„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.06.2005 ძალადაკარგული 28.03.2013
ნომერი
№195
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.22.026.007.496
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 76, 27/06/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.007.496

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №195

2005 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 18-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის” თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის №316 ბრძანება ,,თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

ი. ოქრუაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 6 მარტის ბრძანება №69-სსმIII, №33, 14.03.2006წ.; მუხ.387

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

1. თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და მინისტრის მოადგილის სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.

2. დეპარტამენტის დანიშნულებაა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ ღონისძიებათა შემუშავება და ანალიზი, რომელიც აუცილებელია საქართველოს შეირაღებული ძალების წინაშე მდგარი ამოცანების და ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე და თავის ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ხელმძღვანელობით.

4. დეპარტამენს აქვს ტიტულოვანი ბლანკი.

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

5. დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, სამხედრო სტრატეგიის და სამხედრო დოქტრინის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;

ბ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, სამხედრო სტრატეგიის და სამხედრო დოქტრინის მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამისი თავდაცვის პოლიტიკის და შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციის და განვითარების ალტერნატიული პროგრამების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის განსახილველად მათი წარდგენა;

გ) თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების რეფორმირების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების შემუშავების უზრუნველყოფა;

დ) თავდაცვის ბიუჯეტის პერსპექტიული დაგეგმარება და ანალიზი;

ე) შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციისა და NATO-სთან თავსებადობის მიღწევისათვის ზოგადი პრინციპებისა და მეთოდების შემუშავება;

ვ) შეიარაღებული ძალების განვითარების გეგმების ანალიზი.

6. დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;

ბ) თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესის ანალიზი;

გ) თავდაცვის თეთრი წიგნის საგამომცემლო მასალების მომზადება;

დ) თავდაცვის მინისტრის ყოველწლიური სახელმძღვანელო დირექტივების შემუშავება;

ე) თავდაცვის რესურსების მართვისა და დაგეგმარების სისტემების მეშვეობით თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებული ინფორმაციის თავმოყრა ანალიტიკური და სტატისტიკური თვალსაზრისით;

ვ) თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) ადამიანური რესურსების პოლიტიკის განსაზღვრა და ჩამოყალიბება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 6 მარტის ბრძანება №69-სსმIII, №33, 14.03.2006წ.; მუხ.387

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ფუნქცია-მოვალეობანი:

7. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს და თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება თავდაცვის მინისტრის მიერ.

8. დეპარტამენტის უფროსი:

ა) წარმოადგენს სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტს;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;

გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებულია დაქვემდებარებული დეპარტამენტის მუშაობის წარმართვისათვის;

ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

თ) ასრულებს თავდაცვის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან მისი დავალებით მინისტრის მოადგილეების მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურა

9. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) თავდაცვის პოლიტიკის სამმართველო;

ბ) თავდაცვის დაგეგმვის სამმართველო.

9​1. თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს სტრუქტურული ერთეულია ადამიანური რესურსების პოლიტიკის განყოფილება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 6 მარტის ბრძანება №69-სსმIII, №33, 14.03.2006წ.; მუხ.387

10. თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სიტუაციის ანალიზი და წინადადებების შემუშავება საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ფორმირებისათვის;

ბ) მონაწილეობის მიღება სტრატეგიული საფრთხეების შეფასებების შედგენაში;

გ) NATO-ს და სხვა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის ორგანიზაციების სტრატეგიული დოკუმენტებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებების ანალიზი;

დ) სხვა ქვეყნების სტრატეგიული დოკუმენტებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებების ანალიზი, თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია;

ე) თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი;

ვ) სამხედრო მზადყოფნის დონის ცვლილების შესახებ პროექტების კოორდინაცია;

ზ) საერთაშორისო კრიზისებში თავდაცვის დაგეგმვის სამმართველოს მონაწილეობის კოორდინაცია თავდაცვის სამინისტროს დონეზე;

თ) სახელმწიფო უწყებების საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის კოორდინირება.

11. თავდაცვის დაგეგმვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის განხორციელება და დაგეგმვის პროცესის მართვა;

ბ) დაგეგმვის პროცესის და პროცედურების ანალიზი და სათანადო წინადადებების მომზადება;

გ) წარმართოს და კოორდინირება გაუწიოს საქართველოს მონაწილეობას NATO-ს თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში;

დ) თავდაცვის სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტის პროექტის მომზადების კოორდინირება;

ე) ბიუჯეტის ხარჯვის პერიოდული ანალიზი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) ეროვნული თავდაცვის პროგრამებისა და გეგმების განვითარებისა და შესრულების კოორდინირება;

ზ) თავდაცვის ძალების ან სხვა სამთავრობო უწყებების საერთაშორისო სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებში მონაწილეობის კოორდინირება.

11​1. ადამიანური რესურსების პოლიტიკის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: თავდაცვის სამინისტროში ადამიანური რესურსების პოლიტიკის განსაზღვრა, ჩამოყალიბება, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სამხედრო და სამოქალაქო განათლების მიმართულებებისა და სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, განათლების სფეროში განხორციელებული ღონისძიებების კოორდინირება და ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 6 მარტის ბრძანება №69-სსმIII, №33, 14.03.2006წ.; მუხ.387

12. სამმართველოებს და განყოფილებას ხელმძღვანელობენ შესაბამისად, სამმართველოს უფროსები და განყოფილების უფროსი, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 6 მარტის ბრძანება №69-სსმIII, №33, 14.03.2006წ.; მუხ.387

თავი V

დასკვნითი დებულებები

13. წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ", №195, 22.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.007.496 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60664-1/