1. განსაკუთრებული მითითებების ნიშნებს იყენებენ მოძრაობის განსაკუთრებული რეჟიმის შემოღებისთვის ან მათ გასაუქმებლად.

2. ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი“ გამოიყენება გზების აღსანიშნად, რომლებზეც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობისთვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება (ნიშანი 5.1 განმეორებით დასაშვებია დაიდგას ავტომაგისტრალზე შესასვლელის შემდეგ):

ა) ავტომაგისტრალის დასაწყისში;

ბ) 8.1.1 დაფით ავტომაგისტრალის დასაწყისიდან უახლოესი მობრუნების ადგილის ან გზაჯვარედინის წინ;

გ) 8.1.3 ან 8.1.4 დაფით სხვადასხვა დონის გადაკვეთიდან ავტომაგისტრალზე გასასვლელის წინ, მაგისტრალის უახლოეს გზასთან გადაკვეთის წინ, რომელიც შემდგომში ავტომაგისტრალში გადადის;

დ) 8.3.1 დაფით ერთ დონეზე ავტომაგისტრალთან მიერთების წინ;

ე) 8.3.1, 8.3.2 დაფით იმ ავტომაგისტრალზე გასასვლელის წინ, რომელიც იწყება ერთი დონის მიერთებიდან (დანართი №3, სურათი გ.5).

3. ნიშანი 5.2 „ავტომაგისტრალის დასასრული“ იდგმება ავტომაგისტრალის ბოლოში, ავტომაგისტრალიდან გასასვლელის დასაწყისში და წინასწარ 8.1.1 დაფასთან ერთად ავტომაგისტრალის ბოლომდე 400 და 1000 მეტრ მანძილებზე (დანართი №3, სურათი გ.5).

4. ნიშანი 5.3 „საავტომობილო გზა“ გამოიყენება გზის აღსანიშნად, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილებისა და მოტოციკლების მოძრაობისთვის. ნიშანს განათავსებენ გზის დასაწყისში. ნიშანს აყენებენ (2.3 ან 2.4 ნიშნების არსებობისას, ნიშანი 5.3 შესაბამის დაფასთან ერთად იდგმება მათთან, ერთ საყრდენზე, გზაჯვარედინის წინ):

ა) 8.1.1 დაფით 5.3 ნიშნით აღნიშნული გზის დასაწყისის წინ (უახლოესი), მობრუნების და გზაჯვარედინის ადგილებში;

ბ) 8.1.3 ან 8.1.4 დაფით 5.3 ნიშნით აღნიშნული გზის შესასვლელების წინ, 5.3 ნიშნით აღნიშნულ გზასთან უახლოეს სხვადასხვა დონის გადაკვეთებზე და გზასთან გადაკვეთაზე, რომელიც 5.3 ნიშნით აღნიშნულ გზაში გადადის;

გ) 8.3.1-8.3.3 დაფიდან ერთ-ერთთან 5.3 ნიშნით აღნიშნულ გზასთან გადაკვეთის წინ.

5. ნიშანი 5.4 „საავტომობილო გზის დასასრული“ იდგმება 5.3 ნიშნით აღნიშნული გზის ბოლოში.

6. ნიშანი 5.5 „ცალმხრივმოძრაობიანი გზა“ გამოიყენება გზის ან სავალი ნაწილის აღსანიშნად, რომლებზედაც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა მთელ სიგანეზე, ერთი მიმართულებით ხორციელდება. ნიშანი იდგმება გზის ან სავალი ნაწილის დასაწყისში. ნიშანი შეიძლება არ დაიდგას:

ა) სხვადასხვა დონეებზე გადაკვეთების გადასასვლელების, სერვისის ობიექტებთან მისასვლელების დასაწყისში, რომლებზედაც ხორციელდება ცალმხრივი მოძრაობა;

ბ) ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის დასაწყისში, რომელიც შემხვედრი მოძრაობიანი სავალი ნაწილისგან გამოყოფილია გამყოფი ზოლით ან ბულვარით, ცალ-ცალკე სავალნაწილიან გზებზე თითოეული სავალი ნაწილიდან შემხვედრი მოძრაობის ხილვადობის უზრუნველყოფის შემთხვევაში.

