძველზე.

4. ნავსადგურში მდგარი გემების ეკიპაჟის წევრები დაიშვებიან მეზღვაურის პასპორტით ან მეზღვაურის წიგნაკით. ნავსადგურის საკონტროლო გასასვლელზე უნდა არსებობდეს ეკიპაჟის განრიგი, რომელსაც ხელს აწერს გემის კაპიტანი და ასვია სასაზღვრო კონტროლის შესაბამისი შტამპი.

5. ეკიპაჟის წევრთა ოჯახები დაიშვებიან პიროვნების დამადასტურებელი საბუთებითა და საშვის ბიუროში წარდგენილი სიებით, რომლებსაც ხელს აწერს გემის კაპიტანი და რომელიც დამოწმებულია გემის ბეჭდითა და სასაზღვრო კონტროლის შესაბამისი შტამპით.

6. ნავსადგურის ადმინისტრაციის კომერციული, სატვირთო, მექანიზატორული სამსახურების თანამშრომლების დაშვება წარმოებს საშვებით, რომლებზეც წარმოდგენილია საშვის ბიუროს შტამპი: „ღამის”, „დღის” ან „სადღეღამისო”.

7. ცვლიდან თავისუფალი თანამშრომლები ნავსადგურების, ტერმინალების ტერიტორიებზე და გემებზე არ დაიშვებიან.

8. პირადი სამსახურებრივი ავტოტრანსპორტის ობიექტებზე, ავტომობილების ნომრების ყოველწლიურად წარმოდგენილი სიების მიხედვით, დაიშვებიან მხოლოდ არსებული მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში ჩამოთვლილ პირთა კატეგორიები და საზღვაო ნავსადგურებისა და ტერმინალების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა.

    მუხლი 12. ტვირთის შემოტანის და გატანის წესი

1. გემებზე დასატვირთი ან გემებიდან გადმოტვირთული ტვირთის გატანა-შემოტანა, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ჩათვლით,შესაბამისი საბუთებით წარმოებს, რომლებზეც უნდა ესვას საბაჟოს შტამპის ტვიფრი „დატვირთვა ნებადართულია” ან „გაშვება ნებადართულია”. ამგვარი შტამპის დასმის ვალდებულება ეკისრება ტვირთის მფლობელს, ტვირთმიმღებს, მის აგენტს ან გემის აგენტს.

2. მგზავრის ბარგი და ხელბარგის გაშვება გასასვლელიდან წარმოებს, უშუალოდ გემებზე ან საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ საკონტროლო დარბაზებში.

3. ნავსადგურის ტერიტორიაზე მოძრავი სარკინიგზო შემადგენლობის შემოყვანა-გაყვანის წესი დგინდება ნავსადგურის ან ტერმინალის დაცვის გეგმით, კონკრეტული სამუშაო პირობებიდან გამომდინარე.

4. ყველა საავტომობილო ტრანსპორტი შემოსავლისა და გასვლისას დაცვის კონტროლს ექვემდებარება უცხო პირთა თუ მატერიალურ ფასეულობათა უკანონოდ შემოტანა-გატანის აღკვეთის მიზნით.

    მუხლი 13. საშვების სახეობები

1. დაცვის ობიექტის ტერიტორიაზე შესვლისა და გამოსვლის, ტვირთის თუ მატერიალური ფასეულობების ობიექტებიდან გატანა-შემოტანისათვის დადგენილია:

ა) მუდმივი საშვები, ერთი წლის ვადით;

დროებითი საშვები, რომლებიც განსაზღვრული ვადით გაიცემა, როგორც წესი, ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისა თუ ამასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულებისათვის საჭირო დროით, ნავსადგურსა თუ გემზე სხვადასხვა სამუშაოებისა თუ მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო დროით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არა უმეტეს ერთი თვის ვადით;

გ) დადგენილი ფორმის ერთჯერადი საშვები, რომლებიც, როგორც წესი, გაიცემა ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისა თუ ამასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულებისათვის საჭირო დროით, ნავსადგურსა თუ გემზე სხვადასხვა სამუშაოებისა თუ მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო დროით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არა უმეტეს სამი დღის ვადით.

2. გამშვები ბიუროს ბლანკებითა და სააღრიცხვო ჟურნალებით უზრუნველყოფა დაცვის ობიექტის დაცვის ხარჯზე წარმოებს. ნავსადგურის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სასაზღვრო ჯარების გამშვები საკონტროლო პუნქტების მომარაგებას მოქმედი საშვების ყველა სახის ნიმუშებით.

    მუხლი 14. პირების დაკავების გაფორმების წესი

1. იმ პირთა დაკავების, რომლებმაც უკანონოდ შეაღწიეს დაცვის ობიექტზე, აგრეთვე რომლებსაც ვადაგასული, სხვისი ან ყალბი საბუთები აღმოაჩნდათ (ან საშვები), ორ ეგზემპლარად დგება ოქმი, რომელთაგან ერთ-ერთი დაკავებულთან ერთად სასაზღვრო ჯარებს გადაეცემა.

2. დაცვის სამსახური ცალკე აწარმოებს მოქალაქეთა დაკავებისა თუ მატერიალურ ფასეულობათა დატაცების შემთხვევათა აღრიცხვას.

    მუხლი 15. საშვების აღრიცხვა

1. საშვებთან დაკავშირებულ აღრიცხვასა და ანგარიშს აწარმოებს დაცვის სამსახური. სააღრიცხვო წიგნების ფორმასა და მათი წარმოების წესს საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია ადგენს.

2. გამშვებ პუნქტზე ჩამორთმეული საშვები საშვების ბიუროს ბარდება.

3. საშვების ბლანკები, მათი აღრიცხვის მასალები მკაცრი ანგარიშის საბუთებს წარმოადგენს და ბეჭდებთან და შტამპებთან ერთად სეიფში უნდა ინახებოდეს.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საზღვაო დისციპლინური წესდების“ დამტკიცების თაობაზე, №51, 12.12.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.020.000.11.115.006.248 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57178-4/