სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.05.2024 ბოლო ცვლილება 02.03.2026
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
120000000.22.026.017226
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/05/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №49

2024 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

თავდაცვის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი
+



სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი

თავი I

ზოგადი დებულება


+
მუხლი 1

სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემდგომში – ბარათი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სამსახურის/სწავლის, დაკავებული თანამდებობისა და მინიჭებული წოდების დამადასტურებელი დოკუმენტი. ბარათი ასევე ადასტურებს დაკავებული თანამდებობისა და წოდების შესაბამისად სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვისა და ტარების უფლებას.     

მუხლი 2

1. ბარათი სამინისტროს კუთვნილებაა.  

2. ბარათის ნიმუში მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 3

ბარათი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვისა და ტარების უფლებით ეძლევათ, მოსამსახურეებს, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება.

თავი II

ბარათის გაცემის წესი

მუხლი 4

ბარათის დამზადება, გაცემა, შეცვლა და განადგურება ხორციელდება საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის (შემდგომ – სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი) მეშვეობით, ხოლო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის ბარათის დამზადება, გაცემა და შეცვლა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის ძალების იმ სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების მიერ, სადაც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე გადის სამხედრო სამსახურს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 28 აპრილის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 29.04.2025წ.

მუხლი 5

1. ბარათი ეძლევა:

ა) სამინისტროს სისტემაში საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე დანიშნულ პირს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებული გამონაკლისისა;

ბ) სამინისტროს სისტემაში (გარდა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა) ადმინისტრაციული ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებული გამონაკლისისა;

გ) აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს (რეზერვისტს);

დ) სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში (შემდგომში – ლიცეუმი) ჩარიცხულ მოსწავლეს (კადეტს);

ე) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს.

2. სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ (შემდგომში – ცენტრი) მოსამსახურეებზე, რომლებიც დანიშნული არიან სამმართველოს უფროსის ან უფრო მაღალ თანამდებობებზე (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა), ბარათი გაიცემა ცენტრის დირექტორის მიერ სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრზე წერილობითი მიმართვის შემთხვევაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 28 აპრილის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 29.04.2025წ.

მუხლი 6

ბარათი გაიცემა თანამდებობაზე დანიშვნის/ხელშეკრულების გაფორმების, თანამდებობის შეცვლის, წოდების მინიჭების, ლიცეუმში ჩარიცხვის, ადრე გაცემული ბარათის ვადის გასვლის, გამოყენებისთვის უვარგისობის (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვის, სახელის და/ან გვარის შეცვლის და ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენის შემთხვევებში.

მუხლი 7

ახალი ბარათის მიღებისთანავე ძველი ბარათი ჰბარდება სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს, ხოლო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში – ბარათის გამცემ საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფს/სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 28 აპრილის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 29.04.2025წ.

მუხლი 8

1. ბარათის, გარდა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურის ბარათისა, დამზადება/გაცემა/შეცვლა ხორციელდება სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრისათვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეთაურის/უფროსის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში მოსამსახურის, გარდა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურისა,  ინდივიდუალური მოთხოვნით, ბარათი შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის ან მისი მოადგილის თანხმობით.

3. კადრების განკარგულებაში გადაყვანილი ან თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებული, მოსამსახურისათვის ტერიტორიაზე შესვლის უფლების შეზღუდვა ხორციელდება სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტისა და სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მიერ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის გადაგზავნილი მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანის ან თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძველზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 28 აპრილის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 29.04.2025წ.

მუხლი 9

ბარათის გაცემისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ხელმძღვანელი მოსამსახურე(ებ)ს/კადეტ(ებ)ს უტარებენ ინსტრუქტაჟს მისი გამოყენებისა და შენახვის წესის შესახებ.

მუხლი 10

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (ნაწილ(ებ)ის) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები:
ა) პერიოდულად ამოწმებენ ბარათის თანამდებობასთან/წოდებასთან, სახელთან/გვართან და მოქმედების ვადასთან შესაბამისობას;
ბ) მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების ან კადეტის ლიცეუმიდან გარიცხვის შემთხვევაში აცნობებენ  სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს და წარუდგენენ ბარათს.

