1. მიმთითებელი ნიშნები გამოიყენება მოძრაობის რეჟიმების შემოღების ან გაუქმებისთვის და განათავსებენ ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, გარდა ამავე რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ნიშნები 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“, 4.1.2 „მოძრაობა მარჯვნივ“, 4.1.3 „მოძრაობა მარცხნივ“ 4.1.4 „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ“, 4.1.5 „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ“, 4.1.6 „მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ“ გამოიყენება სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე, ნიშანზე ისრებით მითითებული მიმართულებით მოძრაობის ნების დასართავად, ხოლო ნიშნები 4.1.3, 4.1.5, 4.1.6 ასევე მობრუნების ნების დასართავად.
3. 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე. თუ გზაჯვარედინებზე მოძრაობის რეგულირებისთვის შესაძლებელია, როგორც მიმთითებელი 4.1.1-4.1.5 ნიშნების, ისე ამკრძალავი ნიშნების 3.18.1 და 3.18.2 გამოყენება, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მიმთითებელი ნიშნები.
4. ნიშანი 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“ გამოიყენება გზაჯვარედინებს შორის გზის უბნებზე გამყოფი ზოლის წყვეტაში მობრუნების აკრძალვისთვის. ამასთან, ნიშანს აყენებენ მხოლოდ გამყოფ ზოლზე. აუცილებლობის შემთხვევაში 4.1.1 ნიშნის გამოყენება დასაშვებია 1.1 ან 1.3 მონიშვნის დუბლირებისთვის, რომლებიც შემხვედრი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადებს ჰყოფენ, ამასთან ნიშანს განათავსებენ უშუალოდ გზის მონაკვეთის დასაწყისში. ამ შემთხვევაში ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე.
5. ორ ან მეტზოლიან გზებზე მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის 4.1.1, 4.1.2, და 4.1.4 ნიშნების დუბლირება ხდება მარცხენა ზოლის ზემოთ, გზებზე გამყოფი ზოლით - გამყოფ ზოლზე, ხოლო გზებზე გამყოფი ზოლის გარეშე, შემხვედრი მოძრაობისათვის არაუმეტეს ორი ზოლის არსებობის შემთხვევაში, დასაშვებია ნიშნის დუბლირება გზის მარცხენა მხარეს.
6. ნიშნები 4.2.1 „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან“, 4.2.2 „დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან“, 4.2.3 „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან“ გამოიყენება გზის სავალი ნაწილის ღერძზე განლაგებული ზღუდის დასაწყისის, გამყოფი ზოლის დასაწყისის, უსაფრთხოებისა და მიმმართველი კუნძულების შემაღლებული ადგილების, სავალ ნაწილზე სხვადასხვა დაბრკოლებების შემოვლის შესაბამისი მიმართულების მისათითებლად. ნიშნებს აყენებენ სავალი ნაწილის მიღმა გამყოფი ზოლების დასაწყისში, კუნძულებზე და ზღუდეებზე. აღნიშნულ ადგილებზე შიდა განათებით ტუმბოს არსებობის შემთხვევაში ნიშანი იდგმება მასზე.
7. ნიშანი 4.3 „წრიული მოძრაობა“ იდგმება გზაჯვარედინის (მოედნის) ყოველ შესასვლელზე, რომელზეც ორგანიზებულია წრიული მოძრაობა. ნიშანს არ გამოიყენებენ თუ წრიულ მოძრაობასთან ერთად დაშვებულია სატრანსპორტო საშუალებების ჯვარედინი მოძრაობა, რელსებიანების გარდა.
8. ნიშანი 4.4 „ველობილიკი“ გამოიყენება ბილიკის აღსანიშნად, რომელზედაც ნებადართულია მხოლოდ ველოსიპედების მოძრაობა. ძირითადად ნიშანს განათავსებენ ველობილიკის დასაწყისში, ხოლო განმეორებით ველობილიკის გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ. ნიშანი იდგმება:
ა) ველობილიკის ან ზოლის მარჯვნივ, თუ ის სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია ბორდიურით, ბარიერით, გაზონით და ა.შ.;
ბ) სავალი ნაწილის ზემოთ 8.14 დაფით, თუ ის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ზოლისგან გამოყოფილია 1.1 მონიშვნით.
9. ნიშანი 4.5 „ქვეითთა ბილიკი“ გამოიყენება იმ ბილიკების აღსანიშნად, რომლებიც მხოლოდ ქვეითთათვის არის განკუთვნილი. ძირითად ნიშანს განათავსებენ ქვეითთა ბილიკის დასაწყისში, მარჯვნივ, ხოლო განმეორებით ქვეითთა ბილიკის გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ.
10. ნიშანი 4.6 „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ გამოიყენება გზებზე ან მოძრაობის ცალკეულ ზოლებზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარის დასადგენად, ამასთან მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ნიშანზე მითითებული, ან უფრო მაღალი სიჩქარით (მაგალითად, გრძელი აღმართის მიმართულებით მოძრაობის ორი და მეტი ზოლის არსებობისას). ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტებში გზაჯვარედინის არარსებობის შემთხვევაში დასახლებული პუნქტის ბოლომდე. მოძრაობის მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა სავალი ნაწილის მთელ სიგანეზე დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ალტერნატიული გზა იმ სატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ იმოძრაონ ნიშანზე მითითებული სიჩქარით.
11. ნიშანი 4.7 „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული“ გამოიყენება გზის მონაკვეთის დასასრულის მისათითებლად, რომელზედაც შემოღებული იყო მოძრაობის მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა 4.6 ან 5.15.3 ნიშნით და იდგმება მონაკვეთის ან მოძრაობის ზოლის ბოლოში.
12. ნიშანი 4.8 „მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები აუცილებელია“ მიუთითებს, რომ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მოძრაობენ გზაზე, რომლის დასაწყისშიც არის აღნიშნული ნიშანი დამონტაჟებული, ვალდებულნი არიან არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე ჰქონდეთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.
13. ნიშნები 4.9.1-4.9.3 „სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის მიმართულება“ გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების ნებადართული მოძრაობის მიმართულების მისათითებლად, რომლებსაც გადააქვთ სახიფათო ტვირთი და რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იქნენ აღნიშნული საცნობი ნიშნით ,,სახიფათო ტვირთი“.
14. 4.9.1-4.9.3 ნიშნების გამოყენებისას, გზაჯვარედინებზე 3.32 და 3.33 ნიშნების დადგმა არ არის რეკომენდებულ