7. ნიშანი 5.5 განმეორებით იდგმება რთული კონფიგურაციის გზაჯვარედინის შემდეგ.

8. ნიშანი 5.6 „ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული“ იდგმება 5.5 ნიშნით აღნიშნული გზის ან სავალი ნაწილის ბოლოში. დასაშვებია 5.6 წინასწარი ნიშნის 8.1.1 დაფასთან ერთად დადგმა.

9. ნიშნებს 5.7.1 და 5.7.2 „ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა“ დგამენ 5.5 ნიშნით აღნიშნული გზის ან სავალი ნაწილის ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშნებს განათავსებენ სხვა ნიშნებთან ერთ საყრდენზე. დასაშვებია ნიშნები არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.5 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

10. ნიშანი 5.8 „რევერსული მოძრაობა“ გამოიყენება გზის მონაკვეთის აღნიშვნისთვის, სადაც სავალი ნაწილის ცალკეულ ზოლზე მოძრაობის მიმართულება შეიძლება შეიცვალოს საპირისპიროდ, რევერსული შუქნიშნის ან 5.15.7 ნიშნის მეშვეობით. ნიშანი იდგმება რევერსულმოძრაობიანი გზის ან უბნის დასაწყისში. ნიშანი 5.8 განმეორებით იდგმება ყოველი რეგულირებადი გზაჯვარედინის შემდეგ, აგრეთვე რთული კონფიგურაციის არარეგულირებადი გზაჯვარედინის შემდეგ.

11. ნიშანი 5.9 „რევერსული მოძრაობის დასასრული“ იდგმება 5.8 ნიშნით აღნიშნული რევერსულმოძრაობიანი გზის მონაკვეთის ბოლოში.

12. ნიშანი 5.10 „გასვლა გზაზე, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა“ გამოიყენება 5.8 ნიშნით აღნიშნული გზის მონაკვეთებზე გასასვლელების მისათითებლად და იდგმება ყველა გვერდით გასასვლელში. დასაშვებია ნიშანი არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.8 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

13. ნიშანი 5.11 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა“ გამოიყენება გზის აღსანიშნად, რომელზეც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპიროდ. ნიშანს განათავსებენ გზის დასაწყისში, მოძრაობის ზოლის ზემოთ ან გზის ორივე მხარეს. ნიშანი 5.11 განმეორებით იდგმება რთული კონფიგურაციის გზაჯვარედინის შემდეგ.

14. ნიშანი 5.11.1 „ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა“ − გზა, რომელზედაც ტაქსი (M1 კატეგორია) მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით და რომელიც იმავდროულად არის 5.11 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლის მქონე გზა. 5.11.1 საგზაო ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. ეს ნიშანი არ ავალდებულებს ტაქსის (M1 კატეგორია), მხოლოდ ამ ზოლზე იმოძრაოს.

15. ნიშანი 5.12 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზის დასასრული“ იდგმება 5.11 ნიშნით აღნიშნული გზის ბოლოში.

16. ნიშანი 5.12.1 „ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზის დასასრული“ მიუთითებს 5.11.1 საგზაო ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.

17. ნიშნები 5.13.1, 5.13.2 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“ გამოიყენება 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზაზე გასასვლელის მისანიშნებლად და განათავსებენ ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. იმ შემთხვევაში, თუ გზაზე გასასვლელის ადგილებზე ერთ საყრდენზე რამდენიმე ნიშანს განათავსებენ, მაშინ ნიშნებს 5.13.1, 5.13.2 ათავსებენ სხვა ნიშნებზე ზევით. დასაშვებია ნიშნები არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

18. ნიშნები 5.13.3, 5.13.4 „ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“ მიუთითებენ 5.11.1 საგზაო ნიშნით აღნიშნულ გზაზე გასვლას. 5.13.3, 5.13.4 საგზაო ნიშნები იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ეს ნიშნები შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11.1 საგზაო ნიშნით აღნიშნული გზიდან.