მუხლი 11

ბარათის დაკარგვის შემთხვევაში:

ა) მოსამსახურემ/კადეტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს;

ბ) შესაბამისმა ქვედანაყოფმა ან საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ინფორმაცია უნდა აცნობოს დაუყოვნებლივ (სიტყვიერად), ხოლო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით.

მუხლი 12

ბარათის დაკარგვის, სხვა პირზე გადაცემის ან არადანიშნულებისამებრ გამოყენების ყოველ ფაქტზე ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა, მიიღება ზომები დაკარგული ბარათის საპოვნელად, დგება პირის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი. დაკარგული ბარათის ჩამოწერისა და საჭიროებისამებრ ახლის დამზადების შესახებ ეცნობება სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს, ხოლო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის ბარათი ჩამოიწერება შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 28 აპრილის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 29.04.2025წ.

მუხლი 13

1. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების ბარათი გაიცემა 4 წლის ვადით, ხოლო კადეტისათვის – 3 წლის ვადით.

2. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის ბარათი გაიცემა კანონმდებლობით განსაზღვრული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 28 აპრილის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 29.04.2025წ.

თავი III

ბარათის შევსების, აღრიცხვისა და გაუქმების წესი

მუხლი 14

პერსონალის მართვის ცენტრი უზრუნველყოფს დამზადებული ბარათ(ებ)ის გადაგზავნას შესაბამისი ქვედანაყოფის/საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის. შესაბამისი ქვედანაყოფის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ბარათის კონკრეტული პირისათვის ჩაბარებას.

მუხლი 15

ბარათზე განთავსდება ფოტო შემდეგი წესით:

ა) სამხედრო მოსამსახურე ფოტოს იღებს სამხედრო ფორმაში ქუდის გარეშე;

ბ) კადეტი ფოტოს იღებს ყოველდღიურ ფორმაში;

გ) სამოქალაქო/სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები ფოტოს იღებენ სამოქალაქო ტანსაცმელში (საოფისე, კლასიკური ჩაცმულობა).

მუხლი 16

1. ბარათი ივსება კომპიუტერული წესით ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეთითება:

ა) მოსამსახურის შემთხვევაში – ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა, მოსამსახურის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, წოდება (არსებობის შემთხვევაში), თანამდებობის დასახელება, დაბადების თარიღი, სისხლის ჯგუფი, იმ ქვედანაყოფის დასახელება, სადაც იგი გადის სამსახურს, ხოლო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შემთხვევაში, ასევე, გაწვევის თარიღი და გაცემის თარიღი;

ბ) კადეტის შემთხვევაში – ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა, კადეტის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სისხლის ჯგუფი, სტატუსი (კადეტი), ლიცეუმის დასახელება.

2. ბარათს შესაძლებელია მიენიჭოს გარკვეული ფერი, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 28 აპრილის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 29.04.2025წ.

მუხლი  17

1. გაცემული ბარათის აღრიცხვა ხდება ელექტრონულ ბაზაში, ხოლო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის – მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ჟურნალის შესაბამისად.

2. ბარათი ჩაბარების ან გამოცვლის შემთხვევაში ექვემდებარება განადგურებას, რაც ასევე  მიზეზის მითითებით აღინიშნება ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ ელექტრონულ ბაზაში/ჟურნალში.

3. ძალადაკარგული/დაზიანებული ბარათების განადგურების, ასევე სახარჯ მასალებთან დაკავშირებული ინფორმაციის განსაზღვრის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება კომისია, მტკიცდება კომისიის საქმიანობის წესი და კომისიის მიერ გამოსაცემი დოკუმენტის ნიმუში, ხოლო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში, კომისიას ქმნის და განადგურების აქტს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის ძალების იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელი, სადაც პირი გადის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 28 აპრილის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 29.04.2025წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №49, 01.05.2024, სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017226 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6157787-1/