19. ნიშანი 5.14 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი“ გამოიყენება ზოლის აღსანიშნად, რომელზეც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშანს აყენებენ ზოლის დასაწყისში მის ზემოთ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ზოლი უკიდურესად მარჯვენა მხარესაა, დასაშვებია ნიშნის დადგმა ზოლის მარჯვენა მხარეს. ნიშანი მეორდება ყოველი გზაჯვარედინის შემდეგ, გზის მთელ სიგრძეზე, სადაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ხორციელდება 5.14 ნიშნით აღნიშნულ ზოლზე.

20. ნიშანი 5.14.1 „ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლი“ – გზა, რომელზედაც ტაქსი (M1 კატეგორია) მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით და რომელიც იმავდროულად არის 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი. 5.14.1 საგზაო ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. ეს ნიშანი არ ავალდებულებს ტაქსის (M1 კატეგორია), მხოლოდ ამ ზოლზე იმოძრაოს. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული აღნიშნული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე.

21. ნიშნები 5.15.1 „ზოლებზე მოძრაობის მიმართულებები“ და 5.15.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები“ გამოიყენება გზაჯვარედინზე, თითოეულ ზოლზე მოძრაობის ნებადართული მიმართულებების მისათითებლად (ნიშანი 5.15.1 მიუთითებს აგრეთვე მოძრაობის ზოლების რაოდენობას), იქ სადაც საჭიროა სატრანსპორტო საშუალებების სხვადასხვა მიმართულებით ინტენსიური მოძრაობის შესაბამისად ზოლების გამოყენების უზრუნველყოფა. 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები გამოიყენება შემდეგნაირად:

ა) 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები, რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვევის ნებას რთავენ, ამავე ზოლიდან მობრუნების უფლებასაც იძლევიან;

ბ) გზაჯვარედინის წინ დაყენებული 5.15.1 და 5.15.2 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მასზე დაყენებული სხვა 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები განსხვავებულ მითითებებს არ იძლევიან;

გ) ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე;

დ) ნიშნებს დგამენ სავალი ნაწილის ზევით გზაჯვარედინიდან ისეთი მანძილის დაშორებით, რომ მძღოლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დროულად განახორციელონ აუცილებელი გადაადგილებები;

ე) 5.15.2 ნიშნებიდან თითოეულს განათავსებენ შუაში ზოლის ზევით, რომლისთვისაც ის არის განკუთვნილი;

ვ) წინასწარი ნიშნები 5.15.1 და 5.15.2 იდგმება გზებზე, რომლებსაც გზაჯვარედინის წინ აქვთ სამი ზოლი. ნიშანი 5.15.2 იდგმება მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის სამი და მეტი ზოლის შემთხვევაში. სხვა გზებზე წინასწარი ნიშნები დასაშვებია დაიდგას აუცილებლობის შემთხვევაში;

ზ) დაუსახლებელ პუნქტებში გზებზე, რომლებსაც გზაჯვარედინის წინ გააჩნიათ არაუმეტეს სამი ზოლი, ხოლო დასახლებულ პუნქტებში არაუმეტეს ორი ზოლი მოცემული მიმართულებით, დასაშვებია ნიშანი 5.15.1 განთავსდეს გზის მარჯვენა მხარეს, ასევე მასთან ერთად განათავსებენ წინასწარ 5.15.1 ნიშანსაც;

თ) წინასწარი ნიშნები 5.15.1 და 5.15.2 იდგმება ძირითადი ნიშნის განთავსების ადგილიდან 50-150 მ. მანძილის დაშორებით;

ი) 5.15.1 და 5.15.2 ნიშნების არსებობისას 4.1.1-4.1.6 ნიშნები არ გამოიყენება.

22. ნიშანი 5.15.3 „ზოლის დასაწყისი“ გამოიყენება აღმართის დამატებითი ზოლის ან გადაკვეთებსა და მიერთებებზე დამუხრუჭების ზოლის დასაწყისის აღსანიშნად, მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რიცხვის გაზრდისას და იდგმება ასეთ ზოლზე გასასვლელის დასაწყისში. ნიშანი 5.15.3, 4.6 ნიშნის (ნიშნების) გამოსახულებით გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დაწესდეს მოძრაობის მინიმალური სიჩქარე მარცხენა ზოლზე (ზოლებზე), აღმართის მიმართულებით. ნიშანზე მიუთითებენ მარცხენა ზოლისთვის დასაშვებ მინიმალურ სიჩქარეს, რომელსაც აჭარბებენ სატრანსპორტო საშუალებების 50%, რომლებიც მოძრაობენ აღმართის ორ ზოლზე, ან დასაშვებ მინიმალურ სიჩქარეს, რომელსაც აჭარბებენ აღმართის სამ ზოლზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების 50% (მარცხენა ზოლზე) და 85% (შუა ზოლზე). სიჩქარეს ზომავენ აღმართის ბოლოში. მიღებულ სიდიდეს ამრგვალებენ ნაკლებისაკენ 10-ის ჯერადით.

23. ნიშანი 5.15.4 „ზოლის დასაწყისი“ გამოიყენება სამზოლიან გზაზე, შუა ზოლის მონაკვეთის დასაწყისის აღსანიშნად, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის, თითოეული მიმართულებით მოძრაობის ორი ზოლის საგზაო მონიშვნით მორიგეობით გამოყოფის შემთხვევაში. ამასთან, ნიშანს დგამენ მონიშვნის გარდამავალი ხაზის დასაწყისში. ნიშანი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ ზოლის აღსანიშნად, რომელიც განკუთვნილია მარცხნივ მოხვევის ან მობრუნებისთვის.

24. ნიშანი 5.15.5 „ზოლის დასასრული“ გამოიყენება აღმართზე დამატებითი ან აჩქარების ზოლის დასასრულის აღნიშვნისათვის, მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რიცხვის შემცირებისას და დგამენ ასეთ ზოლებიდან გადასვლის დასაწყისში.

25. ნიშანი 5.15.6 „ზოლის დასასრული“ გამოიყენება გზაზე, მარცხენა ზოლის მონაკვეთის დასასრულის აღსანიშნად, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვის და რომლის დასაწყისი აღნიშნული იყო 5.15.4 ნიშნით. ნიშანს განათავსებენ მონიშვნის გარდამავალი ხაზის დასაწყისში. ნიშნის გამოყენება დასაშვებია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ძირითადი ზოლიდან მარცხნივ განთავსებული აჩქარების ზოლის დასასრულის აღსანიშნად. ნიშანს დგამენ ზოლზე გადასვლის დასაწყისში.

26. ნიშანი 5.15.7 „ზოლებზე მოძრაობის მიმართულება“ გამოიყენება მოძრაობის ზოლების რაოდენობის და თითოეულ ზოლზე მოძრაობის მიმართულების აღსანიშნად, მოძრაობის ორგანიზებისას ერთ-ერთი მიმართულებით უფრო მეტი ზოლების არსებობისას, ვიდრე შემხვედრი მიმართულებით და განათავსებენ მოძრაობის ასეთი ორგანიზების გზებზე ყოველი გზაჯვარედინის შემდეგ. დასაშვებია ორისრიანი ნიშნის დადგმა ორზოლიანი გზების სავალი ნაწილის მონაკვეთებზე, როდესაც მოძრაობის ორგანიზება (ცალმხრივი ან ორმხრივი) მძღოლების მიერ შესაძლებელია არაერთგვაროვნად იქნეს აღქმული. იმ შემთხვევაში, როდესაც 8.14 დაფიანი ნიშნებით მოძრაობის ცალკეულ ზოლებზე შემოაქვთ რაიმე სახის რეჟიმები, ეს ნიშნები შეიძლება გამოსახული იყოს 5.15.7 ნიშნის ისრებზე. ნიშნის გამოყენება დასაშვებია რევერსული მოძრაობის ორგანიზებისთვის, რისთვისაც ნიშანს განათავსებენ ყოველი გზაჯვარედინის შემდეგ, გზის მონაკვეთის მთელ სიგრძეზე.

27. ნიშანი 5.15.8 „ზოლების რაოდენობა“ გამოიყენება მოცემული მიმართულებით ზოლების რაოდენობისა და ზოლებზე მოძრაობის რეჟიმების მისათითებლად. ნიშანს დგამენ დაუსახლებელ პუნქტებში გზის უბნის დასაწყისიდან 150-300 მ. მანძილზე, ხოლო დასახლებულ პუნქტებში გზის უბნის დასაწყისიდან 50-150 მ. მანძილზე, რომლებზედაც შესაბამისი ნიშნებით 8.14 დაფასთან ერთად შემოაქვთ ზოლებზე მოძრაობის რეჟიმები. ნიშანს განათავსებენ სავალი ნაწილის ზევით. ასევე ერთეული გამოსახულების სახით შესაძლებელია განთავსდეს უშუალოდ მოძრაობის ზოლის ზევით. ნიშნის დადგმა დასაშვებია დაუსახლებელ პუნქტებში გზის მარჯვენა მხარეს, გზებზე რომლებსაც აქვთ გზაჯვარედინის წინ არაუმეტეს სამი, ხოლო დასახლებულ პუნქტებში არაუმეტეს ორი მოძრაობის ზოლი მოცემული მიმართულებით.

28. ნიშნები 5.16 „ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი“, 5.17 „ტრამვაის გაჩერების ადგილი“ და 5.18 „მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილი“ გამოიყენება შესაბამისი სახის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა გასაჩერებელი პუნქტებისა და მსუბუქი ტაქსების დგომის ადგილის აღნიშვნისთვის. ნიშნები უნდა იყოს ორმხრივი. ცალმხრივი ნიშნების გამოყენება დასაშვებია დაუსახლებელ პუნქტებში გამყოფზოლიანი გზის მონაკვეთებზე, რომლებზედაც არ არის ქვეითთა მოძრაობა გზის გასწვრივ. ნიშნები განთავსდება შემდეგნაირად:

ა) ნიშანს 5.16 დგამენ ჩასასხდომი ბაქნის დასაწყისში. გაჩერების ადგილზე პავილიონის არსებობისას დასაშვებია ნიშნის დადგმა მოძრაობის მიმართულებით, პავილიონის უახლოეს კიდეზე (ნაპირზე) ან დამოუკიდებელ საყრდენზე;

ბ) ნიშანი 5.17 იდგმება სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს ტრამვაის ლიანდაგების სავალი ნაწილის შუაში განლაგებისას ან ცალმხრივი მოძრაობისას, სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს. 5.17 ნიშნის დუბლირება ხდება:

ბ.ა) შემაღლებული ჩასასხდომი ბაქნის არსებობისას, რომელიც განლაგებულია ტრამვაის ლიანდაგების გასწვრივ - ამ ბაქნის დასაწყისში;

ბ.ბ) ჩასასხდომი ბაქნის გარეშე მოცემული მიმართულებით მოძრაობის ორ ან მეტზოლიან გზებზე - მარცხენა ზოლის ზემოთ;

გ) ერთი ან რამდენიმე ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული გაჩერების პუნქტების დაშორების აღნიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში, დასაშვებია ნიშნის 5.16, 8.2.1 დაფით გამოყენება. ამასთან, ნიშანს განათავსებენ პირველი გაჩერების პუნქტის დასაწყისში;

დ) ინფორმაციას მარშრუტების შესახებ მიუთითებენ შესაბამისი სტანდარტის თანახმად.

29. ნიშნები 5.19.1 და 5.19.2 „ქვეითთა გადასასვლელი“ გამოიყენება გზაზე ქვეითთა გადასასვლელისთვის გამოყოფილი ადგილების აღსანიშნად. ნიშნები განთავსდება შემდეგნაირად:

ა) ნიშანი 5.19.1 იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო ნიშანი 5.19.2 გზის მარცხენა მხარეს. გამყოფზოლებიან გზებზე ნიშნებს 5.19.1 და 5.19.2 განათავსებენ გამყოფ ზოლზე შესაბამისად მარჯვნივ ან მარცხნივ თითოეული სავალი ნაწილიდან;

ბ) გადასასვლელზე 1.14.1 მონიშვნის არარსებობისას ნიშანი 5.19.1 იდგმება გადასასვლელის ახლო საზღვართან, ხოლო ნიშანი 5.19.2 გადასასვლელის შორ საზღვართან. ნიშნებს შორის მოთავსებული დაუხაზავი ქვეითთა გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება ამ რეგლამენტის მე-15 მუხლის 22-ე პუნქტის მიხედვით;

გ) მონიშნულ ქვეითთა გადასასვლელზე ნიშანი იდგმება გადასასვლელის საზღვრიდან არაუმეტეს 1 მ. მანძილზე;

დ) ნიშანი 5.19.2 დასაშვებია განთავსდეს 5.19.1 ნიშნის მეორე მხარეს;

ე) დასაშვებია ნიშნები არ დაიდგას მონიშნულ ქვეითთა გადასასვლელებზე, რომლებიც განლაგებული არიან რეგულირებად გზაჯვარედინებზე;

ვ) არარეგულირებად გზაჯვარედინებზე მონიშნულ ქვეითთა გადასასვლელებზე, იმ შემთხვევაში თუ გზაჯვარედინის ცენტრთან ახლოს მდებარე გადასასვლელის საზღვარი ემთხვევა სავალი ნაწილის კიდეს, ნიშნის დადგმა დასაშვებია მხოლოდ გადასასვლელის შორ საზღვართან.

30. ნიშანი 5.20 „ხელოვნური უსწორმასწორობა“ გამოიყენება ხელოვნური უსწორმასწორობის საზღვრების აღნიშვნისათვის. ნიშანს განათავსებენ ხელოვნური უსწორმასწორობის საზღვარზე მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებების მხარეს.

31. ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა“ გამოიყენება იმ ტერიტორიის (ზონის) აღსანიშნად, სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისთვის დადგენილი წესები. ნიშანს განათავსებენ საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.

32. ნიშანი 5.22 „საცხოვრებელი ზონის დასასრული“ გამოიყენება საცხოვრებელი ზონის დასასრულის აღნიშვნისათვის. ნიშანს განათავსებენ საცხოვრებელი ზონიდან ყველა გამოსასვლელში. ნიშნის განთავსება დასაშვებია 5.21 ნიშნის მეორე მხარეს.

33. ნიშანი 5.23.1 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ გამოიყენება დასახლებული პუნქტის, ხოლო ნიშანი 5.23.2 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ განაშენიანებული გზის მონაკვეთის (რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში) დასაწყისის აღსანიშნად, სადაც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისთვის დადგენილი წესები. ნიშნები განთავსდება შემდეგნაირად:

ა) ნიშნებს დგამენ დასახლებული პუნქტების ყველა შესასვლელში, საცხოვრებელი განაშენიანების ფაქტობრივ საზღვრებზე;

ბ) ნიშანი 5.23.2 იდგმება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძრაობისთვის დადგენილი წესები აუცილებელია შემოღებულ იქნეს განაშენიანებული გზების მონაკვეთებზე, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში (სააგარაკო დაბები, ცალკე მდგომი დაწესებულებები, მშენებარე ობიექტები და ა.შ.). ნიშანი 5.23.2 დასაშვებია დაიდგას:

ბ.ა) დასახლებულ პუნქტებში მეორეხარისხოვან შესასვლელებთან;

ბ.ბ) დასახლების დასაწყისში, იმ შემთხვევაში როდესაც გზა რამდენიმე ადგილზე კვეთს ერთი და იგივე დასახლებული პუნქტის საზღვრებს;

ბ.გ) დასახლების საზღვრებზე, როდესაც დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციულ საზღვარში განაშენიანება ხდება 500 მ-ზე მეტ მანძილზე.

34. ნიშნები 5.24.1 და 5.24.2 „დასახლებული პუნქტის დასასრული“ გამოიყენება დასახლებული პუნქტის დასასრულის მისათითებლად, რომელიც აღნიშნულია შესაბამისი ნიშნებით 5.23.1 და 5.23.2. ნიშნებს განათავსებენ დასახლებული პუნქტებიდან ყველა გამოსასვლელში, განაშენიანების ფაქტობრივ საზღვრებზე.

35. 5.24.2 ნიშნის დადგმა დასაშვებია 5.23.1 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის ბოლოს.

36. ნიშანი 5.25 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ გამოიყენება დასახლებული პუნქტის დასაწყისის აღნიშვნისთვის, სადაც მოცემულ გზაზე არ მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისთვის დადგენილი წესები.

37. ნიშანი 5.26 „დასახლებული პუნქტის დასასრული“ გამოიყენება 5.25 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულის მისათითებლად.

38. ნიშნები 5.27 „ზონა დგომის შეზღუდვით“, 5.29 „რეგულირებადი სადგომი ზონა“, 5.31 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონა“ გამოიყენება ტერიტორიის (გზის უბნის) აღნიშვნისათვის, რომლის ფარგლებში რეგლამენტირებულია დგომა ან შეზღუდულია მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე. ნიშნებს განათავსებენ ტერიტორიაზე (გზის უბანზე) ყველა შესასვლელში. მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა მთელ დასახლებულ პუნქტში არ დაიშვება. იმ სახის სატრანსპორტო საშუალებებზე ინფორმაცია, რომლებზეც ვრცელდება შესაბამისი შეზღუდვა, ასევე მოქმედების დრო, სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების დაყენების ხერხი, მისი ზონაში ყოფნის ხანგრძლივობა და ა.შ. უნდა განთავსდეს ნიშნის ქვემოთ დაფებზე ან/და 5.27, 5.29 და 5.31 ნიშნების ქვედა ნაწილში მოქმედი სტანდარტის მიხედვით შესაბამისი გამოსახულებით.

39. ნიშანი 5.33 „ქვეითთა ზონა“ გამოიყენება იმ ტერიტორიის (გზის უბნის) აღნიშვნისათვის, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ქვეითებისათვის. ნიშანს განათავსებენ იმ ადგილებში, სადაც მოსალოდნელია სატრანსპორტო საშუალებების ტერიტორიაზე (გზის უბნებში) შესვლა.

40. ნიშნები 5.28 „დგომის შემზღუდველი ზონის დასასრული“, 5.30 „რეგულირებადი სადგომი ზონის დასასრული“, 5.32 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული“ და 5.34 „ქვეითთა ზონის დასასრული“ გამოიყენება ტერიტორიის (გზის უბნის) დასასრულის მითითებისთვის, რომლებიც შესაბამისი 5.27, 5.29, 5.31, 5.33 ნიშნებით არის აღნიშნული. ნიშნებს დგამენ ტერიტორიიდან (გზის უბნიდან) ყველა გამოსასვლელში.

41. ნიშნები 5.28, 5.30, 5.32, 5.34 დასაშვებია განთავსდეს შესაბამისი 5.27, 5.29, 5.31, 5.33 ნიშნების მეორე მხარეს.

42. ნიშანი 5.35 „საავადმყოფო“ მიუთითებს გზასთან ახლოს სამედიცინო დაწესებულების არსებობის თაობაზე. ნიშანთან გავლისას მძღოლი, შეძლებისდაგვარად, უნდა მოერიდოს ზედმეტ ხმაურს.

43. ნიშანი 5.36 „შერწყმის ადგილი“ მიუთითებს სხვა გზიდან ამოსასვლელის (გაქანების ზოლი) ავტომაგისტრალთან შერწყმის ადგილს.

44. ნიშანი 5.37 „გვირაბი“ მიუთითებს საავტომობილო გვირაბის დასაწყისს, საიდანაც საავტომობილო გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები მოქმედებს. 5.37 საგზაო ნიშანი იდგმება საავტომობილო გვირაბის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.2.1 დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფით) ან მის გარეშე. ამასთანავე, ამ ნიშნის ქვემოთა ნაწილში ან 8.2.1 დამატებითი ინფორმაციის ნიშანზე (დაფაზე) შეიძლება აღინიშნოს საავტომობილო გვირაბის სიგრძე.

45. ნიშანი 5.38 „გვირაბის დასასრული“ მიუთითებს საავტომობილო გვირაბის დასასრულს (საავტომობილო გზის იმ მონაკვეთის დასასრულს, სადაც საავტომობილო გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები მოქმედებს). 5.38 საგზაო ნიშანი იდგმება საავტომობილო გვირაბის ბოლოში (საავტომობილო გზის იმ მონაკვეთის ბოლოში, სადაც საავტომობილო გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები მოქმედებს